ვის ეკუთვნის ქართული მედია

ვის ეკუთვნის ქართული მედია

„ვის ეკუთვნის ქართული მედია“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველომ“ მედიამფლობელების ვინაობისა და მათი ბიზნესსაქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

კვლევა საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა მედიასაშუალებას მოიცავს. კვლევაში ასახულია, რომელი მედიამფლობელი რა დამატებით ბიზნესსაქმიანობას ეწევა და რა წილს ფლობს. ზოგიერთი მედიასაშუალების მფლობელს კი არაპირდაპირი კავშირები აქვს ოფშორულ კომპანიებთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნით, მედია დღეს, საერთო ჯამში, უფრო გამჭვირვალე და კონკურენტულია. არ შეინიშნება მედიაკომპანიებზე განსაკუთრებული პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გავლენა. ამ გამჭვირვალობაში დიდი წვლილი შეიტანა 2011 წელს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლის თანახმადაც, სამაუწყებლო ლიცენზიის უფლება აეკრძალათ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს“ მედიაანალიტიკოსი დიანა ჩაჩუა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აუდიტორიას უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია, ვინ დგას კონკრეტული მედიასაშუალების უკან, რათა მან გადაწყვიტოს, ენდოს თუ არა ამა თუ იმ მედიასაშუალებას და უკეთ ამოიცნოს მიკერძოებული გავლენის მაგალითები. კერძოდ, რამდენიმე მედიასაშუალების მესაკუთრეს დღესაც აქვს ან გარკვეულ ეტაპზე ჰქონდა კავშირი მმართველ კოალიციასთან.

„ორ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით კვლავაც შეინიშნება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიებისმიერი მფლობელობა. საუბარია „ტაბულასა“ და „პრაიმ ტაიმზე“. „ტაბულას“ ერთ-ერთი მფლობელი სამოქალაქო განათლების ფონდია, რომელიც ფლობს მაუწყებლობის ლიცენზიას და, მეორე მხრივ, ოფშორი, რომელზეც ვსაუბრობთ არის UCG Green Power-ი, რომელიც პანამური მენეჯმენტის საკუთრებაა. წესით, კანონს „ტაბულა“ არ არღვევს, თუმცა ოფშორთან დაკავშირება მაინც გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზია. ზოგადი დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მედიასაშუალებები რამდენიმე აქტივს ფლობენ, მაინც ბაზრის კონცენტრაციის საშიშროება არ იკვეთება და საკანონმდებლო ჩარჩოში ჯდება სიტუაცია“, - აცხადებს დიანა ჩაჩუა.

თუ რა შეიცვალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დიანა ჩაჩუა ამბობს, რომ რამდენიმე ქეისი იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, „იმედი“ პატარკაციშვილებს დაუბრუნდა; „TV3“-ში, (ანუ ყოფილი „რეალ-ტივი“, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა კახა ბაინდურაშვილმა და მისმა მოადგილემ შეიძინეს), 2014 წლის თებერვალში მარეგულირებელის მიერ ინტერესთა კონფლქტის დადგენის გამო კახა ბაინდურაშვილმა დათმო თავისი წილები. „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა და გიორგი გეგეშიძემ კი დათმეს წილები ტელეკომპანია „მზეში“, რომლის წილების 90%-ის მფლობელიც „პირველი სტერეოს“ დირექტორი ზვიად ამირიძე გახდა.

„რაც შეეხებათ „რუსთავი 2“-ის მფლობელებს, ლევან და გიორგი ყარამანაშვილებს, ის, რომ მედიის მფლობელებს გააჩნიათ სხვადასხვა ბიზნესინტერესები, ეს მიუთითებს, რამდენად არამდგრადია ფინანსურად მედიაბიზნესი და მათ მფლობელებს სჭირდებათ დამატებითი შემოსავლები არსებობისთვის. საქართველოს კანონმდებლობით, ოფშორები არ იკრძალება, ოღონდ მთავარი პრობლემა უკავშირდება ოფშორების გაუმჭვირვალობას და იმ მოტივებს, რისთვისაც ოფშორებს იყენებენ. ერთი-ორი წლის წინ მედიასაშუალებები პრობლემატურნი იყვნენ, რადგან ყოველთვის უკავშირდებოდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და შემდეგ ეს პოლიტიკური ჯგუფები იყენებდნენ ოფშორებს, რათა დაემალათ საკუთარი კავშირები. ამით იყო განპირობებული 2011 წლის ცვლილებები, რომლითაც აეკრძალათ მაუწყებლებს ოფშორში დარეგისტრირება“, - აცხადებს დიანა ჩაჩუა.

