ორიოდე კვირის წინ ერეკლე კოდუაზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადების შემდეგ საზოგადოებას კოდუას სხვა საქმეებთან ერთად, ერთი ცნობილი სპეცოპერაციაც გაახსენდა - 2006 წლის 16 თებერვალს, თბილისში, სოდ-ის მორიგ სპეცოპერაციას 90-იანი წლების ყველაზე სკანდალური პოლიციელი გია თელია შეეწირა - შეიარაღებული წინააღმდეგობის გამო ის მეგობრის ბინაში მოკლეს. ფაქტის დასადასტურებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ადგილის გადასაღებად ჟურნალისტებიც კი მიიწვია. მათ ოთახში ბლომად ნარკოტიკი და გარდაცვლილი თელია დახვდათ. მოკლულს მარჯვენა ხელში პისტოლეტი "ეჭირა". ამ ფაქტმა ბევრი დააეჭვა - იცოდნენ, პოლიციელი ცაცია(?!) იყო. პოლიციელი, რომელზეც თითქმის 10 წელი”ნადირობდა ქურდული სამყარო და "მხედრიონი", საბოლოოდ საკუთარი კოლეგების მსხვერპლი აღმოჩნდა.
გია თელიას გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ცოტა თუ იცნობდა. პოლიციურ წრეებში კი მისი სახელი დაკავშირებული იყო 80-იანი წლების "მშრალი მორფინის" საქმესთან - იმხანად თბილისში ნარკოტიკებით მოვაჭრე ცოლ-ქმარი დააკავეს, რომელთაც მშრალი მორფინი აღმოაჩნდათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი ნარკოტიკებს ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტიდან იღებდნენ (სწორედ იქ იყო მშრალი მორფის მწარმოებელი ქარხანა). ამ საქმით მაშინ მოსკოვიც დაინტერესდა და შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედგინა, როგორ აღწევდა ქარხნიდან ნარკოტიკი ჯერ გადამყიდველებამდე, შემდეგ საბჭოთა კავშირის შავ ბაზრამდე. როგორც ამბობენ, ამ ოპერაციაში თელიას საინტერესო როლი ერგო. თბილისში დაკავებულ ცოლ-ქმარს მიაწერინეს წერილი ჩიმკენტში, ნარკოტრაფიკის მოთავესთან (რომელიც ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს ლიდერადაც ითვლებოდა), რომ გია თელია კოლონიიდან ახალგათავისუფლებული სანდო პირი იყო და ნარკოტიკის დიდი პარტია უნდოდა. თელია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ჩიმკენტში ჩავიდა. Lლეგენდის მიხედვით, თელია კოლონიაში მკვლელობისა და ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს (შესაბამისი ცნობაც კი გაუკეთეს) და ნარკოტიკები კოლონიაში "კანონიერი ქურდებისთვის" შესაგზავნად უნდოდა. საამისოდ კი 50 000 მანეთის "კუკლა" ჰქონდა წელზე შემორტყმული. როგორც თელია აცხადებდა, ნდობის მოსაპოვებლად ნარკოტიკებს გემო სწორედ იქ გაუსინჯა (შემდეგ ეს სენი სიკვდილამდე გაჰყვა).
წარმატებული ოპერაციის შედეგად 185 კაცი დააკავეს, მათ შორის 12 დაქირავებული მკვლელი, ამოიღეს 7 კგ მორფინი.
"მშრალი მორფინის" საქმისთვის გია თელიამ მოსკოვიდან მადლობის ბარათიც მიიღო, თუმცა თბილისში ცნობილი ის სულ სხვა საქმით გახდა.
