„ვინ არის შარანგია? სააკაშვილის პირადი მოლარე, რომელსაც მთელი საქართველოს ბიზნესი ხელში ჩაუგდეს“, – აცხადებს „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფრის წილშია და არც სამარშრუტო ბიზნესს ახარებს: „ამას წინათ პარლამენტში გამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა შოუ დაგვიდგა და კორუმპირებულთა დასახელება ითხოვა. დეპუტატმა თავი დახარა და ვერ გაბედა, ეთქვა, სად არის კორუფცია. სინამდვილეში, ეს არის კორუფცია. სამარშრუტო ტაქსი რა არის, ეს ბიზნესიც კი არ გაახარეს“.
„ეს ქვეყანა არ არის ერთი ოჯახის საძოვარი. ამ ქვეყანას რამდენიმე ადამიანს ჯიბეში ვერ გადავცემთ. ვერც ეგვიპტის ხალხი გვაჯობებს და ვერც ტუნისის“.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ამ გაზაფხულს უნდა გადავაყოლოთ“. ამის შესახებ კუკავამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა:
„ეგვიპტესა და ტუნისში ხალხმა უკვე გაიმარჯვა, ხვალ 1 მარტია - გაზაფხულის პირველი დღე და ამ გაზაფხულს სააკაშვილის ხელისუფლებაც უნდა გადავაყოლოთ“.
დაახლოებით 700–კაციან აქციაზე ასევე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და თინა ხიდაშელი იმყოფებოდნენ.
მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია სამარშრუტო ტაქსების მფლობელებს თანადგომას უცხადებს:
„ორივე მოთხოვნას ვიზიარებ. უნდა გაუქმდეს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი და იგი ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან მის მიმართ საყოველთაო უნდობლობაა. ამასთან, უზნეობაა, როცა სადამსჯელო ოპერაცია განახორციელეს 12 მძღოლის მიმართ და 10 მათგანი დააკავეს“.
ბესელია მიიჩნევს, რომ სამარშრუტო ტაქსების მფლობელები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი უნდა იყვნენ და დაანახონ ხელისუფლებას, თუ რა შეუძლიათ. თანადგომას: „მთავარია, ისინი ამ ბრძოლაში არ დაიღალონ“.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე, მოძრაობა „დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი, ავტოექსპერტი შალვა ობგაიძე აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსების მფლობელთა მხრიდან თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა ხელისუფლების უტიფარ დამოკიდებულებას ადასტურებს:
„მძღოლებთან მიმართებით დარღვეულია შრომის უფლების პრინციპი. „მე ასე მინდა“, – ასეთი მარტივია ხელისუფლების პოზიცია. ესაა ხიდჩატეხილობის გამოვლინება ხელისუფლებასა და ამომრჩეველს შორის“.
ავტოექსპერტი დაუშვებლად მიიჩნევს არსებული სამარშრუტო პარკის მთლიანად უარყოფას და ახალი სამარშრუტო პარკით ჩანაცვლებას. ობგაიძის აზრით, მძღოლების დევნა მათ „ბიზნესში ჩახტომას“ ნიშნავს.
ამ ფონზე დედაქალაქის მერი გიგი უგულავა „ვარდების მოედანზე“ გამართულ მძღოლთა აქციას „გაუგებრობად“ და „არასწორი კომუნიკაციის შედეგად“ აფასებს:
„ის, რაც ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, იყო გაუგებრობა და არასწორი კომინიკაციის შედეგი. დღეს უკვე მძღოლების 90 % გავიდა სამუშაოდ“.
უგულავას განმარტებით, არსებული სამარშრუტო ტაქსების მძღოლები თბილისში ახალი სახის ტრანსპორტის შემოყვანის შემდეგაც დასაქმდებიან და მეტიც, ეს პროექტი 1 200 ახალ სამუშაო ადგილსაც შექმნის.
უგულავას მტკიცებით, მგზავრობის საფასური არ გაიზრდება და პირიქით, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები შეღავათებითაც კი ისარგებლებენ. გარდა ამისა, მოხდება როგორც სამარშრუტო ტაქსების მძღოლების, ისე მგზავრთა ჯამრთელობის დაზღვევაც.
„სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა საპროტესტო გამოსვლები მასობრივ მღელვარებაში არ გადაიზრდება“, – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, გამოსვლები ჯერ არაორგანიზებული და ქაოსურია:
„საპროტესტო მღელვარება დათო აქუბარდიას საეთერო რეჟიმში გამოსული საპროტესტო განწყობით არ წყდება. ეს საკანონმდებლო ორგანო არაა. მძღოლებმა უნდა შექმნან ძლიერი პროფკავშირები, სამოქალაქო საზოგადოება და საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლონ“.
მისი აზრით, მძღოლებთან ერთად, სხვა სოციალური ფენის წარმომადგებლებმაც საკუთარი უფლებები უნდა დაიცვან. ეს შეეხება ექიმებს, მასწავლებლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ქაოტური სიტუაცია შეიქმნება.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მძღოლების მიერ საპროტესტო განწყობის გამოხატვამ გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო და ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უკვე დათმობაზე მიდიან:
„კომპანიები კომპრომისისთვის მზად არიან. ასეთი გამოსვლები დემოკრატიის გამოხატულებაა, რაც 10-15 წლის წინ წარმოუდგენელი იყო“.