საკრებულოს წარმომადგენლები ევროპული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებსა და ინვესტორებს შეხვდნენ

საკრებულოს წარმომადგენლები ევროპული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებსა და ინვესტორებს შეხვდნენ

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატები  ევროპული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებსა და  ინვესტორებს შეხვდნენ.

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა ხუან ბაგრატიონის, დავით ნემსაძისა და საკრებულოს მიერაა ინიცირებული და მისი მიზანია დედაქალაქში არსებული ყველა პრობლემისა და ჯერჯერობით გადაუწყვეტელი საკითხების აქტუალიზაცია.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად შეხვედრაზე დასწრების სურვილი იმ ინვესტორებმაც გამოთქვეს, რომლებსაც სურთ დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში კონკრეტული პროექტები განახორციელონ.

მხარეებმა ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებზე, დედაქალაქში საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში შექმნილი ვითარების მართვაზე, თბილისის ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავებაზე, დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, ასევე გარემოს დაცვითი საკითხებისა და მტკვრის დასუფთავებითი და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას  ცენტრალური და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, თბილისის საკრებულო საქართველოსშესაბამის სამინისტროებთან ერთად გაიზიარებს უცხოელი ინვესტორების გამოცდილებას და შეიმუშავებს იმ გეგმას, რომელიც  დედაქალაქს უფრო მიმზიდველსა და წარმატებულს გახდის.

შეხვედრას საინვესტიციო ჯგუფი „დომო“ – ს პრეზიდენტი  ჟან დე კლერკი,  კომპანია „Dredgind International”–ს  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჟან პიერ დესმანეტი, საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელი ბენჟამენ ვან ოუდენჰოფი,  ენერგორესურსების საერთაშორისო კომპანიის დეპარტამენტის დირექტორი დომინიკ ჟანნე, წყლის დასუფთავების კომპანიის მთავარი სპეციალისტი ნიკოლოზ სოფრონისი ესწრებოდნენ.

ბენჟამენ ვან ოუდენჰოფმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ დეტალების განხილვის შემდგომ მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიები მზად არიან  საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელონ.

დღევანდელი შეხვედრა საკრებულოს ისტორიულ შენობაში გაიმართა.