1991 წლის 21 დეკემბერს დედაქალაქში ე.წ. თბილისის ომი დაიწყო. მეორე დღეს დედაქალაქში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა მოხდა - გაგარინის მოედანზე "კანონიერი ქურდი" ანზორ აღაიანი მოკლეს. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა ბორია ივანოვმა გადაწყვიტა, ესარგებლა ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებით და ქურდულ სამყაროს ნამდვილი ომი გამოუცხადა. მისი პირველი მსხვერპლი, ციხიდან ახალგამოსული აღაიანი კრასნოდარში ცხოვრობდა და ოჯახის წევრებს ხშირად აკითხავდა თბილისში. "კანონიერი ქურდის" მოშორების არცთუ ისე კანონიერი გეგმა ივანოვის კაბინეტში შემუშავდა. მოვლენებიც სწორედ ამ გეგმის მიხედვით განვითარდა - პოლიციელი გია თელია ე.წ. ქუჩის ტელეფონიდან ურეკავდა აღაიანის მეზობელს, ვინმე მურადიანს და შეცვლილი ხმით ფულს სთხოვდა. ერთ საღამოს თელია და პოლიციელი გოცირიძე კახეთის გზატკეცილზე მურადიანის მაღაზიას მიადგნენ, საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ორიოდე დღის შემდეგ მურადიანს ეზოში პოლიციელმა მაისურაძემ "ლიმონკა" შეუგდო. შემდეგ თელიამ კვლავ დაურეკა მურადიანს და 3 მილიონი რუბლი მოსთხოვა, თან დაამატა, - საქმეში ვინმე კრიმინალური ავტორიტეტი ჩარიეო...
გამწარებულმა მურადიანმა დახმარება ანზორ აღაიანს სთხოვა. ამბობენ, "კანონიერ ქურდს" ამ საქმეში ჩარევა არ უნდოდა - ცუდი სუნი ასდისო, მაგრამ მეზობელს უარი ვერ უთხრა. თელიამ ახლა უკვე აღაიანს დაურეკა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ. "რეკეტიორებთან" შეხვედრა უნდა მომხდარიყო 22 დეკემბერს, ღამის 10 საათზე, თამბაქოს ფაბრიკის ეზოში, სადაც პოლიციელების ვარაუდით, აღაიანი უნდა მოეკლათ. მოთვალთვალეებმა შეამჩნიეს, რომ აღაიანი შეხვედრის ადგილზე მარტო არ მოსულა და მისი მოკვლა გადაიფიქრეს, ცხადია, არც შეხვედრა შედგა. აღაიანი უკან გაბრუნდა. მის მანქანას თელია, გოცირიძე და მაისურაძე დაედევნენ. როდესაც სასტუმრო "აჭარას" მიუახლოვდნენ, მდევრებმა აღაიანის მანქანაში მჯდომი "უცხო" იცნეს - "კანონიერი ქურდი" გუჯა ბოჭორიშვილი. აღაიანს ის შინ, გაგარინის მოედანზე მიჰყავდა.
ღამის 11 საათზე ბოჭორიშვილის სახლთან მანქანა გაჩერდა. მას მარჯვენა მხრიდან გია თელიას მანქანა ამოუდგა და ცეცხლი გაუხსნა. ბოჭორიშვილმა ძლივს შეასწრო სახლში, აღაიანი კი მანქანაშივე ჩაცხრილეს. პოლიციელებმა ბოჭორიშვილის ეზოში "ლიმონკა" გადააგდეს, თუმცა "ლიმონკა" ჭიშკარს მოხვდა და უკან გადმოვარდა. მკვლელი პოლიციელები სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ...
რუსთაველის გამზირზე გაჩაღებული სროლების გამო აღაიანის მკვლელობისთვის არავის ეცალა, ამიტომ პოლიციელებისთვის მაშინ პასუხი არავის მოუკითხავს, დუმდა ქურდული სამყაროც...
1993 წლის 10 მარტს, დაახლოებით საღამოს 20.20 სთ-ზე, კოსტავას ქუჩაზე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან უცნობმა თბილისის პროკურორი მიხეილ ქურდაძე მოკლა. 15 მარტს გია თელიას შეატყობინეს, - შენი მეგობარი ვინმე ნიკოლოზ რურუა რამდენიმე დღეა, არ ჩანსო. არ დადასტურდა ეჭვი, თითქოს რურუა სოხუმში, ომში იყო გაპარული. 16 მარტს პოლიციამ მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვა, გარდაცვლილი თელიას გაუჩინარებული მეგობარი აღმოჩნდა. ის მოეკლათ და მერე მტკვარში გადაეგდოთ... მოგვიანებით (1994 წ.) თელიას სწორედ რურუას მკვლელობაში დასდეს ბრალი (ვინაიდან გაირკვა, რომ ნიკოლოზ რურუა და პროკურორი მიშა ქურდაძე ერთი და იმავე იარაღით იყვნენ მოკლულნი, თელიას დამატებით ქურდაძის მკვლელობაც წაუყენეს ბრალად).
