გასალამურებული ნაციონალები ანუ მიდი-მოადე ,,ოცნებურად’‘

გასალამურებული ნაციონალები ანუ მიდი-მოადე ,,ოცნებურად’‘

არჩილ სულაკაურის ზღაპარი ,,სალამურას თავგადასავალი’‘ ძალიან ჰგავს დღევანდელ პოლიტიკას. უფრო ზუსტად, სალამურას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ჰგვანან და ახლავე გეტყვით, რატომ: ჯერ ერთი, ისინი აშკარად ფერად სიზმრებს ხედავენ და სჯერათ, რომ ის, რაც 9 წლის განმავლობაში აკეთეს, ხალხს წელიწადნახევარში უნდა დავიწყებოდა; მეორეც ის, რომ მათ დანახვაზე ყველა საცემრად იწევს და ეს ძალიან ჰგავს ,,სალამურას თავგადასავლის’‘ გმირ მოკრივე მიდი-მოადეს. ისე, მეეჭვება, ჰარი პოტერის ეპოქაში, თანამედროვე ბავშვებს მშობლები ,,სალამურას თავგადასავალს’‘ უკითხავდნენ და, შესაბამისად, ,,სალამურა’‘ მოდური აღარ არის.  
  
 
სამაგიეროდ, სალამურია მოდაში და ყველა იმ ხმაზე აკვნესებს, რომელზეც სურს. აშკარაა, ნაციონალები არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სალამურს კიდევ რამდენიმე ნახვრეტს დაუმატებენ, რომ მათმა დაკრულმა ვიღაცები უფრო გააღიზიანოს და მერე ევროპელებსა თუ ამერიკელებს შესჩივლონ, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლებას არ გვაძლევენო. ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ სურთ, მათმა შეხვედრებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს და ისეთ რეგიონებსა თუ რაიონებს არჩევენ შეხვედრებისთვის, სადაც, მინიმუმ, კვერცხებს ესვრიან. ისე, ნაციონალებისთვის კვერცხების სროლა თითქოს სიმბოლურია, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ახლა, რაც შეეხება უშუალოდ დაგეგმილ აქციებსა და ღია დაპირისპირებას. ყოველი დღის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის წევრები არ მალავენ, სად და როგორ აპირებენ მეორე დღის გატარებასა თუ ჩატარებას. შესაბამისად, მათზე განაწყენებული ადამიანები ,,ლატოკ- ლატოკ’‘ ყიდულობენ კვერცხს, ცოცხს და მასპინძლობისთვის ემზადებიან. ამას წინათ, იმ ავტომობილის სალონში მომიხდა შემთხვევით შეხედვა, რომლითაც გიგი უგულავა გადაადგილდება და რამდენიმე პიჯაკი ეკიდა. ეს კი ნიშნავს, რომ გიგი მზადაა, ტანსაცმელი დაისვაროს, მერე ახალი ჩაიცვას და ისევ დაისვაროს, სანაცვლოდ კი სათქმელი ჰქონდეს.

რეალურად, ნაციონალებისთვის ნასროლი და აცილებული კვერცხი ამომრჩეველთა უმრავლესობის სანერვიულოა, რადგან სამართლიანობის აღდგენას დანატრებული ერი ასე ცდილობს გულის მოფხანას, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ის არ არის, რაც სურთ. აშკარად თვალშისაცემია, რომ ნაციონალები აქცენტს სამეგრელოსა და ნაცუმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე აკეთებენ და იქ მიღებული ხმებით სურთ ფონს გასვლა. ნაციონალებმა კახეთსაც მოუსინჯეს კბილი და იქ ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი გაუშვეს, თუმცა დაავიწყდათ, რომ პრემიერიც კახელია, თან კახელებს პირდაპირობა არც მანამდე ეშლებოდათ და ახლა ხომ საერთოდ. ისე, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ უშუალოდ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ღვინიაშვილმა სააკაშვილს 58 პატიმრის სია შეუტანა და მათი შეწყალება ითხოვა. ვიღაცები ამბობენ, ამისთვის ყოფილმა პროკურორმა დიდი ფული აიღოო, მაგრამ იმასაც ამბობენ, ფული არაფერ შუაშია, ამ ადამიანებისგან ღვინიაშვილმა ის ზონდერ- ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის აქტივისტთა წინააღმდეგ გამოიყენებსო. ჯერჯერობით, ყოფილი პატიმრებისთვის თვალი არ მოგვიკრავს, ყოველ შემთხვევაში, მათთვის მაინც, ვისაც ვიცნობთ, თუ ორ კაცს არ ჩავთვლით და იმ ორზეც ღვინიაშვილს მარტივად შეუძლია თქვას _ ნათესავიაო. არჩევნებამდე თავისუფლება ლევან ბეჟაშვილს ორმა თანაკლასელმა სთხოვა, თუმცა მან რატომღაც ორივეს წაუყრუა და ერთი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა, მეორე კი, ,,სროკს’‘ დღემდე იხდის. ეს ამბავი ბეჟაშვილის წისქვილზე აშკარად არ ასხამს წყალს, სამაგიეროდ, კვერცხის რაოდენობაზე პირდაპირ აისახება. მოვლენებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ნაციონალთა წინააღმდეგ ,,ქართული ოცნების’‘ აქტივისტები ჯერჯერობით არ ილაშქრებენ. მიზეზი მარტივია _ კოალიცია სიებსა და მაჟორიტარებზე მსჯელობს და ამაზე ისეთი ამბებია ატეხილი, თქვენი მოწონებული. ამბიციამოძალებული და აქამდე უსამსახუროდ დარჩენილი აქტივი საკრებულოში მოხვედრას ითხოვს, თუმცა იქ ყველა რომ ვერ მოხვდება, ფაქტია.

ფაქტია ისიც, რომ მესამე არჩევნებზე გარეთ დარჩენის პერსპექტივის მქონე აქტივისტები განაწყენდებიან და ვინ იცის, ეგებ, სხვისკენ გაიწიონ. ის ,,სხვა’‘ კი ნინო ბურჯანაძეა, რომელმაც ისე გააღო თავის პარტიის კარი, ვისაც არ ეზარება, ყველა იქ შედის. ზღვა კოვზით დაილიაო, ხომ გაგიგიათ და ბურჯანაძეც თითოეულ ხმას დასდევს. მის პარტიას ის აქვს დასამტკიცებელი, რომ ნომერპირველი ოპოზიციაა და ეს მტკიცება საპრეზიდენტო არჩევნებზე ვერ თუ არ გამოვიდა, ახლა მეორე მცდელობაა და ვინ იცის, რით დასრულდება. ისე, ნაციონალებს ერთ რჩევას მივცემ: ტანსაცმელს ფქვილი მოაყარონ _ ეჭვი მაქვს, წინასაარჩევნოდ ისეთი სიცხე იქნება, მშვენიერი ბისკვიტები ,,გამოვლენ’‘. მერე ოფისში ამ ,,ბისკვიტებს’‘ ჩიორა და ირმა მორთავენ და... ,,წევიდა ხალისობა’‘. ,,ოცნება’‘ კი... რა ვიცი, მისი სალამურა რას ფიქრობს, ჯერჯერობით, საინტერესო არაფერი ჩანს...