რამაზ კლიმიაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

რამაზ კლიმიაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

[ნინო მიქიაშვილი]

პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ერთ-ერთმა პირველმა, ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ ნახა, რომელიც ამ წუთებში საპატრულო პოლიციაშია, დაკითხვაზე.

ჩვენ ამ ფაქტის ირგვლივ ”ახლების” ერთ-ერთ ლიდერს, ფიქრია ჩიხრაძეს ვესაუბრეთ.

როგორ გაიგეთ რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალების ამბავი?

ფიქრია ჩიხრაძე: -ჩვენ ეს სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ იმ ზარით, რომელიც დათოს ტელეფონზე განხორციელდა, თავად ბატონი რამაზის ნომრიდან. მისმა მეუღლემ დარეკა და დათოს უთხრა, რომ არც კი იცოდა ვისთვის მიემართა; ბატონი რამაზის მობილურში ვისი ნომერიც ნახა, მათ ურეკავდა და როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი დათო აღმოჩნდა.

მას უთხრა რომ სახლში მივიდა და ასეთი მდგომარეობა დახვდა - სავარაუდოდ გაზითაა გაგუდული და არც კი ვიცი რა ვქნა, ვის დავუკავშირდეო. რამდენიმე ჩვენს თანაპარტიელთან ერთად დათო მაშინვე წავიდა. მეც ვეუბნებოდი გამოგყვები-მეთქი, მაგრამ მერე აღარ გავყევი.

ვიცი რომ სავარძელში მჯდომი იყო გარდაცვლილი და მანამდე დაფიქსირებული არ იყო, ასე ვთქვათ, გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისად, დათომ შესაბამის სამსახურებს გამოუძახა, როგორც წესი და რიგია, როგორც ხდება ხოლმე ამ დროს, რომ ყველაფერი დაფიქსირებულიყო.

როგორც ჩანს, მეუღლეს უთქვამს, რომ სახლში მისვლისას გაზი გადაკეტა, მაგრამ ეს მოხდა რაიმე ეჭვის გამო, თუ უბრალოდ, ეს იყო ინერცია, იმპულსი, ამას ვერ გეტყვით. ეს ყველაფერი ალბათ, მოგვიანებით გაირკვევა.

რომელ საათზე დარეკეს დავით გამყრელიძის ტელეფონზე?

-დაახლოებით პირველიდან ორის მიდამოებში. 

ამჟამად დაკითხვაზეა, თქვენი პარტიის ლიდერი?

-დათოს ტელეფონით ველაპარაკე. მითხრა, რომ საპატრულო პოლიცია გამოვიძახე, მოსულები არიანო. სადღაც ოთხისკენ უნდა მისულიყო საპატრულო პოლიციაში.

ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რას ამბობენ მეზობლები?

-იქიდან მობრუნებულმა ჩვენმა თანაპარტიელებმა თქვეს, რომ ბატონი რამაზის მეუღლესთან ერთად იყო მხოლოდ ერთი მეზობელი ქალი. დანარჩენი არ ვიცი. ჭორაობა რომ არ გამოგვივიდეს, სჯობს უშუალოდ მეუღლის მონათხრობს დაველოდოთ.

რას ფიქრობთ რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით?

-მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ადამიანურად ძალიან შევწუხდი და გულწრფელად შემეცოდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

-მას ძალიან კარგად ვიცნობდი და ერთმანეთს კარგად ვხვდებოდით, მაგრამ ჯანმრთელობის და პირადი პრობლემების შესახებ არაფერი ვიცი.