ჟურნალისტური გამოძიება- დევნილებისთვის გასანაწილებელი ბინები 5 000-20 000 დოლარად იყიდებოდა?!

ჟურნალისტური გამოძიება- დევნილებისთვის გასანაწილებელი ბინები 5 000-20 000 დოლარად იყიდებოდა?!

აფხაზეთიდან დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების სანაცვლოდ თანხის გამოძალვის ფაქტზე სს საქმე აღიძრა. თანხა, რომელიც დევნილებმა საცხოვრებელი ფართის მისაღებად გადაიხადეს, ინდივიდუალურია და 5 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს. საუბარია საცხოვრებელ ბინებზე, რომელიც დევნილებს სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ უნდა მიეღოთ და რომლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ 448,535.15 ლარი დახარჯა. სამშენებლო კომპანია კი, რომელმაც რეაბილიტაცია ჩაატარა, შავ სიაში რამდენჯერმე მოხვდა.

საქართველოში მცხოვრებ დევნილებს დევნილობიდან 20 წლის შემდეგაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. 20 წლის მანძილზე სახელმწიფომ დევნილთა მხოლოდ 30%-ისთვის მოახერხა საცხოვრებლის უზრულველყოფა. 70% კი დღემდე არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს, რასაც მოსდევს თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის არაერთი მცდელობა, პირის ამოკერვა და სხვადასხვა საშუალებებით ბრძოლა არსებობისთვის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებიულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის მარტში მოწოდებული სტატისტიკით, სამივე კონფლიქტის შედეგად, საქართველოში 252 578 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. აქედან, აფხაზეთიდან დევნილთა რაოდენობა 217 402 შეადგენს, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად - 24 682 დევნილი და ცხინვალიდან 1991-1993 წლებში ე.წ. ძველი დევნილების რაოდენობა კი 10 494-ია. 

---------------------------------------------
დევნილთა მძიმე ისტორიები - რა ხდება დღეს ?!

---------------------------------------------

დღეს, დევნილობიდან 20 წლის შემდეგაც დევნილთა რეალური ისტორიები იდენტურია. ერთ-ერთი დევნილის მძიმე ისტორიის შესახებ, გაზეთში "პრემიერი" მარტის თვეში დაიწერა. ჟურნალისტურ მოკვლევაში საუბარი იყო 12-ჯერ ნაოპერაციევ, თავზე შუნტურებულ 3 წლის და 6 თვის ლუკა მაღლაკელიძის სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ლუკას დედა ინეზა გიგზანი აცხადებდა, "მაწანწალა ცხოვრებისა" და არანორმალური პირობების გამო ოპერაცია ოპერაციას მოსდევს. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი წლებია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინას ითხოვდა და თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. ამის შესახებ იმ წერილშია საუბარი, რომელიც ინეზა გიგანმა სამინისტროს გაუგზავნა. ამ ისტორიას საკმაოდ ვრცელი მოკვლევა მივუძღველით და დევნილთა სამინისტროსთანაც არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია. სამინისტროდან მიღებული პასუხით, ამ ოჯახმა ბინა იმიტომ ვერ მიიღო, რომ მათ საცხოვრებელი ფართი გააჩნიათ.

სტატიაში საუბარი იყო, რომ ლუკას სამედიცინო ფურცლები, რეცეფტები, ექიმის დანიშნულებები, გამოკვლევები ათეულობით გვერდს ითვლის. ყველა ფურცელი იწყება სიტყვებით: "ჩაუტარდა...." "დაუდგინდა"... "სჭირდება"... ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეული კი ექიმის დასკვნის სწორედ ის ნაწილია, სადაც საუბარია რა სჭირდება ბავშვს, რადგან წინასწარ იციან, რომ ექიმის დანიშნულებას ვერ შეასრულებენ. იციან ისიც, რომ მედიკამენტებს მხოლოდ მაშინ იყიდიან, როცა საშუალება ექნებათ, ან, რამდენიმე დღის სამყოფს იყიდიან და შემდეგ მკურნალობას შეწყვეტენ. 

ვრცელი სტატიისა და სამინისტროსთან არაერთგზის კომუნიკაციის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით ინეზა გიგანის წერილი მივიღეთ: "დიდი მადლობა, ბინა მივიღე. რომ არა თქვენი ჩარევა, ვინ იცის, კიდევ რამდენი წელი მოგვიწევდა ტანჯვა მე და ჩემს შვილებს. ხომ დარწმუნდით, რომ მართალი ვიყავი? სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბინა იმიტომ არ მეკუთვნოდა, რომ თურმე ბინა გამაჩნდა. თუ ბინა მქონდა, რატომ მომცეს?..."

