ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამმა წევრმა ქვეყანამ - ჩეხეთმა, პოლონეთმა და უნგრეთმა ნატოში გაწევრიანების 15 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას დღეს თავდაცვის სამინისტრომ შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმასპინძლა. იუბილეს ორგანიზება საქართველოში სწორედ ამ სამი ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გაუწიეს.
საიუბილეო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოში ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მიმართა: „15 წლის წინ, სწორედ, ამ სამ ქვეყანას გაუმართლა, გაეხსნა შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა და ისინი მზად იყვნენ, რომ გაწევრიანებულიყვნენ. ჩვენი პოლიტიკა დღეს, სწორედ, ის არის, რომ მოვემზადოთ, ვიყოთ მზად. ამიტომაც ვიქცევით, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ამიტომაც გვაქვს ამხელა კონტრიბუცია მათ უსაფრთხოებაში. იმიტომ ხორციელდება ეს რეფორმები, რომ ისტორიულ დროს, როდესაც წევრობისთვის ისტორიული ფანჯარა ჩვენც გაგვეხსნება, ვიყოთ მზად ყველანაირად და პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხითაც. აქედან გამომდინარე, დღევანდელი საღამო და, ზოგადად, ნატოს კვირეული, რომელიც ჩატარდა, ყველაფერი ხელს უწყობს, რომ საქართველომ და ქართველებმა გავიაზროთ, ჩვენ თუ გვინდა ამ დიდი ალიანსის წევრი ვიყოთ, უნდა ვიყოთ შეკრული ერთ მუშტად, როგორც ეს სხვა საზოგადოებებმა და ქვეყნებმა გააკეთეს. დაქსაქსულებსა და გათითოკაცებულებს არც ნატო და არც ევროკავშირი წინ არ გვექნება. დღევანდელი დღეც კიდევ ერთი შეხსენებაა ერთობისკენ, მტრის წინააღმდეგ ერის გაერთიანებისკენ“.
საიუბილეო საღამოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო. მაია ფანჯიკიძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სამი ქვეყნის ელჩს საიუბილეო თარიღი მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში, ჩეხეთის, პოლონეთის და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები,საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას მეოთხე გაფართოების ქვეყნები - უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი 1999 წლის 12 მარტს შეუერთდნენ.