ხართ დაზღვეული? თუ კი, მაშინ შემდეგი კითხვა მაქვს: დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლების ტყუილისგანაც დააზღვიეთ საკუთარი თავი? 2010 წლის 9 თვეში სახელმწიფომ კერძო კომპანიებისგან 305 მილიონი ლარის ღირებულების სადაზღვევო პაკეტი შეისყიდა. აქედან დაზღვეულ ხალხს 140 მლნ ლარი მოხმარდა, დარჩენილი 155 მილიონი, რომელიც მთლიანი თანხის 45,9%-ს შეადგენს, კომპანიების მოგება გახლავთ.
თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე პრესაგე.ტვ-სთან საუბარში სადაზღვევო სფეროში ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს ამხელს. ელიტარული კორუფციის ახალი სქემა დაახლოებით ასე „გამოიყურება“: სახელმწიფო მონოპოლისტ სადაზღვევო კომპანიებს ბიუჯეტიდან მილიონებს ურიცხავს, რაღაც ნაწილი მიდის დაზღვეულების მომსახურებაში, მაგრამ ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხის ნახევარზე მეტი ამ კომპანიებს რჩებათ მოგების სახით. ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც დიდი ხანია ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველა ბიზნესს აკონტროლებს.
პრემიერ-მინისტრმა გილაურმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლება სადაზღვევო პოლიტიკას სწორი მიმართულებით ახორციელებს, რადგან ბიზნესკომპანიები უწევენ მოქალაქეებს სადაზღვევო მომსახურებას და სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნა არ იგეგმება. არადა, მე მინახავს ბევრი დაზღვეული ადამიანი, ვინც კერძო კომპანიისგან ხარისხიან მომსახურებას ვერ იღებს. რამდენად სწორია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით?
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე: „პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ქვეყანაში შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროში სრული ვაკხანალიაა. ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ კლასიკურად გამართული სოციალური, საპენსიო და ჯანდაცვის სისტემა ჩვენთან არ არსებობს. ყველაზე დიდი უბედურება სწორედ ისაა, რომ პრემიერიც ვერ ხედავს ამ პრობლემებს. არც პრემიერ-მინისტრს და არც მთავრობას ამ სფეროებში არსებული პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლიათ, რადგან კომპეტენტურები არ არიან, სამწუხაროდ - არა მხოლოდ ამ სფეროში..
პრემიერი ამბობს, რომ ჩვენ 2006 წლამდე 40 ათასი ადამიანი გვყავდა დაზღვეული, ახლა მილიონნახევარი დავაზღვიეთო. აქ მარტო რაოდენობაზე არ შეიძლება საუბარი. მე ვისურვებდი, რომ მთელი საქართველო დაეზღვიოს, რაც შეიძლება დროულად. ჩვენ ბევრი ადამიანის დაზღვევის წინააღმდეგი კი არ ვართ, პირიქით, საყოველთაო დაზღვევა რომ უნდა მოხდეს, აქ ორი აზრი არ არსებობს. ერთიანი სადაზღვევო სისტემის გამართვა აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნისთვის. თუმცა, დღეს არსებული სადაზღვევო სისტემა არის დანაშაულებრივი პირამიდა და ის მონოპოლიზირებულია.
მონოპოლიზირებული? რატომ? რამდენიმე კომპანია ახორციელებს სადაზღვევო მომსახურებას.
- გეტყვით. მე ახლა კონტროლის პალატის დასკვნასა და ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით მოგიყვანთ კონკრეტულ ციფრებს და პრობლემასაც უფრო კარგად დავინახავთ.
2008-დან 2010 წლამდე სახელმწიფომ კერძო კომპანიებისგან ბითუმად შეისყიდა 340 მილიონი ლარის ღირებულების დაზღვევები. ეს დაზღვევები შეძენილია, როგორც დასაქმებული, ასევე სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის. ამ 340 მილიონი ლარიდან ხალხისთვის ძალიან მინიმალური თანხა გაიხარჯა. კერძო კომპანიების მოგება, იცით, რამდენია? 250 მილიონი ლარი. რაღა უნდა დარჩეთ ასეთ შემთხვევაში თავად დაზღვეულებს? თქვენ წარმოიდგინეთ, მათ მომსახურებაზე, რეალურად, მხოლოდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მაგალითად: „ალდაგი-ბისიაი“-ს ჩარიცხული თანხის 65% გაუხარჯავი დარჩა, „იმედიL“-ს - 55%, „ჯიპიაის“- 45%, „ირაოს“ -51%. ეს არის მოგება, რაც ამ კომპანიებს დარჩათ და ეს ძალიან დიდი თანხაა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წლის 9 თვეში სახელმწიფომ 305 მილიონი დახარჯა დაზღვევების შესყიდვაზე. 305 მილიონიდან დაზღვეულ ხალხს მოხმარდა 140 მლნ ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 155 მილიონი ლარი, რომელიც მთლიანი თანხის 45,9%-ს შეადგენს, არის კომპანიების მოგება.
