ქუთაისი მსოფლიოს უძველესი იმ ქალაქების ათეულში მოხვდა, სადაც ხალხი დღემდე ცხოვრობს. ამის შესახებ ცნობას ერთ-ერთი უცხოური გამომცემლობა (listverse.com) აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე დაარსდა. კერძოდ, ქალაქი საქართველოს დასავლეთით მდებარეობს, იგი უძველესი სახელმწიფოს გული და დედაქალაქი იყო. თავად საქართველო კი არგონავტების მოგზაურობასა და მედეასთან არის ასოცირებული.
რაც შეეხება სხვა უძველეს ქალაქებს, მათ შორისაა, პალესტინის ქალაქი იერიქონი. ესაა მსოფლიოში უძველესი ქალაქი, რომელიც მკვდარი ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ქალაქი ქრისტეს შობამდე 9 ათასი წლით ადრე შეიქმნა. იერიქონი რამდენიმეჯერ მტრის მიერ სრულად განადგურდა, თუმცა, მოსახლეობამ მისი აღდგენა მაინც შეძლო. ქალაქი ულამაზესი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.
სხვათა შორის, იერიქონის შესახებ ამავე მონაცემებს ამოიკითხავთ ვიკიპედიაშიც, სადაც ნათლად წერია, რომ აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ამ ტერიტორიაზე მუდმივი დასახლება კი 8000-7000 წლის წინ ჩნდება.
უძველეს ქალაქთა შორისაა ბიბლოსი - ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 6 ათასი წლით ადრე დაარსდა. ქალაქი გამორჩეული იყო იმ დროისათვის შესაბამისი მეთოდებით წარმოებული მედიკამენტებით, რომლითაც მიმდებარედ არსებული ქალაქებიც სარგებლობდნენ.
ასევე, უძველესი ქალაქია ბერძნული არგოსი, ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 5 ათასი წლით ადრე დაარსდა. არგოსი შესაძლოა, ევროპაში ყველაზე ძველი ქალაქიცაა. ამ ქალაქმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ბერძნული მითოლოგიის შექმნაში.
დღემდე შემორჩენილ ძველ ქალაქთა რიცხვშია სიდონიც, ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 3 ათასი წლით ადრე დაარსდა. იგი დაარსებიდან დღემდე ერთგვარი პორტის ფუნქციას ითავსებდა. სიდონი ჰომეროსის ნაწარმოებშიც რამდენჯერმეა ნახსენები.
სიაში მოხვდა, ასევე ჩინეთის და სხვა ქვეყნების უძველესი ქალაქები. ყველა ამ ქალაქს აერთიანებს ის, რომ ისინი დღემდე დასახლებულ პუნქტებად გვევლინებიან.
რაც შეეხება ქუთაისს, იგი ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811წელს, თუმცა უფრო ადრეულ პერიოდში (730 წ, 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიებოდა საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე საკამათოა, ისევე, როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, რაც სამეცნიერო ჰიპოთეზის საგანია. მის შესახებ წყაროთა მონაცემები მწირია, თუმცა ისტორიკოს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (მე-19 საუკუნე) ცნობით, „ამბობენ, ვითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან, ქვა-მთა-ისი (ე.ი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა უწოდებენ აწ ქუთაისს“.
ქუთაისის წინამორბედი ქალაქი, აია-კოლხეთის დედაქალაქი კოტაისი (კუტაია) პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის, უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ (ძვ. წ. აღ. მესამე საუკუნე), რომელიც ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემაა. ანტიკური ავტორები ქუთაისს თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. მე-8 საუკუნის) დედაქალაქად.
Listverse.com-ზე მოხვედრილ ინფორმაციას ისტორიკოსი, აკადემიკოსი გიორგი ოთხმეზური საეჭვოდ მიიჩნევს. მისი თქმით, მართალია, აიეტი კუტაიელი იყო, მაგრამ ის, რომ ქუთაისი ქრისტეს შობამდე 1400 წელს დაარსდა, მეტ დასაბუთებას მოითხოვს.
„ბერძნულ მითოლოგიაში არის ასეთი რამ, რომ აიეტი კუტაიდან იყო, მაგრამ ეს გვიანდელი ჩანაწერია და ზუსტად ამის დადასტურება საეჭვოა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში გიორგი ოთხმეზური, რომლის თქმითაც, ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირია. მითოლოგიური წყაროებით ინტერპრეტირება სრულიად განსხვავებულია, ასპროცენტიანი დადასტურებული ცნობები კი, სამწუხაროდ, არ არსებობს.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თედო დუნდუა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. აღ. მესამე საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი - კუტაია (ქუთაისი). ცხადია, აპოლონიოს როდოსელს უამრავი თანადროული ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა უფრო რაციონალურია იმ მეცნიერთა მოსაზრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კუტაიას თემა შემოსულია ზუსტად ძვ. წ. აღ-ის მესამე საუკუნიდან.
„მაინც ძველი ქალაქია კუტაია. ისტორიკოსებმა ამ ქალაქის კვლევა უნდა დაიწყონ ძვ.წ-აღ-ის მესამე საუკუნიდან, უფრო ადრეული ხანა არა მგონია. უცხოურ გამომცემლობაში დაბეჭდილი ეს სია კი რეალობისგან შორსაა. საქალაქო ცხოვრება პირველად შეიქმნა ეგვიპტეში ძვ.წ-აღ-ის მეოთხე ათასწლეულში. ამ სიაში არ ფიგურირებს თებე - ძველი ეგვიპტის ქალაქი, ასევე, არ ფიგურირებს მემფისი - ანტიკური ქალაქი ძველ ეგვიპტეში, ბაბილონი - მესოპოტამიის დედაქალაქი, ნინევია - ასურეთის დედაქალაქი, უამრავი სხვა ქალაქი, ქალაქები ინდოეთსა და ჩინეთში, სადაც ადრეული სახელმწიფოები იყო“, - აცხადებს თედო დუნდუა. თუმცა ისტორიკოსისგან განსხვავებით, ამ გამოცემის ავტორები მხოლოდ იმ ქალაქებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებშიც ცხოვრება დღემდე დუღს.