შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში კოლეჯის სტუდენტებს შეხვდნენ

შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში კოლეჯის სტუდენტებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსი და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტი“-ს სტუდენტებს შეხვდნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა კოლეჯის სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. სტუდენტები დაინტერესდნენ, რამდენად შესაძლებელია ე.წ. ბიონარკოტიკების მომხმარებელთა რეაბილიტაცია და არის თუ არა მოქმედი კანონმდებლობით ე.წ. „ბიოს“ მოხმარება დასჯადი. გურიის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამ და სხვა კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები აჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაციას აწვდიან. შეხვედრაზე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის ჩვენებაც მოეწყო. ვიდეორგოლის მეშვეობით სტუდენტებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.