სკანდალური პოლიციელის კარიერისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ერთი ოპერატიული ინფორმაცია, რომელსაც შემდგომში დავით ზეიკიძის "იმელის" შენობაში ცნობილი შეჭრა მოჰყვა.
ამ ამბავს თავად გია თელია ასე იხსენებდა: - "მაშინ თბილისის პოლიციის სამმართველოში ვმუშაობდი ნარკომანიის ხაზით. 94-ში, 29 მარტს შემატყობინეს, რომ 4 აპრილს თბილისის აეროპორტში დაჯდებოდა ტაჯიკეთიდან ევროპაში მიმავალი თვითმფრინავი საწვავის შესავსებად. ამაში დიდ ფულს იხდიდნენ - თვითმფრინავს ნარკოტიკების დიდი პარტია მოაქვს და ხელშეუხებლობის გარანტიაც აქვს, რადგან ამ საქმეს ჩვენთან უშიშროების მინისტრი, შოთა კვირაია აგვარებსო. ეს ინფორმაცია უფროსს, დავით ზეიკიძეს, გავაცანი. მაIშინვე აეროპორტში წავედით. აეროპორტს ტრანსპორტის პოლიცია და მისი შეფი გია გულუა და სამხედრო პოლიცია და მისი შეფი ბორია ივანოვი აკონტროლებდნენ.
გადავწყვიტეთ, საქმის არსი სწორედ ბორია ივანოვისთვის გაგვეცნო. საუბარი ზეიკიძის კაბინეტში შედგა (ვინ იფიქრებდა, რომ მისი კაბინეტი ისმინებოდა).
ამის მერე მოვლენები ძალიან საეჭვოდ განვითარდა: იმავე ღამეს ერთმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა ვითომ აგენტურული შეტყობინება, - ხვალ, 31 მარტს "ზვიადისტები" "იმელის" შენობის იერიშს გეგმავენ (იმ დროს იქ მომუშავე პარლამენტს შოთა კვირაია უნდა დაემტკიცებინა შს მინისტრად), ამიტომ საჭიროა შენობასთან პოლიციის ძალების გაძლიერებაო. ზეიკიძემ ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულა და "იმელი" პოლიციის ალყით გაამაგრა. თავად კი ამაოდ ცდილობდა შენობაში შევარდნაძესთან შეხვედრას, რათა დაერწმუნებინა, რომ კვირაია მინისტრად არ დაემტკიცებინა. ბოლოს, ვახტანგ რჩეულიშვილი დაჰპირდა, სახელმწიფო მეთაურს შეგახვედრებ, მისაღებში დამელოდეო. ამასობაში, გარეთ ვიღაც უცნობი გამოვიდა და გვითხრა, - ზეიკიძეს შევარდნაძესთან "მხედრიონი" არ უშვებს და თუ მიეხმარებით, შეიძლება შეხვედრა შედგესო. ხალხმაც იხუვლა და შენობაში შევარდა. ამის მერე აირია მონასტერი... ზეიკიძე მიხვდა, რომ მოატყუეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყველა ხედავდა, რომ "იმელის" შენობა პოლიციას ალყაში ჰქონდა მოქცეული. "ზვიადისტებს" კი აზრადაც არ მოსვლიათ იქ მისვლა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასდა... 3 აპრილს კი ტრანსპორტის პოლიციის შეფი გია გულუა მოკლეს".
ცოტა ხანში გია თელია დააპატიმრეს და უამრავ დანაშაულში დასდეს ბრალი, მათ შორის "კანონიერი ქურდების" - ანზორ აღაიანის, არსენა მიქელაძის და ტატუნაშვილის, აგრეთვე გია გულუას, ზაზა ვეფხვაძის და გია სვანაძის, მიშა ქურდაძის და ნიკოლოზ რურუას მკვლელობები...
გია თელიას უფრო დიდი განსაცდელი ელოდა, რადგან ის პირველი პოლიციელი იყო, რომელიც კრიმინალებთან ერთად მოათავსეს საკანში, მასზე უკვე ქურდული სამყაროს გარდა, "მხედრიონიც" ილესავდა კბილებს. დღემდე არავინ იცის, როგორ მოახერხა თელიამ კრიმინალური სამყაროს დარწმუნება საკუთარ უდანაშაულობაში.
სანამ გია თელია გისოსებს მიღმა საკუთარი სიმართლისთვის იბრძოდა, გაირკვა, რომ ნიკოლოზ რურუას მკვლელი შუა აზიაში იპოვეს მოკლული, არსენა მიქელაძეს მხედრიონელები გაუსწორდნენ, ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელები პოლიციელები კი არა, თბილისში ცნობილი პირები აღმოჩნდნენ, პროკურორ ქურდაძის მკვლელად კი სამხედრო პოლიციელი დასახელდა. ერთადერთი ხელჩასაჭიდი გამოძიებას და ქურდულ სამყაროს ანზორ აღაიანის მკვლელობაზე ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, გია თელია რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ციხიდან გამოსულმა სულ მალე საზოგადოებას კვლავ შეახსენა თავი.
1998 წელს გია თელიამ სკანდალური განცხადება გააკეთა - უშიშროების სამინისტროს ტერორიზმთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის სამსახურს ბრალი ნარკობიზნესის ლობირებაში დასდო... თელიას განცხადებას, ყYველას გასაკვირად, უშიშროების მინისტრმა ჯემალ გახოკიძემ საგანგებო პრესკონფერენციით უპასუხა და შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს მიანიშნა, დაინტერესებულიყო საკუთარი თანამშრომლების საქმიანობით - გაერკვია, სად მიდიოდა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები, სამინისტროებს შორის აგორებული სკანდალი მალევე ჩაცხრა და გია თელია კარგა ხანს არავის გახსენებია პოლიციელ ერეკლე კოდუას გარდა...
2005 წელს დედაქალაქში ერთობ უცნაური ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო: "თბილისში მკვლელია!"”შემდეგ გაჩნდა წარწერები სახლებზე: "აქ ცხოვრობს ბარიგა". როდესაც "ბარიგების" სიაში გია თელიამ საკუთარი გვარი ნახა, სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. უკვე აღარ მალავდა, რომ მას სოდ-ის შეფი ერეკლე კოდუა ებრძოდა, მეტიც: ამბობდა, რომ იგეგმებოდა მისი მოკვლა, რადგან ყოფილმა პოლიციელმა ძალიან ბევრი იცოდა ნარკოტრანზიტში პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე, მათ შორის კოდუას ოჯახზეც.
ერთ საღამოს, როდესაც თელია ადვოკატის ოფისიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა, მას ზურგიდან თავში ესროლეს. ყოფილი პოლიციელი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მას შემდეგ თელია, სადაც ხმა მიუწვდებოდა, ყველგან აცხადებდა, რომ ერეკლე კოდუას და მის მოადგილე კახა მისირელს მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული... სამწუხაროდ, გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა 2006 წლის 16 თებერვალს თელიას მკვლელობით დამთავრდა.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გია თელიას მეუღლემ პროკურატურას მიმართა და ქმრის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. ამასობაში კი ერეკლე კოდუაზე, სხვა საქმეების გამო, ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა. გახდება თუ არა საბოლოოდ ცნობილი, რა ინფორმაცია ჰქონდა თელიას, თუ ის გიორგი სანაიას საიდუმლოს მსგავსად სამუდამოდ უცნობი დარჩება...
P.S. სტატიაში გამოყენებულია ანზორ აღაიანის მკვლელობის საქმის მასალები.