ღარიბაშვილმა საყდრისის საკითხს წერტილი დაუსვა

ღარიბაშვილმა საყდრისის საკითხს წერტილი დაუსვა

პრემიერ-მინისტრი ყველას მოუწოდებს, საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სპეკულაციები დაასრულოს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არავის დაუმტკიცებია, რომ იმ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო. ამასთან, ქვეყნის პრემიერმა კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას მიმართა, სასწრაფოდ მოაგვაროს ეს პრობლემა.

„მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ თემაზე სპეკულირება დაასრულოს ყველამ. აქ ცალსახად ითქვა ყველაფერი - ექსპერტებმა დადეს დასკვნა. მე მოვისმინე თქვენი საუბარი, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო - ეს არ მტკიცდება. სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა 2 თუ 3 თვის განმავლობაში, დაადასტურეს და შესაბამისი დასკვნა წარუდგინეს მთავრობას, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაეგრძელებინა სამუშაოები RMG GOLD-ს.

მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წუხან. მესმის მათი წუხილი, თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მინდა მათ შევახსენო - ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას“, - აღნიშნა ირაკლი ღარბიაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ საყდრისთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლის მიზნით უცხოელი ექსპერტები საქართველოში ერთ კვირაში ჩამოვლენ. კულტურის მინისტრის განცხადებით, ყველაფერი იქნება ისე, როგორც გაწერილია ბოლო დოკუმენტში, რომელიც უკვე ხელმოწერილია.

„ასევე განხორციელდება ინსპექტირებაც, როგორც წესი და რიგია, რასაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. ექსპერტები საქართველოში დაახლოებით ერთ კვირაში უნდა ჩამოვიდნენ. ჩვენ მართლა მივიღეთ წერილი გერმანიის საელჩოდან. იყო შმეოთავაზება, მაგრამ სხვა საელჩოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან იყო შემოთავაზება. ამიტომ, დავუკავშირდებით ყველას, ვინც შემოგვთავაზა სპეციალისტები, უნდა ჩამოვიდნენ აქ, ყველაფერი ნახონ. მათ საბოლოო დასკვნას ჩვენ ველოდებით. იქნება მონიტორინგი“, - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ. 

პარალელურად, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირის შეფასებით, საყდრისის მაღაროს არქეოლოგიური მემკვიდრეობა ფისკალურ და ბიზნეს ინტერესებს შეეწირა. მათივე შეფასებით, 2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, წიაღისეულის მომპოვებელი კერძო კომპანიის RMG GOLD-ს მოთხოვნით, ბათილად ცნო საყდრისი-ყაჩაღიანის პრეისტორიული სამთამადნო ძეგლის სტატუსი, ხოლო მოგვიანებით გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონა. 

ძეგლი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იქნა აღმოჩენილი, ხოლო 2004 წლიდან ობიქტზე ქართულ-გერმანული ექსპედიცია სისტემატიურ კვლევას აწარმოებს და მიიჩნევს, რომ მაღარო დღემდე გამოვლენილ პრეისტორიულ ოქროს მაღაროთაგან უძველესია და ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება. ადგილობრივ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ძეგლს II ათასწლეულის სპილენძის მაღაროდ მიიჩნევს.

ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირის შეფასებით, სტატუსის გაბათილება ფორმალურ მიზეზს დაეფუძნა და არ მოხდა მისთვის სტატუსის ხელახლა მინიჭება, რითაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი დაირღვა. ძეგლების ნუსხიდან ამოღების მიუხედავად, საყდრისი არქეოლოგიური ობიექტის სტატუსს ინარჩუნებს და მასზე სამუშაოების წარმოება მხოლოდ გარემოსა და კულტურის სამინისტროს ნებართვით შეიძლება.

„2014 წლის 7 იანვარს კომპანია RMG საყდრისში დაიწყო უნებართვო სამუშაოები, ვინაიდან ასეთი ნებართვა არ იყო გაცემული. კერძო კონპანიამ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი 3-ჯერ არ დაუშვა, რაც არღვევს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულებიდან გამომდინარე დიდია საერთაშორისო სამეცნიერო წრეების დაინტერესება.

მიუხედავად ამისა, 2014 წლის 13 მარტს სამინისტრომ დადებითი დასკვნა გასცა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სამთო სამუშაოების საწარმოებლად. არქეოლოგიური მემკვიდრეობა შეეწირა ფისკალურ და ბიზნეს ინტერესებს, რითაც ერთმნიშვნელოვნად დაირღვა ევროპული კონვენცია არქეოლოგიური ძეგლების დაცვის შესახებ“, - აცხადებენ ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოში.

ბოლო ინფორმაციით, სადავო ტერიტორიაზე შეიყვანეს მძიმე ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ადგილზე რჩებიან აქციის წევრებიც. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, რომ ადგილზე ჩავა არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი და მონიშნავენ იმ ადგილს, სად დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება. როგორც აქციის მომაწილეები აცხადებენ, სანამ არ დაიდება კომპეტენტური კომისიის დასკვნა, აქცია არ დაიშლება.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების განცხადებით, გურამ ოდიშარია რეალურად არის დაინტერესებული პრობლემის რაციონალური მოგვარებით, რასაც ვერ ვიტყვით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ბატონ ნიკოლოზ ანთიძეზე, რომელსაც, უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საყდრისის სტატუსთან დაკავშირებით, რაც უცილობლად შეუშლის ხელს იმ მონიტორინგის ნაყოფიერად შესრულებაში, რომელიც მას მინისტრმა დააკისრა.

შესაბამისად, კომიტეტი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს უნდობლობას უცხადებს. საზოგადოებრივი კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ მინისტრის ყველა დაპირება, უმოკლეს ვადაში, დოკუმენტალურად გაფორმდება და სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„როგორც იცით, ჩვენ გუშინ დავიწყეთ კოშკურის მშენბლობა, რომელშიც მორიგეობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაიდება მესამე შედეგი, ანი გასაჯოროვდება დასკვნა იმის შესახებ, ეს არის თუ არა ძეგლი საერთაშორისო საზოგადოებისათვის“, - აცხადებს დავით ყურაშვილი.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, აცხადებენ, რომ სანამ არ შეჩერდება სამუშაოები სადავო ძეგლის გარშემო, არ მოხდება სტატუსის განსაზღვრა და დასკვნების დადებამდე, მანამდე კარვების დაშლას არ აპირებენ.