- ბიძია იო!
- მმმ...
- ”ო”-ზე მითხარი რა წინადადება!
- ორჯერ ორი ოთხია
- არა, არა.
- აბა, შენი ვარაუდით, რამდენია?
- უბრალო ”ო”-ზე კი არ მინდა, ”ო” შორისდებულზე მინდა.
- ოო! - მოწონებით თქვა ბიძაჩემმა - რამდენი წინადადება გინდა?
- ორი
ბიძაჩემმა იონამ მძლავრად გაიზმორა, ხანგრძლივად და გადამდებად დაამთქნარა და თქვა:
- ო, რა ტკბილი ხარ, სამშობლო მიწავ!
(ჯემალ ქარჩხაძე, ”ბიძაჩემი იონა”)
ო, რა ტკბილი ხარ, სამშობლოს მიწაზე ჰიბრიდული თესლით მოყვანილი სიმინდისგან დაფქული ფქვილით გამომცხვარო მჭადო... ”მიხეილ სააკაშვილი სამტრედიის სოფელ ეწერში ალექსანდრე ტაბიძის ოჯახს ესტუმრა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის დარიგება მოსახლეობისათვის მარტიდან დაიწყება” - აი, ასე დაიწყო გასული კვირა და დარწმუნებული ვიყავი, რომ კვირის ბოლოს სააკაშვილი მირზაანში ჩავიდოდა და ფიროსმანაშვილების ოჯახში მძიმე მრეწველობაში არსებულ პრობლემებს მიმოიხილავდა. მეგონა, მაგრამ შევცდი - ის კი არა, რომ მირზაანში და ფიროსმანაშვილებში... ის დღე იყო და ის დღე, მიშა მთელი კვირის განმავლობაში აღარ გამოჩენილა და, ამიტომ, ჩემი ყურადღება სხვა პრეზიდენტმა - უგანდის პრეზიდენტმა მიიპყრო:
”უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, შეჭმით დაემუქრა. ამის შესახებ ”ასოშეიტედ პრესი” იუწყება. მუსევენიმ ბესიჯეს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაკრიტიკების კომენტირებისას განაცხადა: ”ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს”.
როგორც ხედავთ, ქართველებს მაგრად გაგვიმართლა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის - რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ გუბაზ სანიკიძის ხსენებაზე მიშამ ნერწყვი გადაყლაპა...
მოკლედ, ეს იყო და ეს - გასულ კვრაში მიშა მეტად აღარ გამოჩენილა და არც მისი ხსენება ყოფილა და კოკო გამსახურდია რომ არა, ალბათ, საერთოდ დაგვავიწყდებოდა მისი არსებობა.
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ანუ კოკომ, პარლამენტს დასკვნა წარუდგინა. წარდგენას სულ 25 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა დამტკიცებით 75-მა დაამტკიცა.
კოკომ მეუღლეს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლობა გადაუხადა იმ 25 დეპუტატს, რომლებიც უსმენდნენ. რაღაც სამადლობელოსმაგვარი ჩაიბურდღუნა იმათი მისმართით, ვინც ხმა მისცა, დანარჩენი 75-ის მისმართით კი, რაღაც თქვა მეგრულად - ფხ, თუ რაღაც ამდაგვარი.
მიშა რომ არა, ვინ მაღირსებდა კომისიის თავმჯდომარეობასო! ბაქრაძე რომ არა, ვინ მაღირსებდა კომისიას მუშაობის ვადის გახანგრძლივებასო! ჩემი მეუღლე რომ არა... აი, ეს კი ვეღარ გავიგე, რა შუაში იყო მეუღლე! დეკაბრისტი რომ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ კოკო ტიპიური ოქტომბრელია, ოქტომბრელები კი მადლობას მხოლოდ ცოცხალ უფროსობას და მარად ცოცხალ ძია ლენინს უძღვნიან ხოლმე.
კოკოს დითირამბების შესახებ ბაქრაძეს ოკეანის გაღმა აცნობეს, სადაც კოვზების მბრძანებელი ქალებში იყო წასული და გენდერული ბალანსისთვის დელეგაციის შემადგენლობაში რუსუდან კერვალიშვილიც იახლა. ქალებში იყო მეთქი - ქალთა საკითხების კომისიის 55–ე სესია იყო და ბაქრაძემ შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა. შემთხვევა-მეთქი - საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული რომ არის და ბუკლეტებს რომ არიგებენ, იმას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ბაქრაძე ბუკლეტების დარიგებით არ დაკმაყოფილდა და დელეგატებს მწუხარე სახით აცნობა, დევნილების უმრავლესობა ქალიაო. ჰოდა, ამ დროს, რუსუდან კერვალიშვილს საერთოდ არ გაახსენდა, ”ცენტრ პონტის” მიერ დაზარალებულთა შორის უმრავლესობა ქალი რომ არის. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ დამზარალებლების ამბავში სრული გენდერული ჰარმონია სუფევს, ერთი - ქალია, მეორე - კაცი.
