"2011 წლის 26 მაისს დამაკავეს, გამომიშვეს, მაგრამ დილეგი მაინც არ ამცდა - 28 მაისს სახლში 12 საათზე დამადგნენ და წამიყვანეს. აუტანელ, არაადამიანურ პირობებში 60 დღე გავატარე, ამან გამოიწვია ჩემი ჯანმრთელობის შერყევა. პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსი პარლამენტმა 200-ზე მეტ ადამიანს მიანიჭა. მათ რიცხვში არ ვარ და არც მაქვს პრეტენზია, მაინცდამაინც პოლიტპატიმრად მაღიარონ. ჩემი საქმე საიამ შეისწავლა და დასკვნაც გამოსცა, სადაც კიდევ დაახლოებით 40 პირის უფლებების შელახვაზეა საუბარი", - აცხადებს "სახალხო კრების" წევრი დავით ჟღენტი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა პრეტენზიები აქვთ მარგველაშვილთან ყოფილ პოლიტპატიმრებს.
"წინასწარი დაკავების საკანში ადამიანს, როგორც წესი, 3 დღეზე მეტ ხანს არ აჩერებენ - გინდ მკვლელი იყოს და გინ გამაუპატიურებელი. "კაპეზეში" ისეთი პირობები არაფრით შეიძლება ხანგრძლივად ვინმეს გაჩერება. ჩვენი კიდევ 60 დღე გვამყოფეს და კინაღამ სული ამოგვხადეს. თავიდან 15 ვიყავით, მერე ჩვენი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. მთავარი ისაა, რომ ცრუმოწმე პოლიციელების ქმედებების შედეგად დამაკავეს. სახლში რომ დამადგნენ 5-ნი იყვნენ. მეც მყავდა თვითმხილვილები. მეორე დღეს მოიყვანეს პოლიციელი რომელმაც ცრუ ჩვენება მისცა. ძალა გამოიყენეს და წამიყვანეს. რა თქმა უნდა, არავინ დასჯილა. მოვითხოვთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და უფლებამოსილება შეუჩერდეთ გამყალბებელ პოლიციელებს, მოსამართლეებს, გამომძიებლებს და პროკურორებს. ვინც ასე მოგვექცა, ეს ადამიანები ხომ კრიმინალები არიან. თუ პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებლები ამას აკეთებდნენ რამდენიმე წლის წინ, ისინი ამ ბინძურ საქმიანობას გააგრძელებენ მომავალშიც თუ ეს ხელისუფლებას მოუნდა. ნორმალურ ქვეყანაში თუ გვინდა ცხოვრება, ეს ადამიანები, სულ ცოტა, მაგ ადგილებს უნდა ჩამოვაშოროთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჟღენტი.
"საპროტესტო აქცია დროებით შევაჩერეთ, ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ადრე სამართლებრივი მოთხოვნები გვქონდა, შეიძლება პოლიტიკურ მოთხოვნებზეც გადავიდეთ - წინა რეჟიმს აუცილებლად უნდა მიეცეს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. მიმაჩნია, რომ პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის არჩევნები გაყალბებულია - არაფრით შეიძლებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" 40% აეღო. პარლამენტში ოპოზიციურ ძალად გამოცხადებულია "ნაციონალურ მოძრაობას" წოდებული კრიმინალური დაჯგუფება. პრეზიდენტის დამოკიდებულებით, რომელმაც ისე ჩაუარა ყოფილი პოლიტპატიმრების აქციას, რომ ყურადღებაც არ მიაქცია, ბევრი რამე გამოჩნდა. ნათელი გახდა, რომ ის არ არის ყველას პრეზიდენტი. ყიფილი პოლიტპატიმრებისა და პოლიტრეპრესირებულების საზოგადოება რომ ჩამოვაყალიბეთ, პრეზიდენტს (ასევე პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს) წერილობით მივმართეთ და მოთხოვნები გავაცანით - ასე რომ, გიორგი მარგველაშვილი ჩვენი მოთხოვნების საქმის კურსში იყო. თუ ჩვენთან შეხვედრა არ შეეძლო, პასუხი მაინც გაეცა! არანაირი პასუხი არ გვაღირსეს, და აქციებიც ამიტომ დაგვჭირდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მარგველაშვილი არ არის ყველას პრეზიდენტი. ის თავს თვლის ლგბტ საზოგადოების, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტად, რომლებსაც გრანტიჭამიებს ვეძახით. ფაქტია, რომ ყოფილ პატიმრებს და პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულებს მარგველაშვილი არაფრად გვაგდებს და არ მიაჩნია, რომ ის ჩვენი პრეზიდენტია. სერიოზული სამართლებრივი მოთხოვნები გვქონდა და ასეთ უყურადღებობას წავაწყდით. ასეთ მოთხოვნებს მსოფლიოში გვერდს ვერავინ აუვლის, ერთი პოლიტპატიმრის ისტორიაზეც რა აჟიოტაჟია ხოლმე ატეხილი. უკუღმართ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჰგონიათ, თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ე.ი. პრობლემა არ არსებობს. ადრე თუ გვიან ამ პრობლემას მოევლება. ორი ახალგაზრდა ბიჭი მყავს, ვზრუნავ მათ მომავალზე და სხვებზეც, მინდა ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს. არ მინდა ჩემმა შვილებმაც ის კოშმარი გამოიარინ, რაც ჩვენ გადავიტანეთ. საერთოდ არ მონდა მომავალმა თაობამ იცოდეს ყველა მინისტრის გვარი და დეპუტატების ცხოვრების დეტალები", - დასძენს დავით ჟღენტი და შეკითხვას - "მოქალაქეებს არც პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული წინასაარჩევნო ამნისტია მოეწონათ" - პასუხობს:
"წინასაარჩევნო ამნისტიამ, მართლაც უკმაყოფილება გამოიწვია. არ შეიძლება პრემიერ-მინისტრის განკარგავდეს ასეთ საკითხებს და იმისი დასჯა აკრძალოს, ვისაც კრიმინალი აქვს ჩადენილი. ადგებიან დამნაშავეები, გაწევრიანდებიან პარტიებში, ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში და დანაშაულზე პასუხს არ აგებენ"