”ბიუჯეტის შესავსებად ეს ხელისუფლება ყველაფერზე წავა”

”ბიუჯეტის შესავსებად ეს ხელისუფლება ყველაფერზე წავა”

ბოლო დროს ხშირად მოისმენთ საზოგადოების ნებისმიერ წრეში, რომ ქვეყნის ყველა პრობლემამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და ყველაზე მწვავე, ჩვენთან მაინც ეკონომიკური სიტუაციაა. რამდენად სწორია ის, რომ ეკონომიკურმა პრობლემებმა თავისი აქტუალობით თვით ქვეყნის ტერიტორიული პრობლემაც დაჩრდილეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს მართლაც ძალიან გრთულდა და დამძიმდა ამ მხრივ სიტუაცია და იგი პირველხარისხოვანი პრობლემა გახდა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან ეკონომიკურ საკითხებში, მამუკა ჩხეიძესთან.

 

- ბუნებრივია, ეკონომიკაზე გავლენას გარე, გლობალური ფაქტორებიც ახდენენ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ დღევანდელ დღეს, იმ ეკონომიკურ კრიზისში რაც ქვეყანაშია, შიდა ფაქტორების ხვედრითი წილი, გადამწყვეტია. მაგალითისთვის ავიღოთ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია, რომელიც წელიწადზე გადაანგარიშებით ორნიშნა ციფრზე ავიდა. იგი არა მარტო სუფთა ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ ე. წ. ინფლაციური მოლოდინითაც არის გამოწვეული, როდესაც ხალხს აქვს იმის შეგრძნება, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად და უფრო დიდი ტემპით ევოლუცირდება. ამის გამომწვევი მიზეზი მრავალია, მაგრამ მთავარი აქ ქვეყნის შიდა არასტაბილური გარემოა, რომელსაც ყველანაირად ხელს უწყობს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, უფრო სწორედ კი - ეკონომიკური პოლიტიკის არქონა.

 

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- მე არ განვეკუთვნები შეთქმულების თეორიის მოყვარულთა წრეს და გამომდინარე აქედან მიმაჩნია – რა თქმა უნდა ყველა ხელისუფლებას უნდა, რომ ხდებოდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ხალხი იყოს დასაქმებული და კმაყოფილი. ასეთ შემთხვევაში თვითონ იჯდებიან სკამებზე მშვიდად, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეკონომიკა პოლიტიკის გაგრძელებაა და არა პირიქით, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენში ეკონომიკური გარემო არაკონკურენტუნარიანია, არ არის დაცული კერძო საკუთრება, რასაც პირველ რიგში სასამართლოს დამოუკიდებლობამდე მივყავართ, საკადრო პოლიტიკა ხომ უკვე ქილიკისა და ანეგდოტების წყაროდ იქცა.

 

დააკვირდით - რაც დრო გადის და ომისშემდგომი ფინანსური ნაკადი იწრიტება, პოლიტიკაც უფრო მყიფე და იმპულსური ხდება და ეს კიდევ უფრო პროგრესირებადი იქნება. ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლება საბიუჯეტო თანხების მობილიზაციასთან დაკავშირებით ყველაფერზე წამსვლელი ხდება. მას არც აქვს სხვა გამოსავალი. ეს არ არის შევარდნაძის ტიპის ხელისუფლება და საქართველოშიც არ არის იმდროინდელი ტიპის ეკონომიკური გარემო, რადგან, თუ საქართველოს ბიუჯეტში გარღვევა მოხდა და დაიწყო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ მოქალაქეებისთვის ხელფასების დაგვიანება, როგორც ადრე იყო, ეს წლობით ვერ გაგრძელდება. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ვერტიკალი უცბად ჩამოიშლება, რადგან ერთადერთი, რაზეც ეხლა ეს ხელისუფლება დგას, ეს სახელბწიფო ბიუროკრატიის მაღალი ანაზღაურებაა.

 

და რაში გამოიხატება რომ ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია ბიუჯეტში თანხების მობილიზაციის კუთხით? იმას გულისხმობთ, რომ ბიზნესი წნეხის ქვეშაა ჩვენთან?

