ოქრუაშვილ-მერაბიშვილის თაღლითური სქემა, რომელსაც ,,ოცნება’‘ აგრძელებს

ოქრუაშვილ-მერაბიშვილის თაღლითური სქემა, რომელსაც ,,ოცნება’‘ აგრძელებს

რატომ არ აუქმებს ნოდარ ხადური ნაციონალების სიტყვიერ ბრძანებას, რომლითაც სარკინიგზო ტვირთების მოცულობა შემცირდება, იმპორტი გაძვირდება და ფოთის ნავსადგური გაქრება _ სკანდალური ინტერვიუ ბიზნესმენ ირაკლი იაშვილთან

ფოთის ნავსადგურის მფლობელის, „აი პი ემ ტერმინალსის“ გადაწყვეტილებით, რომელიც ამერიკული კომპანია ,,მაერსკის’‘ ჰოლდინგში შედის, 1 მაისიდან ყველა იმპორტირებულ ტვირთი მხოლოდ ერთ ტერმინალში განბაჟდება, რასაც საქართველოში მოქმედი 40-ზე მეტი სატერმინალო, ლოგისტიკური კომპანია აპროტესტებს, რადგან ეს გადაწყვეტილება სარკინიგზო ტვირთების მოცულობას შეამცირებს, ტვირთების განბაჟების ტარიფს გაზრდის, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტიც გაძვირდება, ,,აი პი ემ ტერმინალსი’‘ კი ბაზრის მონოპოლისტად ჩამოყალიბდება. ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. ლოგისტიკური კომპანია ,,ისთგეით გრუპის’‘ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას დეტალურად შიფრავს იმ თაღლითურ სქემას, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანია (იმხანად, ფოთის ნავსადგურის მფლობელი არაბული ,,რაკია’‘ იყო) მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ნაწილში, მონოპოლისტად იქცა და ყველაფერი ,,ქართული ოცნების’‘ ხელისუფლების პირობებში, ,,აი პი ემ ტერმინალსის’‘ გადაწყვეტილებით, უარესი ტემპით გრძელდება.   
  
- ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, თავს კარგად ვგრძნობდი, რასაც ყურადღება, რა თქმა უნდა, არ მივაქციე, მაგრამ, როდესაც პირად საუბარში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც იგივე გამიმეორა და მითხრა, სად იყავი, როდესაც ეს პრობლემა დაიწყოო, აღვშფოთდი. პირდაპირ გეუბნებით _ არც ასეთ დამოკიდებულებას ველოდი და არც ასეთ უცოდინრობას. ეს პრობლემა 2004 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, ყველაფერს დეტალურად გიამბობთ და რამდენიმე დახურულ თემასაც გავხსნი. 2004 წელს პარლამენტის წევრი ვიყავი. ხელისუფლებაში ახლადმოსული ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდები სხვადასხვა თანამდებობაზე გადანაწილდნენ, დამატებითი შემოსავლების ძებნა დაიწყეს და სატრანსპორტო ინდუსტრიას მიადგნენ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისეთია, მთავარი საექსპორტო ნომენკლატურა ხან ჯართია, ხან მსუბუქი ავტომობილები. მაშინ ჯართი იყო და ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილმა, საბაჟო დეპარტამენტს მიაღებინა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ჯართი ნავსადგურის ერთ ადგილზე, მხოლოდ გემში უნდა დაეტვირთათ და კონტეინერში დატვირთვა იკრძალებოდა, რაც აბსურდი იყო. ეს განკარგულება გავაპროტესტე, რასაც 2004 წლის დეკემბერში ჩემი ძმის დაპატიმრება მოჰყვა. ცოტა ხანში, ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძე დანიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა დაიჭირეს, მაინც არ მოვეშვი და ეს სულელური ბრძანება გავაუქმებინე. 2005 წელს ჩემს ჯგუფში შემავალი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი შენობის წართმევა მოინდომეს, მაგრამ ვერ წამართვეს, მერე დანგრევა გადაწყვიტეს, მაგრამ არც ამის უფლება მივეცი; ბოლოს, კომპანიას იმხელა ჯარიმა დააკისრეს, უმჯობესი იყო, დაენგრიათ, რადგან ჩვენ მიერ აშენებული შენობა, პრაქტიკულად, გვაყიდვინეს... შედარებით წყნარი პერიოდი 2008 წლამდე იყო, თუმცა 2008 წელს, როდესაც 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, მოქმედმა მაღალჩინოსანმა, ვანო მერაბიშვილმა ჩემთან შეხვედრა მოითხოვა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებმა ზუსტად იცოდნენ, სააკაშვილს უნდა გაემარჯვა, მაგრამ ამისთვის ხმები არ ჰყოფნიდა, ამიტომ ვანო მერაბიშვილმა მითხრა - ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დავით გამყრელიძემ მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებულად სცნოს, სამაგიეროდ, ,,ისთგეით გრუპს’‘ ხელ-ფეხს გავუხსნითო (მაშინ ირაკლი იაშვილი ახალი მემარჯვენეების პარტიის წევრი იყო, _ ავტ.). ზუსტად ორ დღეში, დავით გამყრელიძემ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა და, თუ გახსოვთ, განაცხადა, ჩემი პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძეაო. ამის შემდეგ, ჩვენს თავს საშინელება დატრიალდა იმიტომ, რომ თამაშში არ ავყევით და უარი ვუთხარით. პარალელურად, წლების განმავლობაში, ჩემი კომპანია ცდილობდა, ნატო- ს სამხედრო მიმართულების ტვირთები მოეზიდა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე, ივლისში ვაზიანის ტერიტორიაზე დიდი სამხედრო სწავლება ჩატარდა, ქვეყანაში ნატო- ს ჯარები და დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკა შემოვიდა. ამ ტექნიკის გადაზიდვაზე ტენდერი გამოცხადდა, სადაც ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა, კარგად მახსოვს: 2008 წლის 6-7 აგვისტოს, ბოლო ტანკი გადავტვირთეთ და ბულგარეთში გავუშვით. ამის გამო, ნატო- ს გენერლებისგან მადლობის წერილებიც მივიღე, რადგან კარგად იცოდნენ, როგორ მუშაობდა ჩვენი კომპანიის ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, როდესაც 2008 წლის ბოლოს დადგა საკითხი, რა მარშრუტით უნდა გაევლო ნატო- ს ტვირთებს, უპირატესობა სწორედ ჩვენ მოგვანიჭეს. მუშაობა დავიწყეთ და რეგულარული ტვირთებიც გაჩნდა, რომელიც ჩვენი ტერმინალის გავლით ავღანეთში გადიოდა. 2009 წელს, როდესაც ოპოზიცია გააქტიურდა, უკვე პოლიტიკიდან წასული ვიყავი, მაგრამ, როგორც კი ქალაქში პირველი კარვები გამოჩნდა, ჩემს წინააღმდეგ შეტევა განახლდა და ,,საქართველოს რკინიგზამ’‘ ნატო- ს ტვირთებზე მომსახურება შემიწყვიტა. სხვათა შორის, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ნატო- ს წარმომადგენლებსაც სთავაზობდნენ, სხვა კომპანია აერჩიათ, მაგრამ ისინი მაინც ჩვენთან თანამშრომლობდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში, ნატო- ს სამხედრო ტვირთები ჩვენს ტერმინალში გროვდებოდა და, შენახვის გამო, გაცილებით მეტი შემოსავალი მივიღე, ვიდრე გადაზიდვისას უნდა მიმეღო. როგორც კი ოპოზიციამ კარვები აიღო, ხელისუფლებამ ჩვენი ტვირთების გადაზიდვა განაახლა...    
         
