საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე პოლიტიკაში მიდის. ამასთან დაკავშირებით გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"ცხოვრების მანძილზე არაერთხელ ვყოფილვარ პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში. მიუხედავად ამისა, აგერ უკვე თითქმის ორმოცი წლისა გახლავართ და დღემდე შეგნებულად ვარიდებდი თავს ოფიციალურ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმც ჯერ კიდევ 2004 წლიდან დღემდე მრავალი შემოთავაზება მქონდა...მიმძიმს პიროვნული თავისუფლების, ინდივიდუალური აზროვნების დაკარგვა; ძალაუფლებისკენ ლტოლვა ხომ საერთოდ მენტალურ შხამად, ავადმყოფობად მიმაჩნია - ისევე როგორც სიხარბე, ნარკომანია, სიძულვილი ან სხვა მისთანანი...
ადრე ჩემი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, დასამალი რა მაქვს, შინაგანი პროტესტის გრძნობით იყო გამოწვეული: პროტესტი საზოგადოების რიგითი წევრისა ავტორიტარიზმის, სისასტიკის, "ვარდისფერი ფაშიზმის" წინააღმდეგ.
ან, მაგალითად, სასჯელაღსრულების სისტემაში, როდესაც ჯალათებთან, სისტემასთან ბრძოლამ პოლიტიკური სახე მიიღო, და მოგვიანებით ზოგადნაციონალური მასშტაბი. ვინც მიცნობთ, მოგეხსენებათ, არასოდეს არაფერზე მქონია პრეტენზია გარდა უბრალო ადამიანობისა და ამაში იყო ალბათ ჩემი ძალაც...
გარკვეული პერიოდის უკან "პატრიოტთა ალიანსმა" - დავით თარხან-მოურავმა და სოსო მანჯავიძემ - მათთან ერთად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა შემომთავაზეს. ამ ადამიანებს საზოგადოება იცნობს და ახსოვს ის წვლილი, რომელიც მათ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში და ადამიანების უფლებათა დაცვაში აქვთ შეტანილი.
მათთან ადამიანური და საქმიანი, საზოგადოებრივი ურთიერთობა მაკავშირებს. ღმერთია მოწამე, ადვილი არაა გადაწყვეტილების მიღება ზემოთჩამოთვლილ ფაქტორთა გამო...
მეორეს მხრივ, მინდა უკეთ შევძლო იმის კეთება, რაც დღემდე მოკრძალებულად მიკეთებია... მოკლედ, აქეთ თქვენი სამსახური - იქეთ პიროვნული თავისუფლება.
და იმედისანანებელიარგამიხდებას სმაილიკი :)))
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატუსის დაწერა...
ეს გახლავთ თბილისის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატთა სავარაუდო სიის პირველი ათეული:
1. დავით თარხან-მოურავი
2. ცოტნე გამსახურდია
3. ირმა ინაშვილი
4. ადა მარშანია
5. მანუჩარ მაჩაიძე
6. სოსო მანჯავიძე
7. გიორგი ლომია
8. ერეკლე საღლიანი
9. ზაზა მამალაძე
10. ვაჟა ოთარაშვილი
P. S. მიმაჩნია, რომ ეს უნდა გცოდნოდათ. მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები", - წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/101097-cotne-gamsakhurdia-politikashi-midis-vis-gundshi-ikhilavs-amomrcheveli-eqs-prezidentis-vazhs.html#ixzz2ywvoqb71