"მთავარია, დრო მოვიგოთ: დღეს რუსეთისთვის შეჩერება დამღუპველია, ამიტომ პუტინი ბოლომდე გავა"

"არა მგონია, რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების გამო დაიწყოს საქართველოზე ზეწოლა. ამას უფრო ნატოს მომავალი სამიტის წინ ველი, რომელზეც, სავარაუდოდ, მაპ-ს მოგვცემენ. რუსეთს დღეს თავში აქვს ავარდნილი იმპერიული ამბიციები და აღარაფერს ერიდება. ამის კარგი მაგალითია ის, რაც დღეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ხდება. პუტინი ბოლომდე გავა, დარწმუნებული ვარ. დღეს რუსეთისთვის შეჩერება დამღუპველია, ამიტომ არის მუდმივად შეტევის რეჟიმში. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი სიფრთხილით უნდა იმოქმედოს და დაელოდოს მოვლენების განვითარებას. ზედმეტი რიტორიკა საჭირო არ არის. მაგალითად, ისეთი, როგორიც ბოლო დღეებში მოვისმინეთ", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დღეს რუსეთისთვის შეჩერება დამღუპველია, ამიტომ არის მუდმივად შეტევის რეჟიმში" / `პუტინი ბოლომდე გავა, დარწმუნებული ვარ"

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თინა ხიდაშელის გამოსვლა ძალიან ეფექტური იყო და პირადად მე მომეწონა. თუმცა, როდესაც ვამბობ, რომ ზედმეტი რიტორიკა საჭირო არ არის, ვგულისხმობ - რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ ვიქნებით. სხვათა შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ისეთი მწვავე განცხადებები, როგორიც ჩვენმა დელეგაციამ გააკეთა, ბევრს არ გაუკეთებია, მათ შორის, ბალტიისპირეთსაც. ეს იმ დროს, როდესაც რუსეთმა სანქციები დაუწესა კლაიპედის პორტს ტვირთების გადაზიდვაში და ლიტვა თავისი ბიუჯეტის 30%-ს კარგავს. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ზომიერი პოზიცია უნდა დაიკავოს, ეს საჭიროა მთავარი მიზნის, ევროინტეგრაციის მისაღწევად. თორემ ის, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ყველამ კარგად ვიცით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"პრესაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოსკოვმა სამცხე-ჯავახეთში სცადოს ვითარების არევა, არადა მ საკითხზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლება. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ თავად შევუწყოთ ხელი სამცხე-ჯავახეთში ნეგატიური განწყობის შექმნას. დღეს სეპარატიზმის საფრთხე ამ რეგიონში არ არის. სამცხე-ჯავახეთში მდგომარეობის არევა უპირველესად ერევანს არ აწყობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დასჭირდა, რუსეთი იქ მდგომარეობის არევას არ შეეცდება. რუსეთი იმისთვის, რომ არ დაუშვას საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება, გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების თემაც ამას ემსახურება. თუმცა, მე უფრო სხვა საფრთხეზე გავამახვილებდი ყურადღებას, კერძოდ, იმაზე, რომ შესაძლოა, რუსეთმა სომხეთის მიმართულებით დერეფანი "გაჭრას", -მიიჩნევს რესპონდენტი.

"ანუ ნამდვილად არსებობს იმის საფრთხე, რაც აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსმა განაცხადა - რომ ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას. რუსეთმა ეს გეგმა რომ განახორციელოს, კონტროლს დაამყარებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე - ნავთობსადენის ნაწილი დერეფნის ტერიტორიაზე მოექცევა. ამით საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობას დიდი დარტყმა მიადგება, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაც უფრო ბუნდოვანი გახდება. გარდა ამისა, რუსეთს გაუჩნდება ზემოქმედების ბერკეტები აზერბაიჯანზეც. უფრო ამ სცენარზე უნდა ვიფიქროთ და კარგად გავაანალიზოთ ყველა გამოწვევა, რადგან თუ რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა ზემოხსენებული სტრატეგიული ნავთობსადენი, დასავლეთს მოსკოვისგან ექნება გარანტიები, რომ ნავთობის მიწოდება არ შეუწყდება", დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "შუაზე გადაჭრილ და რუსეთის დერეფნად გადაქცეულ საქართველოს, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდებენ?" - პასუხობს:

"ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა. დღეს დასავლეთი თავს იკავებს, რომ რუსეთს აშკარად დაუპირისპირდეს. ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება რომ შეუჩერა, არაფერს ნიშნავს. წარმოიდგინეთ, გერმანიამ მკაცრი სანქციები რომ დაუწესოს რუსეთს, ის 70 მილიარდ დოლარს დაკარგავს. ასეთივე დღეში არიან ევროპის სხვა ქვეყნებიც. დასავლეთით იმედგაცრუება ქართველ საზოგადოებაშიც შეინიშნება და საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც რომ არ გააფორმოს (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება), ამას მოსახლეობაში დიდი აურზაური არ მოჰყვება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს საქართველოში პრორუსული ძალები გაძლიერდნენ. როდესაც დასავლეთზე ვლაპარაკობ, დარწმუნებული ვარ - რამდენიმე წელიწადში იქ უფრო მკაცრ ნაბიჯებზე გადავლენ და საბოლოოდ, რუსეთის ეკონომიკისგან ქვა-ქვაზე არ დარჩება. მაგრამ ჩვენ ეს რამდენიმე წელი არა გვაქვს. შესაბამისად, საგანგაშო პროგნოზები რომ არ გამართლდეს, საჭიროა სიფრთხილე, ზომიერება და რუსეთთან დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავება. მთავარია, დრო მოვიგოთ და შემდეგ დიდი ალბათობით მოვლენები ჩვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება".