როგორ „შეაბა“ „მექალთანე“ ჟორჟოლიანი ჟორა შავგულიძემ

როგორ „შეაბა“ „მექალთანე“ ჟორჟოლიანი ჟორა შავგულიძემ

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში ხშირად უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის. აქტიორებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ ხელოვანები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი ცნობილი ქართველი მსახიობი ალექსანდრე ჟორჟოლიანი იქნება. გაგიკვირდებათ და ბატონი სანდრო თურმე დიდი „მექალთანე“ გახლდათ.

სანდრო ჟორჟოლიანის სუსტი წერტილი ლამაზი ქალები ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი შეიძლება გავიხსენოთ. გასტროლებზე ყოფნისას ერთი ქალის სილამაზემ სანდრო ლამის სულ გადარია და კარგა ხანს სთხოვდა შეხვედრას. ეს ამბავი ჟორა შავგულიძემ რომ გაიგო, გადაწყვიტა, ჟორჟოლიანს თავისებურად გახუმრებოდა. ჟორას იმ ქალბატონისთვის უთქვამს: სანდროს უთხარით, ვითომ მორცხვი ხართ და ღამით შეჰპირდით შეხვედრასო. გახარებული ჟორჟოლიანი დათქმულ ადგილას მივიდა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ იმ ქალის ნაცვლად ქალის სამოსში გამოწყობილი შავგულიძე ახვევდა თავბრუს.

ერთხელ, გასტროლებზე, ერთ-ერთმა მსახიობმა ჟორჟოლიანს საწოლის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგა. საწყალს ისე დასცხა, რომ მთელი ღამე წრიალებდა. 

პირადი ბედნიერება მას 42 წლის ასაკში ეწვია - 23 წლით უმცროს მშვენიერ პოლონელ პიანისტზე, დედით ქართველ ქალბატონზე, ირინა ორეხოვსკაიაზე დაქორწინდა, რომელთანაც მას უმშვენიერესი დინარა შეეძინა (დინარა ჟორჟოლიანს მაყურებელი იცნობს ფილმიდან „ოთარაანთ ქვრივი“, სადაც ის თავადის ქალს - კესოს თამაშობს). დინარას დაბადების შემდეგ ირინამ პედაგოგობას მიჰყო ხელი. ცოლ-ქმარი მალე დაშორდნენ. თუმცა, ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. მსახიობი  ყოფილ მეუღლესთან სადილადაც კი მიდიოდა ხოლმე. თავისი სილამაზისა და კინოში თამაშის გამოცდილების მიუხედავად, დინარამ სულ სხვა პროფესია - უცხო ენები აირჩია. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ კათედრის გამგეც იყო“.

ბატონი სანდრო ჟორჟოლიანის შემდეგ უმშვენიერესი ქალბატონი ელენე ყიფშიძე გავიხსენოთ. ალბათ გახსოვთ მხატვრული ფილმი „მაია წყნეთელი“. გაგიკვირდებათ და ამ კინოსურათში მთავარი როლი თურმე ელენე ყიფშიძეს უნდა შეესრულებინა.

რეზო ჩხეიძეს მაია წყნეთელის როლზე თავდაპირველად ქალბატონი ელენე დაუმტკიცებია, მაგრამ, უცაბედად, გადაწყვეტილება შეუცვლია და ამის გამო მათ დიდი ჩხუბი მოსვლიათ. ეტყობა, ლენამ რაღაცას მოკრა ყური, რეზოსთან მივიდა და უთხრა: თუ მე არ მათამაშებ, ნუ დამიმალავ, პირდაპირ მითხარიო. რეზომ დარწმუნებით უთხრა, ფილმში შენ გიღებო. ცოტა ხნის შემდეგ ლენა ისევ მივიდა რეზოსთან და ისიც იმავეს უმეორებდა. ბოლოს ლენამ უთხრა: აბა, შენი ბიძინა (შვილი) დაიფიცეო და რეზომაც დაიფიცა. ადგა ლენა და ხელი გაარტყა სახეში. ფეთქებადი ხასიათის იყო, თუმცა, მოთმინების დიდი უნარიც ჰქონდა. ბოლოს ამოუვიდა ყელში და ვეღარ შეიკავა თავი.