- ბატონო ირაკლი, რატომ უნდა განბაჟდეს იმპორტირებული საქონელი ,,აი პი ემ ტერმინალსის’‘ კუთვნილ ტერმინალში და ფოთის ნავსადგურის მმართველის ამ გადაწყვეტილებას რა საფუძველი აქვს?           
- 2010 წელს, შემოსავლების სამსახურის უფროსად გოგა ცხაკაია დანიშნეს, რომელიც ნამდვილი მანიაკი იყო _ კომპანიების ხელმძღვანელების წამება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. იმხანად, ფოთის ნავსადგური მართვაში არაბულ ,,რაკია ჯგუფს’‘ გადასცეს. შემოსავლების სამსახურისა და ,,რაკიას’‘ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება შედგა, რომლითაც არაბებს გეზი- ს (გაფორმების ეკონომიკური ზონა, _ ავტ.) შენობა უნდა აეშენებინა, ხელისუფლება კი ტვირთების განბაჟების ექსკლუზივს დაპირდა. იმ დროს, საქართველოს ეკონომიკაში ჯართის ნაცვლად, პირველ ადგილზე, მსუბუქი ავტომობილები გადავიდა _ აღმოაჩინეს, რომ საქართველოში მსუბუქი ავტომობილები დიდი რაოდენობით შემოდის და იმპორტისა და ექსპორტის ამ კომბინაციაში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ამიტომ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება და ფულის გაკონტროლება გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ეს დავით კეზერაშვილსაც სურდა, მაგრამ ნავთობის ბიზნესითა და სარკინიგზო გადაზიდვებით იმდენად იყო დაკავებული, ამისთვის ვეღარ მოიცალა. მას შემდეგ, რაც თბილისსა და ფოთში გაფორმების ეკონომიკური ზონები შეიქმნა, გოგა ცხაკაიამ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების კორუფციული სქემა შეიმუშავა, რომელმაც ფოთის პორტის მფლობელ ,,რაკიას’‘, გეზ-ის შენობის გვერდით, საკონტეინერო ტერმინალიც ააშენებინა და სწორედ აქ უნდა განებაჟებინა ნებისმიერ გადამზიდავ კომპანიას თავის ტვირთი. ,,ისთგეით გრუპის’‘ გარდა, მსოფლიოში სიდიდით მესამე საზღვაო კომპანია ,,სი ემ ეის’‘ წარმომადგენელიც ვარ, კომპანიას საქართველოში მსუბუქი ავტომობილები შემოჰყავს. ეს ინდუსტრია ასე მუშაობს: გემი და კონტეინერები, რომლებიც გემზეა, ჩვენი  საკუთრებაა, საკუთრებაში გვაქვს ტერმინალიც ფოთის ნავსადგურში, სადაც ეს ტვირთი უნდა განბაჟდეს. აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და კონკურენტებისგან გამიჯნულები ვართ, მაგრამ გოგა ცხაკაიამ, ,,რაკიინთან’‘ მოლაპარაკების შემდეგ, ფოთში სხვა საკონტეინერო ტერმინალი ააშენა და ფინანსთა მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე, ყოველგვარი ნორმატიული აქტის გარეშე, საქართველოში შემოსული მსუბუქი ავტომობილების განბაჟება მხოლოდ ,,რაკიას’‘ საკუთრებაში არსებულ ტერმინალში დაიწყეს, თანაც ეს უფლება ,,რაკიას’‘ ხუთი წლით, 2015 წლამდე გადასცეს. ვიდრე ეს პროცესი დაიწყებოდა, შემოსავლების სამსახური ფოთის ნავსადგურის ყველა ტერმინალში, მათ შორის, ჩვენს ტერმინალშიც შევარდა და 1 500 000-დან 2 000 000-მდე ლარის ჯარიმა დაგვარიცხა. ფოთში 8 ტერმინალია და ჯამში, 16 000 000 ლარის ჯარიმა დაგვარიცხეს, რაც ერთგვარი პრევენცია იყო _ გადამზიდავებს ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ უნდა გაგვეპროტესტებინა და ნებისმიერი ტვირთი მხოლოდ ,,რაკიას’‘ ტერმინალში უნდა განგვებაჟებინა. სხვებზე ამან გაჭრა, მაგრამ ჩვენ სერიოზული აუდიტორული კომპანია დავიქირავეთ და გოგა ცხაკაიას ომი გამოვუცხადეთ. როგორც კი ,,ცეცხლი გავუხსენით’‘ და შესაბამისი საბრძოლო მოქმედებები დავიწყეთ, თუკი ჩემს სახელზე რამე კომპანია ირიცხებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ტრანსპორტთან შეხება ჰქონდა თუ არა, ერთ საათში ყველგან შეცვივდნენ. ერთი წელი ამ რეჟიმში ვიმუშავეთ, მაგრამ როდესაც შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე გოგა ცხაკაია ჯაბა ებანოიძემ ჩაანაცვლა, ცოტა ამოვისუნთქეთ.       
       
