„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნუგზარ წიკლაურის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველებს მოუწოდებს, გამოძიება მალე დაასრულონ. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც დეპუტატის ცემის, თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ვერ იქნება დროულად გამოძიებული, ვერცერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ.
თავად წიკლაური არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, მაგრამ ამბობს, რომ საქმეში ხელისუფლების კვალი იკვეთება.
თუ რატომ ფიქრობს ასე ნუგზარ წიკლაური, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ:
რა ეტაპზეა, თქვენზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიება?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმეში კიდევ ორი მოწმის - ჩემი მეზობლისა და ტაქსის მძღოლის ჩვენებებია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადგილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთის მცდელობას. გამოძიებას იმ ავტომობილის ფერის, მარკისა და ნომრის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია, სადაც თავდამსხმელები ჩასხდნენ, მაგრამ როგორც პროკურატურამ განმიცხადა, მათ არ აქვთ არანაირი ცნობები მანქანასთან დაკავშირებით. ყველაფერი ერთ ადგილზეა გაჩერებული და გამოძიება წინ არანაირად არ წასულა. ამასთანავე, საქმე ცემის ფაქტზე იყო აღძრული, თუმცა მოწმეები ვამბობთ, რომ ეს იყო არ თავდასხმა ცემისთვის, არამედ ეს იყო თავდასხმა თავისუფლების აღკვეთისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურატურა კვალიფიკაციას ჯიუტად არ ცვლის.
რატომ?
- ვერ გეტყვით. მას შემდეგ, რაც გამოძიების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის ხელმძღვანელმა განცხადებები გააკეთეს, იმედი მქონდა, რომ გამოძიება მალე დასრულდებოდა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვფიქრობ, რომ პროკურატურას იმ საქმის გახსნა არ სურს, რომელიც ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირშია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ თავდამსხმელები, რომელთაც შესაბამისი აღჭურვილობა ჰქონდათ და რომელთაც ჩემი გადაადგილების მარშუტი იცოდნენ, არიან არა ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამედ ორგანიზებული ჯგუფი და მათ უკან შეიძლება ხელისუფლება იდგეს. საგამოძიებო პროცესი რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო გამყარდება ეჭვი, რომ თავდასხმა ხელისუფლების დაკვეთით მოხდა.
თქვენ ბრძანეთ, რომ თავს შვიდი-რვა ნიღბიანი პირი დაგესხათ, რომელთაც ელექტროშოკიც გამოიყენეს. ბატონო ნუგზარ, თქვენს ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან თქვენი ქილიკი მოჰყვა. თქვენმა ოპონენტებმა ვერ დაიჯერეს, რომ შვიდმა-რვა კაცმა ავტომობილში ვერ ჩაგსვათ...
- არასოდეს ვიტყუები! თავს ნამდვილად შვიდი-რვა ადამიანი დამესხა. უფლება არ მქონდა, ეს ისტორია დამხინჯებულად მომეთხრო. თავს ორთაბრძოლების უბადლო შემსრულებლად არ ვთვლი, მაგრამ ამ ადამიანების ადგილიდან გაქცევა ჩემმა წინააღმდეგობამ და მეზობლების განგაშმა გამოიწვია. მათ რომ განუსაზღვრელი დრო ჰქონოდათ, ამ ძალადობას ბოლომდე მიიყვანდნენ, მაგრამ ისინი მეზობლის ყვირილმა გააქციათ, რომელმაც დაიძახა, რომ „პოლიციას გამოიძახებდა“. მართალი გითხრათ, ის ადამიანები მაქილიკებენ, რომლებიც შინაგანად თავდასხმას ამართლებენ. მათთვის პასუხის გაცემა ღირსებას არავის არ შემატებს, მათ შორის არც მე.
იქედან გამომდინარე, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ საზოგადოების დიდ ნაწილს გულზე არ ეხატება, თქვენ პირად ანგარიშსწორებას გამორიცხავთ?
- დედამიწაზე არცერთი ადამიანი არ არსებობს, ვისთანაც პირადი კონფლიქტი მაქვს. თუ ხელისუფლება ასე არ თვლის, მას შეუძლია ის ადამიანი მაჩვენოს, რომლის ღირსებაც შევლახე და მის ოჯახს ზიანი მოვუტანე. ამასთანავე, არც ბიზნესი არ მაქვს, რომ ვინმესთან პიროვნული კონფლიქტი მქონდეს.
