"ჩვენი ღონისძიების - "არა კოლაბორაციონიზმს" ადრესატი ხელისუფლება ნამდვილად არ არის - მთავარი მიზანია, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად გასცენ პასუხი იმ მარგინალურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ საქართველო შეათრიონ ევრაზიულ კავშირში. ხელისუფლებას ვთხოვთ, გამოიყენოს კანონით მინიჭებული შესაძლებლობები, რათა არ მივიღოთ ის შედეგი, რაც მიიღო უკრაინამ ყირიმში და რაც ხდება დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში. ორი წლის წინ უკრაინელი პოლიტელიტისთვის რომ გეკითხათ იმ ჯგუფებზე, რომლებიც ყირიმში მოქმედებდნენ, გეტყოდნენ, ერთი ციცქნა მარგინალური ჯგუფებია და საფრთხეს ვერ ვხედავთო. თუმცა, დღეს ამ ჯგუფების მოქმედების შედეგი ნათელია", - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გრიგოლ ვაშაძე: "უელსის სამიტზე მაპ-ს ვერ მივიღებთ" / თუ დასავლეთი საუდის არაბეთსა და კატარს მოელაპარაკება, რომ გახსნან ნავთობისა და გაზის ონკანები, რუსეთის ეკონომიკისგან არაფერი დარჩება".
"რუსეთის მოქმედების სცენარები ზუსტად პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან. რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ფართო სპექტრისაა, დაწყებული საგარეო-პოლიტიკური პრობლემებით და დამთავრებული სამხედრო ინტერვენციით. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან რუსეთი საბოლოოდ გავიდა საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდან. ტყუილია, რომ დასავლეთს რუსეთის საპასუხოდ ბერკეტები არა აქვს. მაგრამ დასავლეთს არ სურს რუსეთთან კონფრონტაციაზე პასუხისმგებლობა ისე აიღოს, თუ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების ყველა საშუალება არ ამოწურა. რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, თუ რუსული ავიაკომპანიების ფრენა აიკრძალება ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში. ასევე თუ დასავლეთი საუდის არაბეთსა და კატარს მოელაპარაკება, რომ გახსნან ნავთობისა და გაზის ონკანები, რუსეთის ეკონომიკისგან არაფერი დარჩება, თუმცა სანქციების ამოქმედებას, შედეგების გათვლას დრო უნდა. 1991 წლიდან მოყოლებული დასავლეთის რამდენიმე ილუზია დაიმსხვრა, მათ შორის ერთ-ერთი ისიც იყო, რომ შესაძლებლად მიიჩნიეს, რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინსტინქტების გამოცვლა და ამ ქვეყნის დემოკრატიულ თანამეგობრობაში ჩართვა. ეს ილუზია დაიმსხვრა 2008 წელს და საბოლოოდ ეს მსხვრევა გაფორმდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრით. 2008 წლის ომი დასავლური სადაზვერვო თემისთვის შოკი იყო, თუმცა, მაშინ რუსეთისთვის სერიოზული სანქციები რომ აემოქმედებინათ, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში ეს არ მოხდებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გრიგოლ ვაშაძე.
"ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის გარდა, წინ ვერაფერი დაუდგება. ჩათვალეთ, რომ ეს უკვე მომხდარი ფაქტია. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ხელისუფლებისა და მთავრობის უდიდესი ნაწილი პროდასავლური ორიენტაციისაა. საქართველოს დღეს დამანგრეველ ეფექტს თუ რამე მოუტანს, ეს უპირველესად ქუჩებში დაპირისპირება და არეულობა იქნება. ეს თუ მოხდა, მაშინ მართლა არაფერი გვეშველება. რუსეთის მიზანი არ არის არც "ნაციონალური მოძრაობისა" და არც "ქართული ოცნების" დამარცხება, მისი მიზანია ქვეყანა გახდეს უმართავი და ასცდეს განვითარების ნორმალურ გზას. მინდა ხელისუფლებას ვურჩიო, რომ მტრების ძებნას მოეშვას იქ, სადაც არ არიან და ეძებოს იქ, სადაც ნამდვილად იპოვის", განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება განწყობას "ნაციონალურ მოძრაობაში", ვერაფერს ვიტყვი, მე არა ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თუმცა, ვიყავი სააკაშვილის მთავრობის წევრი, რაც მეამაყება და ხელისუფლებაში გატარებული ერთი დღისაც არ მრცხვენია. დღევანდელი ხელისუფლებისთვის მარტო ბრიუსელსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებში ფრენა საკმარისი არ არის. 2008 წლის ომამდე ჩვენი ხელისუფლების პრობლემაც ეს იყო, რომ ძირითადად ორიენტირებული ვიყავით ვაშინგტონსა და ბრიუსელზე. გვეგონა, ამ ორი წერტილის გარშემო ტრიალებდა სამყარო, არადა, სამყარო გაცილებით მრავალფეროვანი და რთულია", - ამბობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.