- რა მოხდა სხვა კომპანიებში, რომლებიც ,,ისთგეით გრუპში’‘ შედიოდნენ, მაგრამ სატრანსპორტო გადაზიდვებთან შეხება არ ჰქონდათ?            
- ,,ჯორჯიან პეტროლიუმი’‘, რომელიც წარმატებული კომპანია იყო და ახლაც ასეა, საწვავის რეალიზაციას ახორციელებდა. დღეს ეს კომპანია ჩემი აღარ არის, წამართვეს და ,,სოკარის’‘ საკუთრებაშია. ავიაკომპანია ,,ფლაი ჯორჯიაც’‘ ჩემი დაფუძნებულია, რომელსაც კარგი კონცეფცია ჰქონდა _ მცირე ზომის თვითმფრინავებით, საქართველოს გარშემო ფრენები უნდა განეხორციელებინა. ყველაფერი მზად გვქონდა, პირველი თვითმფრინავი 2010 წლის აპრილში ჩამოვიყვანეთ, საქართველოს ბორტის ნომერიც მინიჭებული ჰქონდა, ეკიპაჟიც დაქირავებული მყავდა, 40-კაციანი ოფისი მოქმედებდა, ბილეთების დაჯავშნის სისტემაც შევიძინეთ და ოპერირება უნდა დაგვეწყო, მაგრამ გაგვაჩერეს. ტრანსპორტის დეპარტამენტი მაშინ ინფრასტრუქტურის სამინისტროში შედიოდა, მინისტრი სმაკელი დავით ტყეშელაშვილი იყო, ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასევე სმაკელი _ ჭიჭინაძე. როგორც კი გადაზიდვის პრობლემას მოვაგვარებ, ორივეს _ ტყეშელაშვილსაც და ჭიჭინაძესაც პასუხს მოვთხოვ და ვაჩვენებ, როგორ უნდა ავიაკომპანიის გაჩერება! მოგვიანებით, ავიაბაზარზე სულ სხვა ,,ფლაი ჯორჯია’‘ გამოჩნდა. ჩემი ავიაკომპანია იმიტომ გააჩერეს, რომ იგივე სახელით, ოღონდ სხვა საიდენტიფიკაციო კოდით, სხვა კომპანია შეექმნათ. მათთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ იმიტომ გამაჩერეს, რომ წინა ხელისუფლებას დავესაჯე.  
            