***

რაც შეეხება უშუალოდ მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელებსა და მათ გავლენიან კავშირებსა თუ ბიზნესინტერესებს, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში მოხვდა.

კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანიშვილი ოფშორული სუბიექტების მეშვეობით წილებს ფლობს მობილურ ოპერატორ „ბილაინში.“ მასვე უკავშირდება ინტერნეტ პროვაიდერ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობა. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დაადგინა, რომ ლევან ყარამანიშვილი დაკავშირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ფორმალურ კომპანიასთან International Online Networks-თან, რომლის წარმომადგენელიც იგი 2012 წელს იყო. მაშინ ყარამანიშვილის სახელზე გაცემული იყო მინდობილობა ბენეფიციარი აქციონერებისაგან, რომელთა ვინაობაც დღემდე უცნობია.

ასევე, მის სახელს უკავშირდება GMC ჯგუფი (Eleganza Group-ი), რომელშიც ყარამანიშვილი 25%-ს ფლობს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Holdex Intersales Corp-ის აქციონერადაც ფიქსირდება. ეს კომპანია, ამავე დროს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Newcom Association Limited-ის საშუალებით რესტორანთა ქსელ GMC ჰოლდინგს ფლობს. სხვა აქტივებთან ერთად, ამ ჰოლდინგის საკუთრებაშია ქალაქის მთავარი სარკინიგზო სადგურის მიმდებარედ განლაგებული სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“. თბილისის მიკროავტობუსები - GMC ჯგუფი თბილისის სამარშრუტო ხაზების ტენდერებთანაც არის დაკავშირებული. 2011 წელს აღნიშნულ ტენდერებში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი გადაეცა ექსპლოატაციაში. ოთხივე კომპანია ერთსა და იმავე მისამართზე იყო დარეგისტრირებული - GMC ჯგუფის კუთვნილ რესტორნებში „ძველი სახლი“ და „ქალაქური“.

***

პატარკაციშვილების ოჯახის (ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელები) საკუთრებაშია საქართველოში რამდენიმე მსხვილი აქტივი, რომელთა შორისაცაა მობილური ოპერატორი „მაგთიკომი,“ მინერალურის წყალი „ბორჯომი“ და მთაწმინდის პარკი. ოჯახს ამჟამად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით ჯოზეფ ქეისთან დავა აქვს.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ვაჟი ბერა ივანიშვილიც გასართობ ტელევიზიას GDS-ს ფლობს, რიგი ოფშორული კომპანიები უკავშირდება, რომლებსაც ოჯახის ნათესავები მართავენ.

კახა ოქუაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მაუწყებლობის ლიცენზია დაუბრუნდა (ტელეკომპანია „იბერია“), „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელია. „ომეგა“ ჯგუფი ახორცილებს სიგარეტების წარმოებასა და დისტრიბუციას და არის BMW-ს დისტრიბუტორიც.

აქტიურ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან „ტაბულას“ ერთ-ერთი მფლობელი კახა ბენდუქიძე და „პირველი სტერეოს“ წილების უმრავლესობის მფლობელი ვასილ კობაიძე.

ბენდუქიძე Linnaeus Capital Partners-ის აქციათა უდიდესი პაკეტის მფლობელია, მას 240 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები აქვს განხორციელებული უძრავი ქონებისა და აკვაკულტურის კომპანიებში საბერძნეთში, ისრაელში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. საქართველოში ბენდუქიძემ არაკომერციული ორგანიზაცია „ცოდნის ფონდი“ დააარსა, რომელიც „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა“ და „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსის“ მფლობელია. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში არსებულ ბენდუქიძის სხვა აქტივებს მისი და, ნინო ბენდუქიძე მართავს, რომელიც „ბაგები სითი ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. „ბაგები სითი ჯგუფის“ საკუთრებაშია „პარკ თაუნი“ (უძრავი ქონება), „გეო ფიტნესი“ (საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი ვაკეში) და სასაწყობო ტერმინალი „ლილო 1“. ჯგუფის პორტფოლიოში შედის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ვაკის რაიონში, „კვარიათის სასტუმრო და იახტ-კლუბი“ და „ბათუმი პლაზა.“

ტელეკომპანია „მაესტროს“ რამდენიმე აქციონერი ჰყავს: მაკა ასათიანი („მაესტროს“ 25%-ის მფლობელი), რომელიც ასევე ფლობს აქციებს „მერსედესის“ სადილერო კომპანია შპს „აკაში“ (22%), შპს „ნოღელაში“ (50%), შპს „ორში“ (50%) და შპს „TRADE STONE IBERIA-ში“ (10%); გიორგი გაჩეჩილაძე (25%), რომელიც „ქართული ანიმაციური სტუდიების“ აქციათა 30%-ს ფლობს, მამუკა ღლონტი და სხვები;

ტელეკომპანია „კავკასია“ ნინო ჯანგირაშვილის საკუთრებაა. ჯანგირაშვილი ასევე ფლობს ქალაქის ცენტრში მდებარე არტ-კაფე „ბეთ ჰაიმსა“ და შპს „მედიუმ ჯგუფს“. მას ეკუთვნის შპს „გრაკოს“ აქციათა უმეტესობაც (51%).

„მზე“, „პირველი სტერეო“, „პირველი რადიო“ და „02“ უკავშირდება ვასილ კობაიძეს და ზვიად ამირიძეს (ორივე მათგანი პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილის ოჯახის კუთვნილ კომპანიებს ხელმძღვანელობს). „პირველი სტერეოს“ 65%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძე აქციებს ფლობს „ტექნონეტში“. ეს კომპანია ადრე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) და მისი ოფშორული მფლობელის Chemexim International-ის საკუთრებას წარმოადგენდა. მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული აღნიშნული კომპანია რობერტ ბეჟუაშვილს ეკუთვნის (დავით ბეჟუაშვილისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის გელა ბეჟუაშვილის მამა). Chemexim International-ისა და ვასილ კობაიძის საკუთრებაშია თბილისის ცენტრში მდებარე „ჭრელი აბანო“. 2007 წელს სახალხო დამცველის ერთ-ერთ პუბლიკაციაში აღწერილია აბანოს ყოფილი მფლობელების ბრალდებები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ იძულებით დაათმობინეს „ჭრელი აბანო“.

ტელეკომპანია „ტაბულა“ ტაბულას წილების უმეტესობა UCG Green Power -ს ეკუთვნის (51%). მისი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელია თამარ ჩერგოლეიშვილი (14%). კომპანიის მფლობელებს შორის არიან კახა ბენდუქიძე (10%), ოთარ კახიძე (10%), ლევან რამიშვილი (10%) და „სამოქალაქო განათლების ფონდი“ (5%). UCG Green Power-ი ქართული კომპანიაა, რომელსაც ოფშორში (პანამა)რეგისტრირებული Rylf Management SA ფლობს. ამ უკანასკნელის მფლობელების დადგენა არ ხერხდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიაკვლია, რომ 2011-2012 წლებში Rylf Management-ის ბენეფიციარი მესაკუთრე, სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ Rylf Management-ს ქართველი ბიზნესმენები ფლობენ, რომელთა ვინაობის გამჟღავნებაც არ სურს. ხოლო ჩერგოლეიშვილის მტკიცებით, დავით კეზერაშვილს „ტაბულასთან“ კავშირი არ ჰქონდა.