ევროპული არჩევანი და ზაქიჭამია მინისტრი

ევროპული არჩევანი და ზაქიჭამია მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ისევ შევარდა რესტორანში და, ანგარიშში დაფიქსირებული თანხის სიდიდით თუ ვიმსჯელებთ, იქ მისთვის, როგორც ჩანს, ბრონტოზავრი დაკლეს. სხვათა შორის, ფული ბიუჯეტიდან, ანუ თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან გადაიხადეს. ცხადია, მინისტრი თავს ისევ იმით იმართლებს, რომ ეს ხარჯი აუცილებელი იყო უცხოელი სტუმრების ღირსეული გამასპინძლებისთვის და საზოგადოება ამ ეპიზოდს მალევე დაივიწყებს, რამეთუ უცხოელებისთვის არაფერი გვენანება ბრონტოზავრის მუჟუჟის ჩათვლით. ასე რომ, დროებით დავტოვოთ ხადური რესტორანში და რიყეზე გადავინაცვლოთ, სადაც 13 აპრილს გაიმართა აქცია-კონცერტი ამაყი სახელწოდებით «ჩვენ ვირჩევთ ევროპას».

ძნელი სათქმელია, როგორაა ევროპაში, მაგრამ საქართველოში ზომას მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა. «დიდი იმედი გვაქვს, დღეს რიყეზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა საქართველოს ევროპული არჩევანისთვის მხარდაჭერის გამოსახატად», _წერდნენ ორგანიზატორები «ფეისბუქში», მაგრამ აქციაზე ძალიან ცოტა მოქალაქე მივიდა.ნებისმიერი თავმოყვარე პროფკავშირის ხელმძღვანელი სიცოცხლეს ხარაკირით დაასრულებდა, მის მოწოდებას ესოდენ მიკროსკოპული შედეგი რომ მოჰყოლოდა. არადა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ერთ საბრალო პროფკავშირზე, არამედ «აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაზე» (ვოტ!), რომელშიც თითქოსდა ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.რაშია საქმე? ნუთუ ევროპა აღარ გვიყვარს, აღარ ვირჩევთ მას და მხოლოდ ნოდარ ხადურთან ქეიფისკენ მივისწრაფით, რომელიც გაქანებით მალე, სავარაუდოდ, კალიგულას ორგიებს დაჩრდილავს?

მიზეზი პირველი და, სავარაუდოდ, მთავარი: აქციაზე «ნაცმოძრაობის» წარმომადგენლები იმყოფებოდნენ _ ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია, სერგო რატიანი და სხვები, აგრეთვე, ის პირები, რომელნიც წარსულში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სააკაშვილის რეჟიმთან. შესაბამისად, ის ადამიანები (და ისინი საკმაოდ ბევრნი არიან), რომელნიც «ნაცმოძრაობას» ფაშისტურ ორგანიზაციად და მკვლელების ხროვად განიხილავენ, რიყეზე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჩერდებოდნენ. ნორმალური ადამიანი ფაშისტების გვერდით ვერ დადგება და ეს, სხვათა შორის, სავსებით ევროპული არჩევანია, რადგან თანამედროვე ევროპა ნიურნბერგის პროცესით დაიწყო. როგორც ბრძანებდა (გადმოცემით) ბატონი ნოდარ ხადური თავის ეპოქალურ ორმოცდამეერთე სადღეგრძელოში: «წარსულის დავიწყება დადებით სალდომდე ვერ მიგვიყვანს!».

შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა _ თინა ხიდაშელმა, ალექსი პეტრიაშვილმა და იმ არშემდგარმა სპინოზამ ფილოსოფიის ფაკულტეტიდან «ნაციონალებთან» ერთ აქციაში მონაწილეობის გამო დისკომფორტი ვერ იგრძნეს, მაგრამ მათი ამომრჩევლები მზად არ არიან, ყველა ზნეობრივ ბარიერს გადააბიჯონ. რომელ ევროპას ვირჩევთ? ჰიტლერის ევროპას? თუ ეს ასე არ არის, რა უნდოდათ აქციაზე ადამიანებს, რომელნიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ თანამოქალაქეების მკვლელობას, წამებასა და გაუპატიურებას?

მეორე მიზეზი, რომლის გამო თავყრილობა რიყეზე ესოდენ მცირერიცხოვანი გამოდგა, ალბათ, ისაა, რომ ევროპული ღირებულებების დამკვიდრება მოითხოვს საქმეს და არა დეკლარაციებს და საზოგადოებას ეს, სავარაუდოდ, მშვენივრად ესმის. ქვეყანაში, სადაც უგულველყოფილია კანონის უზენაესობა, დემოკრატია ძალზე საეჭვო ხარისხისაა, ხოლო სოციალური პოლიტიკა ერთობ მოაგონებს გენოციდს, ევროპული არჩევანი გულისხმობს აქტიურ, მეტიც, აგრესიულ ზეწოლას მთავრობაზე და შექმნილი სიტუაციის გამოსწორებას; ტაშ-ფანდურის გამართვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასეთ სიტუაციაში არაფერს შველის და ერთობ უადგილოდ გამოიყურება.