- ისევ ფოთის ნავსადგურს დავუბრუნდეთ, ეს პრობლემა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რატომ გაგრძელდა?          
- ამასობაში, ფოთის ნავსადგურის მფლობელი შეიცვალა და არაბული ,,რაკია’‘ დანიურმა ,,აი პი ემ ტერმინალსმა’‘ ჩაანაცვლა, რომელიც გიგანტური ამერიკული კომპანია ,,მაერსკის’‘ ჰოლდინგში შედის. ,,მაერსკი’‘ და ჩემი პარტნიორი ,,სი ემ აი’‘ ზღვაშიც და ხმელეთზეც კონკურენტები არიან. ახალი ხელისუფლების პირობებში, მეგონა, ამ უსამართლობას ბოლო მოეღებოდა _ ჩვენ ხომ ქონების დაბრუნებას არ ვითხოვთ, მხოლოდ ზეპირად გაცემული ბრძანების გაუქმება გვინდა. ნორმატიული აქტი რომ არსებობდეს, გავასაჩივრებდი მაინც, მაგრამ ზეპირი ბრძანება როგორ გავასაჩივრო, რომლითაც მებაჟე არც ერთ სხვა ტერმინალში არ უნდა მივიდეს, ,,აი პი ემ ტერმინალსის’‘ კუთვნილი ტერმინალის გარდა?! ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენიმე მაღალჩინოსანს შევხვდი და ამ პრობლემაზე ვესაუბრე. გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი ვერ ვნახე, ოფიციალური წერილებიც მივწერე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენს, პარლამენტს... მაგრამ მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო გამომეხმაურა. ფინანსთა სამინისტროშიც გაიმართა შეხვედრა, სადაც გვითხრეს, ასეთი რეჟიმი გვაწყობს, რადგან ადმინისტრირება ანუ ერთ ადგილზე ტვირთის დათვალიერება და განბაჟება მარტივიაო. ამ ლოგიკით, საბჭოთა კავშირიც აღვადგინოთ, რადგან მაშინაც ერთიანი სისტემა არსებობდა და ყველა პროცედურა მარტივი იყო... სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, ახალი ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების მიერ მიღებულ კორუფციულ, ვერაგულ და თაღლითურ გარიგებას თუ გააგრძელებდა.  
          
- ამ ფარული გარიგების შეწყვეტას ფინანსთა მინისტრის განკარგულება სჭირდება?           
- დიახ, მხოლოდ ამ გარიგების გაუქმებაა საჭირო. ერთადერთი გზა დამრჩა და რომელსაც აუცილებლად მივმართავ: ორ დღეში ჩემი გემი შემოვა, რომელიც მსუბუქი ავტომობილებითაა დატვირთული და ჩემს ტერმინალში გადმოვტვირთავ. მივწერ საბაჟოს, რომ მებაჟე მობრძანდეს და ტვირთი განაბაჟოს. თუ არ მოვა, ამას სასამართლოში გავასაჩივრებ, რადგან საბაჟო ტერმინალის ლიცენზიანტი ვარ და როგორც მე მაქვს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება, ისევე ვალდებულია სახელმწიფო, ჩემს ტვირთს მოემსახუროს. სხვათა შორის, ,,აი პი ემ ტერმინალსი’‘ უფრო შორს წავიდა და მსუბუქი ავტომობილების გარდა, ყველა იმპორტირებული ტვირთი თავის ტერმინალში მიაქვს. ამ კომპანიასაც თავის ინტერესი აქვს _ დაინახა, რომ სახელმწიფო უსუსურია და ზემოგებაზე ზრუნვა დაიწყო, მაგრამ თავმოყვარე სახელმწიფომ ეს არ უნდა დაუშვას. ამ საკითხს ორი კუთხით განვიხილავ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ თაღლითობით აღშფოთებულია და, როგორც დაინტერესებული პირი, რათა 20 წლის წინ შექმნილი კომპანია თავზე არ დამამხონ. ჩემს ტერმინალში 400 ადამიანია დასაქმებული და სტაბილურ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ ფოთის ნავსადგურში ჩემნაირი კიდევ რვა კომპანიაა, მხოლოდ ფოთში, 2 000 დასაქმებული ადამიანია, რომელიც ამ ვერაგული გადაწყვეტილების გამო, უმუშევრად რჩება, თან ყველას ბანკის კრედიტი აქვს აღებული _ სტაბილური ხელფასის პირობებში, ხალხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც დაიწყო, ამ თაღლითური გარიგების შედეგად კი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ჰაერში რჩებიან. ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს პრობლემა დაინახა და მის მოგვარებას დაგვპირდა, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილია. ფოთის ნავსადგურში დასაქმებულების გვერდით დგას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეც.    
           
