„ლაგოდეხის რაიონის კაბალის თემში გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ ხდება, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაცია“, - ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში, სადაც ომბუდსმენი ყურადღებას საქართველოში ადრეულ ქორწინებაზე ამახვილებს.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე განათლების მიღება - 7 367 გოგონამ შეწყვიტა, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში, ადრეული ქორწინება იყო.
ადრეულ ქორწინებაზე საუბრისას, ომბუდსმენი მსოფლიო სტატისტიკაზე აქცენტირებს და აცხადებს, რომ საქართველოში არსებული სიტუაციაც არანაკლებ მძიმეა.
„გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება, ერთ დღეს - 38 000 გოგონა, 30 წამში კი 13 გოგო. განსხვავებულია სიტუაცია საქართველოს რეგიონებში, ასევე განსხვავდება სტატისტიკაც, თუმცა შედეგი ერთია - კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს გოგონათა ადრეული ქორწინება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც მოტაცების ან მშობლებს შორის გარიგების შედეგია“, - აცხადებს სახალხო დამცველი ანგარიშში.
ნანუაშვილის ინფორმაციით, განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, რადგან გოგონათა მიერ სკოლის მიტოვების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
სახალხო დამცველის ცნობით, ახალგაზრდების მიერ დასახელებული მიზეზებიდან ყველაზე აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.
„ერთ-ერთი გოგონას ინფორმაციით, მისი მეგობარი ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა, რომ საჭმლის საშოვნელად გარეთ უწევდა სიარული, რის გამოც გათხოვდა. ამ გოგოს შეფასებით, მისმა მეგობრმა იცის, რომ მომავალი გარანტირებული აქვს, მშიერი მაინც აღარ იქნება. შემაშფოთებელია, რომ საზოგადოება რიგ შემთხვევებში, თუ ეს გოგონას სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებს, ადრეულ ქორწინებას ამართლებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მათ უბრალოდ არ იციან ადრეული ქორწინების რისკების შესახებ“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.
ნანუაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის რაიონის კაბალის თემში, რადგან ბოლო პერიოდში, იქ 20-ზე მეტი ადრეული ქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა და განსაკუთრებით მაღალია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, გოგონათა მოტაცება და გარიგებით ქორწინება.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგოს ისტორია და ნათქვამია, რომ ის მამამ 45 წლის მამაკაცს 10 ძროხად მიჰყიდა.
„კაბალის პირველ საჯარო სკოლაში გოგონები დამამთავრებელ კლასებში განათლების მიღებას წყვეტენ და სკოლაში არ დადიან, რადგან დიდია მათი მოტაცების რისკი. 2014 წლის იანვარ-თებერვალში მოტაცების 3 ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთი გოგონა გვიყვება, რომ მისი სოფლიდან ერთი გოგო მამამ 45 წლის კაცს 10 ძროხად მიჰყიდა, მაგრამ ამ გოგოს ამ კაცზე გათხოვება არ უნდოდა და სხვასთან ერთად სახლიდან გაიპარა. მეორე გოგონა ამბობს, რომ ის მშობლებს ეუბნება, თუ ძალით გაათხოვებენ, თავს მოიკლავს. ამ გოგოს თქმით, ის ამას ყოველდღე იმეორებს, რომ არ გაათხოვონ“, - აცხადებს სახალხო დამცველი ანგარიშში.
ნანუაშვილის განცხადებით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო ყურადღება.
მისი თქმით, კაბალის თემში არ იციან, ვის უნდა მიმართონ ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში.
„ამ თემში შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ გოგონათა გასხვისება დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაცია. მნიშვნელოვანია, სოციალური სამსახური, პოლიცია და საგანმანათლებლო დაწესებულებები გააქტიურდნენ“, - აცხადებს ნანუაშვილი, რომელიც რეკომენდაციებს იძლევა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული აქტივობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მასწავლებლების, მშობლებისა და სამართალდამცავი უწყებების ცნობიერების ამაღლებას ადრეული ქორწინებით გამოწვეული პრობლემებისა და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ.
„ადრეული ქორწინება, როცა იგი უკავშირდება განათლების მიღების შეწყვეტას და პროფესიის არ მიღებას, მთელ რიგ პრობლემებს ქმნის ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რადგან ეს გოგონები მოკლებული არიან დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას“, - დასძენს ომბუდსმენი.
შეგახენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში უკვე შესულია და სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას დეპუტატებიც შეიტყობენ. მთავარია, მათ 633 გვერდიანი ანგარიში წაიკითხონ.