ამერიკა ახალი რეიგანის ძიებაში

ამერიკა ახალი რეიგანის ძიებაში

ვინ ეპოტინება ოვალურ კაბინეტს?

უკრაინულ კრიზისს საქართველოში ხმაურიანი დისკუსიები მოჰყვა. მათი მონაწილეები სოციალურ ქსელებში ხშირად ამტკიცებენ, რომ ბარაკ ობამას ადგილას სხვა პრეზიდენტი (რეიგანი, კენედი თუ რუზველტი) სხვანაირად იმოქმედებდა. ზოგადად, აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, უფრო ჰგავს მატარებლის მემანქანეს, რომელიც ლიანდაგიდან ვერ გადავა, ვიდრე გემის კაპიტანს, რომელსაც შეუძლია გეზი სწრაფად, რადიკალურად შეცვალოს და მსჯელობა იმაზე, რას გააკეთებდა სხვა ობამას ადგილას, ერთობ ინფანტილურ ხასიათს ატარებს. მაგრამ მან აქტუალური გახადა კითხვა «ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი 2016-ში?», რომელზეც პასუხს დღეს შტატებშიც ეძებენ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 2,5 წელიწადი რჩება, რადგან სწორედ ახლა, ე. წ. ფარული პრაიმერის პროცესში ორივე პარტიის ელიტა და მათთან დაკავშირებული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, საუკეთესო კანდიდატები შეარჩიონ.


თეთრი სახლის 13 გასაღები

ათწლეულების განმავლობაში არაერთი ამერიკელი მეცნიერი ცდილობდა, შეემუშავებინა ფორმულა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის ზუსტი პროგნოზირების შესაძლებლობას მისცემდა და ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ შედეგს ამ მხრივ ისტორიკოსმა ალან ლიხტმანმა მიაღწია. მან გააანალიზა 31 საპრეზიდენტო მარათონი (1860-1980) და გამოიყენა საბჭოთა გეოფიზიკოსის _ ვლადიმერ კეილის-ბოროკის სტატისტიკური მეთოდები, რომლებიც მიწისძვრის პროგნოზირებისთვის შემუშავდა. ლიხტმანმა 13 ბინარული სკალა (ე. წ. «გასაღები») შექმნა. იმისთვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას «დარჩება თუ არა თეთრ სახლში იმავე (დღევანდელ სიტუაციაში _ დემოკრატიული) პარტიის რჩეული?» უნდა დავადგინოთ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს თითოეული მათგანი.

გასაღები #1 _ პარტიული მანდატი. შუალედური არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი პარტია წარმომადგენელთა პალატაში უფრო მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე წინა შუალედური არჩევნების შემდეგ.

გასაღები #2 _ კონკურენცია. მმართველი პარტიის შიგნით არ მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის.


გასაღები #3 _ მოქმედი პრეზიდენტის მონაწილეობა. მმართველი პარტიის კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტია.

გასაღები #4 _ მესამე პარტია. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს მესამე პარტიის (ან დამოუკიდებელი) ძლიერი კანდიდატი (მაგალითად, ისეთი, როგორიც იყო როს პერო 1992-ში, რომელმაც არჩევნების შედეგებზე განმსაზღვრელი გავლენა მოახდინა).

გასაღები #5 _ მოკლევადიანი ეკონომიკური პერსპექტივა. კამპანიის დროს რეცესიას ადგილი არ აქვს.

გასაღები #6 _ გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივა. ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავლების ზრდა უდრის ან აღემატება ზრდას ორი წინა საპრეზიდენტო ვადის პერიოდში.

გასაღები #7 _ ცვლილებები პოლიტიკაში. მოქმედი ადმინისტრაცია საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ატარებს.

გასაღები #8 _ სოციალური არეულობა. მოქმედი ადმინისტრაციის მმართველობის წლებში მასშტაბურ არეულობას ადგილი არ ჰქონია (მაგალითად ისეთს, როგორიც თან სდევდა ვიეტნამის ომის ან შავკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლის დასკვნით პერიოდებს).

გასაღები #9 _ სკანდალი. მოქმედი ადმინისტრაცია არ არის გარეული მასშტაბურ სკანდალში (მაგ. «უოტერგეიტი»).

გასაღები #10 _ საგარეოპოლიტიკური (ან სამხედრო) წარუმატებლობა. მოქმედმა ადმინისტრაციამ არ დაუშვა სერიოზული შეცდომა საგარეო ან სამხედრო საქმეებში (ამ კონტექსტში, ალბათ, შეიძლება გავიხსენოთ ჯიმი კარტერის ადმინისტრაცია, რომელსაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ირანში ამერიკელ მძევლებთან დაკავშირებულმა კრიზისმა).

