„ვინ დაიცავს უმრავლესობას?!“

„ვინ დაიცავს უმრავლესობას?!“

„ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უმცირესობების უფლებები, მაგრამ ვინ დაიცავს უმრავლესობას?!“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესის განმარტებით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინ ვართ და უნდა ვიფიქროთ არა მარტო უფლებებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არამედ იმაზე, რა პასუხისმგებლობა აკისრია ყოველ ჩვენგანს ღვთის, ერის, ადამიანისა და საკუთარი სულის წინაშე.

„ვინ დაიცავს უმრავლესობას, ქართველ ხალხს ვინ დაიცავს? ქართველ ხალხს დაიცავს უფალი, უფალი გადააფარებს თავის კალთას და ჩვენ შევთხოვთ უფალს, წყალობას ნუ მოაკლებს საქართველოს“, - ბრძანა უწმინდესმა.

მსგავსი განცხადება ილია მეორემ გასული წლის სექტემბერშიც გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ უფლებები კარგია და უფლებები დაცულ უნდა იყოს, მაგრამ ძალზე იშვიათად ფიქრობს ვინმე, რომ უმრავლესობასაც სჭირდება დაცვა. ამ დროს კი უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში, უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა.

მართალია, პატრიარქს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს უმრავლესობის უფლებების დაცვაში, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რაზეცაა საუბარი. თუმცა რატომღაც ამ კუთხით პრობლემისთვის სხვას არავის შეუხედავს. გამუდმებით მოდის გრანტები და გვესმის, რომ თურმე სხვა აღმსარებლობის უფლებები საქართველოში დაუცველია, თურმე განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას ჩვენში ებრძვიან.

ამ ფონზე საინტერესოა, ტოლერანტობით გამორჩეულ ქვეყანაში თუ არის დაცული თავად უმრავლესობის ინტერესები? უმცირესობის უფლებების დაცვა ხომ არ ნიშნავს უმრავლესობის უფლებების შელახვას? ამ შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნას თუ არა ტრადიციული ერების მენტალიტეტი? მით უფრო, რომ ევროკომისარმა შტეფან ფულემ დაგვიბარა, რომ ევროკავშირს საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არავითარი განზრახვა არ გააჩნია და საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არავინ ითხოვს. დასავლეთის სურვილი არ არის, საქართველოს თავს უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოს, რადგან საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები გააჩნია და ამის არავის უნდა ეშინოდეს.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც თვლის, რომ უმცირესობის უფლებები საქართველოში დაცულია, მათზე აგრესია არ ვრცელდება და მათი დევნა არ ხორციელდება. თუნდაც გავიხსენოთ 17 მაისი, პრაქტიკულად, ეს იყო რეაქცია ე.წ. იდეის პროპაგანდაზე, ანუ ლგბტ-ობის პროპაგანდაზე.

„პრინციპში, ის, რომ საზოგადოებას არ სურს ასეთი დამოკიდებულების პროპაგანდა და არ სურს იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ლგბტ-ობა მისაღებია, ეს გასაგებია. მე მგონი, ანალოგიური პოზიცია არაერთხელ გაჩენილა იმ ქვეყნებშიც, სადაც კანონმდებლობით იცავენ მათ უფლებებს. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, რომ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციიდან გადახრები ყოველთვის არ არის ბიოლოგიური მოვლენა, მათ ფსიქოლოგიური საფუძველიც გააჩნია, რაღაც პროცენტი შეიძლება იყოს ბიოლოგიური, გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული, მაგრამ იმ შემთხვევებში, სადაც კულტურა მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს ასეთ პრობლემებს, იქ გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება სექსუალური ორიენტაციიდან გადახრები. ისტორიაში იყო ასეთი ეპოქები და ასეთი ფაქტებიც გავრცელებული გახლდათ. ასე რომ, ეს ფსიქოლოგიური საფუძველი კარგად დაფიქრებას მოითხოვს. უნდა ვიფიქროთ, ხომ შეიძლება, ამ ადამიანების ორიენტაციის პროპაგანდამ გაზარდოს ასეთი გადახრების რიცხვი საზოგადოებაში?!“ -აცხადებს რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრითაც, ლეგიტიმურია უმრავლესობის უფლება, რომ მას არ სურს ამ ტიპის გადახრების გახშირება.

For.ge-სთან საუბარში სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარ დიაკონიძე განმარტავს, რომ საქართველოში უმრავლესობის უფლებები ყველაზე მეტად ირღვევა და მართლაც შესანიშნავად ბრძანა უწმინდესმა, უმრავლესობის უფლებებს არავინ იცავსო, ანუ შერყვნილია უმრავლესობის უფლებები. არც არსებობს საიმისო მექანიზმი, რომლითაც ამ უფლებებს დაიცავენ. სამწუხაროდ, ვერც ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანთა უფლებები, ანუ საქართველოს ავტოქტონური ძირძველი მოსახლეობის უფლებები ირღვევა.

