პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივის წინააღმდეგ არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამღვდელოება გამოდიან, არასამთავრობო სექტორი კი ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ფულადი ჯარიმების შემოღებას ითხოვს.
კანონპროექტი, რომელიც დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილებას სახალხო დამცველს ანიჭებს, საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში უთანხმოების მიზეზი უკვე გახდა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამღვდელოება კანონპროექტში „სექსუალური ორიენტაციის“ ჩანაწერის არსებობას აპროტესტებენ და კანონპროექტში ჰომოსექსუალისტთა პროპაგანდის ხელშეწყობის საფრთხეს ხედავენ, არასამთავრობოები კი ფულადი სანქციების ამოქმედებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ კანონპროექტი „ფარატინა ქაღალდად“ დარჩება.
ოპონენტთა საპასუხოდ მმართველი გუნდი აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების გაზიარებას არ აპირებს, რადგან მათი შეფასებით, „ეს პროექტი ოქროს შუალედს წარმოადგენს“.
საბოლოო ჯამში, თუ რა სახით მიიღებს პარლამენტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით ცხარე კამათის ფონზე განიხილა.
მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები ერთი მხრივ, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობებს განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი, დისკრიმინაციის შემთხვევაში სანქციებს აწესებს.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების მიზანია, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის, ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
პროექტით, დისკრიმინაციად ჩაითვლება - ნებისმიერი სახის შევიწროვება, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ან პირთა ჯგუფისთვის მტრული, დამაშნებელი, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან სხვა სახის შეურაცმყოფებლი გარემოს შექმნას.
კანონპროექტით აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ, დისკრიმინაციის განსახორციელებლად.
ინიციატივით, დისკრიმინაციის საკითხებზე ზედამხედველობას ომბუდსმენი განახორციელებს, რომელიც განიხილავს - იმ პირთა საჩივრებს, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთანავე, პროექტით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის მსხვერპლს და შესაძლო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს მოიწვევს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაწერის პარალელურად, დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებები კონკრეტდება და ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლებამოსილია სარჩელი შეიტანოს სასამართლოში იმ დაწესებულების, პირის წინააღმდეგ, რომელმაც მისი აზრით დისკრიმინაცია განახორციელა.
პროექტით, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების არსებობის ვარაუდის საფუძველს იძლევიან, რის შემდეგაც მოპასუხე მხარეს მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.
სამღვდელოება ზემოთ აღნიშნულ ამ ნორმასაც აპროტესტებს და როგორც for.ge-სთან საუბარში დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, კანონპროექტი ბუნდოვანია, მცნება - დისკრიმინაციის პირდაპირი დეფინიცია არ ხდება, რაც საფრთხის შემცველია.
„შეიძლება ჩვენ ვიქადაგოთ იმის შესახებ, რომ მამათმავლობა და დედათმავლობა არის ცოდვა. შეიძლება პასუხი მოგვთხოვონ იმის გამო, რომ თითქოს ადამიანთა რაღაც ჯგუფის დისკრიმინაციას ვეწევით. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ დისკრიმინაციის თემა ბუნდოვანი იყოს. ეს ლგბტ საზოგადოებას ხელს შეუწყობს, რომ ნებისმიერი შემთხვევის დროს სასამართლოს მიმართოს, როცა ვიტყვით, რომ მამათმავლობა და დედათმავლობა არის ცოდვა. პიროვნულად მათ არ ვეხებით. ეს არ შეიძლება, რადგან არც ქრისტიანულია და არც იურიდიული, მაგრამ ამ ცოდვას შევეწინააღმდეგებით და ვამხილებთ“, - აღნიშნავს დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც პრობლემურად დისკრიმინაციის შესაძლო მსხვერპლთა ნუსხაში „სექსუალური ორიენტაციის“ ჩანაწერს მიიჩნევს.
დეკანოზი ინტერესდება, როგორ მოხვდა მსგავსი ტერმინი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში, მაშინ, როდესაც ეს ტერმინი საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.
„მეორე პრობლემური საკითხია, ტერმინის - სექსუალური ორიენტაცია. კონსტიტუციაში ეს ტერმინი არ არის და აქ საიდან ხვდება?! როგორც ამბობენ, ევროპული კონვენციიდან მოხვდა, მაგრამ რატომ, ჩვენ ხომ გვაქვს, ჩვენი კონსტიტუცია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ?“, - აღნიშნავს დეკანოზი დავით ისაკაძე.