ბუნებრივია, ამ 45,9%-დან კერძო სადაზღვევო კომპანიებს გასავალიც აქვთ, დამატებითი ღირებულების გადასახადი, თუ სხვა საოფისე ხარჯები. ეს ხარჯებიც რომ გამოვაკლოთ ამ 45,9%-ს, ქართულ კომპანიებს, წმინდა მოგების სახით - 27,2% რჩებათ. ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია არათუ ევროპული თანამეგობრობისათვის, არამედ არ მეგულება მსოფლიოში ქვეყანა, სადაც მოგების ამხელა მარჟა შეიძლება, დარჩეთ კერძო კომპანიებს ამ ბიზნესში.
4-5% არის ის მაქსიმალური ოდენობა, რაც კომპანიებს წმინდა მოგების სახით რჩებათ ევროპულ ქვეყნებში. 27%-იანი მოგების პირობებში, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან დიდი სკანდალი ატყდებოდა მაგალითად - გერმანიაში, საფრანგეთსა თუ ავსტრიაში. თუნდაც პოლონეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უკვე მიუახლოვდნენ ევროპულ თანამეგობრობას და ამ თანამეგობრობის დადგენილ სტანდარტებს ზედმიწევნით იცავენ.
ამხელა მოგების პირობებში კი, ხარისხიანი მომსახურების გაწევაზე ალბათ, საუბარიც ზედმეტია...
- ვერანაირად ვერ გაუწევს კარგ მომსახურებას. როგორ შეიძლება, ამხელა მოგება დარჩეს კომპანიას, ჩარიცხული თანხა სრულყოფილად არ მივიდეს დაზღვეულამდე (რომელსაც წესით, ჩარიცხული თანხის შესაბამისი მომსახურება უნდა გაეწიოთ) და იქ კარგ მომსახურებაზე იყოს საუბარი?
სხვათაშორის, ეს პრობლემა პირდაპირ არის მიბმული იგივე ჰოსპიტალურ სექტორთან. აი, როგორი სიტუაციაა დღეს ჩვენთან: კერძო კომპანიას გააჩნია თავიანთი სადაზღვევო კომპანია და აზღვევს მოსახლეობას. იგივე კომპანია სახელმწიფოს მიერ ჩადებული ფულის შედეგად, ანუ მოგებით - აშენებს საავადმყოფოს. მას ასევე გააჩნიათ თავისი ფარმაცევტული სექტორიც. ასეთი კომპანიაა, მაგალითად - „ავერსი“. დაზღვევის მომსახურების განსახორციელებლად საჭირო ყველა ობექტი ერთი კომპანიის ხელშია მოქცეული და რაღა ხარჯი აქვს მას?
დამკრძალავ ბიუროსაც თუ შემოიერთებენ ასეთი კომპანიები, იქ ექნებათ ცოტა ხარჯი და მორჩა. დღიდან ადამიანის დაბადებისა მის სიკვდილამდე ყველაფერს განაგებს ერთი სადაზღვევო კომპანია. თქვენ მკითხეთ და მეც გეკითხებით - ეს არ არის მონოპოლია? აბა, სხვა რა არის მონოპოლია? თუ ხარჯი ნაკლებია, მოგება მაღალია. ამდაგვარი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება.
სხვათაშორის, საქართველო, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან, მიერთებულია ევროპულ სოციალურ ქარტიას. იქ უამრავი მუხლია და ყველას, ჯერჯერობით, ჩვენ არ შევერთებულვართ, თუმცა, რომელ მუხლებსაც შევუერთდით, ისინი გვავალდებულებენ, რომ ქვეყანაში საპენსიო მომსახურება და სადაზღვევო სისტემა მიახლოებული უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან. ქარტიის მოთხოვნები ორიენტირებულია როგორც დამზღვევის, ასევე დაზღვეული უფლებების სრულად დაცვაზე. თუმცა, ამ მუხლების მოთხოვნების შესრულება, სადაზღვევო კომპანიებს 27%-იან მოგების მარჟას ნამდვილად არ დაუტოვებს. ფაქტია, ჩვენ ევროპული სოციალური სისტემიდან ძალიან შორს ვართ, მაშინ, როცა ევროინტეგრაციაზე ბევრს ლაპარაკობს პრეზიდენტი.