ზოგიერთ ქალზე ძალაუნებურად ქათმები მახსენდება ხოლმე... გასულ კვირაში ქათმები შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ არსოშვილსაც გაახსენდა და ამ გახსენებაზე ნოსტეს მეფრინველეობის ფაბრიკა დაათვალიერა და კმაყოფილმა აღმოაჩინა, რომ გიორგი სააკაძის შთამომავლები საინკუბაციო კვერცხით საქართველოს თითქმის ყველა მეფრინველეობის ფაბრიკას ამარაგებენ; რომ ფაბრიკაში სამი საფრინველეა და რომ თითოეულში 10 800 ქათამი იზრდება და თითოეულ მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების საშვილიშვილო საქმეში.
როდესაც ასეთ რამეებს იგებ, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, დაიკაპიწო მკლავები და ერთგულად ემსახურო მშობლიურ მიწას. არსოშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა - კვერცხებზე მუზა მოუვიდა და გააკეთა ის, რაც ამ ოცი წლის განმავლობაში აზრადაც არავის მოსვლია - არც გადაგდებულს, არც გაგდებულს და არც გასაგდებს.
საქართველოს ოკუპაციის 90 წლისთავთან დაკავშირებით ზურაბ არსოშვილმა გორის საკრებულოს მიმართა და რამდენიმე ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვა. თურმე ნუ იტყვით და, გასულ კვირამდე გორელები 25 თებერვლის, შაუმიანის, ჩკალოვის, სვერდლოვის, ოქტომბრის, ლიტვინოვის და სუვოროვის ქუჩებზე დააბიჯებდნენ.
სად მოგვისწრო ოკუპაციის 90-მა წლისთავმა!!! ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ სულაც არ გამიკვირდება, თუ 2021 წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში სახელები გადაერქმევა თემურ ლენგის, ჯალალედინის და მურვან-ყრუს ქუჩებს. კარგად უნდა გავიკითხ-გამოვიკითხო, სადმე იგორ როდიონოვის ქუჩაც ხომ არ გვაქვს და თუ გვაქვს, როდის გადავარქმევთ - 2089 წლის 9 აპრილს, მანამდე თუ კიდევ მერე.
არავითარი მერე!!! - ლეიბორისტები მაჟორიტარიზმის გაუქმებას მოითხოვენ. სოსო სატბერაშვილმა, რომელიც ტილებს ჩაქუჩით დასდევს, მაჟორიტარებს ხალხის ხარჯზე გამდიდრებული, გაქსუებული და გაყვიზინებული ელემენტები უწოდა. თუ არჩევნებია, არჩევნები იყოსო - განაცხადა შატბერაშვილმა. ვეთანხმები, თუმცა, მე თუ მკითხავ, პროპორციული არჩევნებიც გასაუქმებელია - მრგვალი მაგიდაო, მოქალაქეთა კავშირიო, ნაციონალური მოძრაობაო... აბა, ეგენი რა ასარჩევები იყვნენ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არასარჩევები ჩვენ ავირჩიეთ, ამომრჩევლებმა და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ გასაუქმებლები - ამომრჩევლები.
გარემოს დაცვის სამინისტროს, ფაქტობრივად, აუქმებენ და გოგა ხაჩიძეს დავით სანიტარ-მესხიშვილის ბედი ელის. გახსოვთ სანიტარ-მესხიშვილი? გაგახსენებთ - ეს სუბიექტი ხან გამგებელი იყო, ხან - მინისტრის მოადგილე და ხან - თბილისის მთავარი სანიტარი. ახლა მესხიშვილი ჩვეულებრივი ენჯეოშნიკია, საკუთარი სატელევიზიო გადაცემა აქვს და ყოფილ ხელფეხქვეითებს თვალებში შესციცინებს.
