ქართველი ჟურნალისტები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაკავებულ ჟურნალისტებს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კონტაქტის შესაძლებლობა მისცეს. ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, ჰპირდებიან, რომ დღეს გაათავისუფლებენ.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის გოჩა რატიანის განცხადებით, ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ჟურნალისტები გადაცემული არიან ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებისთვის. მისივე განმარტებით, ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლება მოხდეს.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც შსს-ს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობაც, მათ შორის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც. ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა დაკავებულები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ.
„ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აქტივირებულია ჩვენი ცხელი ხაზი, რომელიც ეხმარება მხარეებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მიდის მოლაპარაკებები, რათა ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ. მოლაპარკებებში ჩართული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები“, - აცხადებს EUMM-ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნინო სუხიტაშვილი.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი ვერ ადასტურებს, რომ TV3-ის გადამღებ ჯგუფს დღეს გაათავისუფლებენ.
„ჩვენთან არ დაუდასტურებიათ ეს ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით. ვნახოთ, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჯერ რაიმე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც კი მივიღებთ, აუცილებლად გაგიზიარებთ“, - აცხადებს გოჩა რატიანი.
ამასთან, მისთვის უცნობია, რა პროცედურებს მიმართავენ უკვე ცხინვალში დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები და იგეგმება თუ არა ე.წ. სასამართლო პროცესის გამართვა. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევებში, რუსი ოკუპანტების მიერ „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებულებს ცხინვალში „ასამართლებენ“ და ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.
სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ლავროვის უწყების ინფორმაციით, არსებული მონაცემები ადასტურებენ, რომ საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს. ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ეს უნდა შეფასდეს როგორც დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც პრაღაში დღეს მიმდინარე აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ატმოსფეროს დაძაბვა იყო.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრაღის მორიგი შეხვედრის წინ მსგავსი სახის პროვოკაციის ორგანიზება ხდება. ყოველივე ეს ისევე, როგორც ბოლო დროს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა იმ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და მათ შორის, ვინც იზიარებს მტრობის გაღვივებისკენ მიმართულ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებულ კურსს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკვე ცნობილია, რომ დღის ბოლოს დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრა, ქართველი ჟურნალისტების დაკავების საკითხით დაიწყება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი ჟურნალისტების დაკავებიდან რამდენიმე საათში აბაშიძემ სცდა კარასინთან კომუნიკაცია, მაგრამ რუს დიპლომატთან ეს კომუნიკაცია ვერ შედგა.
პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ TV3-ის გადამღებ ჯგუფს მალე გაათავისუფლებენ. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მსგავსი ფაქტები აზიანებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.
„ძალიან შეწუხებული ვარ აღნიშნული ფაქტის გამო. მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაათავისუფლებენ ჩვენს ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები აზიანებს პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება.
დღეს გაიმართება ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გრიგორი კარასინთან და სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულ საკითხსაც განიხილავენ. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ამ პროცესის გაჯანსაღება. ჩვენ უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგიონში და მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა, რადგან პროვოკაციები თავიდან იქნას აცილებული.
„საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული, თუმცა რამე კონკრეტულის თქმა ამ დროისთვის არ შეიძლება. რაც მთავარია, განწყობა იმედიანია. როგორც ვიცით, დაკავებულები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ტელეფონითაც ესაუბრნენ ახლობლებს.
ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ურთულესი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და ეს ყველასგან მოითხოვს ყურადღებას და პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, სადაც პროვოკაციის შესაძლებლობებია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ დღეებში როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ყველამ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რუსი ოკუპანტების მიერ ქართველი ჟურნალისტების ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. ელჩის განცხადებით, თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიული პოზიციის გამოვლენას, მას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სანქციები დაეკისრება. ელჩი ამბობს, რომ აღელვებთ რუსეთის აგრესია რეგიონში.
„რა საკვირველია, ჩვენ გვაღელვებს რუსეთის აგრესია რეგიონში, ის, რაც ხდება უკრაინაში. თუ რუსეთი გააგრძელებს თავისი აგრესიული პოზიციის გამოვლენას, მას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაეკისრება სანქციები. საქართველოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ის თვლის თავისთვის სასარგებლოდ და საჭიროდ. ამდენად, საქართველოს აქვს ყველანაირი განწყობა იმისა, რომ ივნისის თვეში მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ TV3 -ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი, სოფელ აძვში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული. ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ გუშინ ოჯახის წევრებთან საუბრის საშუალება მისცეს. ბელა ზაქაიძის თქმით, კარგად არიან და ჰპირდებიან, რომ უკვე დღეს გაათავისუფლებენ. ტელეკომპანია კი ჟურნალისტების განთავისუფლების მოლოდინშია.