სამღვდელოების მსგავსად, კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია.
„ქართული დასის“ ლიდერის შეფასებით, კანონპროექტი ჰომოსექსუალიზმს, როგორც ზნეობრივ ნორმას, ისე აკანონებს, რაც ქართული საზოგადოებისთვის კატეგორიულად დაუშვებელია.
„ამ კანონპროექტის მიღება, რატომ გახდა აუცილებელი? კანონის ავტორების წარმოდგენით, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფასი? თუ ევროპაში შესვლის ფასი ეს არის, მაშინ ამ ფასის გაღება არ გვიღირს, რადგან ამისთვის მზად არ ვართ და არც არასოდეს ვიქნებით. მათ დისკრიმინაციას არავინ არ ცდილობს, მაგრამ უმრავლესობის უფლებაც უნდა იქნეს დაცული. მათ გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების პროპაგანდის საშუალება არ უნდა მიეცეთ“, - განუცხადა for.ge-ს ბაღათურიამ, რომლის პათოსს იზიარებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე სამოქმედო გეგმის შესრულების ერთ-ერთი მთავარი პირობა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაა.
„ზოგადად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიისთვის, მაგრამ იმ სახით და იმ ფორმით, რაც დღეს ვიხილეთ, ეს პირდაპირი დაკანონებაა უზნეობის აქტისა საკანონმდებლო ორგანოს მიერ და ეს საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას! სექსუალური ორიენტაცია პირადი სფეროა და კონსტიტუციაც კი სექსუალურ ორიენტაციას არ მოიხსენიებს, რაც ნიშნადობლივი გარემოებაა და ამას ავტორებიც აცნობიერებენ“, - განუცხადა for.ge-ს ლორთქიფანიძემ, რომლისგან განსხვავებულ პოზიციაზე დგას არასამთავრობო სექტორი.
არასამთავროების შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება, თუ დაჯარიმების შესაძლებლობა არ იარსებებს.
მათი მოსაზრებით, მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტიდან ამოღებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური რეპრესიული და პრევენციული მექანიზმები, რომელიც დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების კონტროლის ინსტრუმენტებს ითვალისწინებდა.
„ამასთან, სუსტი და არაეფექტურია დისკრიმინაციის ფაქტების განხილვისა და მათი აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის კომპეტენციები და პროცედურული გარანტიები. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმი, თუკი არ იარსებებს დისკრიმინაციის ჩამდენი პირის დაჯარიმების შესაძლებლობა“, - აღნიშნავენ არასამთავროები.
მართალია, კანონპროექტი ფულად ჯარიმებს არ აწესებს, მაგრამ დისკრიმინაციის ფაქტებზე სისხლის სამათლებრივი სანქციები შემოდის.
კერძოდ, კანონპროექტით, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის, ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაეთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
პროექტით, იგივე ქმედება თუ ჩადენილი იქნება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანანმდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ამასთანავე, პროექტით, რასობრივი დისკრიმინაცია, ანდა ამავე ნიშნით ადამიანისთვის უპირატესობის მინიჭება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნა სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისასთვის საშიში ძალადობით - ეს ისჯება თავისუფლების აღვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა უფლებებიც.
პროექტით, ინვალიდობის მოტივით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდული ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ამასთანავე, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება არაერთგზის, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვის ვადით ხუთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
აღნიშნულ პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს და ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებული მიმდინარე კვირას იქნება, მაგრამ კანონპროექტის კორექტირება რომ არ მოხდება, ამაში for.ge-ს თამარ კორძაია არწმუნებს.
კანონმდებელის თქმით, ოპონენტთა პოზიციები ურთიერთ საწინააღმდეგოა, კანონპროექტი კი იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც აუცილებელია ქვეყანაში დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის.
დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ კანონის შემოღებით საერთაშორისო სტანდარტის დაცვა ხდება, სადაც თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული.
„ვერცერთი მხარის კრიტიკას ვერ გავიზიარებთ. ეს პროექტი ოქროს შუალედს წარმოადგენს. მათი რეკომენდაციების გათვალისწინება შეუძლებელია, რადგან მათი შეხედულებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება“, - დასძენს კორძაია.
პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს სავარაუდოდ, მაისში მიიღებს. მთავრობა კი განმარტავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით.