მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2010 წლის 29 ოქტომბერს, არნახული ხმაურით ჩაატარა სპეცოპერაცია "ენვერი". ამ სპეცოპერაციის შედეგად, როგორც ხელისუფლება გვარწმუნებდა, რუსეთის 14 აგენტი გამოავლინეს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას 2006 წლიდან ეწეოდნენ. ამ 14 ჯაშუშიდან 10 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 4 - რუსეთისა. მოგვიანებით, "ნაცმოძრაობის" მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა, საგანგებოდ მომზადებული ფილმიც შემოგვთავაზა - "ენვერის საქმე", რომელშიც მთელი ამ ჯაშუშური ჯგუფის საქმიანობისა და ჯგუფის წევრთა დაკავების დეტალები იყო აღწერილი. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ჯაშუშთა ეს ჯგუფი, ჯერ კიდევ 2006 წლიდან მოქმედებდა და ისინი რუსულ მხარეს, კერძოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გრუ-ს სამხედრო და სხვა ხასიათის საიდუმლო ინფორმაციებს აწვდიდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ყველა ჯაშუში ბათუმელია. ამ ხალხს სასამართლომ სასჯელის მაღალი ზომა შეუფარდა, 10 წელზე ნაკლები ციხე არც ერთ მათგანს არ დაამადლეს.
დღეს "ენვერის საქმეში" მსჯავრდადებულები განთავისუფლებულნი არიან, საქართველოს პარლამენტმა ისინი პოლიტიკურ პატიმრებად ცნო, რაც თავისთავად იმის დასტურია, რომ "ენვერის საქმე" შეთითხნილი იყო. მაშინაც და ახლაც, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ამ ხალხიდან ყველაზე ხშირად ორ ადამიანს ახსენებენ - იური შკრილნიკოვსა და არმენ გევორქიანს. შეძლეს და საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში მოახერხეს ამ ორი ადამიანის დემონიზება, მათი ურჩხულებად ქცევა. შკრილნიკოვი და გევორქიანი სამშობლოს მოღალატეების, ჯაშუშების სინონიმებად აქციეს. იური შკრილნიკოვი, სასამართლოს განაჩენით, ამ ჯგუფის მეთაური, რეზიდენტი იყო და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, არმენ გევორქიანს კი - 11 წელი. ჩვენთვის, ამ ჯერზე, შკრილნიკოვი არ არის საინტერესო, მოდით, გევორქიანს მივყვეთ.
არმენ გევორქიანი ბათუმელი ბიზნესმენი და ქართულ-ამერიკული კომპანია "სეობოლტის" გენერალური დირექტორია. ეს კომპანია ბათუმის პორტში შემოტანილი ნავთობპროდუქტების ექსპერტიზას ახორციელებს და მათ ოქტანობასა და სხვა პარამეტრებს ადგენს. "სეობოლტი" ხომ ამერიკული კომპანიაა, საქართველოში მისი წარმომადგენელი კი "ნაცმოძრაობამ" რუსეთის აგენტად გაასაღა. გამოდის, ამერიკული კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი ყოფილა და ეს როგორ გამოეპარათ ამერიკელებს? ეს ერთი აბსურდი არმენ გევორქიანის ჯაშუშობასთან დაკავშირებით - 2006 წლიდან თუ კაცი გრუ-ს აგენტია, 2002 წლიდან "სეობოლტის" დირექტორი და ამ ხნის მანძილზე ამერიკელებმა ვერაფრით გაიგეს. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ამერიკის მოქალაქე ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ბიზნესს იწყებს, მის ყველა უცხოელ პარტნიორს ამოწმებს ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, შემდგომ კი მუდმივ კონტროლზე აჰყავს. მიმიფურთხებია ამერიკის კონტრდაზვერვისთვის, რომლის 200-ზე მეტი თანამშრომელი საქართველოში დღემდე სხვადასხვა საერთაშორისო მისიებშია გაბნეული და გევორქიანი იქით იყოს, რუსეთის მთელი 14-კაციანი სადაზვერვო ჯგუფი ვერ აღმოაჩინეს. მოდით, დავუშვათ, არმენ გევორქიანი მართლა გრუ-ს აგენტი იყო 2006 წლიდან და 2010 წელს გამოამჟღავნეს. ვნახოთ, რას საქმიანობდა აგენტი გევორქიანი საქართველოში. ის თურმე გრუ-ს აწვდიდა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას. ხედავთ, რამხელა "კალიბრის" ჯაშუში ყოფილა გევორქიანი? მარტო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კი არა, თურმე სხვა ქვეყნებისა და ჩვენი თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტების შესახებაც ჰქონდა ინფორმაციები. აბა, 11 წელს ტყუილად ხომ არ მიუსჯიდნენ? მოკლედ, ჯაშუში გევორქიანი ჩასვეს ციხეში და დარჩა "ნაცმოძრაობა" მხიარული. ამ დროს კი რა ხდება ამ რუსეთის აგენტურასთან მეტად პრინციპულად მებრძოლთა გარემოცვაში? "ნაცმოძრაობის" მიერ გრუ-ს ჯაშუშად გამოცხადებული არმენ გევორქიანი ვან ბაიბურთის უმცროსი ვაჟის, იგორის ნათლიაა. ბატონ ვანსა და ბატონ არმენს, დაახლოებით, 20-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. შეგახსენებთ, ვინ არის ვან ბაიბურთი. 