შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მცხეთაში მოსწავლეებს შეხვდნენ

შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მცხეთაში მოსწავლეებს შეხვდნენ

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი, მისი მოადგილეები და მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსი, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მცხეთის 1-ლი საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს სამინისტროს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს და მის მიზანსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ საფრთხეებზე, რასაც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ მოზარდების აზრი მოისმინეს, მათ შეკითხვებს უპასუხეს და მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო საგანმანათლებლო ვიდეორგოლები აჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან, თუ რა მძიმე შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის მეშვეობით მოზარდებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს, ხოლო აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღეს ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია, რომლის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, 24 მარტს დაიწყო. კამპანია ე.წ. ბიონარკოტიკების გამოყენების პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართა.