ცდება თუ არა პრემიერი და არის თუ საყდრისის მაღარო მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი?
"მეცნიერების მიერ ერთხმადაა აღიარებული, რომ ეს სამარხი "კავკასიელისაა" და მას ხშირად "მეფედ" მოიხსენიებენ"
”რაც შეეხება საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვს, იქ ნამდვილად არის ბრინჯაოს ხანის საბადო თავის გვირაბებით~ _ ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი, რომელიც პრემიერ მინისტრიეს გაცხადებას ეხმაურება.
საყდრისის ოქროს მაღაროს შესახებ.
მინდა საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმას, რომ საყდრის-ყაჩარიანის უძველესი საბადოს შესახებ მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეთა ერთი ნაწილი ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ.წ. მე-4 – 3 ათასწლეულები) შესახებ მსჯელობისას ან ფაქტებს ამახინჯებს, ან არ იციან ამ კულტურის არსი. ამიტომ, გადავწყვიტე ფართო საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მივაწოდო.
ამჯერად შევეხები მხოლოდ ორ განცხადებას. ერთის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე არ არის აღმოჩენილი ამ ეპოქის ოქროს ნაკეთობა; მეორე კი საერთოდ უარყოფს მტკვარ-არაქსის კულტურაში ოქროს ნაწარმის არსებობას. ორივე ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ეჭვს ქვეშ დადგეს საყდრისის ოქროს საბადოს არსებობაც კი.
პირველი განცხადება სულ მცირე რამდენიმე ლაფსუსს შეიცავს. ჯერ ერთი, საქართველოს დღევანდელი საზღვრები რა კავშირშია ძვ.წ. მე-4–3 ათასწლეულების მტკვარ-არაქსის კულტურასთან? რატომ უნდა შემოვიფარგლოთ დღევანდელი სახელმწიფო საზღვრით და რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის მონაცემი, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურასთან არის დაკავშირებული? ამ მონაცემების გათვალისწინება კი მეორე განცხადებას გასცემს პასუხს..
მონაცემები კი ასეთია:
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის ისტორია ჯერ-ჯერობით არ იცნობს სხვა კავკასიურ არქეოლოგიურ კულტურას, რომელიც ისე ფართოდ გავრცელდა, როგორც მტკვარ-არაქსის კულტურა.
ეს კულტურა ერთადერთია, რომელიც კავკასიის გარდა მოიცავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ანატოლიას თურქეთში, სირიისა და პალესტინის ნაწილს. ისრაელში მტკვარ-არაქსული არაერთი ძეგლია გათხრილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კულტურის მატარებელი ხალხი თითქმის ეგვიპტის საზღვრებამდე მივიდა.
მტკვარ-არაქსისკულტურის მძლავრი კერა ფიქსირდება ირანში, ურმიის ტბის გარშემო. უკანასკნელი მონაცემები მიუთითებენ, რომ ეს კულტურა ლურისტანამდე აღწევს.
თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დღესაც მიმდინარეობს მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლების ინტენსიური შესწავლა. თურქეთში იმდენად მძლავრი ნამოსახლარები გამოვლინდა, რომ თურქი არქეოლოგები ამ კულტურას ქარაზის კულტურას უწოდებენ. მის სამშობლოდ ანატოლია მიაჩნიათ და არა მტკვარ-არაქსის ორმდინარეთი.
ამით იმის თქმა მინდა, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის შესწავლის ახალი ეტაპი იწყება და საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს გამორჩეული ადგილი უკავია ამ კვლევაში.
საყდრის-ყაჩაღიანის საბადო ძვ.წ. 32 საუკუნესა და 26-ესაუკუნეს შორის ექცევა.
დროის ამ მონაკვეთში ოქროს ნაკეთობათა აღმოჩენის ფაქტებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიაში ამ პერიოდის საწყის ეტაპზე ისინი მართლაც ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, ძვ.წ. 28-27-ე საუკუნეებში კი ერთეულების სახით გვხვდება, ძვ.წ. 26-ე საუკუნიდან კი ოქროს ნაკეთობათა რიცხვი მკვეთრად იზრდება.
თუმცა, თურქეთში, არსლანთეფეს გათხრების დროს შესწავლილ მდიდრულ სამარხს გარკვეული კორექტივები შეაქვს ამ საკითხში. ძვ.წ. 3000 – 2900 წწ. დათარიღებულ მტკვარ-არაქსის კულტურის ამ სამარხში მრავალრიცხოვან საბრძოლო იარაღთან ერთად ოქროს და ვერცხლის სამკაული, ასევე ვერცხლის და სპილენძის შენადნობისაგან დამზადებული დიადემები აღმოჩნდა.
არსლანთეფეს სამარხში აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობები დასტურია მტკვარ-არაქსის კულტურაში ოქროს მოხმარებისა, რაც მავანთათვის ესოდენ სათუოა. მეცნიერების მიერ ერთხმადაა აღიარებული, რომ ეს სამარხი "კავკასიელისაა" და მას ხშირად "მეფედ" მოიხსენიებენ. არსლანთეფეს სამარხში კავკასიური ლითონის, ძირითადად საბრძოლო იარაღის - მახვილების, სატევრების, ცულებისა და შუბისპირების გვერდით ურუქული და მტკვარ-არაქსული კერამიკაა აღმოჩენილი, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს "მეფე" კავკასიელია, თუმცა დიდებული წარმომავლობისა და ძველი ადგილობრივი ელიტის მემკვიდრეცაა.
არქეოლოგიურად დადასტურებული ფაქტია, რომ კავკასიურ მტკვარ-არაქსის კულტურას ძლიერი ეკონომიკური საფუძველი აქვს და საზოგადოება კარგად არის ორგანიზებული, სადაც გამოკვეთილია სოციალური დიფერენციაცია.
ყველა ეს მონაცემი სხვადასხვა მეცნიერის კვლევის შედეგადაა მიღებული და ფაქტები არა მხოლოდ ქართველი, არამედ თურქი, ირანელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, დაღესტნელი, ჩეჩენი, გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, იტალიელი, ებრაელი, სირიელი, ავსტრალიელი, იაპონელი და ამერიკელი მეცნიერის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ეფუძნება.