„ჯონდი, ეკლესიიდან უნდა მოტყდე, დაიმალე ბიჭო!“

„ჯონდი, ეკლესიიდან უნდა მოტყდე, დაიმალე ბიჭო!“

დღევანდელი წერილის დასაწყისში „For.ge”-ს მკითხველებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მსურს რომ მივულოცო: ქრისტე აღსდგა.

დღეს მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ. ქართველები აღდგომას ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ამ რელიგიურ ზეიმს ოფიციალურად გვიკრძალავდნენ.  რეპრესიების მიუხედავად, ჩვენი წინა თაობები მამა-პაპათა ტრადიციებს არ არღვევდნენ და აღდგომას სრულიად საქართველო ხვდებოდა.

დღევანდელი წერილის გმირები ქართული საზოგადოების ცნობილი პიროვნებები არიან. თავდაპირველად სიტყვას ცნობილ მომღერალ ვახტანგ ტატიშვილს გადავცემ.

„დღეს, ყველას რომ უხარია აღდგომის დღესასწაული და ყველა სამზადისშია, ადრე ყველა ჩუმად ემზადებოდა აღდგომისთვის. ბავშვობაში, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, სკოლაში რომ მივდიოდით, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ხელებს გვიმოწმებდნენ, წითელი საღებავი ხომ არ გვეტყობოდა ხელებზე. ვინც თანამდებობის პირი არ იყო და არც პარტიის წევრი გახლდათ, ამას ყურადღებას არ აქცევდა და ეკლესიაშიც დადიოდა. ბავშვობაში ბებიას ჩუმად დავყავდი ეკლესიაშიც და სასაფლაოზეც. ბათუმში „სოუხსობა" ჰქვია სასაფლაოს ადგილს, სადაც აღდგომის მეორე დღეს კი არ გადიან, არამედ მეორე ორშაბათს.

მამაჩემი პარტიის წევრი იყო, ეკლესიაში შესული რომ დაენახათ, საყვედურს ეტყოდნენ და წინ ვეღარ წაიწეოდა. როცა გავიზარდე და გასტროლებზე მივდიოდით, მაშინაც სიმკაცრე იყო. სამწუხაროდ კომუნისტური პარტიის წევრი გახლდით. სამხედრო სამსახურს რომ ვიხდიდი, მაშინ შევედი პარტიაში. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიზმის არ მჯეროდა, ისეთი სიტუაცია იყო, პარტიის წევრი უნდა ყოფილიყავი. იდეოლოგები ეკლესიის წინ იდგნენ და ვინც ეკლესიაში შევიდოდა, ჩუმად სურათებს უღებდნენ. მერე კგბ–ში იბარებდნენ და საყვედურს აძლევდნენ. კგბ–ს თანამშრომლებს ეკლესიაში შესული რომ დავენახე, შეიძლება გასტროლებზე არ გავეშვი.

ერთხელაც კგბ-ში დაბარებას მაინც ვერ გადავურჩი. გადაღება მქონდა და ჩემს ორწლინახევრის ბიჭს ვიღაცამ ასეთი რამ ასწავლა - რომ შეეკითხებოდი, ლენინმა რა ჰქნაო? ის გიპასუხებდა: დაგვღუპაო. ამაზე ყველა ვიცინოდით. გავიდა 2 თვე და ფილარმონიაში კგბ–ს წარმომადგენელი მოვიდა. სამი კომუნისტი თავდებად უნდა დამდგომოდა, რომ ვახტანგ ტატიშვილი კარგი კომუნისტია და ჩვენს ბელადზე ასეთ რაღაცას შვილს არ ასწავლიდაო. თუ თავდებად არავინ დამიდგებოდა, პარტიიდან გამრიცხავდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ყველა გზა მოჭრილი მექნებოდა. საბედნიეროდ თავდებად დამიდგნენ  ალექსანდრე ბასილაია, ჯემალ ბაღაშვილი და მესამე რუსი, ისიც ჩვენი თანამშრომელი გახლდათ. კიდევ კარგი, რომ კგბ–ს წარმომადგენელი (რატი ტატიშვილი) ჩემი მოგვარე იყო და ამანაც მიშველა. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ კგბ–ში ყველა ცუდი ადამიანი იყო. რატი ტატიშვილი კგბ–ში კულტურის განყოფილების თანამშრომელი გახლდათ და ძალიან კარგი პიროვნება იყო. ჩვენს ანსამბლს, სუხიშვილების ანსამბლს საზღვარგარეთ დაჰყვებოდა“.

იცით თუ არა, რომ ერთ დროს, პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ საკუთარი რელიგიური მწარმსის გამო მომავალი ცხოვრება კინაღამ გაიფუჭა?

„შეიძლება ითქვას, მთელი წელი ველოდი აღდგომის დადგომას, ისეთი ბედნიერი დღე იყო ჩემთვის. 1982 წელია, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ეკლესიური ცხოვრებაც სასტიკად მაქვს აკრძალული. აღდგომის ღამეა, ეკლესიაში ვარ, გავიხედოთ და ჩემი მეგობარი და თანაკურსელი ამეტუზა გვერდით შეშინებული. დღეს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეა:

- ჯონდი, ეკლესიიდან უნდა მოტყდე, მარტო არა ვარ. დაიმალე, ბიჭო, დაიმალე, შენთვის სიკეთე მინდა, კომკავშირიდან და უნივერსიტეტიდან არ გაგრიცხონ. იცი თუ არა, რომ სამ კაცს „შავი სიის“ შედგენა დაგვავალეს, ვინც ეკლესიაში დადის.

- გამასწარი აქედან! იმისთანა დავუბღვირე, შურდულივით გავარდა.

ახლა ეს პიროვნება დიდ კაბინეტშია გამოჭიმული და ბოლოს რომ ვნახე, რაღაცას წერდა.

- რას აკეთებ? - ვკითხე.

- ჩემი თანამშრომლების სიას ვადგენ, ვინც ეკლესიაში არ დადის...“

დღევანდელ ისტორიებს ცნობილი თბილისელი ექიმი ლადო კახაძე გააგრძელებს, რომელმაც ერთ აღდგომა დღეს, ერთ თანამემაულე ავტოინსპექტორს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა.

„ერთ აღდგომა დღეს, მეგობრებმა გადავწყვიტეთ ყველანი ერთად, ერთი ჩვენი მეგობრის სამთავრობო დაჩაზე შევხვედროდით ამ დღესასწაულს. წავედით ხორაგით დატვირთულები ჩემი მანქანით. ჩავედით და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გვაქვს და სააღდგომოდ პასქა დაგვავიწყდა. არადა, უპასქოდ როგორ შეიძლება. რომ ჩავედით, ჩავუქეიფეთ და ცოტა ნასვამი ვიყავი. ბიჭებს ვუთხარი, არა უშავს ნასვამი რომ ვარ, აქვე ცხოვრობს ჩემი მეგობრის ოჯახი, მივაკითხავ და ერთ პასქას გამოვართმევ, სიმბოლურად რომ გვედოს სადღესასწაულო სუფრაზე-მეთქი.

დავჯექი საჭესთან და წავედი. გავიხედე, ყვითელმოტოციკლიანი ინსპექტორი ბუჩქებშია ჩამალული. ვიფიქრე, ნასვამი ვარ, რომ გამაჩეროს, უნდა დამაჯარიმოს და ჯობია, მანქანა გავაჩერო და რამე მოვიფიქრო-მეთქი. ასეც მოვიქეცი, სადღაც ას მეტრში გავაჩერე მანქანა, გავაღე კარი და ცალი ფეხი მიწაზე გადმოვყავი. გავიხედე, ცოტა ხანში ინსპექტორი მომიახლოვდა. რატომ გამაჩერე-მეთქი, ვკითხე. გადაირია, მე კი არ გაგაჩერე, შენ გაჩერდი და მე მოვედი, ღმერთი რჯულიო.

შემატყო ნასვამი ვარ. გაიჭიმა მხრებში და მითხრა, ნასვამი ბრძანდები არა საჭესთანო. არ დავუმალე, სიმართლე ვუთხარი, დიახ, ნასვამი ვარ, მეგობრებთან ერთად, სამთავრობო „დაჩაზე“ ვარ ამოსული და სააღდგომოდ პასქა დაგვრჩა, ვიფიქრე აქვე მივალ ერთ-ერთ მეგობართან და გამოვართმევ-მეთქი. ხომ არ წამოგყვეო, მითხრა. ვუპასუხე, აქვეა და არ მინდა, დიდი მადლობა, რომ არ დამაჯარიმე-მეთქი. სახელი და გვარი ვკითხე ამ პატიოსან ინსპექტორს და დავშორდი. მოკლედ, მივიტანე პასქა დაჩაზე.

ჩვენთან ერთად, სუფრასთან იყო ავთო იოსელიანი. ვუთხარი, დღეს ასეთი და ასეთი ამბავი შემემთხვა ინსპექტორთან, მინდა, ის კაცი მოვიპატიჟო, შენ გავლენიანი კაცი ხარ, გამოიყენე ახლა ეს შენი ძალაუფლება და იქნებ ეს საქმე მოაგვარო-მეთქი. მართლაც, გადარეკა, არ გასულა ერთი საათი და ორმა ჩეკისტმა შემოიყვანა ოთახში ის კაცი ზოლიანი პიჟამათი და „შლოპანცებით“. რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა. წამოვხტი სუფრიდან, მივვარდი, გადავეხვიე, ჩავეხუტე, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე და მისი სადღეგრძელო შევსვი. სულ გადაირია ის ინსპექტორი. დაჯდა და მოყვა: ეს რა მიქენით, ვიწექი ჩემთვის სახლში მშვიდად, გავიხედე ცოლი შემოვიდა ოთახში და მითხრა, ჩეკისტები მოვიდნენ შენს წასაყვანადო. მერე ეს ორი ჩეკისტი რომ შემოვიდა და მითხრა, ადექი, ჩაიცვი უნდა წაგიყვანოთო, გული გამისკდა, ვიფიქრე დავიღუპე-მეთქი. რაღა მეცმებოდა, ასე ზოლიან პიჟამაში გამოწყობილმა დავღუნე თავი და გამოვყევი. მეგონა, სასაკლაოზე მივდიოდი და ამ დიდებულ სუფრაზე, ძვირფას საზოგადოებაში არ ამოვყავი ასეთ ფორმაში თავიო.

დღესაც ვიხსენებ იმ ადამიანს. არასდროს დამავიწყდება მისი პატივისცემა და ამ პატივისცემის გამო მისი შეშინებული თვალები“.

დღევანდელ მოგონებებს ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი დაასრულებს.

„წითელი პარასკევია. მე, ზაურ ბოლქვაძე, ნოდარ დუმბაძე და ოთარ მამფორია რესტორან „თბილისში“ ვსხედვართ, „პახმელიაზე“ გამოვდივართ. დიდი ფულის პატრონი არც ერთი ვიყავით და შეკვეთაც შედარებით მოკრძალებული გვქონდა. უცებ, იქვე ჩაგვიარა იუმორით სავსე პიროვნებამ, ჩვენი რაიკომის პირველმა მდივანმა ავთო საყვარელიძემ, სუფრას მოუახლოვდა, დაგვლოცა და ბოლოს გვეკითხება:

- ბიჭებო, შეგიძლიათ, თამამად იქეიფოთ, გადახდილია.

ასეთი საჩუქარი ცოტა მოულოდნელი იყო და დავიბენით. საყვარელიძემ ეს შეამჩნია და გაეცინა:

- არ გატყუებთ, მართლა გადახდილია, რადგან დღეს ჩვენი, კომუნისტების საზეიმო დღეა, წითელი პარასკევი...“