თქვენს საქმეზე უმცირესობამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, მაგრამ ოპონენტებმა პარალელი ვალერი გელაშვილთან გაავლეს, რომელსაც 2006 წელს, თავმდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაშინ, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის ნაცვლად, რომ გელაშვილის ფაქტი გამოეძია, პარლამენტმა დეპუტატს სამეწარმეო საქმიანობის გამო, უფლებამოსილება შეუწყვიტა. თქვენს თანაგუნდელებს მორალური უფლება აქვთ, საგამოძიებო კომისიის შექმნას რომ ითხოვენ?
- ამ ტიპის პარალელების გავლება სწორი არ არის. მაშინ დეპუტატი არ ვიყავი, მაგრამ მსგავსი ფაქტების შეფასებისას ქილიკით არასოდეს გამოვსულვარ. ის, რომ გელაშვილზე თავდასხმა მოხდა, ეს ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ადრე თავდასხმა მოხდა, ეს დღესაც უნდა განმეორდეს. პოლიტიკურმა ელიტამ პრიმიტიული ინსტიქტები უნდა გადალახოს, რაც უკავშირდება არა სიტყვით პაექრობას, არამედ მუშტებზე ყურებას. პოლიტიკა კრივის არენა არ არის. ვისაც მსგავსი მონაცემები აქვს, თავი სპორტის ასპარზზე გამოსცადოს.
გელაშვილი თავდასხმაში ყოფილ პრეზიდენტსა და ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებდა. თქვენი გუნდი კი, თქვენზე თავდასხმაში ბრალს ირაკლი ღარიბაშვილს სდებს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- ღარიბაშვილს ბრალს პიროვნულად არ ვდებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მაშინ როდესაც, გამოძიებას ავტომობილის მონაცემები აქვს, დამნაშავეების აღმოჩენა რა პრობლემას წარმოადგენს? ერთის მხრივ, ეს ყველაფერი პოლიციისა და პროკურატურის სრულ უუნარობაზე მიუთითებს, მეორეს მხრივ კი, ამავე პროკურატურისა და პოლიციის დაინტერესება ჩანს. ნების შემთხვევაში, ამ საქმის გამოძიება ერთი დღის საქმეა.
რაც შეეხება წინა საარჩევნო პროცესს, თქვენს თანაგუნდელებს რეგიონებში ცოცხებით და კვერცხებით დახვდნენ. საზოგადოების ნაწილის მსგავსი ქმედება, თქვენთვის რა სიგნალია?
- ის ადამიანები ფოტოებით არიან იდინტიფიცირებულები, რომლებმაც თავი მსგავსი ფორმით წარმოაჩინეს. ისინი არ მალავენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. სრულიად ცხადია, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიერ არის ორგანიზებული. ხელისუფლებას თავისი დაპირებები რომ შეესრულებინა, მათ ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმა არ დასჭირდებოდათ. მმართველ გუნდს არჩევნების შედეგებზე შიში აქვს და ამომრჩეველთან მიდიან არა საკუთარი საქმეებით, არამედ ოპონენტების დემონიზებით. ამ გზით წარმატებითვის არავის მიუღწევია.
მათ შორის არც თქვენ...
- ჩვენი ხელისუფლების 9 წელზე ჩემი შეხედულება მაქვს, მაგრამ რიგ სისტემებში ძალიან სერიოზული პრობლემები იყო და ამის გამო ხალხმა 1-ელ ოქტომბერს ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც ოპონენტთა დევნას, მოსმენებს ახორციელებს და ამასთანავე, გაჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის სიტყვის და საქმის განსხვავება.
for.ge-ს ინფორმაციით, IRI-ს კვლევებით, თებერვალ-მარტში, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას პიროვნულად 2 პროცენტი ჰქონდა. რა მოლოდინი გაქვთ, არჩევნების შედეგებზე?
- ნიკა მელია ახალი პოლიტიკური ფიგურაა და გასაკვირი არ არის, რომ მისი ცნობადობა დაბალი იყო. ის ცნობადობის გაზრდაზე მუშაობს და მისი რეიტინგი გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში, მას ხმას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აუცილებლად მისცემენ და ეს მცირე რაოდენობა არ არის. „ქართული ოცნება“ არჩევნებს პირველ ტურში ვერ მოიგებს და მეორე ტურში სერიოზულ დაპისპირებას უნდა ველოდოთ.