ასე ვერ გავფრინდებით

ასე ვერ გავფრინდებით

პაუზა გამიგრძელდა. ჩემი ბოლო წერილიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან „წასვლამდე“ პერიოდში სამი წერილი მოვამზადე, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სამივეჯერ უარი ვუთხარი საკუთარ თავს მათ გამოქვეყნებაზე. ამის მიზეზი მარტივია - ვხედავდი, რომ უმაღლეს ხელისუფალს, ბატონ ივანიშვილს, საზოგადოებრივი აზრის მოსმენის აუცილებლობა შინაგანად მცირე დოზითაც კი არ ჰქონდა გაცნობიერებული, კმაყოფილი იყო იმ გარემოთი, სადაც უხდებოდა საქმიანობა და იმ ყალბი წარმოდგენის ტყვეობაში იმყოფებოდა, რომ ყველა, ვისაც ამ ქვეყანაში ჭკუა მოეკითხება, მის გვერდითაა და თვითონ ხომ ყველაფერში ყველაზე მაგარი და უმაგრესია!

ჩემი ავტორობით დაბეჭდილ წერილებს პირობითად ჰქვია „ჩემი“. ეს არის პუბლიცისტურ ენაზე გადმოცემული ნაკრები იმ მოსაზრებებისა, რასაც ჩემს საახლობლოში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გარემოცვაში, მრავალმხრივი ანალიზის შედეგად ვაყალიბებთ ხოლმე. ხსენებული „გარემოცვა“ ადრე, „ძველ დროში“, საზოგადოების საშუალო ფენად იწოდებოდა. საკამათო არ უნდა იყოს, რომ სწორედ საშუალო ფენა უნდა გახდეს იმ გუნდის წამყვანი მოთამაშე, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია, მაგრამ...

სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პერსპექტივამ გაურკვეველი ვადით გადაიწია. დღეს ის მონოპოლიზებულია, ისე, როგორც ბევრი სხვა რამ არის მონოპოლიზებული ჩვენს ირგვლივ. ე.წ. ახალ რეალობაში ყველაზე მთავარი, სისტემა - არ შეცვლილა, სქემები - არ შეცვლილა. ხელისუფლების ყველა შტო, მედია და ე.წ. არასამთავრობო სექტორი, ძველებურად, ერთი ცენტრიდან იმართება. უბრალოდ, მოხდა შესაკრებთა გადაადგილება.

აქამდე ჩემი პუბლიცისტური აქტივობის მთავარი მიზანი არ ყოფილა, რომ გავლენა მომეხდინა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ვინმე ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ განმეწყო. ვცდილობდი, როგორმე ბიძინა ივანიშვილამდე მიმეწვდინა სათქმელი და როგორც გარკვეულ საკითხებში კომპეტენტურ ერთ რიგით მოქალაქეს, ამ გზით გამეწია დახმარება და თანადგომა ახალი (ნანინანატრი) ხელისუფლებისთვის. სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილამდე, რადგან ის იყო (და დღესაც არის) ერთადერთი, ვისაც ხელეწიფებოდა, სასურველი მიმართულებით წარემართა პროცესები.

შეცდომას შეცდომა მოსდევდა. გაკვირვებას იწვევდა, რა შეუვალი სიჯიუტით მიუყვებოდა ბატონი ბიძინა იმ ბილიკებს, რაც მის წინამორბედებს რამდენჯერმე უკვე ჰქონდათ გათელილი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! არ ვიცი, ჭკუა რომ ვისწავლოთ, კიდევ რამდენჯერ უნდა აღმოვჩნდეთ გენიალური „შერეკილების“ იმ პერსონაჟების მდგომარეობაში, ქვევრიდან გაჭრილი ხვრელით ისევ ქვევრისკენ რომ მიეშურებიან დიდი გულმოდგინებით.