მსგავსი ათასობით ისტორია არსებობს. ყველა ერთმანეთზე უფრო მძიმე მოსასმენი და სანახავი. დევნილები 20 წლის მანძილზე ცხოვრობენ იქ, სადაც მოახერხებენ. ზოგი მიტოვებულ და გადაგდებულ მატარებლის ვაგონში, ზოგი მუყაოსგან და ნაგავში მოქექილი ნარჩენებიდან აშენებულ ფიცრულში, ზოგი - უბრალოდ ქუჩაში, ზოგიც კი ისეთ შენობაში, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება დაინგრეს. ამ ოჯახებს კი ჰყავთ შვილები, რომლებიც ყოველგვარი არამიანური პირობებისგან შორს არიან. მათთვის ფუფუნებაა სველი წერტილი, სადილი, ვახშამი, ჰიგიენა და საბავშვო ბაღზე კი საერთოდ ზედმეტია საუბარი. ათასობით დევნილი 20 წელზე მეტის უძლებს ასეთ პირობებში ცხოვრებას და ელოდება, რომ დღეს თუ ხვალ, მისი დროც დადგება. ამასობაში კი წლები გადის, ბავშვები იზრდებიან, მრავდებიან და მათი შვილებიც იგივე პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას.

ყოფილი "საშენ მასალათა განყოფილება" ერთ-ერთია, სადაც დევნილები წლობით არაადამიანურ პორობებში ცხოვრობენ. მდგომარეობა აქაც ისეთივეა, როგორც სხვაგან - 
მწყობრიდან გამოსული კანალიზაცია; ანტისანიტარია; გაბზარული კედლები; ოთახში ისევე წვიმს, როგორც გარეთ; ზამთარ ზაფხულ საჭმელს შეშაზე ამზადებენ; გათბობითაც მხოლოდ მაშინ თბებიან, როცა შეშა აქვთ.

საიდა წურწუმია, აფხაზეთიდან დევნილი: "აქ ისეთი ნესტი და საშინელი პირობებია ყველა ასთმითაა დაავადებული. ბავშვებს მუდმივი ენტეროვირუსი აქვთ, შენობაც ავარიულია. სამინისტროს არაეთხელ მივმართეთ, მაგრამ როგორ მოხდება საკითხის გადაწყვეტა, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას და ადამიანურ პირობებში ცხოვრებას ვითხოვთ".

დიასახლისებს ჭურჭლის რეცხვა სიბინძურეში უწევთ - იქ, სადაც ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ და ბანაობენ კიდეც. შენობის მდგომარეობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომაც შეისწავლა. დასკვნის მიხედვით: "საშენ მასალათა განყოფილებას მძიმე, მესამე კატეგორიის დაზიანებები აღენიშნება და არც გამაგრებას ექვემდებარება".


- --------------------------------
კორუფცია და გარიგებები
----------------------------------
-

საცხოვრებელი ფართის მომლოდინე, დევნილთა სამინისტროს ეზოში შეკრებილი თუ ბინის გარეშე დარჩენილი დევნილები ხშირად საუბრობენ, რომ მათ მინიმალური თანხის გადახდა რომ შეძლებოდათ, დღეს საცხოვრეელი ფართის გარეშე არ იქნებოდნენ. არაოფიციალურად, პირდაპირ საუბრისას, მათ შორის მინისტრთან მიღებაზეც კი დევნილებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ ბინის სანაცვლოდ, რომელიც სახელმწიფოსგან უსასყიდლოთ ეკუთვნოდათ, თანხას სთხოვდნენ და ვინც თანხის გადახდა შეძლო, ბინა მიიღო კიდეც. დევნილები კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ, თუმცა, ოფიციალურ ნაწილს თავს არიდებენ. არც სამინისტროს ხელმძღვანელი პირები უარყოფენ იმას, რომ დევნილები ბინის მიღების სანაცვლოდ, გარკვეულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ, თუმცა, ოფიციალურ განცხადების დაწერას გაურბიან.

"დევნილები ამბობდნენ, რომ მათ სახელმწიფოსგან კუთვნილი 10 000-დოლარიანი კომპენსაცია რომ მიეღოთ, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში გაიცემოდა, თანხის ნაწილს ატოვებინებდნენ, მაგრამ, მსგავს გარიგებებზე ოფიციალური წერილის შემოეტანას თავს არიდებენ. მხოლოდ პირადი საუბარისას აცხადებენ. მინისტრთან მიღებებზეც უთქვამთ, რომ 10 000 დოლარიანი კომპენსაციიდან 3-4000 დოლარს სთხოვდნენ" - ამბობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია.