შთაბეჭდილოება რჩება, რომ დღეს არსებული სადაზღვევო მოდელი ვიღაცის ინტერესებში შედის. დავიჯერო, რომ დავუშვათ ის 250 მილიონი, ანდა 155 მილიონი მართლა კერძო კომპანიებს დარჩათ მოგების სახით? თანაც მაშინ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ღიად აცხადებს, ხელისუფლება ატერორებს ბიზნესსო?
- მეც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ზუსტად: ეს არის კლასიკური დანაშაულებრივი მაგალითი - კორუფციული პირამიდა. მე, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გარეშე ამ სადაზღვევო კომპანიებს ხელის განძრევის საშუალება ჰქონდეთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნებისმიერ ბიზნესზე რამხელა ზეწოლა ხდება. ვერცერთი ბიზნესი თავისუფლად ვერ სუნთქავს. თანაც, როცა საუბარია ამხელა თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს ბიუჯეტიდან და კომპანიებს უტოვებს უფრო მეტ მოგებას, ვიდრე ისინი დაზღვეულების მომსახურებაში ხარჯავენ, ეს ტყუილად ნამდვილად არ ხდება.
ანუ სქემა ასეთია: ბიუჯეტიდან გამოდის თანხა, რაღაც ნაწილი გადასახადების სახით ბრუნდება უკან, უფრო დიდი ნაწილი კი მიდის კერძო კომპანიების ჯიბეში, ხოლო იქიდან სად, ეს არავინ იცის. ან ბიზნესია ძალიან კარგად საქართველოში და ჩვენ არ ვიცით, ან ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ჯიბეშიც ხვდება ეს მილიონიანი მოგება...
- დიახ. წარმოიდგინეთ, ერთი კომპანია აწარმოებს სადაზღვევო და ფარმაცევტულ ბიზნესს, მასვე აქვს თავისი საავადმყოფო, რომელსაც მოგებიდან აშენებს და ფაქტობრივად, მონოპოლიზირებული აქვს ყველაფერი. ძნელად წარმომიდგენია, სააკაშვილისა და ხელისუფლების სხვა მთავარი ჩინოსნების გარეშე ხდებოდეს ეს პროცესი. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის დანაშაულებრივი სისტემა.
ეს მაშინ, როცა ქვეყანაში უნდა იყოს გამართული სოციალური სადაზღვევო სისტემა. აგერ პრემიერი ამბობს, რომ სახელმწიფო სადაზღვევო სისტემას არ შემოიღებენ. ჩემი აზრით, ეს ძალიან არაკომპეტენტური მოსაზრებაა, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც სახელმწიფო სოციალური დაზღვევა არ მოქმედებს. ჩვენ ნამდვილად არ ვართ კერძო კომპანიების წინააღმდეგი, პირიქით, რა თქმა უნდა, ისინიც უნდა არსებობდნენ და სახელმწიფომაც მათი საქმიანობა უნდა წაახალისოს.
თუმცა, კერძო კომპანიამ უკეთესი მომსახურება უნდა შესთავაზოს დაზღვეულს და ასე მიიზიდოს კლიენტი. ყველას არ აქვს ხომ საშუალება, რომ მაგალითად, ჩაჩავას საავადმყოფოში იმკურნალოს, ან „ავერსის“ კლინიკაში, ან ისეთ საავადმყოფოში, რომელიც, რომ შეხვალ მუზეუმს მოგაგონებს. ასეთი მაღალი დონის საავადმყოფოებში მკურნალობა ძალიან კარგია, მაგრამ იქ მკურნალობის თანხების გადახდა ყველას შეუძლია? სად არის ალტერნატივა?
გარდა ამისა, ეს ფეშენებელური და ძლიერი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფოები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ვერ უწევენ ადამიანს. ფეხი თუ მოგტყდა, ან აპენცინდიტი თუ აგტკივდა, შენ სადაზღვევო კომპანიების კუთვნილ ფეშენებელურ კლინიკაში ვერ მიხვალ და ვერ იმკურნალებ.