შარშანდელი შემოდგომის მოვლენათა ერთობლიობამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ საქმეს ვერანაირი შეძახილი ვერ უშველიდა, სანამ პრობლემა თვითონ არ დაეჯახებოდა პოლიტიკური ორთქლმავლის მემანქანეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. და კიდევ ერთი - სააკაშვილი ჯერ კიდევ ავპრეზიდენტობდა და... ერთი სიტყვით, პაუზა ვარჩიე. მკითხველს წარმოდგენა რომ შეექმნას, რა იყო ჩემი წერილების წუხილი, მათ სათაურებს გავაცნობ: „მესიების მისიების დასასრული, თუ მესია ქოლგის ქვეშ“; „შედი, საქართველო, ბუტკაში“; „ბიძინას რომ ესროლონ?!“.

რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ახალი ხელისუფლების შეცდომების საფუძველია ის მთავარი (ამოსავალი) შეცდომა, რასაც პოლიტიკის წესებისა და კანონების უარყოფა (უგულვებელყოფა) ჰქვია. დემოკრატიას თავისი, საკმაოდ მარტივი, კრიტერიუმები გააჩნია და ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების მექანიზმებიც (არც თუ მარტივი) საყოველთაოდ არის ცნობილი. პრინციპმა - ჯერ ძლიერი სახელმწიფო და მერე დემოკრატია - ყველა წინა ხელისუფლება კატასტროფამდე მიიყვანა. ერთი იმიტომ, რომ მათი მხრიდან “ძლიერ სახელმწიფოში” ყოველთვის ძლიერი ხელისუფლება იგულისხმებოდა ხოლმე და მეორე და მთავარი - ძლიერი სახელმწიფოს პირობა დემოკრატიული მმართველობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოხსენებული თეზა შინაარსშივეა მცდარი.

სხვის შეცდომებზე და სხვის გამოცდილებაზე „ვერსწავლას“ რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: 1. პოლიტიკის საფუძვლების არცოდნა და პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობა; 2. იძულება (გარკვეული ძალების მარიონეტის როლი, წარსულის „ტვირთი“ და სხვ.); 3. შინაგანი სწრაფვა შეუზღუდავი ძალაუფლებისკენ.

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ამ სამი ფაქტორით შემოვიფარგლები, რადგან საქართველოს უახლესი წარსულის დახასიათებისთვის სრულიად ტევადია. აქვე ვიტყვი, რომ მესამე მიზეზი, შესაბამისი რესურსის არსებობის პირობებში, დამოუკიდებლადაც საკმარისი საფუძველია ჩაკეტილ წრეში მოსახვედრად და ამავე დროს, ის აუცილებელი პირობაა პირველი და მეორე მიზეზების მოქმედებაში მოსაყვანად.

ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, ვფიქრობ, პირველი და მესამე მიზეზების ერთობლიობასთან გვაქვს საქმე (მეორე მიზეზის დაშვებაც არ მინდა, რადგან ამ შემთხვევაში ყოველგვარ ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებას აზრი ეკარგება და ერთადერთ გონივრულ გადაწყვეტილებად სახალხო პროტესტის ორგანიზება რჩება). გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყოფილი პრემიერის მიერ სხვადასხვა ინტერესჯგუფებთან გამართულმა შეხვედრებმა და მისმა ვრცელმა ინტერვიუებმა, რომელთა უმრავლესობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, გამიმყარა ადრე გამოთქმული ვარაუდი, რომ განვლილ ავადმოსაგონარ წლებში (და მის წინმსწრებ პერიოდშიც) ბატონი ბიძინასთვის პოლიტიკური ინფორმაციის მიღებისა და პოლიტიკური ანალიზის ძირითადი წყარო ქართული ტელესივრცე იყო.

