"უკრაინაში განვითარებული მოვლენები ამ რეგიონის ქვეყნებისთვის და უპირველესად, საქართველოსთვის, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ყველას გვახსოვს, 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევისთვის სწორედ ამგვარი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს 20% ოკუპირებულია, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უსაფრთხო ერთი დღეც არ არსებობს. შეიძლება ითქვას, საგანგებო რეჟიმით ვმუშაობთ, ვაკვირდებით რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რეგიონში, ვამუშავებთ ყველა შესაძლო საფრთხის სცენარს და მასთან გამკლავების გეგმებს. რაც შეეხება უკრაინას, ახლა მთავარი ამოცანაა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ქვეყანას მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი სჭირდება", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცების პატიება მოგვიწევს" / "ყველაფერი კეთდება, რომ არ დავუშვათ ჯავახეთში ხელოვნური დაპირისპირების პროვოცირება".
"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში აშკარად კარგად დადგმული სცენარით მიმდინარეობს, რათა არ შედგეს არჩევნები. რაც შეეხება ნატოსა და აშშ-ს, ვფიქრობ, არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ბირთვული ომი გაჩაღდება იმის გამო, რაც ამ რეგიონში ხდება. ნატოს ქვეყნების პოზიციაა ეტაპობრივად მოხდეს დეესკალაცია და რუსეთზე იმოქმედონ ეკონომიკურ-ფინანსური სანქციებითა და სამხედრო შემაკავებლებით. დადგა დრო, როდესაც ნატომ პარტნიორ ქვეყნებსაც მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება. შავი ზღვის აუზში უნდა გახშირდეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, დაიგეგმოს ერთობლივი წვრთნები პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის - საქართველოსთან ერთად. პუტინმა კარგად იცის, თუ რუსეთი ნატოსთან დაპირისპირებაში ჩაერთო, ის განწირულია დამარცხებისთვის. რაც შეეხება საქართველოს, ცხადია, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ასეთ გამოწვევებს. სწორედ ამიტომ ქართველმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, გახდეს კოლექტიური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის - ნატოს წევრი ქვეყანა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"ივნისში ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას. სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე კი მინდა ფრთხილი ოპტიმიზმით გითხრათ, რომ ამ სამიტზე საქართველო უფრო მიუახლოვდება ნატოს და ეს მოხდება არა დეკლარირებულად, არამედ ინსტიტუციურად და სამხედრო-ტექნიკურადაც. ქვეყნის არჩეული გზა შეუვალია და ამაზე ვერაფერი იმოქმედებს, მათ შორის - ვერც რუსეთის რიტორიკა. უახლოეს თვეებში გადაწყდება, თუ თანამშრომლობის რა ფორმატზე შეთანხმდებიან ნატო და საქართველო. გრიგოლ ვაშაძის ნათქვამის - რომ მაპ-ის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს - კომენტირებას არ ვაპირებ, სწორედ წინა ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენ საფრთხის მრავალ ვარიანტს განვიხილავთ. ჯავახეთზე ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია საფრთხე, რადგან რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდ განცხადებები აქვთ გაკეთებული. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც თავდაცვისა და შს სამინისტროებს დღეს აქვთ, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ერთობლივი ოპერატიული მუშაობით ამ პროცესში ჩართული ადამიანური რესურსით ყველაფერი კეთდება, რათა არ დავუშვათ ჯავახეთში ხელოვნური დაპირისპირების პროვოცირება. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგებას, როგორც საგარეო და შს სამინისტროებიდან გვაქვს ინფორმაცია, საგანგაშო არაფერია. ჯავახეთის მოსახლეთა ნაწილს აქამდეც ჰქონდა ორმაგი - ქართული და სომხური, ან ქართული და რუსული მოქალაქეობა, მაგრამ ამას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მიზნით ბოლო ხანს სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები. ეს რუსეთის მეთოდია, რისი გამოყენებაც უკვე სცადა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რუსეთი ცდილობს, საგარეო კურსის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის გახლეჩით დაშალოს ეს საზოგადოება, რათა მერე თავისი გავლენა ადვილად მოგვახვიოს თავზე. სწორედ ასე მოიქცა უკრაინაშიც. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა და მივცეთ საშუალება კონტრდაზვერვით ორგანოებს, შს სამინისტროს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და მოახდინონამგვარი საფრთხეების პრევენცია", - განმარტავს თავდაცვის მინისტრი.
"მეცინება, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩემს კავშირებზე ლაპარაკობენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასდროს ვყოფილვარ. ვმსახურობდი საჯარო სამსახურში და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც დავინახე ის საფრთხე, რაც განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე სააკაშვილისგან გვემუქრებოდა. ამიტომაც დავტოვე საჯარო სამსახური და ოპოზიციაში გადავედი. მე "ნაციონალურ მოძრაობას" აღვიქვამ როგორც უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც არ უნდა გვქონდეს დაძაბული ურთიერთობა", დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პარტიას არსებობის უფლებაც კი არ აქვს", - პასუხობს:
"კარგად მესმის მათი, ვისაც ძალიან ცუდად მოექცა სააკაშვილის ხელისუფლება, ვისაც დევნიდნენ და უდანაშაულოდ გამოამწყვდიეს ციხეში. ვიცი, რომ მათთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და მინდა ვუთხრა: ჩვენი შვილების მომავლისთვის აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რაც ქვეყანას ემუქრება და არ დავანახოთ სამყაროს, რომ შიგნიდან ვართ გახლეჩილი. აქედან გამომდინარე, მოთმინება და "ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცების პატიება მოგვიწევს. ეს შემიძლია მე ვთქვა, რადგან შევძელი და ვაპატიე აფხაზებს, რომლებმაც მამა დამიხვრიტეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ მორატორიუმი გამოვაცხადეთ. ეს იდეა მთავრობის სხდომაზე გაგვიზიარა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც ყველა დავთანხმდით. მორატორიუმი სრულად უნდა შესრულდეს და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება ყველას უნდა მიეცეს"