სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოკლული გიორგი ფირანიშვილის ბებია, გულიკო გიგიბერია ხელისუფლებას მოუწოდებს, მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირები არ გაათავისუფლონ. სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან 2013 წლის 25 ნოემბერს გიორგი ფირანიშვილი დილარ მუკბანიანთან ერთად სომხეთში გადასვლას ცდილობდა. სწორედ ამ დროს, სავარუდოდ, შურისძიების მიზნით, მას ესროლეს. სროლის შედეგად გარდაიცვალა გიორგი ფირანიშვილი და ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე. აღსანიშნავია, რომ კალანდაძემ მიაცილა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გიორგი ფირანიშვილი და სროლისას დაჭრილი დილარ მუკბანიანი.
როგორც ირკვევა, სადახლოსთან მომხდარ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ჩხუბი მოხდა, რომელშიც ფირანიშვილი და მუკბანიანიც მონაწილეობდნენ. გავრცელებულ ინფორმაციით, დაპირისპირება მუკბანიანსა და ავლაბარში მოქმედ კრიმინალურ ჯგუფს შორის მოხდა. ჩხუბის დროს თავდამსხმელებიდან ერთ-ერთის ძმა დაიჭრა. სწორედ ეს დაპირისპირება გახდა მიზეზი იმისა, რატომაც ამავე ჯგუფმა სისხლის აღება გადაწყვიტა. ავლაბარში მოქმედმა დაჯგუფებამ მუკბანიანზე შურიძების მიზნით, სწორედ მაშინ ისროლა, რა დროსაც ის სომხეთში გადასვლას ცდილობდა. თუმცა, ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრენ მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი მკვლელობა შსს–მ ცხელ კვალზე გახსნა. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 6 ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავტომაგისტრალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.
მოკლული ფირანიშვილის ბებია გულიკო გიგიბერიძე აცხადებს, რომ მკვლელობის ფაქტზე სულ რვა პირი დააკავეს, რომელთაგან სამართალდამცავებმა ორი მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო ნოდარ დობორჯგინიძე და ანტონ ისაკაძე 13 აპრილს, გირაოთი გაუშვეს, ოთხი პირი კი წინასწარ პატიმრობაში რჩება.
მთავარი პროკურატურაში დობორჯგინიძის და ისაკაძის გათავისუფლების მიზეზად საკმარისი მტკიცებულებების უქონლობას ასახელებენ.
გულიკო გიგიბერიას ინფორმაციით, გიორგი ფირანიშვილის საქმეში დაკავებული პირები არაერთ სხვა საქმეშიც ფიგურირებენ. გიგიბერიას განცხადებით, აღნიშნულ დაჯგუფებას მაღალჩინოსნები მფარველობენ.
„5 თვეა ხმა არ ამოგვიღია. ველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ იძულებული გავხდი გამეკეთებინა განცხადება, რომ აღნიშნულ დაჯგუფებას, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან შედგება, მაღალჩინოსნები მფარველობენ, ამიტომ არის, რომ ცდილობენ დანაშაული მიჩქმალონ და ნელ-ნელა უნდათ ციხიდან ყველა გამოუშვან. სასამართლო პროცესი 4-ჯერ გადაიდო და ჯერაც არ ჩატარებულა. 17 აპრილს უნდა ჩატარებულიყო სასამართლო და კვლავ გადაიდო 1 მაისისთვის.
მოვითხოვ, შესაბამისი ზომები მიიღოს ხელისფულებამ. მოვითხოვ, არ გამოუშვან არავინ და ესენიც დააბრუნონ ციხეში, რადგან საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებები არიან. ეს მათი პირველი დანაშაული არ არის და არც უკანასკნელი“, -განაცხადა გულიკო გიგიბერიამ საგანგებო პრეს-კონფენერნციაზე და საზოგადოებას მხარში დგომისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, დღემდე არ ვიცით ზუსტად რა მოხდა სადახლოს-გამშვებ პუნქტთან. მისი ინფორმაციით, გამოძიება ინფორმაციას მალავს. ოჯახი მხოლოდ ჭორის დონეზე არკვევს მომხდარის შესახებ.
„ისევ ჩვენი ძალებით ვცდილობთ სიმართლე დავადგინოთ. გიორგი მეგობარს აცილებდა, როცა ეს შემთხვევა მოხდა. პირველივე ტყვიამ იმსხვერპლა, რომელიც გულში მოხვდა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელები შეიარაღებულნი არ ყოფილან და მხოლოდ დანა ჰქონდათ. გამოდის, გიორგის თვითონ მოუკლავს თავი. ამოღებულია მხოლოდ ერთი მაკაროვის ტიპის იარაღი. ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინეს და სადახლოზე 2 ადამიანი მოკლეს, ხოლო 2 დაჭრეს, ორგანიზებული ბანდის წარმომადგენლები არიან.
აღნიშნულ დაჯგუფებას, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან შედგება, მაღალჩინოსნები მფარველობენ, ამიტომაა, რომ ცდილობენ დანაშაული მიჩქმალონ და ნელ-ნელა უნდათ ციხიდან ყველა გამოუშვან. სწორედ ასე მიჩქმალეს და დაფარეს დანაშაული, როცა 2012 წლის 13 თებერვალს „სენატთან“ ზუსტად იმ ადამიანებმა, ვინც სადახლოზე დანაშაული ჩაიდინა, ნიკა მახვილაძე მოკლეს.
ეს ადამიანები დაკავებულები იყვნენ, თუმცა როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გიორგის საქმეზე არასაკმარისი მტკიცებულებები აქვთ და ნოდარ დობორჯგინიძე და ანტონ ისაკაძე 13 აპრილს იმიტომ გაანთავისუფლეს. სანამ მათ გაანთავისუფლებდნენ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს მოკლე ტექსტური შეყობინებაც კი გავუგზავნე, რადგან ვიცოდი, რომ ამას აპირებდნენ და ვურჩიე, სამართლიანად მოქცეულიყვნენ და ამხელა შეცდომას ნუ დაუშვებდნენ, თუმცა ყურად არ იღეს“, - განაცხადა გულიკო გიგიბერიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო ინტერესებში შედის, როდესაც ასეთი გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღისით-მზისით ხდება, გაიხსნას და სამართალმა იზეიმოს. გულიკო გიგიბერიას განცხადებით, არ სურს, რომ მის განცხადებას პოლიტიკური სარჩული დაედოს, მაგრამ აქვე აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია სამართლიანობა აღადგინოს ქვეყანაში.