საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის ნინია კაკაბაძე კვლავ იბრძვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბორდი-ს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა კვლავ წარადგინა, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, მმართველი გუნდი კაკაბაძის მხარდაჭერას ისევ არ აპირებს.
პარლამენტი ბორდი-ს ხუთ ვაკანტურ თანანდებობაზე წევრებს 17 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს, მაგრამ როგორც პოლიტიკურ კულუარებში აცხადებენ, უმრავლესობა ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ კვლავ გამოდის და კენჭისყრაზე მისი კანდიდატურის „ჩაგდება“ იგეგმება.
ნინია კაკაბაძისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი დავით კიზირიას კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებს, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის შერჩეული.
დავით კიზირიას მსგავსად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი-ს მიერ წარდგენილი გიორგი კოხრეიძე, რომლის წინამორბედის გენადი გელაძის კანდიდატურა პარლამენტმა ორჯერ „ჩააგდო“.
სამეურვეო საბჭოს წევრები გახდებიან ასევე გრიგოლ გოგელია და ალექსანდრე ვახტანგოვი, რომლებიც მმართველი გუნდის რჩეულები გახდნენ.
ზემოთ აღნიშნული საკითხის გარდა, პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრების საკითხზეც.
კერძოდ, როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თანამდებობის პირ დეპუტატებს შორის მსჯელობა გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ბორდი-ს ყოფილ წევრებს - ემზარ გოგუაძეს, გიორგი მელაძეს, მამუკა ფაჩუაშვილს, ზურაბ დავითაშვილს, დავით კანდელაკსა და ნატალია დვალს სამეურვეო საბჭოს წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნდათ.
დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს გარშემო წარმოქმნილ სამართლებრივ კოლიზიაზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც პარლამენტს საკუთარ რეკომენდაციებს შესთავაზებს.
„ის საკითხი მაღელვებს, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლომ უფლემასილება აღუდგინა. უმრავლესობაში კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილება მომზადდეს, რომ მოხდეს ბორდი-ს წევრთა რაოდენობის გაზრდა, ან იმპიჩმენტი ან რაიმე ფორმა იქნეს მოძებნილი, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ორხელისუფლებიანობა არ წარმოიქმნას“, - განუცხადა for.ge-ს ჩაფიძემ.
თუ რა მექანიზმს მოიფიქრებს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ უმრავლესობამ ბორდი-ს დაკომპლექტების გამო კრიტიკა ერთხელ უკვე დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ბორდი-ს წევრები არიან ნათელა სახოკია, მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი და ქეთევან მსხილაძე. მათგან განსხვავებით კი, საკანონმდებლო ორგანომ ნინია კაკაბაძისა და გენადი გელაძის კანდიდატურები ორჯერ „ჩააგდო“. უმრავლესობამ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკური ხედვები დაასახელა.
რაც შეეხება ბორდი-ს დაკომპლექტებას, ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით, საბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 9-მდე შემცირდა. სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უმრავლესობა ირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი, სახალხო დამცველი ირჩევს.