ხაჩიძე ვერ აკონკრეტებს, დარჩება თუ არა მინისტრის თანამდებობაზე სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ. ”რეორგანიზაციის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ სამინისტროში ძალიან ბევრი მრავალმხრივი სფერო იყო კონცენტრირებული. ვფიქრობთ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, უფრო ეფექტური მმართველობა განხორციელდება”, - ხაჩიძე კმაყოფილებას ვერ მალავს, ახდა მისი დიდი ხნის ოცნება.
გასულ კვირაში ხაჩიძე პარლამენტში იყო დაბარებული, მაგრამ არ მივიდა. ფორმატის ბრალიაო - ხუროშვილმა თქვა და ამ დროს კოკოითის პარლამენტში მოხდა ის, რაც წესით საქართველოს პარლამენტში უნდა მომხდარიყო - დე-ფაქტო პარლამენტის წევრმა დე ფაქტო მინისტრი სცემა.
მოვა დრო და ვიღაც სერიოზულად იცემება. სერიოზულად იმიტომ იცემება, რომ სცემს დავით თევზაძე, მაგრამ ვინ არის ის უბედური, ვისაც თევზაძის ხელი მოხვდება? არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც თანამდებობა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვანიჩქა მერაბიშვილის პირმშო კომპიუტერულ თამაშ GEOPOLICE-ში მავანი თავგადაპარსული, ულვაშა, ყბებგანიერი შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, მძარცველი ან ტერორისტი, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავდაცვის ყოფილ მინისტრს. მსგავსებას თამაშის მენეჯერიც ადასტურებს თუმცა ამბობს, რომ ეს უბრალო დამთხვევაა.
სწორედ ასეთი ”უბრალო დამთხვევის” შედეგად, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტის გვარი ”სიმფსონების” სერიალში მოხვდა.
სწორედ ასეთი ”უბრალო დამთხვევის” შედეგად, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პოლიციის ჰიმნი საეჭვოდ ჰგავს ედიტ პიაფის ერთ-ერთ სიმღერას. სიმღერა Tiens, v'là un marin – მეზღვაურისადმი სიყვარულს ეძღვნება. ”აი, მეზღვაური. ეშმაკსაც წაუღია, ეს ხომ შესანიშნავია, როცა მეზღვაური გვიბრუნდება. აი, მეზღვაური, მე მიყვარს მეზღვაურები, მას რომ ვუყურებ, ჩემი მეზღვაური მახსენდება”, - სიმღერის ტექსტის ერთ-ერთი სტროფში ამგვარად არის ახსნილი მეზღვაურისადმი სიყვარული.
რაც შეეხება ქართულ ვარიანტს, იქ ბავშვები სიყვარულს უხსნიან პოლიციას და ყველაფერს, რაც პოლიციასთან არის დაკავშირებული - შუშის შენობებს, ხელკეტებს, ცრემლსადენ გაზს, ”რეალ ტივის”...
ჯერჯერობით, გადავრჩით - ბავშვები სიყვარულს არ უხსნიან გურამ დონაძეს.
პარტიამ და მთავრობამ კიდევ ერთხელ აუხსნა სიყვარული გარემოვაჭრეებს - გარემოვაჭრე ფიზიკურ პირს 10 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გარევაჭრობაზე მოთხოვნებს იურიდიული პირი არ ასრულებს, მაშინ ის 25 ლარით დაჯარიმდება.
რა თქმა უნდა, პარტიას და მთავრობას ბევრად ურჩევნია, რომ დაჯარიმებული გარემოვაჭრე იყოს იურიდიული პირი. ამ შემთხვევაში, გაიზრდება ბიუჯეტში შენატანები და ასევე, გაიზრდება ბიუჯეტიდან გამონატანები, რასაც პრემია ეწოდება.
არ ვიტყუები, ან ტყუილი რა საკადრისია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი რეგლამენტში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რათა დარბაზში ”ტყულების” თქმა აიკრძალოს... ძაან მაგარია - არასოდეს ჩამიხედავს იმ რეგლამენტში, მაგრამ, ლოგიკურად, რადგან ტყუილის აკრძალვას ოფიციალურად აპირებენ, ე.ი. აქამდე ტყუილის თქმა ოფიციალურად იყო დაშვებული.
აკრძალავენ, აკრძალავენ... ოღონდ, მერე ცვლილება შევა და ოფიციალურად იქნება დაშვებული ნიჩურიკების გაკეთება
მაინტერესებს, ვინც ტყუილს იტყვის, დაიჭერენ თუ როგორ იქნება იმის საქმე? თუ დაიჭერენ, ალბათ, ხათუნა კალმახელიძესთან ექნება საქმე, ხოლო თავად კალმახელიძე გასულ კვირაში პრობაციის ოფიცრების ტრენინგს დაესწრო. არის ხათუნაში რაღაც, ეკატერინე მეორისეული. იმასაც უყვარდა ოფიცრების ტრენინგზე დასწრება...
ტრენინგი ტრენინგად, მაგრამ საქართველოში დარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა მკვეთრად რომ გაიზარდა, ამაში ხათუნა კალმახელიძეს მიუძღვის უზარმაზარი წვლილი - გრძელვადიანი პაემნები და რამე... ბერძნულ მითოლოგიაში რეგისტრირებული ქორწინების ქალღმერთს ხათუნა ჰქვია.
სოფო ხორგუანს წელსვე შეუძლია ხათუნა კალმახელიძის შეცვლა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გასულ კვირაში ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა წელსვე შეგვიძლიაო. რა ვქნათ... მივცეთ ეროსის ვადა ახალ წლამდე, უფრო სწორად, თავი დავიზღვიოთ და, ვადა ძველით ახალ წლამდე გავუგრძელოთ.
აღნიშნული განცხადება ეროსიმ რუსთავში, საქალაქო ორგანიზაციის დაფუძნებისას გააკეთა. ”სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა ჩვენ წელსვე შეგვიძლია. მთავარია, არ შეუშინდეთ დღევანდელ რეჟიმს და საბოლოოდ შეაქციოთ მას ზურგი”, - თქვა ეროსიმ და ეს ბოლო განსაკუთრებით მომეწონა - დღევანდელ რეჟიმს საბოლოოდ შეაქციეთ ზურგი.
რავა, ეროსი ბატონო, თქვენს მომხრეებს არსებული რეჟიმისთვის საბოლოოდ ჯერ კიდევ არ შეუქცევიათ ზურგი?!
ამას ”მოდელირებული ოპოზიცია” ეწოდება... ”მოდელირებული ქრონიკის” შემქმნელ ტელევიზიას კი ახალი გენდირექტორი ჰყავს. ახალი გენდირექტორის მისვლა და, შესაბამისად, ძველის წასვლა, საეჭვოდ დაემთხვა ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაღმების აღმოჩენას, თუ, რა თქმა უნდა, ეს მოდელირებული ნაღმები არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ახლავე უნდა დავიწყოთ მზადება - 2013 წელს გამნაღმველებს ავლაბარში ბლომად ექნებათ საქმე.
და, მძღოლების გაფიცვა... ეგ, საერთოდ, ცალკე თემაა, ვრცელი თემაა - ნაპერწკლიდან ალი აინთება, გული მიგრძნობს მე და გული უგრძნობს”კურიერს” და მის უდუმო და ჯოჯო წამყვანებს...
”სამარშრუტო ტაქსების მძღოლები რესპუბლიკის მოედანზე ტენდერის შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებულები თბილისში ახალი მიკროავტობუსებს შემოიყვანენ, მგზავრობა იქნება კომფორტული და იაფი...” - ასე შეაფასეს მძღოლების გაფიცვა უდუმო ჯოჯოებმა.
ბარემ, ისიც დაემატებინათ, თბილისელი მძღოლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგები არიანო. უდუმო ჯოჯოები, უსინდისო მანჯგალები...
”როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარი ვაუჩერი გადასცენ მათ, ვისაც დახმარება უფრო მეტად ესაჭიროება. "მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოჩენა ჩვენი თანამემამულეების მიმართ, ვისაც უფრო მეტად უჭირს. ამიტომ პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, ვაუჩერი გადასცენ მათ, ვისაც დახმარება უფრო მეტად ესაჭიროება”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ”.
როგორც ირაკლი ბერიშვილი იტყოდა - აი, მართლა, თქვენ კი მოგხვდათ ნიკო ბურის!!!
გასულ კვირაში ირაკლი ბერიშვილის ორმოცი იყო...
უ.ჯ.ე. (უდუმო ჯოჯოებს ეძღვნებათ) მე სამშობლოს მიწა ფხაჭაფხუჭით ჩავწერე და ვუთხარი:
- მეორე?
ბიძაჩემმა კიდევ უფრო ხანგრძლივად და კიდევ უფრო გადამდებად დაამთქნარა და თქვა:
- ო, შე გათახსირებულო
(ჯემალ ქარჩხაძე, ”ბიძაჩემი იონა”)