„უმცირესობის უფლებებს იცავენ. თუმცა სად ნახეს, რომ უმცირესობაში მყოფი ადამიანების უფლება უმრავლესობას დაერღვიოს? სადმე შეიმჩნევა კუ-კლუქს-კლანის მსგავსი მოქმედებები მართლმადიდებლური ეკლესიიდან? ასეთი რამ არ შეიმჩნევა, მადლობა ღმერთს, მამათმავლები, ლესბოსელები და სხვები უმცირესობაში არიან. უკიდურეს უმცირესობაში უნდა იყვნენ ეგენი მსოფლიოს მასშტაბით და, თუ ვინმეს აწყობს მათი პარპაში, საკუთარ ოჯახებში განათავსონ. ქართველ კაცს საქართველოში საყვედურის გამოთქმის უფლება არ მაქვს. ამ დროს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის „შვილს“ შეუძლია წამომაყვედროს, თითქოსდა, ვინმეს უფლებებს ვარღვევ იმით, რომ მისი ზნეობა და ნაკლი არ მომწონს. რა თქმა უნდა, ნაკლში არ ვგულისხმობ ფიზიკურ ნაკლს, არამედ მის სულიერ შეჭირვებულ მდგომარეობას და მორალურ გარყვნას. რატომ არ უნდა ვიყო უფლებამოსილი, რომ ჩემს ქვეყანაში ხმამაღლა ვამბობდე, მსგავსი რამ არ შეიძლება“, - აცხადებს მამა ელიზბარი.

იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა დაახლოებით ორი წლის წინ, როგორც სასულიერო პირი, სკოლაში რელიგიის ისტორიას ასწავლიდა. მთელ სკოლაში მხოლოდ ორად-ორი ბავშვი იყო იეღოვას მოწმეების მიმდევარი, ამ დროს კი დირექტორიდან დაწყებული, კახა ლომაიათი დამთავრებული, ყველაფერი შეძრეს, არიქა, იმ ორი ბავშვის უფლება ირღვევაო. მოძღვარი ამბობს, სად თქმულა, ორ მოსწავლეს გადააყოლო 1100 მართლმადიდებელი ბავშვის სურვილი?!

თეოლოგ ლევან აბაშიძისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს უმრავლესობის დაცვა?! მისი აზრით, თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, უმრავლესობა ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. კონკრეტულად, საქართველოში უმრავლესობად მოიაზრება ეთნიკურად ქართველი მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალი. შესაბამისად, გამოდის, რომ ამავე პროპორციით ნაწილდებიან ეს ადამიანები პარლამენტში, მთავრობაში, პოლიციაში, ყველა სახელმწიფო ორგანოში. ამიტომ, თუ ვინმეს სჭირდება დაცვა, ეს უმცირესობაა, რათა უმრავლესობამ არ დაჩაგროს ისინი.

„ეს არის თანამედროვე დემოკრატიის პრინციპი. თავად სახელმწიფომ უნდა დაიცვას უმცირესობის უფლებები. უმრავლესობის დაცვა აბსურდია. მეორე საკითხია, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს დაცული, განურჩევლად იმისა, ის უმრავლესობის წარმომადგენელია თუ უმცირესობის. ხომ შეიძლება, დავუშვათ, რომ მე, როგორც ქართველი მართლმადიდებელი, ზოგადად უმრავლესობაში ვიყო, მაგრამ ისეთ სამსახურში მივიდე, სადაც აღმოვჩნდე უმცირესობაში, ან სულ სხვა ეროვნების ხალხით იყოს სამსახური დაკომპლექტებული, ან ჰომოსექსუალები სჭარბობდნენ, მაშინ შეიძლება, ლოკალურად ადამიანი უმცირესობაში აღმოჩნდეს და, ამ შემთხვევაში, უკვე ჰეტეროსექსუალი გამოდის უმცირესობაში“, -აცხადებს ლევან აბაშიძე ჩვენთან საუბარში.

ამასთან, განმარტავს, რომ ზოგიერთებს თავი მოაქვთ თავისი ე.წ. ტრადიციული ორიენტაციით, მაგრამ ეს აბსურდია, სულ რაღაც 50 წლის წინ ინგლისში ჰომოსექსუალიზმის გამო ციხეში სვამდნენ მამაკაცებს, ან კასტრაციას უკეთებდნენ, ანუ ჰომოსექსუალიზმი არავითარი ბრიტანული ტრადიცია არ არის. მეტიც, არცერთი ერის ტრადიციაში ეს არ შედის. უბრალოდ, აქ საუბარია, გვინდა თუ არა ჩვენ, რომ უმცირესობის უფლებები დაცული იყოს?

„მე არ ვიცი, მართლმადიდებელი ქართველების უფლებები სად ირღვევა“, -აცხადებს თეოლოგი.