სადაზღვევო კომპანიები ასეთ შემთხვევებში დაზღვეულებს აგზავნიან დაბალი დონის კლინიკებში, სადაც ასეთივე დაბალ მომსახურებას იღებენ მომხმარებლები. რატომ? იმიტომ, რომ ამ კერძო კომპანიებს იაფი დაუჯდეთ ის მომსახურება, რომელსაც მათი კლინიკები ვერ გაუწევენ დაზღვეულებს. უფრო მეტიც, იმ დონემდე მივიდნენ, რომ კონკრეტულ ექიმს უთანხმდებიან, დაგიდებ კონტრაქტს, თუ 300 - 400 ლარად გააკეთებ უფრო ძვირადღირებულ ოპერაციასო.
ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სოციალურად დაუცველ ფენებზე. ეს სადაზღვევო სისტემაც პირდაპირ უკავშირდება სოციალურად დაუცველ ადამიანებს. თქვენ წარმოიდგინეთ, 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის თებერვლამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა რეგისტრირებული ადამიანების რიცხოვნობა 1 მილიონ 812 ათასიდან 1 მილიონ 697 ათასამდე შეამცირეს. ანუ მათ შეამცირეს 115 ათასი ადამიანი, მაშინ, როცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინფლაციაა ქვეყანაში და ღარიბი მოსახლეობის რაოდენობაც, რეალურად, ხომ გაიზრდებოდა? დამთავრდა არჩევნები, აღარ სჭირდებათ ეს ხალხი და რა თქმა უნდა, შეამცირეს.
რა გამოდის, სახელმწიფო ზედმეტად გადაჭარბებულ და საეჭვო მოგებას უტოვებს კერძო სადაზღვევო კომპანიებს მილიონების სახით, ამ დროს კი, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობას ამცირებს, თან რაღაც 50 ლარიან ვაუჩერებს გვირიგებს ერთჯერადად? რა ჰქვია ამ ყველაფერს?
- ამას დანაშაული ჰქვია. ჯერ ერთი ამ ვაუჩერებს რაც შეეხება, თუ ერთი ლარი მაინც წაადგება ადამიანს, არ შეიძლება წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეს ვაუჩერიზაციის სისტემაც აბსოლუტურად გაუმართლებელია. ამას სჯობს, ეს თანხა დახარჯონ კლასიკური სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებაში, რისი გაკეთებაც აბსოლუტურად შესაძლებელია.. გადაისროლონ ეს თანხები თუნდაც ურგენტული, ანუ ე.წ სასწრაფო დახმარების პროგრამის, ანდა მწვავე, მათ შორის ონკოლოგიური პროგრამების გამართულად ამუშავებაზე. სოციალური სფეროს სისტემურად გამართვა აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, მაგრამ ვის შეენახა მერე არჩევნები? ვის ჩაედო მერე ჯიბეში ფული? რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ხელისუფლების მხრიდან გვააფიქრებინებს, რომ არსებობს კორუფციული პირამიდა.
რაც ხდება ეს მარტო არაკომპეტენტურობის ბრალი არაა, ეს არის პოლიტიკური ნების არაარსებობა და ელიტარული კორუფცია. რა თქმა უნდა, ხალხის ხარჯზე. ამიტომ, ვიდრე ქვეყანაში არ იქნება გამართული სოციალური სისტემა, არ იქნება, რეალური საპენსიო უზრუნველყოფა, მანამდე არც მდგომარეობა არ გამოსწორდება. ამათ ორიენტაცია მხოლოდ და მხოლოდ შემწეობებზე აქვთ აღებული და ჰგონიათ, რომ შემწეობას თუ გასცემენ, სიტუაციას ჩააწყნარებენ.
ყოველთვის მიჩნდება კითხვა, ხელისუფლებას ხლხის მძიმე სოციალური მდგომარეობა მართლა არ ანაღვლებს და გადასულები არიან იმაზე, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, რათა გამდიდრდნენ?
- ბუნებრივია, გეთანხმებით აბსოლუტურად. მათ აქვთ ამდაგავარი მოსაზრებები, რადგან სააკაშვილი თავიდან ბოლომდე რომ ხელისუფლების შენარჩუნებაზეა გადასული, ამას ადასტურებს კონსტიტუციის მორგება თავის თავზე, რაც მან გააკეთა. ახლა, საარჩევნო პროცესში ვართ ჩართული.. საბოლოო დასკვნებს მერე გამოვიტანთ, როცა პროცესი დასრულდება, რამდენად აქვთ მათ პოლიტიკური ნება - შეცვალონ საარჩევნო გარემო.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესში ჩართული 8 პარტია მაქსიმალურად შედეგზეა ორიენტირებული და საერთაშორისო მხარდაჭერაც ძალიან ძლიერია, სააკაშვილის 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება“.