გასაღები #11 _ საგარეოპოლიტიკური (ან სამხედრო) წარმატება. მოქმედმა ადმინისტრაციამ მიაღწია დიდ წარმატებას საგარეო ან სამხედრო საქმეებში.

გასაღები #12 _ მმართველი პარტიის კანდიდატის ქარიზმა. მმართველი პარტიის კანდიდატი ქარიზმატულია ან ეროვნულ გმირად ითვლება.

გასაღები #13 _ ოპოზიციის კანდიდატის ქარიზმა. ოპოზიციის კანდიდატი არ არის ქარიზმატული და ეროვნულ გმირად არ ითვლება.

ალან ლიხტმანის მტკიცებით, თუ ჩამოთვლილი 13 «გასაღებიდან» სიმართლეს არ შეესაბამება 5 ან ნაკლები, პარტია პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს, ხოლო თუ 6 და მეტი _ დაკარგავს მას. 1984 წლის არჩევნებიდან ვიდრე დღემდე «13 გასაღების ფორმულამ» უნაკლოდ იმუშავა და «ლიხტმანის მანქანის» ყველა პროგნოზი უშეცდომო იყო. ერთადერთი პრობლემა 2000-ში შეიქმნა, როდესაც ლიხტმანმა დემოკრატების გამარჯვება იწინასწარმეტყველა. მაშინ ალბერტ გორს ხმა უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა, ვიდრე უმცროს ბუშს, მაგრამ არჩევნების ორსაფეხურიანი სისტემის თავისებურებებმა, ფლორიდაში ხმების სკანდალურ გადათვლასთან ერთად, გამარჯვება რესპუბლიკელებს მოუტანა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ლიხტმანის აქტივშია 7 ზუსტი პროგნოზი ერთი (ფარდობითი) შეცდომის წინააღმდეგ.

დღესდღეობით, თუ ჩამონათვალს გადავხედავთ, დემოკრატების შანსი, თეთრი სახლი შეინარჩუნონ, საკმაოდ მაღალია, თუმცა რისკებიც დიდია. ძნელი სათქმელია, რა შედეგს მიაღწევენ ისინი შუალედურ არჩევნებზე, მოახერხებენ თუ არა, შეინარჩუნონ უპირატესობა სენატში და გაიმყარონ პოზიციები წარმომადგენელთა პალატაში. ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში და, საერთოდ, ობამას ადმინისტრაციის პოზიციები დღესდღეობით საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება. მაგრამ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ «ლიხტმანის მანქანა» ჯერჯერობით მიუთითებს იმაზე, რომ ოვალურ კაბინეტს ისევ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს.

რესპუბლიკური კასტინგი

ამერიკელი რესპუბლიკელების დღევანდელი მდგომარობა, ალბათ, შეიძლება ერთი ფრაზით აღიწეროს: «ისინი ეძებენ ახალ რეიგანს და ვერ პოულობენ მას». 2012 წლის არჩევნებში მიტ რომნის მძიმე მარცხის შემდეგ ისინი კანდიდატის შერჩევის პრობლემას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

ფორმალური თვალსაზრისით, ყველაზე პოპულარული ამერიკელი რესპუბლიკელი დღესდღეობით არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბია, მაგრამ პარტიის კანდიდატი ის, დიდი ალბათობით, ვერ გახდება, რადგან მისი რადიკალური შეხედულებები მთელ რიგ საკვანძო საკითხებზე მხოლოდ ასეთივე რადიკალ-კონსერვატორებს თუ მოიზიდავენ. მას, პრაქტიკულად, არ აქვს შანსი, შედარებით ზომიერი რესპუბლიკელი ამომრჩეველი მოხიბლოს და, მით უმეტეს, თამაში დემოკრატების ელექტორალურ მოედანზე გადაიტანოს.

ფლორიდის გუბერნატორი

ჯებ ბუში ყოფილი პრეზიდენტების შვილი და უმცროსი ძმაა, ბუშების დინასტიის მესამე წარმომადგენელი, რომელმაც შეიძლება თეთრი სახლი დაიკავოს. მას საინტერესო მეტსახელი აქვს _ «ჭკვიანი ძმა» და მას საკმაოდ კარგ გუბერნატორად თვლიან. ჯებ ბუშს ზომიერების გრძნობა შესაძლებლობას აძლევს, ამომრჩეველთა ფართო მასების კონსოლიდირება მოახდინოს, მაგრამ მის წინააღმდეგ მუშაობს ელექტორატის საკმაოდ მოცულობითი ნაწილის გამოკვეთილი «ალერგია ბუშების მიმართ», რომელიც განსაკუთრებით მისი ძმის მმართველობის წლებში გაძლიერდა.

ასევე, მაკონსოლიდირებელი როლის შესრულება შეუძლია სენატორს კენტუკიდან _ რენდ პოლს, მისი რეიტინგის სტაბილურ ზრდას ხელს უწყობს მუდმივი (და, შესაძლოა, ოდნავ პოპულისტური) კრიტიკა «ვაშინგტონში, თბილ სავარძლებში მომჯდარი» პოლიტიკური ელიტის მიმართ, რომელმაც უბრალო ამომრჩეველი დაივიწყა. მაგრამ მის წინააღმდეგ, ისევე, როგორც კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატის _ პოლ რაიანის წინააღმდეგ (წარმომადგენელთა პალატის წევრი ვისკონსინიდან და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნის კამპანიის დროს) ერთგვარი «საბიუჯეტო რადიკალიზმი» მუშაობს. ისინი მხარს ხარჯების მკვეთრ შემცირება-გადანაწილებას უჭერენ, კერძოდ, მათი აზრით, უზომოდ გაბერილი სოციალური დახმარებების შეკვეცას. ამასთანავე, რენდ პოლი ძალოვანი ბლოკის დაფინანსების რადიკალურ შემცირებაზე საუბრობს, რამაც შეიძლება რესპუბლიკელი ამომრჩევლების არცთუ მცირე ნაწილი გაანაწყენოს, სამაგიეროდ, სხვა ელექტორალურ ჯგუფებთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას მისცეს. რენდ პოლი ჯერჯერობით არ არის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი, თუმცა ის, ალბათ, ყველაზე საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ შედარებით თავისუფალი მანევრის და საკმაოდ საინტერესო კამპანიის დაგეგმვის პოტენციალი აქვს.

ლათინოამერიკული წარმოშობის პოპულარული სენატორები ტედ კრუზი და მარკო რუბიო (ტეხასი და ფლორიდა) დღევანდელი რეიტინგების (და შიდაპარტიული გავლენის) მიხედვით «მეორე ეშელონად» განიხილებიან, მაგრამ თითოეული მათგანი შეიძლება იქცეს კომპრომისის ფიგურად პარტიული ელიტისთვის, თუ ასეთებად არ იქცევიან ჯებ ბუში ან რენდ პოლი. უფრო სწორად, შეიძლება მოხდეს დაახლოებით ის, რაც 2006-ში მოხდა დემოკრატიული პარტიის შიგნით, როდესაც მთელმა რიგმა ლიდერებმა დაინახეს ობამას პოტენციალი და პრაიმერის წინ, ერთი შეხედვით, მოულოდნელად, ჰილარი კლინტონის მხარდაჭერაზე უარი თქვეს.

ჩვენ განგებ არ შევეხებით კიდევ ერთი წამყვანი კანდიდატის, ნიუ ჯერსის გუბერნატორის _ კრის კრისტის პერსპექტივებს. რამდენიმე თვის წინათ იგი განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი ფავორიტი, შესაშური საიმიჯო მახასიათებლებით, მაგრამ გასული წლის ბოლოს მოხდა ძალიან სერიოზული სკანდალი _ გუბერნატორის ხელქვეითები დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ განგებ შექმნეს გადაადგილების პრობლემები ნიუ იორკთან დამაკავშირებელ ხიდზე, რათა ერთ-ერთი ქალაქის მერი გუბერნატორის მიმართ გამოვლენილი არალოიალურობისთვის დაესაჯათ (ამას მათი მიმოწერა ადასტურებს). ამ სკანდალს კრისტის რეიტინგის ვარდნა მოჰყვა, თუმცა ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს შესაძლებლობას, მისი შედეგები აღმოფხვრას, მეტიც, საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თავგასული ჩინოვნიკები თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაგრამ, თუ გამოძიება ახლო მომავალში წარმოადგენს დამაჯერებელ მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გუბერნატორმა იცოდა «სადამსჯელო აქციის» შესახებ, კრისტის საპრეზიდენტო ამბიციებს წერტილი დაესმევა.

საბოლოო ჯამში, რესპუბლიკურ პარტიას არ ჰყავს არათუ იდეალური, არამედ იდეალურთან მიახლოებული კანდიდატი და ნებისმიერ «საკადრო გადაწყვეტილებას» არაერთი მინუსი დაუკავშირდება. ობამას ადმინისტრაციამ თავისი შეცდომებით რესპუბლიკელებს არაერთი კოზირი მისცა, თუმცა მათი გამოყენება, ავანსცენაზე კონსტრუქციული და, ამავე დროს, პოპულარული პროგრამით აღჭურვილი ძლიერი კანდიდატის, ასე ვთქვათ, «ახალი რეიგანის» გამოყვანა ჯერჯერობით პრობლემატური ჩანს. ასე რომ, ქართველი «ნაციონალების» ოცნებები და მოლოდინები რესპუბლიკელების გამარჯვებასთან დაკავშირებით (ის სააკაშვილის მიმდევრებს არ უშველის, მაგრამ მაინც) შეიძლება ერთობ გადაჭარბებული გამოდგეს.