- ნოდარ ხადური ამ პრობლემას ვერ ამჩნევს?       
- სამწუხაროდ, ვერა.             
- ეკონომიკის მინისტრმა როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემა, სატრანსპორტო გადაზიდვები ხომ მის უწყებაში არ შედის?            
- ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს საშუალებით მოგვარდება. ვფიქრობ, ეს სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს...                 
- ბატონო ირაკლი, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო 15 აპრილს ამოქმედდება და როგორ მოასწრებს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას 1 მაისამდე, თან რატომ უნდა დაავალოს ამ სააგენტომ ნოდარ ხადურს იმის გაკეთება, რაც ფინანსთა მინისტრს ისედაც მარტივად შეუძლია?              
- ნოდარ ხადურის იმედი აღარ მაქვს. ხომ გითხარით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გვითხრეს, ერთ ადგილზე ადმინისტრირება მარტივიაო და მივხვდი, ჩვენს შორის დიდი კედელია აღმართული. სახელმწიფომ ინვესტორებს, მნიშვნელობა არ აქვს, ქართველია თუ უცხოელი, თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას... ხელისუფლებამ გააკეთა ტერმინალი, სადაც 400 სამუშაო ადგილი შექმნა, 2 000 ძველ თანამშრომელს კი უმუშევრად ტოვებს, ესაა ინვესტიცია? სამწუხაროდ, პარლამენტში საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება ამ საკითხს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესაც მივწერეთ და დავით უსუფაშვილსაც, მაგრამ უშედეგოდ. ერთი ტერმინალით ან ,,სოკარის’‘ სახით, გაზის ერთი მომწოდებლით, ქვეყნის ეკონომიკა წინ როგორ უნდა წავიდეს და როგორ განვითარდეს? ეს ბომბებია, რომელიც ნელ-ნელა აფეთქდება.  
               
- ,,აი პი ემ ტერმინალსის’‘ ამ გადაწყვეტილებით, იმპორტიც გაძვირდება?               
- რა თქმა უნდა! როდესაც გემი ჩვენთან შემოდიოდა, მანქანის მფლობელს 15 წუთში გაჰქონდა საკუთარი ტვირთი, მაგრამ დღეს საუკეთესო შემთხვევაში, მეოთხე დღეს თუ გამოიყვან ტერმინალიდან მანქანას. გრძელი რიგებია, თანაც განბაჟების ფასი უკვე სამჯერ გაიზარდა. კონტეინერების ნახევარზე მეტი, ფოთიდან რკინიგზის საშუალებით გადის. ჩემი ტერმინალი, ერთდროულად, 45 ვაგონს ტვირთავს, ჩემი მეზობელი _ 18 ვაგონს ანუ 8 ტერმინალს, რომელიც ფოთის ნავსადგურშია, ერთდროულად, 125 ვაგონის დატვირთვა შეუძლია. ,,აი პი ემ ტერმინალსი’‘ მხოლოდ 25 ვაგონს ტვირთავს და შედეგად, სარკინიგზო გამტარუნარიანობა უკვე 5-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, განბაჟების ტარიფების მიხედვით, შავ ზღვაში, ფოთის ნავსადგური ყველაზე ძვირია, ეს თაღლითობა კი ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს!    
          
- ამ ფონზე, პოლიტიკაში დაბრუნებაზე ხომ არ გიფიქრიათ?                 
- არა, თან ჩემი ადგილი პოლიტიკაში აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეკონომიკის ნაწილში ბევრ შეცდომას უშვებს, ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა, მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი შექმნეს, რაც საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, მაგრამ პარალელურად, ისიც ხდება, რაზეც უკვე გესაუბრეთ