ადრე ამ მოსაზრების მართებულებას იმით ვამტკიცებდი, რომ „პოლიტმეტრების“ ამქარში მისი ფავორიტები გიორგი მარგველაშვილი, გია ხუხაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი და რესპუბლიკური პარტიის ტელესახეები იყვნენ. დღეს ამ შეფასების „მტკიცებულებები“ ბიძინა ივანიშვილის დიალოგებსა და მონოლოგებშიც უხვად იკითხება და ისმინება. ამისავე დასტურია ქართველი საზოგადოებისთვის შეთავაზებული თუ თავსმოხვეული გადაწყვეტილებების ვრცელი ნუსხა, რომელთაც სუბიექტივიზმისა და არაკომპეტენტურობის კვალი აშკარად ეტყობა.

ტელეიმედთან ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუმ დამაფიქრა, ხომ არ დადგა სამოქალაქო აქტივობის განახლების დრო? პირველი დიდი იმედგაცრუების ფონზე, ადვილი შესაძლებელია, ბატონ ბიძინას ხალხის აზრის მოსმენის სურვილი გამძაფრებოდა. გარდა ამისა, შეცდომის აღიარება, მძიმე შეფასებების მიუხედავად, არ ტოვებს მის მიერ პრობლემის სრულად აღქმის განცდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, „მთავარი მოქალაქის“ თითის დაქნევამ, პრობლემის მოხსნის ნაცვლად, კრიზისის გამწვავება გამოიწვიოს.

პირდაპირ საქმეზე გადავალ: 18.03.2014 - „პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა არჩევნებიდან ორ თვეში, პრეზიდენტი რომ გახდა... უკვე სამოცი წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს.“ - ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის ივანიშვილისეული დახასიათებაა. აუცილებელია, გავიხსენოთ წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებებიც. მე ყველაზე მწარედ ეს დამამახსოვრდა - მთელ საქართველოში მსგავსი ღირსებების მატარებელი ორი-სამი კაცი თუ მეგულებაო. ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩამონათვალის გაგრძელებაც არ ღირს.

ბატონო ბიძინა, ამ ასაკში არ იცვლებიან (მარგველაშვილის ასაკს ვგულისხმობ). მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მარგველაშვილი ასეთი „აღმოჩნდა“, არამედ ის, რომ თქვენ თქვენი შეცდომის დანახვა არ გსურთ. შეცდომა კი ის გახლავთ, რომ დემოკრატიის შენების სავალდებულო პირობა - ხალხის თავისუფალი არჩევანი - უგულვებელყავით. რა ხერხი და საშუალება არ იხმარეთ, რომ თქვენი ერთპროცენტიანი კანდიდატი დაგესვათ პრეზიდენტის ტახტზე. შანტაჟზეც კი წახვედით (დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი). თქვენს თვისებებში ყველაზე მეტად გულახდილობას ვაფასებდი. მოდით, ახლაც ვიყოთ გულახდილი.

თავიდანვე ადვილი მისახვედრი იყო, რომ თქვენი თანაგუნდელების გააფთრებული ბრძოლა სააკაშვილის კონსტიტუციისა და ბოკერია-კუბლაშვილ-მაჭავარიანის საარჩევნო კოდექსის გადასარჩენად ახალი ერთმმართველობის გამყარება-გაძლიერებას ემსახურებოდა. როდესაც ძალაუფლება თქვენი მაღალი ნდობით აღჭურვილი პრემიერის ხელში უნდა იყოს კონცენტრირებული, ბუნებრივია, ხელისუფლებაში ბალანსი მუდმივად უნდა რეგულირდებოდეს (50%+n „ოცნებას“, 50%-n კოალიციის სხვა სუბიექტებს), პარლამენტში მოწინავე პოზიციებზე ყველაზე ურეიტინგო პოლიტიკური სუბიექტები (მაგ. „რესპუბლიკელები“) უნდა იყვნენ წამოწეული, ხოლო პრეზიდენტი შეკვეცილი უფლებებით მოსარგებლე „პლასტელინი“ (პოლიტიკური ამბიციების არმქონე პირი) უნდა იყოს. (ზუსტად ასეთი ფორმა და შინაარსი ჰქონდა სააკაშვილის სუპერ-საპრემიერო მმართველობის მოდელს).

