შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული პაატა მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 10 შეკვრად დაფასოებული 1,7 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,24 გრ ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, პაატა მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.