ნება მომეცით და ქალბატონ ელენე ყიფშიძეზე საუბარი გავაგრძელო და ერთი დიდი სიყვარულის ამბავი მოგიყვეთ. სიტყვას ელენე ყიფშიძის მეგობარ ნუნუ ებანოიძეს გადავცემ.

„ლენა თეატრალურ ინსტიტუტში ახალი ჩარიცხული იყო. ერთ დღეს მირეკავს და მეუბნება: შეყვარებული ვარ და მინდა გაგაცნო, ეს ბიჭი ეროსი მანჯგალაძეა და დღეს მოდიო. რომ მივედი და ლენას გვერდით ეროსი დავინახე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ლენა ულამაზესი გოგო იყო, ეროსი კი აბსოლუტურად არ გამოირჩეოდა გარეგნობით.

მოლაპარაკებულები იყვნენ, ინსტიტუტს რომ დაამთავრებდნენ, უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ, მოხდა ასეთი რამ: ლენა და ეროსი ერთ სპექტაკლში მონაწილეობდნენ და არაჩვეულებრივი ტანდემი ჰქონდათ. მოულოდნელად ეროსი მოსკოვში წავიდა (მაშინ მან პირველად წაიყვანა ფეხბურთის რეპორტაჟი), ჩაიშალა სპექტაკლი, რომელზეც ლენა დიდ იმედებს ამყარებდა და ეს არ აპატია ეროსის.

გავიდა წლები, ლენა და ეროსი შერიგდნენ, დაქორწინდნენ, ხელი მოაწერეს და დიდი ქორწილი გადაიხადეს. ეროსი შინდისის ქუჩაზე ცხოვრობდა. მას ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი დედა და და - ბელა. ლენას ძალიან უყვარდა ეროსის ოჯახი და ისინიც ასევე პასუხობდნენ რძალს. ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, მასთან ბოლომდე მეგობრობდნენ, იმ დონეზე, რომ შაბათ-კვირას, ზურა თავის ცოლთან ერთად ეროსისთან მიდიოდა და ერთად სადილობდნენ. ბოლოს ისე იყო საქმე, თითქოს უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ, მოულოდნელად, ეროსი გარდაიცვალა. შემდეგ ლენა ბონდო მაჭავარიანს გაჰყვა ცოლად.

ლენა ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდა - ჩვენ მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს ვცხოვრობდით. ლენას ორი და და ერთი ძმა ჰყავდა. ის თეატრიდან შინ გვიან ბრუნდებოდა, დები კი გაუთხოვრები იყვნენ და 10 საათზე უკვე ეძინათ. ერთ ბინაში ერთად ცხოვრება, ძნელი იყო. მათი ძილის რეჟიმი ერთმანეთისას არ ემთხვეოდა. საერთოდ, ლენას თხოვნა არ უყვარდა. შევარდნაძე ეუბნებოდა, სამი ოჯახი ხართ და სამ ბინას მოგცემთო, მაგრამ, ლენა უარზე იყო - არ მინდა, ჩემი ბინა დამიხურდავეთო. ეს კაცი ვერ ხვდებოდა, რა დახურდავებაზე იყო საუბარი და ისევ სთავაზობდა, სამ ბინას მოგცემთო. ლენა თავისას „აწვებოდა“. გაგიჟდა კაცი. არ იფიქრებდა, რომელი მაკლერი მე ვარო?! მაგრამ, მაინც დაახურდავებინა და საბურთალოზე მისცეს ერთ სადარბაზოში ერთ სართულზე სამი ბინა. შემდეგ ლენას დები საირმეზე გადავიდნენ. ზურა -  დიღომში. ზურას გაგიჟებით უყვარდა დეიდები და სულ ამბობდა, სამი დედა მყავსო“.

