ამ სტატიის დაწყება ანდაზით ან შაირით მინდოდა. მაგალითად ისეთით, როგორიც არის ,,ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდება’‘, ან ,,კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების’‘, ან ,,აქეთ ფიცარი, იქეთ ფიცარი’‘... მაგრამ ვიცი, მაინც მომიწევს იმ ადგილამდე მისვლა, რომლის გამოც ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ მაინც უნდა დავწერო. იქამდე კი...
ზუგდიდელებისგან ვიცი, როლანდ ახალაია ის კაცია, თავისი შვილები გინდ წინ დაუყენე, გინდ უკან, სიკეთეს მაინც ვერ დაანახებს. მისი თარგი მხოლოდ მის სარგებელზე იჭრება და სხვა დანარჩენი, უბრალოდ, არ აინტერესებს. წლების განმავლობაში ნაპროკურორალმა ნესტორიჩმა არაერთი და ორი კაცი გადაიკიდა მტრად და მერე შვლებმაც არ დააკლეს. ზუსტად ისეა რა, დედა ნახე, მამა ნახე, შვილები ისე გამონახეო. როცა ახალაიებმა იგრძნეს, შესაძლებელი იყო ხელისუფლება შეცვლილიყო, ნესტორიჩმა პარლამენტარის იმუნიტეტი მოირგო, დათამ გაქცევით უშველა თავს, ბაჩომ კი ტანჯულის მანტია ირჩია და ციხეში ჩაჯდა. დათასგან ცოტნე დადიანობას არავინ ელის, იმედი იმისა, რომ საქართველოში საკუთარი ნებით ჩამოვა, მის მიერვე გამწარებული ხალხის სისხლით შეიღებავს სხეულს და ძმის გვერდით დაჯდება, ფუჭია. ნესტორიჩის იმუნიტეტს კი ისეთი პირი უჩანს, ქარი წაიღებს, არ არის გამორიცხული, მამა- შვილი ახალაიები ისევ ერთად მოხვდნენ და პოლიტიკური ,,იუმორინას’‘ სცენარი ციხიდან წერონ. კარგად ხვდება ნესტორიჩი, რომ წყალი აქვს შემდგარი და ამიტომ ისეთ პოლიტიკურ აქტიურობას აპირებს, შემდეგ დევნილ- ტანჯულის მანტია რომ მოირგოს და საქართველოში ჩამოსულ ევროპელებს მისი გუნდის წევრებმა თავი შეაცოდონ, ნახეთ, რა დღეში ვართო. მეორეს მხრივ, ისაა საკვირველი, უფროსი ახალაია რომ გაიძახის, ჩემს ოჯახზეა აგრესიაო. მთელი 9 წლის განმავლობაში მისი ოჯახი ნადირობდა ქართველ ხალხზე და, თუ დათა პატარ- პატარა სპეცოპერაციებით იკმაყოფილებდა სისხლის წყურვილს, ბაჩო მასშტაბურად აკეთებდა ამას და ჟინის მოსაკლავ მარაგს ერთიანად იღებდა.
ისიც მიკვირს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაური გია ბარამია რატომ არის ჩუმად, რატომ არ ამბობს, რა მოხდა წლების წინ და რატომ გაუერთიანეს ახალაიებმა თავ-ყბა. შესაძლოა, ვინც ეს ისტორია იცის, შემედავოს, არაეთიკურია ახლა ამის თქმაო და ის ეთიკური იყო, დათა მეგის ქარდავას ხელით ისეთ ვიდეოჩანაწერებს რომ აკეთებდა, რისი ყურებაც 18-წლამდე ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული არ არის. ახლა რაც შეეხება შეცდომას, რომელიც ჩემი (და არამარტო ჩემი) აზრით, თავის დროზე საქართველოს პატრიარქმა დაუშვა. უწმინდესმა როლანდ ახალაიას წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. მაშინაც, ამ ნაბიჯმა გაურკვევლობა გამოიწვია, თუმცა საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირებმა აგვიხსნეს, პატრიარქმა სცადა, თავისი კეთილი ქმედებით მასში უარყოფითი შეესუსტებინა და დადებითი გაეძლიერებინაო, მაგრამ... ...მაგრამ ის კი არავინ თქვა, რომ ამ ორდენის მიღების შემდეგ ახალაიამ თავი ღმერთად წარმოიდგინა, ისედაც დაჩაგრულ მოსახლეობას უფრო ზემოდან დახედა და გამოუცხადა, პრეზიდენტი მხარს მიჭერს, პატრიარქი მხარს მიჭერს და შეეცადეთ, არ გამაბრაზოთ, ყველაფრის ნება მაქვსო. სწორედ იმ ორდენის მიღებას აბრალებს ბევრი იმას, რომ 2012 წელს ახალაიამ საპარლამენტო არჩევნები მოიგო და ახლა იმუნიტეტს ისე ებღაუჭება, როგორც თავის დროზე ებღაუჭებოდნენ ნაციონალები ხელისუფლებას. არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება, ვინც პატრიარქს ამის გაკეთება ურჩია, აშკარად შეცდომაში შეიყვანა და თუ გვინდა, მომავალში ანალოგიური რამ აღარ განმეორდეს, ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი არ უნდა მოგვერიდოს.
სწორედ ამ ორდენით მკერდდამშვენებული დააბიჯებს ახალაია ზუგდიდის ქუჩებში და ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებასაც აანონსებს. ეს მოძრაობა შარშან ნაციონალებმაც დააანონსეს და ერთმა ჩემმა კოლეგამ ამ ყველაფერს ,,ახ-ერ-მოძი’‘ დაარქვა, რაშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამ მოძრაობას მხოლოდ ,,მოძი’‘ უნდა ერქვას, რადგან მთელი 9 წლის მანძილზე ,,მოძი’‘ იყო და ახლა რა ,,გაა-ახ-ერებს’‘. ეს ერთის მხრივ, თორემ მეორე მხარე უფრო საინტერესოა. ახალაიას მხარდამჭერები ჯერ ჩუმად, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემდეგ, ქართველი ხალხის რჩეული სწორედ როლანდ ახალაია გახდება და იგივე ეკლიან გზას გაივლის, რომელიც მართლა ეროვნულმა გმირებმა გაიარეს. საპრეზიდენტო ამბიცია ნესტორიჩს, სავარაუდოდ, არ ექნება, მაგრამ ბაჩანა აქ არ არის?! ახალაიების გათვლით, სამეგრელოს ,,დაქოქვა’‘ თუ მოხერხდება, მერე აგორებული ტალღის შეჩერება ძნელი იქნება, რადგან სამეგრელოდან დაიწყეს ზვიადმა და მერაბმა, სამეგრელოდან დაიწყო სააკაშვილმა და... ნესტორიჩ, იმ სამეგრელოს ,,დაქოქვა’‘ გინდა საშენოდ, წლების განმავლობაში ტერორში რომ გყავდა?! თუ იმ სამეგრელოსი, დღემდე რამდენიმე კაცის მკვლელობას რომ გედავება?! თუ იმისი, ქუჩაში ლინჩის წესით გასამართლებით რომ გემუქრება?! რომელია შენი სამეგრელო, მართლა არ ვიცი. ახლა კი ხვდები თავადაც, რომ შენი კუთხის ხალხს, თავის დროზე, შესაბამისად რომ მოპყრობოდი, ახლა ეგებ მართლა დაგდგომოდნენ გვერდით, მაგრამ შენ მოქმედებდი პრინციპით ,,ბეი სვოიხ, ჩტობ ჩუჟიე ბოიალის’‘ და არ დამიწყო ახლა, მე რუსული არ ვიცი კარგადო. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა შენი საქმე და ამ ხავსის სიმყარის იმედი რომ არ გაქვს, იმიტომ გინდა პარალელურად მიშასაც ჩაებღაუჭო და თუ ხავსი მოგიწყდა, კი დარჩები სააკაშვილზე ჩამოკონწიალებული. არადა, ნაპრეზიდენტალს აშკარად ეტყობა, ბევრი რამე უკონწიალებს და საქართველოში ჩამოსვლას მანამ არ აპირებს, სანამ ყარსის ციხის ამღები გენერალივით არ დახვდებიან და გაჯგიმული არ მივა თქვენს მიერ დაანონსებულ ქართულ მაიდანსა თუ ქართულ ჯოჯოხეთში. მაიდნის რა გითხრათ, მაგრამ ჯოჯოხეთი არ გვიკვირს, 9 წელი ვცხოვრობდით და ნაციონალურ კუპრში ვიხარშებოდით. პ.ს. სამეგრელოში სიტყვით გამოსვლისას გიგი უგულავამ განაცხადა, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, გამწარებული ხალხის რევოლუციას მიიღებსო. მართალი ხარ გიგი, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, გამწარებული ხალხის სამართალს მიიღებს, იმ სამართალს, თქვენ რომ ასე გეშინიათ და მეეჭვება, მხოლოდ კვერცხების მოგერიებით გადარჩეთ.