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტისა და "ნაცმოძრაობის" ფრაქციის წევრი იყო, ძალზე აქტიური მეხოტბე და დამცველი მიხეილ სააკაშვილისა. კარგით, ამას თავი დავანებოთ, ამ დროს არმენ გევორქიანის აგენტობა ჯერ არ არის გამომჟღავნებული, ის 2010 წელს გამოავლინეს. 2010 წლის მერე, ლოგიკურად, არმენ გევორქიანის ნათესავები, მეგობრები, ახლობლები მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყვნენ, მომეტებული ყურადღება უნდა გამოეჩინათ მათ მიმართ, ვინც ან იმ მომენტისთვის მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, ანდა მანამდე. ასევე, მათ მიმართ, ვინც არ მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ სხვა სახის ახლო შეხება ჰქონდა მასთან. ცხადია, არმენ გევორქიანის საახლობლო წრიდან, ამ სიის სათავეში ვან ბაიბურთი უნდა ყოფილიყო. ნებისმიერი ლოგიკით, მისთვის, მინიმუმ, სახელმწიფო სამსახურში მაღალი პოსტის დაკავება უნდა შეეზღუდათ და თუ უკვე დაკავებული ჰქონდა, გაეთავისუფლებინათ. ვიმეორებ, შესაძლოა, კანონი ამის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ "ნაციონალები" კანონს ხომ არად დაგიდევდნენ, ვისაც როგორ უნდოდათ, ისე ნიშნავდნენ და ხსნიდნენ თანამდებობიდან. არმენ გევორქიანის მთელი საახლობლო მათი მმართველობისას, სრულ ტერორში ცხოვრობდა. "ნაციონალებსაც" თავი დავანებოთ, ქვეყნის უსაფრთხოება მოითხოვდა ამას. ვან ბაიბურთი კი საქართველოს უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენა ხელისუფლებამ, არმენ გევორქიანისა და სხვა 13 აგენტის ნათესავებიდან, ის ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა, ვისაც არავინ შეეხო.
იმ დროს კი, როცა არმენ გევორქიანი დაიჭირეს, ვან ბაიბურთი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრია, მედიის საკითხებში რჩევას აძლევს მიხეილ სააკაშვილს. "გრუ-ს აგენტის" "ნათლიმამა", "ნაცმოძრაობის" სახელით, ინტერვიუებსაც არიგებს ქართულ და უცხოურ მედიაში, პარტიის ეგიდით საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებშიც მონაწილეობს, მოკლედ, პარტიის მეტად აქტიური სახეა. ვან ბაიბურთის კარიერას არაფრით არ შეხებია მისი ახლო ნათესავისა და მეგობრის ასეთ მძიმე დანაშაულში მხილება. ბოლო მომენტამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა არ ამოეწურა, ვან ბაიბურთი მის მრჩევლად მუშაობდა. გამოარკვია ვინმემ, რომ დეპუტატი ვან ბაიბურთი, რომელიც ჯერ პარლამენტის წევრი იყო, მერე პრეზიდენტის მრჩეველი, მნიშვნელოვან ინფორმაციას არ აწვდიდა არმენ გევორქიანს? ჩატარდა ამ მიმართულებით გამოძიება? მართალია, "ენვერის საქმეს" გრიფი "საიდუმლო" დევს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, ვან ბაიბურთი არათუ არ დაუკითხავთ, მისთვის ახსნა-განმარტებაც არ ჩამოურთმევია გამომძიებელს. არადა, სადავო ნამდვილად არ არის, რომ პარლამენტის დეპუტატსა და პრეზიდენტის მრჩეველს ნამდვილად მიუწვდებოდა ხელი ისეთ ინფორმაციებზე, რომელიც რუსეთის დაზვერვისთვის იქნებოდა საინტერესო. შესაძლოა, მას თავდაცვით კომპლექსთან არ ჰქონდა უშუალო შეხება, მაგრამ გრუ-ს არა მხოლოდ შეიარაღებულ ჯარებზე აინტერესებს ინფორმაციები, მისთვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ღირებულია, რაც ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ყველაფერს თავი დავანებოთ, ვან ბაიბურთს ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მმართველი პარტიის კულუარების შესახებ და ამ მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. ასევე, პარტიის კონკრეტული ლიდერების შესახებაც. ამის მიუხედავად, ყოფილი დეპუტატი და პრეზიდენტის მრჩეველი ეჭვქვეშ ერთი წამითაც კი არ დამდგარა.