ჩვენი დღევანდელი მოგონებების ბოლო ფურცელი ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს დავუთმეთ. რამდენიმე კვირის წინ ამ შესანიშნავი ქართველი ქალბატონის მოგონებები შემთხვევით ხელში ჩამივარდა და ნება მომეცით ეს ჩანაწერები ყოველგვარი კომენტარის გარეშე მკითხველების სამსჯავროზე გამოვიტანო.

„მისაღებ გამოცდაზე „ბაბაჯანას ქოშებს“ ვკითხულობდი. მახსოვს, სიცილისგან გულწასული მთელი კომისია კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. ქართულად რომ წავიკითხე, რუსულად მთხოვეს თარგმნა. ასე მოვხვდი კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში. ძალიან ხელმოკლედ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდია გვქონდა, მაინც გვიჭირდა. მამა სვერდლოვსკიდან ფულს რომ მიგზავნიდა, ყველა ჩემი კურსელი ზეიმობდა. ერთი კვირის საჭმელზე გვყოფნიდა. დღემდე მახსოვს ჩვენი ბუფეტი, უფასო ჩაი და მდოგვგადასხმული და მარილმოყრილი შავი პური.

ჩემი პირველი ნათლობა სცენაზე მოხდა. მაშინ რვა წლისა ვიყავი და თითქოს დღეს მომხდარიყოს ის ამბავი. მახსოვს თელავი, იქაური თეატრის კულისები. მე ვდგავარ და თვალებდაჭყეტილი შევყურებ სცენას. მიდის წარმოდგენა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და უცებ ვიღაცის უხილავმა ძალამ ხელში ამიტაცა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ სცენაზე აღმოვჩნდი. იცეკვე, გენაცვალე, - ჩამესმა მამაკაცის ხმა. მოვიხედე და დავინახე გიორგი შავგულიძე. მან პირველად დამადგმევინა ფეხი სცენაზე, ქართული თეატრის სცენაზე.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. მაშინ ვიფიქრე, ღმერთისტოლა ვარ-მეთქი. ჩემზე იყო დამოკიდებული პატარა არსების სიცოცხლე. ბევრი ბედნიერი წუთი არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ამას არც ერთი არ შეედრება. მარკესის ნათქვამია: ბედნიერება ერთი წუთით გრძელდება, ამას იგებ, როცა ის ქრებაო. ჩემი აზრით, ნამდვილი ბედნიერება სიყვარულთან ერთად კვდება. სიყვარული მარტო ქალისა და მამაკაცის გრძნობა არ გახლავთ, ეს შვილის, სამშობლოს სიყვარულია. თვითონ სიყვარული რა არის? ეს არის სურვილი; იცხოვრო და ეს სურვილი მხოლოდ შენთან ერთად შეიძლება გაქრეს.

საჭესთან დიდი ხანია, ვზივარ. კოტე ძალიან ფრთხილია, მისგან განსხვავებით, მე ვარ გიჟი, მიყვარს გიჟური სიარული. ფოთში ამას წინათ სამ საათში ჩავედი, ისე ჩქარა მივდიოდი, რომ 160 კილომეტრი საათში განვავითარე. მანქანაში კიდევ ისხდნენ ჩვენი მეგობრები, ისეთი გასუსულები იყვნენ, რომ მეგონა, ეძინათ, თურმე, შიშისგან ხმას ვერ იღებდნენ. კოტემ იცის, რომ თუ მეტყვის წყნარად იარე, უარესს ვიზამ, ამიტომ სულ მეუბნება, - მიდი, სოფო, მიაჭირეო. შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალი მძღოლი ვარ.

ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ დედაჩემის სახელობის ქუჩაზე, სახლში, სადაც დავიბადე და პირველად შევისუნთქე ჰაერი. ძალიან რომ გვიჭირდა, პურის ფულიც არ გვქონდა, მოსკოვშიც გვიწვევდნენ, კიევშიც, დიდ ფულს გვთავაზობდნენ. ვერ წარმომედგინა აქედან წასვლა და ვიცი, სწორად ვფიქრობ“.