საერთოდ, ამ მცირე აქციას ამდენ ყურადღებას არ დავუთმობდით და გაცილებით მეტს ვისაუბრებდით ნოდარ ხადურზე, რომელიც ქეიფობს, როგორც ჰუნების ბელადი ატილა მედიოლანუმის ნანგრევებზე, რომ არა რამდენიმე საგულისხმო პასაჟი მაღალი რანგის სტუმრების გამოსვლებში. ცხადია, გაცილებით საინტერესო იქნებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის _ ფილიპ დიმიტროვის ლექციის მოსმენა თემაზე «რატომ ვაპრავებდით სააკაშვილის რეჟიმს?», მაგრამ მისი წაკითხვისგან თავი, სამწუხაროდ, ამჯერადაც შეიკავა. სამაგიეროდ მან ბრძანა: «რამდენიმე თვეში, დარწმუნებული ვარ, თქვენ ხელს მოაწერთ ევროკავშირთან ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც გექნებათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება თქვენი საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალისთვის. ამის შემდეგ, ძალიან მალე გექნებათ მეოთხე თავისუფლება _ ეს არის ხალხის გადაადგილების თავისუფლება. ამასობაში საქართველო ევროკავშირის ბევრ ინიციატივაში მონაწილეობს. ქართველი ჯარისკაცები ევროპის ჯარისკაცებთან ერთად ზრუნავენ უსაფრთხოებაზე. ხალხი ხშირად მეკითხება – როდის?! თუ თქვენ გექნებათ ეს ოთხი თავისუფლება და თქვენი ჯარისკაცები ევროპელი ჯარისკაცების გვერდით იქნებიან და ყველაზე მთავარი, თუ ქართველ ხალხს მტკიცედ აქვს განსაზღვრული ნება და სურვილი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა მოხდეს». საკვანძო ფრაზა ყოველივე ამაში, ალბათ, შემდეგია: «თუ... თქვენი ჯარისკაცები ევროპელი ჯარისკაცების გვერდით იქნებიან», ეს, თუ არ ვცდები, პირველი შემთხვევაა (და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია), როდესაც ჩვენი სამხედროების მონაწილეობა ევროპელების მისიებში წარმოჩენილია, როგორც ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების წინაპირობა, ანუ, ფაქტობრივად, მეორდება იგივე, რაც ნატო-სთან და ავღანეთთან დაკავშირებით ხდებოდა. როგორც ცნობილია, მალე ჩვენი («ლე მონდის» ცნობით, 150-კაციანი) კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრება, შემდგომ კი, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებშიც, სადაც ევროკავშირი სამხედროების გაგზავნას საჭიროდ ჩათვლის. შესაბამისად, ქართველი პოლიტიკოსები ხშირად გამოიყენებენ შემდეგ არგუმენტს «თუ ჯარისკაცებს აფრიკაში არ გავაგზავნით, ევროკავშირში არ მიგვიღებენ». ისე, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, აფრიკაში გასაგზავნი პირველი ასეული საკუთარი შვილებით რომ დაეკომპლექტებინათ და ამით საკუთარი ევროპული არჩევანი დაედასტურებინათ. არა? ვერა? მაშინ რატომ უშვებენ სხვის შვილებს იქ, სადაც საკუთარი შვილების ადგილს ვერ ხედავენ? ბოლოს და ბოლოს, ევროპულ არჩევანზე ვსაუბრობთ თუ აფრიკულ არჩევანზე?

დიმიტროვის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ვუნდერკინდი ფილოსოფიის ფაკულტეტიდან, უკაცრავად, მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი (ს მეჩამი ი ს ბანტომ!), რომელმაც ისაუბრა იმაზე, რომ არჩევანი ევროპის სასარგებლოდ, მათ შორის, ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს, «რომლებმაც შექმნეს ლაღი ქვეყანა _ საქართველო, რომლებმაც თავისუფლება, სულიერი თავისუფლება, სხვისი მიმღებლობა, ტოლერანტობა ჩადეს ჩვენი კულტურის საფუძვლებში. ამიტომ ჩვენ აქ ვდგავართ არა მარტო ჩვენი არჩევანისთვის, არამედ იმ არჩევნისთვის, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა». სხვათა შორის, თუ მარგველაშვილი ხსენებულ წინაპრებს პირში ეტყოდა, რომ მათ ევროპული არჩევანი გააკეთეს, უეჭველად სარზე დასვამდნენ, რადგან შუა საუკუნეების ევროპა ფრიად კოშმარული ადგილი იყო. საერთოდ, წინაპრები არასოდეს ქმნიდნენ «ევროპულ სახელმწიფოს» ან «მეორე ბიზანტიას» და «მესამე სპარსეთს», არამედ, უბრალოდ, კარგ საქართველოს და წარმატებას, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მიაღწიეს. თუმცა ამ ნიუანსებს თავი დავანებოთ და ვინაიდან ბატონმა პრეზიდენტმა ისტორიაზე საუბარი ისურვა, სწორედ ისტორიაზე გადავიდეთ. კარგი იქნებოდა, თუ მონაწილეობას დისკუსიაში ნოდარ ხადურიც მიიღებდა, მაგრამ ის ამჟამად დაკავებულია. ბატონი ნოდარი თავად ქმნის ისტორიას და, სავარაუდოდ, დაუღალავად ზრუნავს იმაზე, რომ მატიანეში არა მხოლოდ ზაქიჭამია მეფე, არამედ ზაქიჭამია მინისტრიც მოხვდეს.

მაშ ასე, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე, რუბრიკაში «საქართველოს შესახებ» არის მონაკვეთი «ისტორია» და ქვეთავი «ვარდების რევოლუცია», რომელშიც შემდეგი რამ წერია: «2003 წლის ნოემბერში ქართველმა ხალხმა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გააპროტესტა და რამდენიმე კვირის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მშვიდობიან აქციებს მართავდა, რომელსაც სათავეში იმ დროისათვის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ედგა. 2003 წლის 23 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში «ვარდების რევოლუციის» სახელით შევიდა. ამ დღეს ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და ქვეყნის მმართველობა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდმა საკუთარ ხელში აიღო. 2004 წლის 4 იანვარს გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა ხმათა 96 პროცენტით გაიმარჯვა». თავი დავანებოთ ყოველივე მომხდარის უაღრესად ნათელ ფერებში წარმოჩენის აშკარა სურვილს და იმას, რომ ე. წ. რევოლუციის ხელმძღვანელებს შორის არ არიან მოხსენიებულნი ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, მთავარია, რომ ამით (მარგველაშვილის ვერსიით) საქართველოს ისტორია სრულდება. ამის შემდეგ, საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ პრეზიდენტის საიტზე არაფერი წერია, არც იმაზე, თუ რა გააკეთა (უფრო სწორად, ჩაიდინა) «ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდმა» ბოლო ათი წლის განმავლობაში და არც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ისტორიულ მოვლენად განიხილავს. ვისი პრეზიდენტია გიორგი მარგველაშვილი _ საქართველოს თუ «ნაციონალური მოძრაობის», რომლის წარმომადგენლებთან ერთად აქცია-კონცერტებში მონაწილეობს და ისტორიის მათთვის სასურველ რედაქტირებას ახდენს?

ყველაზე დრამატული კი ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროკავშირს მიწიერ სამოთხედ წარმოაჩენენ და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ პრობლემები ევროპაშიც არის. ნოე ჟორდანია, ყველა მინუსის მიუხედავად, მათზე გაცილებით პატიოსანი იყო, როდესაც ამბობდა: «ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ, რუსეთის კი _ აზიისკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან _ იმპერიალისტებს ემხრობითო, ამიტომ გადაჭრით უნდა ვთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს». მართალია, ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ბოლშევიკმა ფანატიკოსებმა ისტორიის ავანსცენა დატოვეს, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კოლონიებმა დამოუკიდებლობა მიიღეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ზოგადი მიდგომა. ჟორდანია საუბრობდა იძულებით არჩევანზე ცუდსა და უარესს შორის (უფრო შორს თუ წავალთ, ამ კონტექსტში შეიძლება აიეტი და ფარტაძიც კი გავიხსენოთ), ესენი კიდევ აღწერენ რაღაც ევროსამოთხეს ევრორემონტით და მასში (მეტწილად წარმოსახვით) ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კრინტს არ ძრავენ. არც შესაძლო ეკონომიკურ სირთულეებზე (ევროპული რეგულაციების შემოღების გამო), არც რუსეთის მოსალოდნელ რეაქციაზე. ამასთანავე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა-დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპის პოზიციად სააკაშვილის ლობისტების ბოდვას ასაღებენ, ხოლო კანონის უზენაესობის პრინციპზე, რომელიც თანამედროვე ევროპის ქვაკუთხედს წარმოადგენს თითქმის არაფერს ამბობენ. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ისინი და საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი სხვადასხვა ევროპას ირჩევს და მათი გზები მალე გაიყრება.

P.S. ბატონო ნოდარ, კარგი იქნება, თუ რესტორანში საბიუჯეტო ფულს აღარ დახარჯავთ; ეს, რბილად რომ ვთქვათ, არაევროპულია.