- არა მხოლოდ. ერთ–ერთ მაგალითს მოგიყვანთ, თუმცა ამდაგვარი „ეკონომიკური ხედვები“ მრავლად აქვთ ჩვენ ხელისუფლებაში. ყველამ იცის, რომ ქვეყანამ მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში 1 იანვარს შევიდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, და ამ შემთხვევაში მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს მოუწევს 1 მაისამდე საგადასახადო ორგანოებში მისვლა და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება, რათა გადაიხადონ მიწის გადასახადი. ძველი კოდექსით არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადს იხდიდა მხოლოდ ის ოჯახი ვისი წლიური შემოსავალიც აღემატებოდა 40000 ლარს. ახალი კოდექსით კი, მიწის გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მათ შორის - უმუშევრებმაც.

 

ასევე, თუ ქონების გადასახადს ადრე ისევ იგივე, მაღალშემოსავლიანი კატეგორიის მოქალაქეები იხდიდნენ, ახლა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობისა, ქონების გადასახადს გადაიხდის ისიც, ვისაც სახლი უდგას 600 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე და ვისი ავტოფარეხიც 18 კვ. მეტრზე მეტია. ასეთი რამ 1 იანვრამდე არ ყოფილა. ეს ნოუ ჰაუა. უჭირს, ბატონო, ბიუჯეტს და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლებმა „მოიჭირონ ქამრები” და ვთქვათ, მარტო უზარმაზარ ხელფასს დასჯერდნენ და უარი თქვან უზარმაზარი პრემიების აღებაზე, სხვათაშორის იმავე საქმის შესრულებაში რაც ისედაც სამსახურეობრივად ევალებათ.

 

ხომ იცით ცნობილი მულტფილმის პერსონაჟი, რომ ამბობს - აბა ჩემ შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო, და ბიუჯეტის ხვრელების ამოვსება ისევ უბრალო ხალხის კისერზე კიდევ უფრო მძიმე წიხლის დაჭერით გადაწყვიტეს. ამავე კონტექსტშია განსახილველი ასევე სასოფლო–სამეურნეო მიწაზე გადასახადის გაზრდაც. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება საერთოდ მოწყდა ხალხს. ჩვენმა თინეიჯერმა მთავრობამ რეალურად არც კი იცის, რა გაჭირვებაა ქვეყანაში.

 

ანუ გგონიათ არ იციან, რომ ხალხს ძალიან უჭირს?

- დიახ! მაგრამ აქ სხვა ფაქტორიც მოქმედებს. ლიბერალური ეკონომიკური მოდელის მიმდევარი ვარ, მაგრამ რაც ჩვენთან ინერგება და შენდება, ეს არის ე.წ. „ინდური კაპიტალიზმის“ მოდელი. სამეცნიერო ტერმინოლოგიით: ოლიგარქიული კაპიტალისტური მოდელი, როდესაც ქვეყნის განვითარების ვექტორი მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტმა სიმდიდრემ მოიყაროს თავი ძალზე მცირე კატეგორიის ადამიანთა ჯიბეებში.

 

როგორ შეიძლება ლიბერალური მოდელი დაარქვა იმას, რაც ახლა ჩვენთან შენდება და ქვეყანაში არ იყოს... უფრო სწორად - გააუქმო ანტიმონოპოლიური სამსახური?! შევარდნაძის დროს ბაზარი ასეთი მონოპოლიზირებული არ იყო. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მავანს, ვთქვათ 3-4 ცისტერნა საწვავი, ან ვთქვათ - ერთი ვაგონი სარეცხი საშუალება შემოჰქონდა ქვეყანაში. აბა ახლა ნახეთ რა ხდება?! აიღეთ თუნდაც ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება რომლის გამოც წვრილი მოვაჭრეები იძულებულნი არიან თურქეთიდან ცოტაოდენი საქონელიც კი სატვირთო ავტომანქანებით შემოიტანონ. ეს აუცილებლად გააძვირებს პროდუქციას და საბოლოოდ ასეთი წვრილი მოვაჭრეების ბაზრიდან განდევნას გამოიწვევს. მონოპოლისტებს შორის შეთანხმების გარეშე როგორ შეიძლება იმის ახსნა, როდესაც მეზობელი აზერბაიჯანიდან და შორეული საბერძნეთიდან შემოტანილი ბენზინი ერთიდაიგივე ფასი ღირს? ამისთვის არ სჭირდება არავის ანტიმონოპოლიური სამსახური! იმას ეძახის ზოგიერთი ლიბერალურ გარემოს, უცბათ თუ შეგიძლია გახსნა ფირმა... მაგრამ მერე? ფირმას კი გახსნი და მერე რა? ესაა ზუსტად ე.წ. „ინდური კაპიტალიზმის“ კლასიკური მოდელი, როდესაც ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს საშუალო ფენას.