სადაც ვიწრო იყო, იქ გაწყდა. მარგველაშვილმა „ხასიათი გამოაჩინა“. მიზეზი სწორედ ის არის, რომ ამ ადამიანს არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი აწუხებს (არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის) და არც პიროვნულის (ასეთია). ზოგიერთი ცდილობს, პრეზიდენტის „ურჩობაში“ დადებითი დაინახოს. თავს ნუ მოვიტყუებთ. მარგველაშვილს არც იმის ცოდნა და გამოცდილება აქვს, თავისი მაღალი პასუხისმგებლობა ღირსეულად ატაროს, არც სხვათა დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან „ბიძინასთან“ (მარგველაშვილის მიმართვაა, რომელსაც ხელოვნურობა აშკარად ეტყობოდა და ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ იყენებდა, რომ ეჩვენებინა, ხელის ბიჭი არ ვარო) დაპირისპირება გუნდიდან გარიყვის ტოლფასია და არც ხალხის მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს.

მოსალოდნელია, პრეზიდენტი მარგველაშვილი თანდათან სახიფათოც გახდეს. უფრო სწორად, იგი ცდილობს, შესაძლო საფრთხის შეგრძნება გააჩინოს. გავიხსენოთ: ბატონმა ბიძინამ მძიმე ბრალდება წაუყენა მარგველაშვილის მარჯვენა ხელს ვანო მაჭავარიანს (საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა). სახელმწიფო მოხელეს „ჟულიკობაზე“ მეტი რა უნდა დასწამო? „ქრთამის სახით გადახდილ შვიდი ათასს“ იღებდა თვეშიო. თანაც მიშა მაჭავარიანის ძმააო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცი ფულის გამო იმას რომ იკადრებს, რაც ვანო მაჭავარიანმა იკადრა, მისგან სხვა რამესაც უნდა ელოდე, მითუმეტეს, როცა მისი ძმა მოწინააღმდეგე ბანაკშია, მრავალ დანაშაულში მხილებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიაო.

გუნდური პასუხისმგებლობის წესიდან გამომდინარე, მარგველაშვილს დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა მაჭავარიანი დაკავებული თანამდებობიდან. მან ეს არ გააკეთა. ბზარი ნაპრალად გადაიქცა. შედეგად მივიღებთ, რომ „ოცნებისგან“ იგნორის რეჟიმში მყოფი „უძღები შვილი“, საუკეთესო შემთხვევაში, გაცილებით მეტ დროს დაუთმობს „პაეზდკებსა“ და „გულაობას“, რომ კარგად შეირგოს „მეგობარი ბიძინას“ საჩუქარი, ხოლო „ოცნება“ დაიწყებს სამართლებრივი ფოკუსების გამოგონებას - ამ ღვთის (ბიძინას) პირისგან გადავარდნილმა, ემანდ, სხვის ნავში (პლატფორმაზე) არ გაადინოს ტყაპანიო.

ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა პოლიტიკურ შეფასებებზე სხარტულებისა და ანდაზების მორგება. ჩვენი განხილვის თემამ, უნებლიედ, რონალდ რეიგანისადმი აბონ ციციაშვილის სივრცეებში ჩაკარგული გზავნილი გამახსენა - „რაც მოგივა დავითაო...“ ჩვენ შემთხვევაში ანდაზის მთავარი ადრესატი ქართველი ხალხია, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

ბატონო ბიძინა, თავს უფლებას მივცემ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ - პოლიტიკაში (არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკაში განსაკუთრებით) წარმატების უცილობელი პირობა ჭაბუასეული ცნობილი შეგონების უპირობო დაცვა გახლავთ - ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. წესი კი ბევრჯერ დაირღვა, შავზეც ბევრჯერ ითქვა, თეთრიაო. თუნდაც მარგველაშვილის ერთწლიანი „თავბრუდამხვევი“ სვლა პოლიტიკური მწვერვალისკენ ამის ნათელი მაგალითია.