გაუმარჯოს დედოფალს?

რესპუბლიკელების სავარაუდო კანდიდატების რეიტინგი ერთმანეთისგან რამდენიმე პროცენტით თუ განსხვავდება (10-15 პროცენტის ფარგლებში), დემოკრატებთან კი საქმე სხვაგვარადაა _ ჰილარი კლინტონი უპირობოდ ლიდერობს, მის მოღვაწეობას გამოკითხული დემოკრატი ამომრჩევლების დაახლოებით 70% აფასებს დადებითად და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მეორე ადგილზე მყოფი ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი მისთვის რეალური კონკურენციის გაწევას შეძლებს. ამ სიტუაციას ლიხტმანის მეორე «გასაღებამდე» მივყავართ _ როგორც პარტიული ელიტის, ისე დემოკრატი ამომრჩევლების დიდი ნაწილი თანახმაა, მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭიროს და, შესაბამისად, სერიოზულ შიდაპარტიულ ბრძოლას ადგილი, ალბათ, არ ექნება.

ჯოზეფ ბაიდენისგან განსხვავებით, ჰილარი კლინტონს არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა ამერიკული მედია უკვე აჭრელებულია სტატიებით იმის თაობაზე, თუ ვინ გაუძღვება კლინტონის კამპანიას, ვინ შევა მის გუნდში ან, სულაც, მსჯელობით იმაზე, როგორი იქნება «ჰილარის ეპოქა». სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან წასვლამ მისთვის, როგორც პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატისთვის, დადებითი როლი შეასრულა. დღეს ის საკმარისად დისტანცირებულია ობამას ადმინისტრაციისგან და ყოველდღიური კრიტიკისგან უნიათო საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა, ძირითადად, ოპონენტების რისხვა თავს ახალ სახელმწიფო მდივანს _ ჯონ კერის დაატყდა. ამ პაუზის დროს ჰილარი კლინტონი საზოგადოების წინაშე მხოლოდ მისთვის მომგებიან სიტუაციებში ჩნდებოდა და, იმ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც მისი გარემოცვიდან პერიოდულად «ჟონავდა», წინასწარ კონსულტაციებს აწარმოებდა მომავალ პოლიტიკურ მოკავშირეებთან, წამყვან პოლიტტექნოლოგთან და მისი კამპანიის სავარაუდო მსხვილ დამფინანსებლებთან.

იმის შანსი, რომ დემოკრატიული პარტიის წიაღში «ახალი ობამა» გამოიჩეკება, რომელიც კლინტონს გზას გადაუღობავს, დღეს შედარებით მცირეა. თანაც ნაკლებად სავარაუდოა, დემოკრატი ამომრჩეველი ასეთ კანდიდატს ახლაც ისეთივე ენთუზიაზმით გაჰყვეს, როგორც 2008-ში. დემოკრატიული პარტია ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა და 2016 წლის არჩევნებში მსგავსი პოლიტიკური სტილის მქონე კანდიდატის წამოყენება, ალბათ, უფრო რესპუბლიკელების პრეროგატივა იქნება, თუ ავანსცენაზე რენდ პოლს ან სხვა დინამიურ ლიდერს გამოიყვანენ. ამ კონტექსტში საინტერესო ფიგურად შეიძლება მემარჯვენე რესპუბლიკელების ამომავალი ვარსკვლავი, შავკანიანი ნეიროქირურგი ბენ კარსონი მოგვეჩვენოს. დღესდღეობით მისი ძალზე პოპულარული გამოსვლები ზედმეტად რადიკალური და პოპულისტური ჩანს, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ 2016 წლის თუ არა, 2020 წლის არჩევნებისთვის ელექტორატს შესაბამისი მოთხოვნა ჩამოუყალიბდება და რესპუბლიკური პარტიის ელიტა (ერთხელ მაინც) გარისკავს.

თუ ჯანმრთელობა (ამასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება) ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოება ჰილარი კლინტონს კანდიდატურის წამოყენებაში ხელს არ შეუშლის, ის, თავისი უკიდურესობებისგან თავისუფალი, «საშუალო არითმეტიკული» პოლიტიკური პლატფორმით, გავლენით, რესპექტაბელური (ყველაფრის მიუხედავად) იმიჯით, შესაშური კავშირებითა და კლინტონების კლანის მიერ გამოზრდილი ჩინოვნიკების მთელი არმიით, დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდება; მისი შეჩერება როგორც თანაპარტიელებს, ისე რესპუბლიკელებს ამჯერად ძალიან გაუჭირდებათ.