შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ახალქალაქის კოლეჯ „ცოდნის“ მოსწავლეებს, ქვემო ქართლის რამდენიმე სკოლის უფროსკლასელებს და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შსს-ს აკადემიაში  შეხვდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა სტუმრების ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, მათ აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდიკა  გააცნო და შს სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, მათ შორის, ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ ესაუბრა. მინისტრმა და ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამართალდამცავ სტრუქტურებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მუშაობის მნიშვნელობაზე. რამდენიმე ახალგაზრდამ მომავალში შსს-ს აკადემიაში სწავლის სურვილი გამოთქვა.

ღონისძიების ფარგლებში, შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები აკადემიის ინფრასტრუქტურას გაეცნენ,  იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საცურაო აუზი, იმიტირებული ტირი და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.