"მხოლოდ იმაზე შემიძლია ლაპარაკი, რისი მომსწრე და მონაწილეც ვიყავი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დავინიშნე 2008 წლის 6 თებერვალს და მას შემდეგ საქართველომ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, რომ ომი თავიდან აეცილებინა. 2008 წლის 21 თებერვალს სააკაშვილი და პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს და პუტინმა პირდაპირ ჩამოგვითვალა ის ზომები, რის გატარებასაც გეგმავდა, უბრალოდ, მაშინ ამას ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება არ ერქვა. ამ გეგმაზე უარის სანაცვლოდ რუსეთი საქართველოსგან არაფერს ითხოვდა - ეს გადაწყვეტილება იმისთვის კი არ მიუღიათ, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებისას გამოეყენებინათ, არამედ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის სამხედრო პლაცდარმები სჭირდებოდა, ამისთვის მიიტაცა აფხაზეთი და სამაჩაბლო. იმ ეტაპზე პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ნატოში აუცილებლად შევიდოდით და ასეთი ფრაზა გვითხრა: "თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი აუცილებლად შეგიყვანენ ნატოში, აქ დადგამენ რაკეტებს და დაუმიზნებენ რუსეთს", - ამბობს გრიგოლ ვაშაძე და შეკითხვას - "ბრძანეთ, ხელისუფლებაში ყოფნის არც ერთი დღის არ მრცხვენიაო..." - პასუხობს:
"ზოგიერთს ისე წარმოუდგენია, ეს იყო დიქტატორული ჯგუფი, სადაც სააკაშვილი გასცემდა ბრძანებებს და ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ასე არ ყოფილა. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყო ტელევიზიებში პოლიტიკური ტოქშოუების გაქრობა. მე ამაზე მილაპარაკია გუნდში და ვერ ვიტყვი, რომ ამ აზრზე მარტო მე ვიყავი. არ მომწონდა არც ქონებრივი უფლებების დარღვევა, ამაზე დიდი დისკუსია მქონია, მათ შორის პრეზიდენტთანაც. რაც შეეხება 26 მაისის დარბევას, იქ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ხალხი მიიყვანა, რათა ეცემინებინა, თვითონ კი ჯიპში ჩამხტარიყო და გაქცეულიყო, მეორე პოლიტიკურმა ნაწილმა კი ჩაატარა ოპერაცია, რათა ხალხს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული უპრობლემოდ აღენიშნა. ლაპარაკია იმაზე, რომ ხალხი კი არ დაშალეს, დამსჯელი ოპერაცია ჩატარდა. არ ვარ, პოლიციურ ღონისძიებათა ექსპერტი, თუმცა, დღესაც არა ვარ დარწმუნებული, რომ იმ დღეს და იმ ადგილას აღლუმი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. ჩემი აზრით, არ იყო ხალხის დაშლა საჭირო, უნდა გადაგვეტანა ეს ღონისძიება სადმე სხვაგან, მაგალითად, სპორტის სასახლესთან. ხუთი წლის განმავლობაში შინ თითქმის არ მეძინა. ურთულეს რეჟიმში ვმუშაობდი, არ მეცალა სხვისი საქმეების შესაფასებლად - ან ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა კარგად, ან სხვისი საქმე გამერჩია"
"აქეთ-იქით ფრენა კარგია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს დიპლომატიას ლობოტომია გაუკეთეს. საგარეო ასპარეზზე ჩვენი წონა ძალიან შემცირდა. ერთ მაგალითს გეტყვით: ეუთომ შექმნა მისია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება. გაგიკვირდებათ და ამ მისიაში ქართველები არ არიან, ეს ჩვენი საგარეო უწყების არაპროფესიონალიზმის, ოროსნობის ბრალია. Gავიდა ფანჯიკიძე ბერლინში და ბრძანა, რომ საქართველოს ევროპულმა მისწრაფებებმა სრული მხარდაჭერა მიიღო. ნატო არც კი უხსენებია, ანუ გამოდის, გერმანელებმა უთხრეს, სექტემბერში ნატოსგან ნურაფერს დაელოდებითო - ანუ უელსის სამიტზე მაპ-ს ვერ მივიღებთ, არ ვიცი, შეიძლება კიდევ რაღაც სისულელე გამოიგონონ, კომისია ხომ მოიგონეს, აი, რაღაც მაგის მსგავსი", - დასძენს გრიგოლ ვაშაძე.