ქუჩის ბავშვები დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. სამწუხარო რეალობაა, რომ ბავშვებს მშობლები ფულის საშოვნელად იყენებენ, მეტიც ზოგიერთი მათგანი სხვის პატარებს ქირაობენ, დამაძინებელ საშუალებებს აძლევენ და ამით შოულობენ ფულს. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრეთ:
- რა შენი საქმეა ვისი შვილია?!
- მითხრეს, რომ სხვისი შვილია, რომელსაც ფული გადაუხადე...
- ჰო, ჩემი მეზობლის შვილია, იმას კიდე 8 ყავს, 20 ლარს ვაძლევ ხოლმე და აწყობს. შენ რაში გიშლის ხელს? თუ ფულს მაძლევ, მომეცი თუ არადა გაიწიე, ხალხს მიფრთხობ.
- შენ შვილს გააქირავებ?
მე არ მიჭირს, რომ გავაქირაო.
- რით აძინებ?
- არაყი, თუ გაჭირვეულდა, ცოტა ძილის წამალიც არ მოკლავს...
- მერე, ეს ბავშვზე არ მოქმედებს?
- მე ხვალ ამათ ოჯახს ან ვნახავ, ან არა... წადი და დედამისს კითხე. ახლა მართლა დამანებე თავი, თორემ დაგწყევლი....
ამ თემაზე კომენტარი სოციალური მოსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ მუშაკს, ნინო დანელიას ვთხოვეთ:
- თვითონ ტერმინი - "მათხოვარი" არ არის სწორი. ასეთ ბავშვებს ჩვენ მოვიხსენიებთ, როგორც ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვი. ასეთი ბავშვები იმ კონკრეტული ადამიანის შვილია, ვისთან ერთადაც ითხოვენ მოწყალებას, ან არის მათი ძმისშვილი, დისშვილი და სხვა. საზოგადოებაში ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ქირაობენ, მაგრამ ასეთი ფაქტები ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვხვედრია. ისინი, ვისაც ნათესავი ბავშვები გამოჰყვათ, ძირითადად არ არიან საქართველოს მოქალაქეები, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, რომლებიც იქ ანალოგიურ საქმიანობას ვერ ეწევიან, რადგან ამას კანონი უკრძალავს.
- უხეშად რომ ვთქვათ, ეს ხალხი აქ საშოვარზე ჩამოდის?
- ეს ადამიანები თითქმის მთელი წელი არიან საქართველოში. აზერბაიჯანში ჩადიან წელიწადში 1-2 თვე, ამ დროს, ასე ვთქვათ, ამ სამუშაოსგან ისვენებენ. აქ ნაქირავები აქვთ ბინები და აქვე ცხოვრობენ, რადგან იქ თავის რჩენის საშუალება არ გააჩნიათ.
- ვინმემ რომ შესთავაზოს სამსახური, დათანხმდებიან?
- ჩვენ ერთმა გოგონამ გვითხრა, რომ ბაქოს მახლობლად ერთ-ერთ სოფელში ვიმუშავეთ კარტოფილის ამოღებაზე და დღიურად მოგვცეს 20 მანათიო, რაც დაახლოებით 45 ლარია, მაგრამ იმდენად მძიმე სამუშაო იყო, რომ აღარ გავაგრძელე მუშაობაო. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცოტა ზარმაცები არიან და მათთვის უფრო მარტივია, ითხოვონ მოწყალება, სადაც დგომით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეიძლება იშოვონ გარკვეული თანხა. რომ არა სიზარმაცე, დღიურად 45 ლარი ნამდვილად არაა ცოტა. ასეთი ანაზღაურება ალბათ მოსახლეობის 65% არ აქვს.
- საზოგადოება, რომელიც მათ თანხას აძლევს, ერთგვარად წამახალისებლის როლს ხომ არ ასრულებს?
- თუ ეს ადამიანები დაინახავენ, რომ არავინ აღარ ეხმარება, მათ აღარ ექნებათ იმის მოტივაცია, რომ 3 თვეში ერთხელ გადავიდნენ აზერბაიჯანში და მერე ისევ უკან დაბრუნდნენ. ასეთ შემთხვევაში, ალტერნატივას გამონახავდნენ, რომ მოეძებნათ სხვა სამსახური. თუმცა არის მეორე მხარეც, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მოწყალების გარდა, შესაძლოა ვერაფერი ვერ იშოვონ და მათთვის ეს მოწყალება დღიური ლუკმა-პურია. ამიტომ ასე ცალსხად ვერ ვიტყვით, ჩვენი გაღებული მოწყალება წახალისებაა, თუ არა.
- სახელმწიფო თუ ზრუნავს ამ პრობლემის გადაჭრაზე?
- ჯანდაცვის სამინისტრომ, ევროკავშირთან და "იუნისეფთან " ერთად დაიწყო ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისში შექმნილია 3 მობილური ჯგუფი, რომლებიც ამ ბავშვებთან ამყარებენ პირველად კონტაქტს და მაქსიმალურად ცდილობენ აღმოფხვრან ის პრობლემები, რომლის გადაჭრაც ადგილზეც შეიძლება. მაგალითად, საავადმყოფოში გადაყვანაც კი, ხშირად პრობლემაა, რადგან მათ უმრაველოსობას არ აქვს არანაირი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ ელემენტარული უნარები, ბევრმა მათგანმა ისიც კი არ იცის, გზა როგორ გადაჭრას, - არ იცის, რომ მწვანე შუქზე გზა არ უნდა გადაკვეთოს და ამის გამო ხშირია ავარიული სიტუაციები. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ფუნქციონირებს ერთი დღის ცენტრი და მალე გაიხსნება ორი დღის ცენტრიც, სადაც ერთდროულად 30 ბავშვს ექნება საშუალება, რომ იცხოვროს.. აქ მათ საშუალება ექნებათ, რომ მიიღონ გარკვეული განათლება. აგრეთვე სამომავლოდ იქნება თავშესაფარი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ 1 დღიდან 6 კვირამდე დარჩნენ. 6 კვირაში შესაძლებელია მცირე რეაბილიტაცია მაინც. ზოგადად ბავშვებს, რომლებიც წლებია ქუჩაში ცხოვრობენ, ძალიან უჭირთ მიებან ისეთ სტრუქტურას, როგორიცაა მცირე საოჯახო სახლები.
- რამდენად არის შესაძლებელი, რომ როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან, სწორად გააგრძელონ ცხოვრება?
- ეს 6 კვირა სწორედ იმისთვის არის, რომ შემდგომში გადავიდნენ სხვა ტიპის მზრუნველობის ქვეშ. მალე გაიხსნება ორი 24 საათიანი ინსტიტუცია, სადაც ეს ბავშვები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც ხელს შეუწყობს, შეძლონ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირება. ჩვენ გვყავს სამი მობილური ჯგუფი. თითო ჯგუფში შედის 4 თანამშრომელი და აქედან ერთი თანამდებობაა - თანასწორ-განმანათლებელი და თანამდებობას იკავებენ ის ხალხი, რომლებსაც აქვთ ქუჩაში ცხოვრების, ან მუშაობის გამოცდილება.