ახლა ვან ბაიბურთს თავი დავანებოთ და მის უფროს შვილს, გრიგორ (გრიშა) ბაიბურთს მივხედოთ. გრიშა ბაიბურთი წლების მანძილზე სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, 2009 წელს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსად დაინიშნა და იმ დროს, როცა არმენ გევორქიანი ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ფინანსური სახის ინფორმაციებზე მიუწვდებოდა ხელი. ერთია თანამდებობა და მეორე, რეალური გავლენა. "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ფავორიტის შვილს, ფინანსთა სამინისტროში თანამდებობაზე მეტი გავლენა ჰქონდა. შესაბამისად, შეეძლო შეეტყო იმაზე მეტი ინფორმაცია, რაზეც თანამდებობრივად მიუწვდებოდა ხელი. ამდენად, ყველანაირი ლოგიკით, ჯაშუში გევორქიანისთვის, საკუთარი ნათლულის ძმა გრიშა, მის ინტერესთა სფეროში უნდა ყოფილიყო. თუმცა, როცა 14 ჯაშუში დაიჭირეს, კაციშვილს არც გრიშა ბაიბურთი გახსენებია, მამამისისა არ იყოს, არც ის დაუკითხავს არავის და ცუდად არც შეხებიან. მეტიც, 2011 წლის თებერვალში, არმენ გევორქიანის დაჭერიდან 4 თვეში, მისი ნათლულის, იგორის ძმას, გრიშა ბაიბურთს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ნიშნავენ. სპეცსამსახურები ხელს არაფრით არ უშლიან ხელს იმ ადამიანის დაწინაურებას, თანაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამინისტროში, რომელიც გრუ-ს აგენტის ნათესავია. მოკლედ, ნამეტანი გულჩვილობა გამოიჩინა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მამა-შვილი ბაიბურთების მიმართ, ქვეყნის ინტერესები ფეხებზე დაიკიდა და მამა მრჩევლად დაიტოვა, მისი უფროსი ვაჟი კი, მასთან შეთანხმებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ეს ფაქტი ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ არც არმენ გევორქიანი და არც სხვა 13 მსჯავრდადებული, რუსეთის აგენტი არ ყოფილა. ხელისუფლებას ხალხის დასაშინებლად, რუსული საფრთხის გასააქტიურებლად, მორიგი ანტირუსული ისტერიის მოსაწყობად დასჭირდა ეს სპეცოპერაცია და ჩაატარა. არმენ გევორქიანი მართლა რუსეთის აგენტი რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ, რომ მის ნათლიმამას, ვან ბაიბურთს "ნაციონალები" არ გაახარებდნენ, მისი განადგურების საქმეს, პირადად მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგებოდა სათავეში. იმავე დღეს ხომ მოხსნიდა საკუთარი მრჩევლის პოსტიდან და მისი შვილის კარიერასაც წერტილს დაუსვამდა, გრიშა ბაიბურთსაც ქუჩაში გაუშვებდა.
"ქრონიკის" ინფორმაციით, ვან ბაიბურთმა ჩინებულად იცოდა, რომ არმენ გევორქიანი უდანაშაულო იყო, "ენვერი" კი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ შეთითხნილი საქმე. "ქრონიკის" ინფორმაციითვე, მან პრეზიდენტსაც სთხოვა, რომ გევორქიანი როგორმე გამოეძვრინათ ამ საქმიდან, რაზედაც მიხეილ სააკაშვილმა ამაზე კატეგორიული უარი უთხრა. თუმცა კი გაოცდა, როცა გაიგო, რომ გევორქიანი ვან ბაიბურთის შვილის ნათლია და მრავალი წლის მეგობარი აღმოჩნდა. ცხადია, ვან ბაიბურთისთვის არავის უთქვამს, ეს სპეცოპერაცია ფარსი იყო და იქ არმენ გევორქიანი სრულიად უდანაშაულოდ თამაშობს ჯაშუშის როლსო, მაგრამ ამას დიდად მიხვედრილობა არ სჭირდებოდა. მით უფრო, პრეზიდენტის მრჩეველი მრავალ კულუარულ ინფორმაციას ფლობდა. ვან ბაიბურთის პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილმა მერაბიშვილი და ადეიშვილი დაიბარა და დატუქსა: უფრო მეტი ყურადღებით იყავით ასეთი საქმეების შეკერვის დროს, მაინცდამაინც, ჩვენიანის ახლო ნათესავს ნუ ჩათხრით საქმეში და ისიც, "ნაცმოძრაობის" დეპუტატისა და პრეზიდენტის მრჩევლის შვილის ნათლიასო. მერაბიშვილმა და ადეიშვილმა აღიარეს, რომ მათ არმენ გევორქიანისა და ვან ბაიბურთის ნათელმირონობისა და მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ხვდებით რამხელა და თან სრულ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე? ფილმ "ენვერის საქმეში" არაერთხელაა აღნიშნული, რომ ეს სპეცოპერაცია საგანგებოდ მომზადდა, ჯაშუშებს მთელი 6 თვე, 2010 წლის მაისიდან ოქტომბრამდე უთვალთვალებდნენ, მათ შორის, არმენ გევორქიანსაცო. ამ 6 თვის მანძილზე, როცა, წესით, გევორქიანის ყველა ნაბიჯი კონტროლდებოდა, რაც "ქრონიკამ" დაზუსტებით იცის, ვან ბაიბურთი და არმენ გევორქიანი, მინიმუმ, ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ თბილისში, ერთხელ ბათუმში და ერთხელაც ერევანში. ეს თუ მართლა სპეცოპერაცია იყო, თუ მართლა უთვალთვალებდნენ არმენ გევორქიანს, როგორ, ვერ დააფიქსირეს მისი და ბაიბურთის შეხვედრა? ეს რომ ასე ყოფილიყო, შესაბამისად, არც მიხეილ სააკაშვილი დააფჩენდა პირს გაკვირვებისგან, როცა ეს ამბავი თავად ბაიბურთმა შეატყობინა. არც ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი დარჩებოდნენ სახტად, როცა იგივე ამბავი შეიტყვეს. აქედან აშკარად ჩანს, რომ არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, არანაირი 6-თვიანი თვალთვალი, არც არმენ გევორქიანზე, არც დანარჩენ 13 ვითომ ჯაშუშზე არ ყოფილა... ეს ამბავი დღემდე არსად გახმაურებულა და "ქრონიკამ" ექსკლუზიურად შემოგთავაზათ, ამ მართლა ტრაგიკომიკური სკანდალის დეტალები.
"ქრონიკა" ვან ბაიბურთს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ არმენ გევორქიანი მისი შვილის, იგორის ნათლიაა და მასთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. "ქრონიკის" ინფორმაციით, ვან ბაიბურთი გლდანის ციხეში ხშირად ნახულობდა გევორქიანს, თუმცა, მან ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, ერთხელაც არ მინახავს ციხეშიო.
"ნაცმოძრაობის" ლიდერებს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეპაექრებიან, ძალიან უყვართ იმის წამოძახება, რომ მათ მიერ ვაი-ვაგლახით დაჭერილი რუსეთის ჯაშუშები, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს ციხიდან. "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" სპიკერების დებატები ჩვენს ტოქშოუებში ისე არ ჩაივლის, რომ იური შკრილნიკოვისა და არმენ გევორქიანის სახელებმა არ გაიჟღეროს. მათი ხსენება ნამეტანი უყვართ გიგა ბოკერიას, გოკა გაბაშვილს, გიორგი კანდელაკს, ჩიორა თაქთაქიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბარამიძეს, პავლე კუბლაშვილს, სერგო რატიანსა და ზურაბ ჯაფარიძეს. ურიგო არ იქნება, ამის შემდეგ, თუ ეს ადამიანები არმენ გევორქიანის ხსენებისას, იქვე დააყოლებენ, რომ "ენვერის საქმის" #2 ჯაშუში (იური შკრილნიკოვი #1 ჯაშუშადაა აღიარებული ამ საქმეში და რა ქნას გევორქიანმა, მას კონკურენციას ვერ უწევს), მათი პრეზიდენტის მრჩევლისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნათესავი იყო და თეორიულად, ნამდვილად არ გამოირიცხება, რომ მამა-შვილი ბაიბურთები არმენ გევორქიანს ინფორმაციას აწვდიდნენ.
"ნაცმოძრაობის" ლიდერები ნურც იმას დაივიწყებენ, რომ რუსეთის ჯაშუშ არმენ გევორქიანის ნათლიმამა, ვან ბაიბურთი დღესაც "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრია, ხოლი გრიშა ბაიბურთი, მათი ტელევიზიის, "რეალ-ტვ"-ს სამართალმემკვიდრის, "ტვ-3"-ის გენერალურ დირექტორად დანიშნეს რამდენიმე თვის წინ.
ასეთი თეთრი ძაფებით ნაკერი სისხლის სამართლის საქმეები რამდენია "ნაცმოძრაობის" არქივში, ეს მარტო ღმერთმა უწყის. თუმცა, იმედია, მალე ჩვენც გავიგებთ.