 

მაგრამ ეს მოდელი ხომ უსასრულოდ ვერ იმუშავებს? ეს ხომ თავისთავში შეიცავს ნელი მოქმედების ნაღმს?

- ვინ უნდა ხედავდეს....სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც არ იცის, რომ არ შეიძლება არსებობდეს მამალი ძროხა? თუ, მდგრადი განვითარების მინისტრი, რომლის მიერ ერთ–ერთი ჩატარებულ  ტენდერზე, ვაკეში - ჭავჭავაძის 33–ში, ანუ ქალაქის ცენტრში - 20.800 დოლარად, გაიყიდა 302 კვ მეტრის ფართი, პირველ სართულზე, რომელიც თავისუფლად გამოსადეგია კომერციული მიზნებისთვის... როცა მისი რეალური ღირებულება მინიმუმ 15-ჯერ მეტია. ე.ი. ამის უკან ან კორუფცია იმალება, ან არაკომპეტენტურობა. რა აზრს გამოიტანს მკითხველი, ეს მის ფანტაზიაზე იქნება დამოკიდებული.

 

ან გზების მშენებლობა აიღეთ. იხარჯება ასობით მილიონი და შემდეგ, მისი ჩაბარებიდან ორ კვირაში იმავე გზის რემონტი იწყება, მაგალითად... კახეთი, გომბორის გზა, და მრავალი და მრავალი. აი ასე იხარჯება ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი ფული, საქართველოს მოსახლეობის ფული. ამას დაუმატეთ სამედიცინო პროგრამების გაუქმება, სოციალური პროგრამების მინიმუმამდე დაყვანა. მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ყველაზე დაბალი პანსია, უმუშევრობის კატასტროფული დონე... და მივიღებთ „ინდური კაპიტალიზმის“ ტიპიურ ქვეყანას.

 

ამათი წამოსროლილი ლოზუნგი ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით მხოლოდ გაჭირვებული ხალხის ქამრებს გულისხმობს თურმე. არც ის არის მთლად სწორი შედარება, როდესაც ქვეყანაში ცხოვრების დონის განსასაზღვრად მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით აპელირებენ. კი, ეს ერთ–ერთი პარამეტრია, მაგრამ არა გადამწყვეტი, განსაკუთრებით თუ ქვეყანა ევროპაში, ასე ვთქვათ, ცივილურ ადგილზე არ მდებარეობს.

 

რას გულისხმობთ?

- ძალიან მარტივია. მაგალითად კუვეიტი მშპ–ით ერთ სულ მოსახლეზე კანადასაც უსწრებს და გერმანიასაც, მაგრამ ხომ ვერ იტყვით, რომ ცხოვრების საერთო დონე იქ უფრო მაღალია ვიდრე გერმანიაში ან კანადაში? ასევე, ახლა ყველასათვის ცნობილი ლიბია, იგივე მაჩვენებლით უსწრებს ხორვატიასაც და უნგრათსაც მაგრამ აბა ვინ შეადარებს ამ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს... თუ კუვეიტის შეიხებისა და კადაფის ოჯახის ქონებას არ ჩავთვლით. ანუ, ეს მაინც პირობითი მცნებაა. აი, რომ შევადაროთ შევარდნაძის დროინდელი და შემდგომი პერიოდის ეკონომიკური მოდელები, ფრიად საინტერესო სურათს მივიღებთ.

 

პიარის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს გონია, რომ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით წინ წავიდა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მართლა მდგრადი ეკონომიკის შექმნაზე არავინ არ ზრუნავს ... საქმე ეხება ქვეყანაში ბრუნვადი ფულის მასის გადანაწილებას. გაიხსენეთ რა მოდელი იყო ქვეყანაში შევარდნაძის დროს - იყო სუსტი ადმინისტრირება. გამომდინარე აქედან, იყო ბიუჯეტის შევსების მუდმივი პრობლემა... იმ დროს, მაგალითად, თავდაცვის ბიუჯეტი საშუალოდ 20–25 მილიონი ლარი იყო. ამ სუსტი ადმინისტრირების მთავარი თანმდევი, თუ გნებავთ მისი გამომწვევი მიზეზი, საყოველთაო კორუფცია იყო. კორუფცია ყველა დონეზე, დაწყებული ნებისმიერი სამინისტროს რიგითი თანამშრომლიდან, დამთავრებული სამინისტროს პირველი პირით. მაგრამ ეს კორუფცია ხომ ვერ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებით? ფული საიდან და როგორ უნდა ეშოვათ? ამიტომ კორუფცია იყო ვაჭრობა–წარმოებაში და საერთოდ ყველგან.

 

იმის თვალსაჩინოებისთვის, თუ რა მოხდა ქვეყანაში ეკონომიკური „რეფორმის“ თვალსაზრისით, ყველაზე მთავარი 2004 წლიდან უტრირებული მაგალითის მოყვანით ავხსნი. ვთქვათ, ვიღაც ვაჭრობდა ჯიხურში და ამონაგები თანხა  ქონდა 1000 ლარი, ბიუჯეტში აქედან პირობითად უნდა გადაეხადა 500 ლარი, თვის ბოლოს მიდიოდა მასთან საგადასახო სამსახურის ინსპექტორი და ბიუჯეტის კუთვნილი 500 ლარის გადასახადის სანაცვლოდ ართმევდა ქრთამის სახით 200 ლარს, ხოლო ბიუჯეტში კანონით გადასახდელი 500 –ის ნაცვლად უფორმებდა 100 ლარის გადასახადს. ანუ ვიღებდით, რომ გამყიდველს 1000 ლარიდან რჩებოდა 700 ლარი, ანუ 200 ლარით მეტი ვიდრე იმ შემთხვევაში ბიუჯეტში სრულად, რომ გადაეხადა მისი კუთვნილი გადასახადი, ხოლო ინსპექტორი, ასევე ბიუჯეტის ხარჯზე, ჯიბეში იდებდა 200 ლარს, რომელიც მერე იერარქიული მექანიზმით ნაწილდებოდა „ზევით“. ამ კორუფციულ სქემაში ჩართული იყო მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ - უმრავლესობა. ამიტომ, ქვეყანაში ბიუჯეტგარეშე თანხების გადანაწილება ხდებოდა პრაქტიკულად მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე, ხოლო პრეფერენციას ამგვარი კორუფციით პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იღებდა. ასე ვთქვათ, მაშინდელი კორუფციული ბიუჯეტგარეშე თანხა იყო მოსახლეობის სოციალური დახმარების არაოფიციალური ფორმა. რასაკვირველია, ეს იყო ცუდი, რადგან ქვეყანას ჰქონდა ძალიან მწირი ფინანსური რესურსები!

 

რა ხდება ახლა? ამჟამად სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია. სახელმწიფომ მობილიზაცია გაუკეთა ბიუჯეტგარეშე არსებულ ყველა ფინანსურ რესურს და ქვემო დონეებზე მოსპო კორუფცია. ანუ იგივე მევაჭრე, ვთქვათ 1000 ლარიდან მთლიანად იხდის 500 ლარს და სახლში ადრინდელი 700 ლარის ნაცვლად მიაქვს უკვე 500 ლარი. ანუ თავის ოჯახში მიაქვს ნაკლები და ამ ფულს აძლევს სახელმწიფოს. მაგრამ ის, რომ ქვემო დონის მოხელე ლოიალური ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, ხომ ვერ დატოვებდა იგივე სიმბოლურ ხელფასზე? ჰოდა რაღაც მინიმუმზე, ოფიციალურად, ხელფასის მეშვეობით დაუკმაყოფილა მოთხოვნები, რამაც, თავის მხრივ, რასაკვირველია გამოიწვია საშტატო ერთეულების შემცირება, ანუ სახლში გაუშვეს უამრავი სახელმწიფო მოხელე. რაც შეეხება ზემო ეშელონებს... იმ ავადსახსენებელ ელიტურ კორუფციასაც, რომ თავი დავანებოთ, ამჟამად ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი ხშირ შემთხევაში ოფიციალურად ალბათ იმაზე მეტსაც იღებს, ვიდრე შევარდნაძის დროს იმავე რანგის მოხელე კორუფციის საშუალებით მოახერხებდა! კორუფციამ სხვა სიბრტყეში გადაინაცვლა და სხვა მეთოდებით დაიწყო მოქმედება. ვგულისხმობ იმავე ჩინოვნიკების „საახლობლო“ ფირმების მეშვეობით ტენდერებისა და სახელმწიფო შეკვეთების მოპოვებას. ანუ ხელისუფლებამ მთელი ფინანსური სახსრების მობილიზაცია მოახდინა ბიუჯეტში და მხოლოდ თავისთავზე, ძალიან მცირე რაოდენობის პირებზე, დაიწყო მისი გადანაწილება.

 

აი, ეს კიდევ უფრო ცუდია, რადგან ძალიან დიდი ხალხთა ფენების გაღარიბება გამოიწვია, ხოლო მათგან წართმეული ფული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას, კონკურენტუნარიანი და სამართლებრივი გარემოს შექმნას კი არ მოხმარდა, არამედ  ადამიანთა ძალიან ვიწრო წრის ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი ფუფუნების ცხოვრების წესის შექმნას.

 

და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი?

- როგორც კატას ვერ გადააჩვევთ რძის სიყვარულს, ისე ვერ გადააჩვევ კარგი ცხოვრების სიყვარულს იმ ადამიანს, რომელმაც გემო გაუგო დიდ ფულს. ხომ გაგიგონიათ, ძალაუფლება ადამიანს რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება – აბსოლუტურადო. ხოლო ფული ეს ძალაუფლებაა. ამიტომ ქვეყანა გადაეშვა პიარკომპანიებით მართვის პროცესში. აიღეთ თუნდაც ამ ცოტა ხნის წინანდელი ე.წ. ენერგოვაუჩერების დარიგების კომპანია.

 

როგორ განვითარდება ეკონომიკა, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს პრიორიტეტები. იმის მაგივრად, რომ ის უზარმაზარი ფინანსური შემოდინებები, რომელიც ქვეყანამ ომის შემდგომ მიიღო, დახარჯულიყო არჩეული პრიორიტეტების განხრით, ეს თანხები ისე მიმოიფანტა, ეფექტი ქვეყანაში არანაირი არ არის. რაღა შორს მივდივართ - მთლიანად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციის დაფინანსება მთლიანად სოფლის მეურნეობის დაფინანსების 72% შეადგენს! ნონსენსია ხომ? მაგრამ საქართველოში ყველაფერი ხდება. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი არის არა ქვეყნის განვითარება და მოდერნიზაცია, არამედ ბიუჯეტის შევსება. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული! იგივე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ჩადებული ფული საბიუჯეტო შემოსავლების კუთხით ეფექტს უცბად ვერ მოგცემს. მაგრამ იგივე პროდუქციის იმპორტიდან შემოსავალი გადასახადების სახით მყისიერად აისახება საბიუჯეტო შემოსავლებზე. ხოლო აქედან ისევ დარიგდება ხელფას–პრემიები და გამოცხადდება ტენდერები ისევ ჩინეთიდან ან სინგაპურიდან დაბალხარისხიანი პროდუქციის შემოტანაზე ან გზების დაგებაზე, რომელიც ჩაბარებიდან ორ კვირაში, რასაკვირველია, ისევ სარემონტო იქნება.