ბატონო ბიძინა, მოემზადეთ მწარე სიმართლისთვის: გიორგი მარგველაშვილი სუსტი მინისტრი იყო. არგუმენტები წინა წერილებში წარმოვადგინე და აღარ გავიმეორებ. დამატებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კაცი ისე წავიდა სამინისტროდან, იოტისოდენა წინსვლაც არ ჰქონია სისტემაში გარკვევის თვალსაზრისით. მისი ხიბლი თქვენთვის სწორედ ამ სისუსტეში იყო. იმ გეგმისთვის, რასაც სრული ერთმმართველობა ჰქვია, უფლებაშეკვეცილი, უამბიციო და არაპროფესიონალი პრეზიდენტი სწორედაც რომ მისწრებაა. (იმავეს თქმა შეიძლება დავით ნარმანიაზეც. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის კოდექსი თავდაყირა ამოუტრიალეს, მისი დედაქალაქის მერობის კანდიდატად დატოვება, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად გაუგებარია.)

მინდა მოვიტანო ამონარიდი ერთი გამოუქვეყნებელი წერილიდან: „ერთმმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ იერარქიას განსაზღვრავს არა კონსტიტუცია და კანონი, არამედ პოლიტიკური ლიდერის ნება.“ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ლიდერად რჩება და დარჩება მანამდე, ვიდრე არ გაიმართება ახალი (მორიგი ან რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნები. ხალხის ნებით, ხალხის არჩევანით გამოხატული პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, გაქცევა, ან მიმალვა შეუძლებელია. მარგველაშვილის „მეგობრობის ზონიდან გასვლით“ სქემას ბზარი გაუჩნდა, რაც არ არის კარგი ამბავი. ბზარი ყოველთვის ნგრევის საფრთხეს შეიცავს. სასურველია, ერთმმართველობის დასრულებას საფუძვლად დაედოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში სისტემის შეცვლა ხავერდოვანი გზით მოხდება.

ბატონო ბიძინა, მთავრობა ძლიერიაო, მარტო კარგი და საუკეთესო მინისტრები მყავსო - ამასაც ერთ კაცზე მორგებული მმართველობის ინტერესები გალაპარაკებთ, რადგან იმ მდგომარეობაში, რომელიც თქვენ აირჩიეთ, სიკარგის განმსაზღვრელი პირობა ერთგულებაა და არა პროფესიონალიზმი. არ იფიქროთ, რომ გადანაშაულებთ - რეალობა გაიძულებთ, რომ ასე იმოქმედოთ. ქვეყნის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენი ამოცანაა, უფრო მეტიც - თქვენი მისიაა ეს რეალობა შეცვალოთ. დადგა ის დრო, როცა ჭირი თავს ვეღარ მალავს. მარტო მარგველაშვილის მემკვიდრის, თამარ სანიკიძის თანამდებობასთან შესაფერისობის შეფასებაც იკმარებს ობიექტური რეალობის წარმოსაჩენად. დახასიათებას აღარ შევუდგები, იმდენად თვალსაჩინოა ყველაფერი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხალხი ყველაფერს ხედავს.

მინდა, ამ წერილში განათლებასა და მეცნიერებას საგანგებო ყურადღება დავუთმო, მაგრამ მანამდე არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა იმ მახინჯ და სამარცხვინო პროცესზე, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ჰქვია. ყველაფრიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაუწყვეტია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ყველა გამგებელი, ყველა მერი, ყველა საკრებულოს აბსოლუტური უმრავლესობა მისი იყოს. ბატონო ბიძინა, არ დავიღლები მრავალჯერ თქმულის გამეორებით: ამ სენისგან განკურნების ერთი გზა არსებობს - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რასაკვირველია, სამართლიანი საარჩევნო გარემოს პირობებში.

დავუბრუნდეთ ისევ განათლებასა და მეცნიერებას: სამწუხაროდ, ეს სფერო თქვენი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა (კაცი ყოვლისმცოდნე ვერ იქნება). ამას მხოლოდ იმის გამო არ ვამბობ, რომ „მხსნელებად“ ჯერ გიორგი მარგველაშვილი, ხოლო შემდეგ თამარ სანიკიძე მოგვივლინეთ. პარალელურად განვითარებულ მოვლენებსაც ამ დასკვნისკენ მივყავართ: ჯერ იყო და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნა დააანონსეთ; შემდეგ, რატომღაც, კომისიის ხელმძღვანელად ცნობილი მეცნიერის, გია დვალის კანდიდატურაზე შეარჩიეთ არჩევანი; შემდეგ, რატომღაც, ვერ (არ) მოხერხდა ამ წამოწყების ინსტიტუციური უზრუნველყოფა; შემდეგ, რატომღაც, ბატონ გიას დაწყებული საქმე მყისიერად შეაწყვეტინეთ და ისე დაემშვიდობეთ, რომ მიზეზი დღემდე გამოცანად რჩება; შემდეგ, რატომღაც, კომისიის შექმნის გადაწყვეტილებაც უჩუმრად წარსულს ჩაბარდა...

განათლებისა და მეცნიერების სფეროზე იმიტომ ვაკეთებ განსაკუთრებულ აქცენტს, რომ ჩემდა სასიამოვნოდ, თემა ისევ გააქტიურდა. იმავე ინტერვიუში ბრძანეთ, რომ თავის დროზე ვიღაც-ვიღაცეებმა შეცდომაში შეგიყვანეს და პროცესი ამის გამო შეფერხდა და რომ გადაწყვეტილი გაქვთ, თქვენმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ აღნიშნული სფეროს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არ ჩანს, რომ ძველი შეცდომები კვალიფიციურად გაქვთ გაანალიზებული.

საქმის წარმატებისთვის კადრების შერჩევას, როლების ცოდნის, უნარისა და გამოცდილების მიხედვით გადანაწილებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ისევ გია დვალით დაიწყეთ საუბარი. ბატონ გიას, ალბათ, საპატიო თავმჯდომარის სტატუსი უფრო მოუხდებოდა, თუ მისი ავტორიტეტის გამოყენება მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. რეფორმას უნდა წარმართავდნენ ის ადამიანები, ვისაც ამ სფეროს სისტემური ხედვა გააჩნია, ზედმიწევნით იცნობს მას ეტაპების, საფეხურების ჭრილში (სკოლამდელი აღზრდა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, უმაღლესი განათლება, მეცნიერება). ასეთთა რიცხვი, ბუნებრივია, დიდი არაა, მაგრამ მათი მოძებნა და პროცესში ჩართვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მიკიბულ-მოკიბულის გარეშე გეტყვით, რომ სამინისტროც და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიც, რეფორმასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან უძრაობის მდგომარეობაში იმყოფებიან და არც მათი ამ მდგომარეობიდან გამოყვანის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდება ძირეული ცვლილებები.

ბატონო ბიძინა, ეძიეთ, წრე გააფართოვეთ და რაც მთავარია, მოამზადეთ და მიიღეთ ქმედითი გადაწყვეტილებები სისტემური ცვლილებების გასატარებლად. სხვაგვარად, არც შენებაზე ორიენტირებული ხელისუფლება გვეყოლება და ვერც სამოქალაქო საზოგადოება შედგება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წინა ხელისუფლება მხოლოდ იმის გამო ასრულებდა სამარცხვინოდ თავის არსებობას, რომ უდიერად ეპყრობოდა პოლიტიკის წესებსა და კანონებს. იმდგაცრუება დიდია, ხალხს ქვევრიდან ქვევრში ხოხვა ყელში აქვს ამოსული და ადრე თუ გვიან იხუვლებს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში.