სულისშემძვრელი ისტორია ოჯახზე, სადაც მამამ ქალიშვილის სიცოცხლისთვის თავი მოიკლა

სულისშემძვრელი ისტორია ოჯახზე, სადაც მამამ ქალიშვილის სიცოცხლისთვის თავი მოიკლა

"მამიკომ მითხრა, შვილო, ჩემს გასვენებაში შემოსული ფულით ოპერაცია გაიკეთე, სხვა გზა აღარ დაგვრჩაო. ნუ გეშინია, მამიკო, დაგვეხმარებიან-მეთქი, ვუთხარი და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა, მეფერებოდა. მეტი არაფერი უთქვამს. მერე გაიღიმა, საუბარი იუმორში გადაიტანა... მეორე დღეს მამიკომ თავი ჩამოიხრჩო. ახლა ოპერაციაც გამიკეთეს, ხელიც აღარ მტკივა, მაგრამ ჩემი მამიკო აღარ მყავს. მამიკო, ძალიან, ძალიან მიყვარდა", - მითხრა 13 წლის ირინა ქარჩხაძემ, რომელიც ტრაგედიის შემდეგ უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაშია.

სულისშემძვრელია ვანის რაიონის სოფელ ქვემო გორაში, ქარჩხაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია. 42 წლის მამაკაცმა თავი იმიტომ მოიკლა, რომ ქალიშვილის საოპერაციო თანხა, 2.100 ლარი ვერ იშოვა(!).
მერაბ ქარჩხაძე, მისი მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი ძალიან ღარიბულად, პატარა ქოხში ცხოვრობდნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ სადაზღვევო კომპანია ჯი-პი-აიში 100%-იანი სადაზღვევო პაკეტიც ჰქონდათ, მაგრამ გოგონას ოპერაციის დაფინანსება მაინც შეფერხდა. ვიღაცების დაუდევრობას კი უმძიმესი შედეგი მოჰყვა. იმედია, დეტალებს შესაბამისი სტრუქტურები გამოიძიებენ და, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ქარჩხაძეების ოჯახში ამით არაფერი შეიცვლება, მათ ოჯახის უფროსი დაკარგეს.

ლია ხურციძე, მერაბ ქარჩხაძის მეუღლე: - ღარიბები ვართ. ჩვენს სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. პატარა ქოხი გვიდგას, სიდუხჭირეში ვიყავით, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით გაგვქონდა ცხოვრება. ერთადერთი შვილი გვყავს, მისთვის ყველაფერს ვაკეთებდით. 18 მარტს ბავშვი ამხანაგის დაბადების დღეზე წავიდა. იქ ცეკვის დროს დაეცა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. იმ დღეს ექიმთან ვერ წავიყვანეთ, რადგან ფული არ გვქონდა. მეზობლებში ვისესხეთ და მეორე დღეს ჩემი მეუღლის ძმაკაცის მანქანით ბავშვი ქუთაისში, რკინიგზის საავადმყოფოში მივიყვანეთ. იქიდან ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, წყალტუბოს გადასახვევთან გაგვგზავნეს. ექიმ ირაკლი რობაქიძესთან მივედით. არც კი გაუსინჯავს ბავშვი, ისე გამოვედით მისი კაბინეტიდან, სკამიდანაც არ წამომდგარა.

ირინას მხოლოდ ეს ჰკითხა, გტკივაო? მტკივაო, უთხრა. შენ რომ ძლიერ გტკიოდეს, ასე ვერ გაჩერდებოდი, იტირებდიო, იყო მისი პასუხი. მაინცდამაინც უნდა ეკივლა ბავშვს? იქვე დასძინა, ბავშვებს იმდენად არ აფინანსებენ, მაგრამ მაინც მიიტანეთ ანგარიშფაქტურა, არა მგონია დაგიფინანსონ, უფრო ასაკოვანებს აფინანსებენო. ისე გამოგვიშვა, ტკივილგამაყუჩებელიც არ გაუკეთებია. მხოლოდ ის გვითხრა, ბავშვი საოპერაციოაო, ფორმა #100 დაგვიწერა, ჩაწერა, ოპერაცია 5 დღის შემდეგო. ეს 2.100 ლარი ჯდებოდა, არადა, ბავშვი სასწრაფოდ საოპერაციო იყო. საშინელი ტკივილი ჰქონდა. ქუთაისში ჯი-პი-აიში რომ მივედით, იქიდან ვანში გაგვგზავნეს, იქ ჩააბარეთო. 3 დღე ბავშვი სახლში ძლიერი ტკივილით გვყავდა, ვერაფერს ვშველოდით. სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში დააპირეს ბავშვის გადაყვანა. ცხელ ხაზზე დარეკეს და პასუხად მიიღეს, არ გადაიყვანოთ, 10 დღე დაელოდონ პასუხს სადაზღვევოდან, თუ 10 დღეში არ დაერიცხათ თანხა, მაშინ 15 აპრილამდე მოუწევთ ლოდინიო. ეს რომ ჩემმა მეუღლემ გაიგო, განერვიულდა, ამდენი ხანი შვილის ტანჯვას
უნდა ვუყუროო? ადგილს ვერ პოულობდა, ისე განიცდიდა. ბავშვს ეფერებოდა, ამხნევებდა, მამიკო, ნუ გეშინია, გამოსავალს ვიპოვიო. ცხელ ხაზზე მუდმივად ვრეკავდით. როცა ნახა, სადაზღვევოს იმედი აღარ იყო, თანხის მოძიება ნათესავებთან დაიწყო. ერთადერთი შვილი გვყავდა, ისე უყვარდა, თავს შეაკლავდა ვიღაცას ირინას გამო. ავაწრიალეთ მთელი სანათესავო, მაგრამ უშედეგოდ.

- არავინ დაგეხმარათ?
- ჩემი მეუღლის სიძე, ძმა, ბიძაშვილები, ყველანი მოსკოვში არიან. ყველას დაურეკა და უთხრა ჩვენი გასაჭირი, მაგრამ უარი მიიღო. ეს გზაც რომ ამოეწურა, განადგურდა კაცი. თქვა, არც დაზღვევის იმედი მაქვს, არც ჩემი ახლობლებისო, მაგრამ შენ ნუ გეშინია, შვილო, გამოსავალს ვიპოვი, თავს მოვიკლავ და ჩემი გასვენების ფულით შენ ოპერაცია გაიკეთეო, უთხრა შვილს და გულში ჩაიკრა. ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. მერე ეტყობა იფიქრა, არ მიმიხვდნენ რამესო და გაიცინა. მეგონა, ხუმრობდა და... 21 მარტს ჩემმა საწყალმა მეუღლემ თავი მოიკლა.

- იმ დღეს არაფერი შეგინიშნავთ?
- პირიქით, უფრო დამშვიდებული მეჩვენა. მეზობელთან სამი ჭიქა ღვინო დალია. მეზობელმა თავისთან წაიყვანა ირინა, რომ მოსაღამოვდა, მერაბმა მითხრა, წადი, ბავშვი მოიყვანეო. ისე, ნუ იჩქარებ, ცოტა ხანი შენც დარჩი და მერე ერთად წამოდითო. არც ამ სიტყვებისთვის მიმიქცევია ყურადღება. წავედი და მერაბი მარტო დავტოვე. ბავშვი იქ არ დამხვდა, სხვასთან წასულან, ამიტომ 20 წუთი გზაში დამჭირდა. მარტო მოვდიოდი სიბნელეში, ჭიშკართან რომ მოვედი, ტალავერში ადამიანის სილუეტი შევნიშნე. შემეშინდა, ეზოში შესვლა ვერ შევბედე და ისევ უკან, მეზობელთან დავბრუნდი. ვთხოვე, გამომყოლოდნენ. მეზობლის ქალსაც შეეშინდა, მამამთილს სთხოვა და სამივენი წამოვედით. მეზობელი მამაკაცი წინ მიდიოდა, ხელში ფარანი ეჭირა, რომ მიანათა, მაშინ ვნახეთ ეს საშინელება. ჩემი საწყალი მეუღლე თოკით იყო ჩამოკიდებული ტალავერზე. მაშინვე ჩამოვხსენით, ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარეთ, მაგრამ სული აღარ ედგა...

მამა-შვილს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. მისი სიკვდილის შემდეგ ნათესავებს შერცხვათ, ამბობენ, დავეხმარებოდით, მაგრამ უცებ ფული არ გვქონდაო(?!). სინამდვილეში ასე არ იყო, იმედიც არავინ მისცა, დედმამიშვილმაც კი. ჩვენი მარჩენალი მერაბი იყო, უმისოდ რა გვეშველება, არ ვიცი. 10 წელია ამ ქოხში ვცხოვრობთ. ადრე მისი მშობლების სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ გვაიძულეს, იქიდან წამოსვლა. რძლებსა და ძმებს სულ ჩხუბი გვქონდა. ჩემს მეუღლეს დედა გარდაცვლილი ჰყავს. მამამისი ლოგინად არის ჩავარდნილი, შვილის სიკვდილი არც იცის.