"ირაკლი ზაქარეიშვილი თავის დროზე ქრთამის აღებისთვის ყოფილა დაპატიმრებული. მე მას ვუთხარი, პატარა მიშა ხარ-მეთქი. დარბაზში ისხდნენ სხვა ადვოკატებიც, მაგრამ ეს ძალიან აქტიურობდა, მელნიკოვის დაცვაც დაიწყო. პროკურორმა შენიშვნა მისცა, მელნიკოვს თავისი ადვოკატი ჰყავსო. გამოდიოდა, რომ დათა ახალაიას ადვოკატი კარნახობდა, ვის რა უნდა ელაპარაკა. ზაქარეიშვილს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა არც წაუკითხავს. მას იმ სხდომაზე არაფერი ესაქმებოდა. ირაკლი კაკაბაძემ არც იცოდა, ვინ იყო ეს კაცი. ირაკლი თავიდანვე ირინას გვერდით იდგა და სასამართლოზეც ამიტომ მოვიდა. ზაქარეიშვილს რომ მიაფურთხა, კარგადაც მოიქცა. გარეთ რომ გამოვედით, იქაც არ გაჩერდა ეს პატარა სააკაშვილი - გაჰკიოდა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სანდრო არც უწამებიათ და არც მოუკლავთ და მე ამას დავამტკიცებო. ფურთხი ეკუთვნის არა მარტო ზაქარეიშვილს, არამედ ყველა "ნაციონალს" - აცხადებს სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნუ ავიწყდებათ არაკაცებს, სანამ მე ვარ, ირინაც ცოცხალია და ვერ გაიხარებენ!" / "ფურთხი ეკუთვნის არა მარტო ზაქარეიშვილს, არამედ ყველა "ნაციონალს".
"ზაქარეიშვილს ისე გამოუვიდა, თითქოს სანდროს მეგობარი ლევან ბუხაიძეა მკვლელი. ვუთხარი, თუ ლევანი მკვლელია, გამოდის, მეც მკვლელი ვარ-მეთქი... ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, სანდროს საქმე ჩვენთვის შავი ლაქაა და მისი მკვლელები არაკაცები და მხეცები არიანო, ანუ მან ირიბად აღიარა დანაშაული, სადაც ყველა რგოლი იყო ჩართული, რაც სტრასბურგმაც დაამტკიცა. "ნაციონალები" ამტკიცებდნენ, თითქოს სანდრო გაიქცა და სასაფლაოზე შემოვლებული მოაჯირის გისოსებს ჩამოეგო, არადა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ჭრილობები მიყენებულია ბასრი და ბლაგვი იარაღით - ჩემთვის სანდოა ჩაჩუას დასკვნა. დიდი დახმარება გაგვიწია ბადრი პატარკაციშვილის სახლზე დამაგრებული ვიდეოთვალით გადაღებულმა კადრებმა და ექსპერტიზის დასკვნამ. რომ არა ეს დასკვნა, სანდროს საქმე კარგა ხნის მიჩქმალული იქნებოდა. ექსპერტიზის დასკვნა სტრასბურგში საქმეში დევს. აღნიშნულია ჭრილობების სიღრმეც და ისიც, რომელმა ჭრილობამ გამოიწვია სიკვდილი, ზაქარეიშვილს კი უნდა, დანაშაული ბუხაიძეს დააბრალოს. როცა ჰკითხეს, ბუხაიძეს ადებთ ხელსო? - არაო, იუარა. ეტყობა, "ნაციონალებმა" დაავალეს ყვირილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ გირგვლიანი.
"არჩილ კბილაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა სანდროს გარდაცვალების დრო. თქვა, გამოსაძიებელია, ადგილზე გარდაიცვალა თუ მერეო. კბილაშვილმა იცოდა, რომ მიდიოდა, ამიტომაც თქვა ეს. ამასთან, მისი მოადგილე იყო ნაცვლიშვილი, იმისი კიდევ - ჩხატარაშვილი, ადეიშვილის მარჯვენა ხელი და პირველი გამყალბებელი. ჰოდა, კბილაშვილმა ხელები დაიბანა, სიტყვა ჩააგდო და წავიდა, - მოკლედ, არაკაცურად მოიქცა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სანდროს ყელში 12 ჭრილობა ჰქონდა და ამან გამოიწვია სიკვდილი. ჩემი შვილი მოკლულია! შეიძლება არ უნდოდათ მოკვლა, მაგრამ მოკლეს. სანდრო არსად გადაჩეხილა. დათა ახალაიას ბრძანებით გაიყვანეს ბიჭები"შარდენ-ბარიდან", აიყვანეს ოქროყანის სასაფლაოზე, სადაც, როგორც გაირკვა, არა ერთი და ორი კაცი აუყვანიათ თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას ბრძანებით. დანაშაული "შარდენ-ბარში" დაუკვეთეს და პასუხიც სუფრასთან მსხდომებმა უნდა აგონ. დათა ახალაია თუ მართალია, ჩამობრძანდეს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. მე ხელს ვადებ ახალაიას, სალაყაიას, სანოძეს (რომელიც ვითომ ცოცხალ-მკვდარია და ხან ახსოვს რაღაცები, ხან - არა), გურგენ დონაძეს, შემსრულებელ მელნიკოვს. პირველად ვნახე სასამართლოში ვინმე მეტრეველი და ნეტავ არ მენახა - სახეზე გოგირდის ფერი ედო... სააკაშვილმაც უნდა აგოს პასუხი - რატომ შეიწყალა, როგორც თვითონ უწოდა, ეს მხეცები. ერთი არ უკითხავს იმ იდიოტ ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას მისთვის, მხეცები რატომ შეიწყალეო?", - დასძენს გურაგ გირგვლიანი და შეკითხვას - "გასამართლებულმა ოთხეულმა აღიარა, დათა ახალაიამ ამ საქმის შესრულებისთვის 100-100 ათასი გადაგვიხადაო...", პასუხობს:
"100-100 ათასი? მაგაზე მეტი არ გაუკეთა? წარმოიდგინეთ, რა დაუჯდებოდათ მათი ციხეში შენახვა - რა ოთახები მოუწყვეს, ქალების მომსახურება გინდა თუ ცოლების მიყვანა, არაფერი აკლდათ. როგორ გამოდიოდნენ ეს გარეწრები ციხიდან გარეთ? ერთს პატიმრობაში შვილიც კი ეყოლა. ირინას დაწყებული ბრძოლა გრძელდება. გახსოვთ, სანდროს მკვლელობის შემდეგ მის გვერდით 100 თუ 200 კაცი დადგა,მაგრამ ხომ ნახეთ, თანდათან რა მოჰყვა ამ ამბავს. "ნაციონალებმა" ჩათვალონ, რომ ირინა გაცოცხლდა და ის ელაპარაკებათ. ნუ ავიწყდებათ არაკაცებს, სანამ მე ვარ, ირინაც ცოცხალია და ვერ გაიხარებენ!"