ის, რომ დევნილები კორუფციულ გარიგებებზე მხოლოდ პირად საუბრისას ყვებიან, არაერთხელ გაუჟღერებია თავად მინისტრსაც, თუმცა, დავით დარახველიძის თქმით, სამინისტრო არ არის სადამსჯელო ორგანო და მსგავსი საქმეების გამოძიება მის ფუნქციებში არ შედის.

კორუფციულ გარიგბებზე ჩვენი რესპონდენტებიც საუბრობენ და კონკრეტულ თანხებსაც ასახელებენ, რაც მათ სახელმწიფოსგან რეაბილიტირებული ბინის მისაღებად გაიახადეს.

ლ.გ. აფხაზეთიდან დევნილი: "ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ უცხოელების თანადაფინანსებით დევნილთა სამინისტრო ტაშკენტის ქუჩაზე არემონტებდა ბინებს, რომელიც მალე დასრულდებოდა. მითხრა, რომ შემეძლო გადამეხადა გარკვეული თანხა და მიმეღო დევნილებისთვის განკუთვნილი ბინა. წინადადებამ მომხიბლა, რადგან ბინა იყო 1.5 ოთახიანი, ქალაქის ცენტრში და 5000 დოლარი უნდა გადამეხადა. ჩემს მეგობარს, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა. მითხრა, ყველა სახლი უკვე გაყიდულიაო, ადგილები არ არისო. მაინც შეგახვედრებო ერთ ქალბატოს, ვინს ამ საქმეს კურირებსო. შემახვედრა ქალბატონ დავარ (ნონა) კვარაცხელიას, ჩვენი შეხვედრა მოხდა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში. მან პროექტის ნახაზი ამოიღო გადაშალა დეტალურად ამიხსნა ყველაფერი. მითხრა, რომ ეს იყო დევნილთა სამინისტროს პროექტი. მითხრა, რომ ერთ-ერთმა მყიდველმა უარი თქვა და ერთი ბინა გამომითავისუფლდა და ამ ბინას მთავაზობდა. ამ ქალმა თავიდან დამაეჭვა და გავფრთხილე, რომ ყველა ინფორმაცის გადავამოწმებდი. მითხრა, რა თქმა უნდა, შეგიძლია გადაამოწმოო. მე მსგავს რამეს როგორ გავბედავ, ჩემს უკან ხალხი რომ არ იდგესო. წავედით სახლი დავათვალიერე და ძალიან მომეწონა."

მეორე ისტორიაც იგივენაირად იწყება. აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონ ლიას ქალბატონი დავარ კვარაცხელია ახლობელმა გააცნო. "მან მითხრა, რომ ეს იყო სახელმწიფო პროექტის ნაწილი, რომლის მიხედვითაც დევნილებს საცხოვრებელი ბინები სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცემოდათ. დავიჯერე და არაფერი გამკვირველია, რადგან სახელმწიფო დევნილებს ხომ აძლევდა ბინებს. ვიფიქრე გამიმართლა-მეთქი. ბინა დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. თან, იაფი იყო. 8 000 დოლარს ითხოვდა. ისე შინაურულად ამიხსნა ყველაფერი, გასაღებებიც თავად ჰქონდა... დამარწმუნა, რომ მართლაც სამინისტროს წარმომადგენელი იყო. თან, მითხრა, რომ ამ შენობას პრეზიდენტი გახსნის და გასაღებსაც სიმბოლურად პრეზიდენტი დაარიგებსო."

მსგავის ისტორიას ათობით დევნილი ყვება. ყველას ამბავი ერთნაირად იწყება. რომ მათ ახლობლისგან გაიგეს, რომ ბინა ძალიან მოეწონათ და ფასიც მისაღები იყო. დევნილები ამბობენ, რომ ზოგმა ქალბატონ კვარაცხელიას 5 000 დოლარი გადაუხადა, ზოგმა 7 000, ზოგმა 10 000 და ზევით.

იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა დევნილთა საჩივრები და არის თუ არა სს საქმეები აღძრული მსგავს კორუფციულ გარიგებებზე, წერილებით არაერთ უწყებას მივმართეთ. კერძოდ: ოკუპირებული ტერიტრიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს; შინაგან საქმეთა სამინისტროს; თბილისის საქალაქო სასამართლოს; მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ცალკეულ დეპუტატებს.

კულუარულად კი ისიც გავარკვიეთ, რომ დევნილებს, რომლებლაც ბინისთვის თანხა გადაიხადეს, მაგრამ ბინია არ მიუღიათ, ადვოკატი აუყვანიათ. ადვოკატმა კი დევნილების სახელით განცხადება შსს-ს ვაკის ქვეგანყოფილებაში შეიტანა. როგორც ადვოკატმა გვითხრა, აღნიშნულ საქმეზე სს საქმე აღძრულია და დევნილები დაიკითხნენ კიდეც, თუმცა, საქმის ძიებიდან გამომიდნარე, კონკრეტული ინფორმაციისგან თავი შეიკავა.

ზემოთჩამოთვლილ უწყებებს შემდეგი ხასიათის კითხვებით მივმართეთ: დევნილებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადასაცემი ბინების ნაცვლად თანხის გამოძალვის ფაქტზე აღძრულია თუ არა სს საქმე აძღრული; არსებობს თუ არა დაზარალებულ დევნილთა საჩივრები; საქმეებში ფიგურირებს თუ არა დავარი კვარაცხელია; არის თუ არა ვინმე დაკავებული და ფლობენ თუ არა ზემოთჩამოთვლილი უწყებები მსგავს კორუფციულ გარიგებებზე კონკრეტულ ინფორმაციას.

აღნიშნული ინფორმაცია ძალოვანმა უწყებებმაც თავდაპირველად არ დაგვიდასტურეს. მაგალითად, შსს-ში გვითხრეს, რომ მსგავს საქმეებზე საქმე არ იყო აღძრული. მოგვიანებით, კი როცა კონკრეტულო ფაქტი დავუსახელეთ, დევნილთა საჩივარი რომელ განყოფილებაში იყო შესული და ვინ იყო გამომძიებელი, გვითხრეს, რომ გაარკვევდნენ. კიდევ უფრო მიგვიანებით კი დაგვიდასტურეს, რომ ძიება მიმდინარეობას.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: "დევნილთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გადმოაგზავნა მასალები საგამოძიებო სამსახურში და თქვენ მიერ ნახსენებ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაზარალებულთა რაოდენობას, დანაშაულის ნიშნებსა და სავარაუდო დამნაშავეებზე ჯერ-ჯერობით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით ".

მთავარი პროკუატურის პასუხი კი შემდეგია: "ამ საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ფინანსურ პოლიციაში და შსს-ში."
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ მსგავს კორუფციულ გარიგებებზე დევნილები საუბრობენ, თუმცა, ოფიციალური განცხადებით სამინისტროსთვის არ მიუმართავთ: "კორუფციული გარიგებების შესახებ შიდა აუდიტის დეპარტამენტამდე არც ერთი საჩივარი არ მოსულა... ჩვენი ხელისუფლების პირობებში 10 000 დოლარიანი კომპენსაციებიარ გაცემულა. 2008 წლის დაზარალებულების საქმე შესწავლილ იქნა აუდიტის მიერ და იქ აღმოჩენილი სისხლის სამმართლის ნიშნების გამო გადაიგზავნა მთავარ პროკურატურაში, რაზეც სისხლის სამმართლის საქმე 182 მუხლით აღიძრა და საქმეს ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს... ტაშკენტის ქუჩაზე არსებული ობიექტის შესახებ საჩივარი შიდა აუდიტის დეპარტამენტში არ შემოსულა, თუმცა, იქ მაცხოვრებელი პირების მიერ საჩივარი პროკურატურაში გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით იქნა შეტანილი..." 
დევნილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია კი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ დევნილთა სამინისტროს პროკურატურაში არაერთი განცხადება აქვს გადაგზავნილი.
მურად აბლოთია: "დევნილმა ბინისთვის ფულის გადახდის შესახებ განცხადება რომ დაწერა, ეს მაშინვე პროკურატურაში გადაიგზავნა. სამინისტროს 14 საქმე აქვს გადაგზავნილი პროკურატურაში და მათ შორის ერთ-ერთი არის ეს საქმე. საქმეების ნაწილზე საქმე აღიძრა, ყველაზე - არა. ოფიციალური ინფრორმაცია, დაკავებულია თუ არა ვინმე, არ მაქვს." 
ჟურნალისტი: ფლობთ თუ არა ინფორმაციას დავარი კვარაცხელიაზე, რომელიც, დევნილების განცხადებით, დევნილებისთვის განკუთვნილ ბინებს ყიდდა?

მურად აბლოთია: დავარი კვარაცხელიაზე იყო შემოსული საჩივარი, რომელიც გადაიგზავნა პროკურატურაში. დევნილები ადებდნენ მას ხელს, რომ თანხები გამოართვა ბინის სანაცვლოდ.

ჟურნალისტი: დავარი კვარაცხელიას დევნილთა სამინისტროსთან ჰქონდა რამე კავშირი?

მურად აბლოთია: ის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი იყო. ხშირად დადიოდა სამინისტროში, ყველა ნახულობდა, მოძრაობდა. მისი შვილი იყო ერთხელ ჩემთან მოსული ბინის სათხოვნელად. მინისტრთან მიღებაზე დევნილები კი ამბობდნენ, რომ მათ 10 000-იდან წილს ართმევდნენ, მაგრამ მერე არცერთი არ წერდა განცხადებას." 
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიღებულ პასუხებს, აღნიშნულ უწყებაში მოგვიანებით დაგვიდასტურეს, რომ დევნილებისთვის სახელმწიფოს მხრიდან უსასყიდლოდ გადასაცემი ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით აძრულია სს საქმე. 

"2013 წლის 15 თებერვალს ვაკე საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ შსს-ს გადმოუგზავნა, ერთ-ერთი დაზარალებულის განცხადება, შემდგომი შესწავლის მიზნით. შსს-ს მიერ მოპოვებული მასალებიდან გამომდინარე 2013 წლის 17 აპრილს ზედამხედველმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიება დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ). გასაუბრების ოქმებიდან და ნოტარიული ხელშეკულებებიდან გამოიკვეთა რომ თანხა აჭარბებდა 100 000, ამის გათვალისწინებით საქმე მალევე გადაკვალიფიცირდა 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე" - ვკითხულობთ შსს-ს პასუხში.

შსს დავარი კვარაცხელიას, რომელიც თავადაც დევნილია, დაკავების ფაქტსაც გვიდასტურებს: "2013 წლის 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, დავარ კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დააკავეს. (განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე."

როგორც სამინისტროში გვითხრეს, ამ საქმეზე ასევე დაკითხულია ბესიკ წერედიანი, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე იყო. დავარი კვარაცხელიას მხრიდან დევნილებისთვის გამოძალული თანხის ოდენობა კი 100 000 დოლარს აღწევს.

აღნიშნულ საკითხზე ბესიკ წერედიანსაც დავუკავშირდით, მისი თქმით, ის იცნობს დავარი კვარაცხელიას, როგორც დევნილს, რომელიც სამინისტროში სხვადასხვა პრობლემებზე მასთან დადიოდა მიღებებზე: "კვარაცხელია სამინისტროში სხვადასხვა პრობლემებზე დადიოდა. უბინაობას ჩიოდა და ბინას ითხოვდა, შვილები მიკვდებაო მშიერი. მაგის თაღლითობის შესახებ რომ მცოდნოდ, როგორ ფიქრობ, ახლოს გავიკარებდი?" - ამბობს წერედიანი.

ისევ შსს: "შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა 2013 წლის 31 დეკემბერს, დავარ კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დააკავეს. (განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება). დავარ კვარაცხელია ვითომდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი, უთანხმდებოდა მოქალაქეებს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მათ როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს სამინისტრო გადასცემდა ახლადგარემონტებულ საცხობრებელ ბინებს. თანხის მიღების შემდეგ დავარ კვარაცხელია არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და წყვეტდა მათთან კავშირს. აღნიშნული ქმედებებით დავარ კვარაცხელიას თაღლითური გზით დაუფლებული აქვს 525.000 აშშ დოლარი რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს დაახლოებით 866.250 ლარს. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 33 დევნილი პირი."

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საქმეზე აღძრულია სს საქმე და მიმდინარეობს ძიება, ძალოვანი უწყებები სხვა, დამატებით ინფორმაციას არ იძლევიან. დაზარალებული დევნილები სასამართლოს მოლოდინში არიან, რომ სასამართლო დევნილ კვარაცხელია, რომელმაც დავნილებს თანხა გამოსძალა, უკან დააბრუნებინებენ. დევნილებს იმისი მოლოდინიც აქვთ, რომ გამოძიება იმ პირთა წრესაც გამოაშკარავებს, ვინც სამინისტროდან კვარაცხელიას ზურგს უმაგრებდა. მათივე თქმით, სხვანაირად შეუძლებელია კვარაცხელიაც ყველა საცხოვრებლის გასაღები და ნახაზი ჰქონოდა. დევნილები იმასაც ამბობენ, რომ კვარაცხელიას სხვა დევნილებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, რომლებმაც თანხა გადაიხადეს და ბინები მიიღეს კიდეც, მაგრამ რადგან ისინი ბინებით უზრუნველყოფილნი, არიან, პრეტენზიები არ აქვთ.

როგორც დევნილები აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან რეაბილიტირებული, დევნილებისთვის გადასაცემი ბინები არამხოლოდ ტაშკენტის ქუჩაზე, არამედ, თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე იყიდებოდა. მაგალითად, ქერჩის #6-ში. აღნიშნულს დევნილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთიაც ადასტურებს. მისი თქმით: "საუბარია სხვადასხვა ადგილზე ბინის განაწილებაზე. სია იყო გაკეთებული, კვარაცხელია სხვადასხვა ადგილზე პირდებოდა დევნილებს ბინას. როგორც ვიცი, დაახლოებით 70-კაციანი სია იყო".

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ინფორმაცია იმის შესახებაც გამოვითხოვეთ, თუ რა დაუჯდა სამინისტროს ტაშკენტის ქუჩა #7-ში ბინების რეაბილიტაცია. სამინისტროს ინფორმაციით 2011 წელს შპს "გრეისმოდუსმა" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისთვის სამინისტროსგან 18,510.00 ლარი მიიღო. ამავე წელს, შპს "მონოლითმშენს" სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი 255,000.00 და 171,100.00 ლარი გადაერიცხათ. მთლიანობაში კი ტაშკენტისქ. #7 სამშენებლო სამუშაოებისთვის #5085/22 29.08.2011 წლის კონტრაქტით დევნილთა სამინისტროს მხრიდან გადარიცხულია 448,535.15 ლარი.

ტაშკენტის ქუჩა #7-ში, ყოფილი "საქნავთობის" შენობაში, დღეს შეჭრილები ცხოვრობენ. ამ ობიექტზე შეჭრა 2012 წლის 3 ოქტომბერს მოხდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სხვადასხვა ობიექტებში შეჭრა და მათი თვითნებური დაკავება მაშინ მასიურად ხდებოდა. დაკავეული შენობების ნაწილი დაიცალა, ნაწილში კი დევნილები და სოციალურად დაუცველები დღემდე რჩებიან. მათ შორის ტაშკენტის #7-ში. ამ შენობაში თვითნებურად მაცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ. "ჩვენ ამ შენობაში იმიტომ შემოვედით, რომ 20 წლის მანძილე სახელმწოფო გვატყუებდა. მათგან არანაირი დახმარება არ მიოგვიღია. ხან სად ვცხოვრობდით და ხან სად. აქ ყველა გაჭირვებული და უსახლკაროა. ეს შენობა რომ გაარემონტა დევნილთა სამინისტრომ, რატომ არ შეუშვა დევნილები საცხოვრებლად. 1 წელი ჰქონდათ გარემონტებული და დაკეტილი და სამინისტროს დაცვა იცავდა. იცით რატომ? იმიტომ, რომ ეს თავიანთთვის უნდოდათ, თავიანთი ხალხი ყავდათ და კაპიკებში აძლევდნენ ბინებს, ყიდიდნენ. ეს რომ გავიგეთ, შემოვედით და ვცხოვრობთ. სამინისტროც მოგებული იყო, ფულს შოულობდა და ის ხალხიც მოგებული იყო, ვინც ფულს იხდიდა, რადგან 5 და 7 000-ად ვერანაირ ბინას ვერ იყიდი თბილისში. ჩვენ რომ გვქონოდა საშუალება, ჩვენს გადავიხდიდით და გვექნებოდა ბინა" - აცხადებს ტაშკენტის #7-ში მცხოვრები ქალბატონი ნანა, რომელსაც ამ შენობის სხვა მობინადრეებიც ეთანხმებიან.

დევნილთა სამინიტროს მაშინდელი ოფიციალური განცხადებები და არსებული დოკუმენტაცია ერთმანეთისგან რადიკალურად არის განსხვავებული. დევნილთა მაშინდელი მინისტრის დალი ხომერიკის პირველი მოადგილე გიორგი ჟღენტი ტაშკენტის #7-თან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებში ამბობს, რომ ეს შენობა დევნილთა სამინისტროს არ ეკუთვნის, ის ეკონომიკის სამინისტროს შენობაა და იქ დევნილთა შესახლება არც იგეგმება.

ანალოგიური შინაარსის ოფიციალურ განცხადებას აკეთებდა მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილიც: "ეს არ არის დევნილთა და განსახლების სამინისტროს შენობა, შესაბამისად, დევნილები აქ ვერ იცხოვრებენ. ის არ არის დევნილთა განსახლების ობიექტი."

არადა, საინტერესოა დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის დასახელება, სადაც შავით თეთრზე წერია: "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართების, სარემონტო -სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ: ქ.თბილისში ტაშკენტის ქუჩის შესახვევი #7 არსებული ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია საცხოვრებელ სახლად დევნილთათვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვა" - 2011 წელი.

ამავე სატენდერო დოკუმენტის მიხედვით: "სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შადგენა 653969,70 ლარს".

დოკუმენტს ასევე ერთვის შენობის 6 ნახაზი. როგორი იყო და როგორი უნდა გამხადიყო ის, როგორ გადაკეტებულიყო საცხოვრებელ ბინებად. 

ტაშკენტის ქუჩა #7, რომელიც დევნილთა სამინისტროს თანხებით გარემონტდა, დევნილთა სამინისტროს დაცვა იცავდა. მართალია, ამ შენობის რეაბილიტაციისთვის დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან 448,535.15 ლარი დაიხარჯა, მაგრამ, როგორც გავარკვიეთ, ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული შენობა დევნილთა სამინისტროსთვის არ გადაუცია დევნილთა განსახლებისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან კი დევნილთა სამინისტროსთვის სხვადასხვა შენობის გადაცემის პროცედურების შესახებ დევნილთა მინისტროს ყოფილი მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი საუბრობს. "დევნილთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეთანხმება მზადდებოდა, დევნილთა სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს სთხოვდა დევნილების განსასახლებლად შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით გადაეცა ის შენობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთვის პრიორიტეტული არ იყო. თანხმობა ხან იყო, ხან - არა. თანხმობის შემთხვევაში კი იწყებოდა მისი რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი ის უბინაო დევნილ ოჯახებს გადაეცემოდა " - გვითხრა კოპალეიშვილმა.

იგივეს ამბობს დევნილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის თავმჯდომარე მურად აბლოთია: "წერილს ვუგზავნით ეკონომიკის სამინისტროს ობიექტების დასახელებით და ვთხოვთ გადმოგვცეს სარეაბილიტაციოდ დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის. არის პასუხები, რომ თანახმა არიან და მიზანშეწონილად მიაჩნიათ ამ შენობის გადმოცემა ან არ არიან თანახმა და მიზანმშეუწონლად მიაჩნიათ მისი გადმოცემა. თანხმობის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ცხადდება ტენდერი და იწყება შენობის რეაბილიტაცია."

დევნილთა სამინისტროს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რისთვის დაიხარჯა 448,535.15 ლარი სამინისტროს ბიუჯეტიდან, თუ ეს შენობა დევნილებს არ გადაეცემოდათ გრძლვადიანი განსახლებისთვის.

როგორც დევნილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია აცხადებს: "ეს ობიექტი ჩვენი არ არის, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. ჩვენთვის არ გადმოუციათ. საერთოდ, სამინისტროს თანხებით რატომ გარემონტდა ისიც არ ვიცი. ეს შენობა ჩვენთვის რომ გადმოეცათ, გამოვათავისუფლებდით და დევნილებს შევთავაზებდით. ამ შენობაზე პროკურატურას საქმე აქვს აღძრული."

კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ იურისტებასც. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე (აქტიურად არის ჩართული დევნილთა საკითხებში, დევნილთა კანონმდებლობის შემუშავებაში) აცხადებს: "კარგი იქნება, დოკუმენტები ინახოს. საინტერესოა, რის საფუძველზე ჩატარდა რეაბილიტაცია. ყველა სამინისტროს აქვს თავისი ბიუჯეტი და ასე არ შეიძლება ხარჯვა. მიჭირს შეფასება."

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი ძალოვანი უწყებები ამ ეტაპისთვის დამატებით ინფორმაციას არ იძლევიან.

რაც შეეხება კომპანია "მონოლითმშენს" რომელმაც დევნილთა სამინისტროს დაკვეთით ტაშკენტის #7-ის რეაბილიტაცია მოხდინა, მის შესახებ ერთ საინტერესო ინფორმაციასაც მივაგენით. ის 14.09.2011 წლიდან ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში ფიქსირდებოდა. 2012 წლის 14 სექტემბერს კი შავი სიიდან ამოყვანილია. 2012 წლის 7 თებერვალს კომპანია ერთის წლით ისევ მოხვდა შავ სიაში. 2011-2012 წლებში კომპანია რამდენჯერმე მოხვდა შავ სიაში.

მთავარი კითხვა, რომელსაც პროკურატურამ უნდა გასცეს, სწორედ ეს არის - რისთვის დაიხარჯა დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი? რისთვის გარემონტდა ტაშკენტის #7 თუ ის დევნილებისთვის არ იყო განკუთვნილი? რატომ გამოაცხადა ტენდერი დევნილთა სამინისტრომ მაშინ, როცა ოფიციალურ განცხადებებში ამბობდა, რომ ეს შენობა დევნილების საცხოვრებლად არ არის განკუთვნილი? ვისთვის იყო ეს შენობა განკუთვნილი და ხდებოდა თუ არა ტაშკენტის #7-ში ბინებით ვაჭრობა? 

-------------------------------------------
სახალხო დამცველის მკაცრი შფასება

-------------------------------------------

დევნილთა თემატიკა, მათი მდგომარეობა, პირობები და უფლებები მუდმივად ერთ-ერთი მწვავე საკითხია სახლახო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში. უჩა ნანუაშვილი ამჯერადაც მძიმედ აფასებს დევნილთა მდგომარეობას და ამბობს, რომ დევნილთა უდიდესი ნაწილი დღემდე მძიმე პირობებში ცხოვრობს.

"დღემდე რჩება ისეთი კოლექტიური ცენტრები, რომლებიც არა თუ საცხოვრებელ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებენ, იქ ცხოვრებაც კი საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. მნიშვნელოვან პრობლემაა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც დევნილთა ოჯახების დიდი ნაწილი იმყოფება. იმერეთის რეგიონში არსებობს რამდენიმე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოლექტიური ცენტრი, უმძიმესი საცხოვრებელი პირობებით. თუმცა, ამ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილებს მიენიჭათ საკმაოდ დაბალი ქულები, რის გამოც ახალ რეაბილიტირებულ ობიექტში ვერ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით.

საცხოვრებელი ფართების გარეშე არისნ დანგრევის პირას მყოფ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები. მაგალითად: სამტრედიაში ე.წ. „ყოფილი პოლიკლინიკის შენობა," „სამშენებლო კანტორა," „გეოლოგების ბინა." წყალტუბოში, რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა შესახლებისას აღმოჩნდა, რომ 
წყალტუბოში არსებობს რამდენიმე ავარიული შენობა: სანატორიუმები „მეგობრობა" და „იმერეთი" (ამ შენობების მდგომარეობაზე 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც იყო 
საუბარი), თუმცა, არც ამ ავარიულ შენობებში მაცხოვრებელ დევნილებს მიანიჭეს 
უპირატესობა და ნაწილი არ დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართით... 
ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში მდებარე „პროფსასწავლებლის შენობაში," 
რომელშიც 70-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, უხარისხოდ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ძლიერი წვიმის დროს, მცირეწლოვანი ბავშვები მშობლებს დასაძინებლად გადაჰყავთ ახლობლებთან, ვინაიდან თითქმის ყველა ოთახში ჩამოდის წყალი. სახურავიდან ჩამოსული წყალი იწვევს ნესტს, რის გამოც კედლებიდან ცვივა ბათქაში. მოუწესრიგებელია ელექტრო სადენები. საპირფარეშოებსა და საშხაპეებში აყრილია ფილები. არ არის საკანალიზაციო ჭა და მილებიდან წყალი პირდაპირ სარდაფებში ჩაედინება, რის გამოც, სარდაფები მთლიანად წყლით არის სავსე... დევნილები იმავე პირობებში ცხოვრობენ.

უმძიმეს მდგომარეობაშია თბილისში დადიანის ქ. №2 შპს „კვარი" და ჟორესის ქ. №13 
მდებარე შენობები. ობიექტები ფაქტობრივად დანგრევის პირასაა. ამ ობიექტებში მცხოვრები დევნილები სასწრაფოდ საჭიროებენ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას, თუმცა არც ამ შემთხვევაში არ არის ცნობილი როდის იგეგმება მათი განსახლება.

მძიმე მდგომარეობაა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მდებარე გამგეობის შენობაში, რომელშიც 10 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა, რაც ქმნის ანტისანიტარიას. შენობაში ცხოვრობენ შშმ პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება. ჩამოშლილია კედლები, ჭერი, აყრილია პარკეტი. ჭერიდან ჩამოცვენილი ბათქაში საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები დევნილების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობას."