დაკავებული ჟურნალისტები

დაკავებული ჟურნალისტები

ტელეკომპანია „TV-3“-ის ჟურნალისტებთან კონტაქტი სამშაბათს საღამოს 5 საათისთვის გაწყდა. ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში, სადაც სოფლის ეკლესია და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. პირველი ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ „TV-3“-მა გაავრცელა. თვითმხილველი აღმოჩნდა ტელევიზიის მძღოლი, ნუგზარ ხაჩატუროვი, რომელმაც დაინახა სოფლის განაპირას შეიარაღებულმა პირებმა როგორ წაიყვანეს ჟურნალისტები.    
 
ტელეკომპანიაში ჟურნალისტებთან დაკავშირებას დიდხანს ცდილობდნენ. „TV-3“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმედა დარსალია აცხადებს, რომ გადამღები ჯგუფი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული.
 
ცხინვალელი ჟურნალისტები და ადგილობრივი სამართალდამცავები ქართველი ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით 2 საათის განმავლობაში ინფორმაციას არ ფლობდნენ. გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორმა თემურ ცხურბათიმ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ დაკავებულებს რუსეთის მესაზღვრეები სოფელ არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემდნენ ოსურ მხარეს. მოგვიანებით ოსურმა მხარემ დაკავების ფაქტი დაადასტურა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა სააგენტო „რეს“-თან საუბარში განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა საქართველოს სამი  მოქალაქე სოფელ აძვთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ჯიოევის თქმით, მათ ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით დაკავებულები ჟურნალისტები არიან. ამჟამად ცხინვალის საგამოძიებო ორგანოები მათი ვინაობის დასადგენად მუშაობენ.
 
საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო და ცხელი ხაზის მეშვეობით რუსულ და ოსურ მხარეებთან დაიწყო მოლაპარაკებები ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ გოჩა რატიანის ინფორმაციით, ჟურნალისტები პირველად არცევში არსებულ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების  ბაზაზე გადაიყვანეს.
 
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. მან ყველას მოუწოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გაუფრთხილებლად არ გადაადგილდნენ, რათა არ მოხდეს პროვოკაციები. 
 
ერგნეთის საგუშაგოსთან შეკრებილი არიან დაკავებული ქართველი ჟურნალისტების ახლობლები და მეგობრები. მათი ინფორმაციით, დაკავებულთა გათავისუფლება, სავარაუდოდ, აღნიშნული გასასვლელიდან  მოხდება, თუმცა უცნობია როდის გაათავისუფლებენ ჟურნალისტებს.
 
როგორც ცნობილია, როცა საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ, რუსეთის მესაზღვრეებს ისინი ჯერ უახლოეს სამხედრო ბაზაზე გადაჰყავთ, გამოჰკითხავენ, შემდეგ კი ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებს გადასცემენ ხოლმე. იქ დაკავებულთა ვინაობას და ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის მიზეზებს ადგენენ; ბოლოს ადმინისტრაციული 2 000-რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ უშვებენ. ტრადიციულად, ოსური მხარე დაკავებულებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცემს ხოლმე ქართულ მხარეს.