დარღვევები ქონებრივ დეკლარაციებში - რომელ შპს-ებში აქვთ წილი და რა უძრავ ქონებას ფლობენ გამგებლები და მათი მოადგილეები

დარღვევები ქონებრივ დეკლარაციებში - რომელ შპს-ებში აქვთ წილი და რა უძრავ ქონებას ფლობენ გამგებლები და მათი მოადგილეები

რატომ არ ითვალისწინებს კანონი მკაცრ სანქციებს ,,ქონების დამმალავი’‘ ჩინოვნიკების მიმართ

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’‘ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს განაგრძობს. რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის დეპუტატების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზები გამოვლინდა _ დეპუტატებმა სრულად არ ასახეს მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება. ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ნაწილის ქონებრივ დეკლარაციებშია ქონება და ბიზნესსაქმიანობა არასრულად ასახული.  
  

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გოჩა დგებუაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 სექტემბერში შეავსო. იგი შპს „კოლხი 99“-ის პარტნიორია, თუმცა მითითებული არ აქვს, რომ ამ შპს-ს 33.34%-იანი წილის თანამფლობელი მეუღლე, ლალი ნადარაია- დგებუაძეა. შპს „კოლხი 99“ სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა #12ა-ში მდებარეობს. დგებუაძე არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთსაც ფლობს, რომლის ფართობი 5 032 კვ.მ. ამ მიწაზე, ხუთი სხვადასხვა შენობა- ნაგებობაა. დგებუაძის დეკლარაციაში მითითებული არაა, რომ თავად, შპს ,,დიტომოტორსის’‘ 100%-იანი წილის მფლობელია, მისი მეუღლე კი _ შპს ,,თრეველერის’‘ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი. არც სენაკში, დემურიას #31-ში მდებარე, 426 კვ.მ ფართის სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) მიწა შენობა- ნაგებობა, საერთო ფართობით 444 კვ.მ. აქვს დეკლარირებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ედიშერ თოლორაიამ ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის თებერვალში შეავსო, მაგრამ არ მიუთითა, რომ მეუღლე, მაკა ღურწკაია 2011 წლიდან შპს ,,თბილი კერა 2011’‘-ის 100%-იანი წილის მფლობელია, მისი და, ეკატერინე თოლორაია კი, შპს ,,ორთეს’‘ 50%-იან წილს ფლობს. დეკლარაციაში არც მაკა ღურწკაიას საკუთრებაში არსებული ავტოსადგომია მითითებული, რომელიც თბილისში, ნუცუბიძის #14ა-ში მდებარეობს. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუამ ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის თებერვალში შეავსო და არ მიუთითა, რომ შპს ,,ორიონი _ ფოთის ჯგუფის’‘ 50%-იანი წილის მფლობელია. 2013 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში, მითითებული არ ჰქონდა, რომ იმ პერიოდში, შპს ,,მ.კ’‘-ს 50%-იან წილს ფლობდა. ხარვეზი ახალ დეკლარაციაში გამოასწორა და აღნიშნა, რომ ამჟამად, ამავე კომპანიაში, 100%-იან წილს ფლობს (?!). დეკლარაციაში არ წერია, რომ დავით ბაბილუას შვილი, ვასილ ბაბილუა, ფოთში, კლდიაშვილის 66-ში, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, 535 კვ/მ მიწის ნაკვეთს ფლობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის აგვისტოში შეავსო და არ მიუთითა, რომ მეუღლე ია ხვინგიამ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2013 წლის 27 ივნისს, ერთჯერადი ფინანსური დახმარების (შემოსავლის) სახით, 10 814 ლარი მიიღო. 2011 წლიდან, ია ხვინგია არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) „სიბრძნის პირამიდის“ გამგეობის თავმჯდომარეა. 2011 წლიდან იგი ასევე ასოციაცია „გაენათის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გახლავთ. ორივე ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა საგანში კერძო გაკვეთილებს სთავაზობს. დეკლარაციაში გაურკვეველია, მიიღო თუ არა ხვინგიამ რაიმე სახის ფინანსური შემოსავალი ამ ორგანიზაციებიდან. კანონის მიხედვით, ლევან კონჯარია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ვალდებული ეს მონაცემი დეკლარაციაში შეეტანა, თუ მისი მეუღლე, აღნიშნული პოზიციიდან შემოსავალს მიიღებდა. 

ქონებრივი დეკლარაციები იმერეთში 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ჩუბინიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 28 დეკემბერს წარადგინა. დოკუმენტში მითითებული არაა მისი მეუღლის, ნინო ცირეკიძის საკუთრებაში არსებული 7%-იანი წილი, შპს ,,სამთო საინვესტიციო კორპორაციაში’‘, რომელსაც იგი სამეწარმეო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ფლობს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის ივნისში შეავსო და არ მიუთითა საკუთრებაში არსებული 25%-იანი წილი შპს ,,ნატახტარი _ იმერეთში’‘, რომელსაც კირკიტაძე სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად ფლობს.     

როგორ ავსებენ დეკლარაციებს აჭარაში 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძემ, ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 21 დეკემბერს წარადგინა. შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაოს გრაფაში 2013 წელს საადვოკატო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი – 1 735 ლარი მიუთითა. ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გახდა. ამ პოზიციაზე არჩევის შემდეგ, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას კანონით ეკრძალებოდა, სხვა სახის ანაზღაურებადი სამუშაოც შეესრულებინა. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა საჯარო მოხელეთა ფინანსური დეკლარაცია 2014 წლის 6 იანვარს შეავსო, მაგრამ არ მიუთითა, რომ 2012 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული, შპს ,,სალხინოს’‘ 100%-იანი წილის მფლობელია. ჯაში აჭარის ნარდისა და სამაგიდო სპორტული თამაშების ასოციაციის პრეზიდენტი და აღმასკომის წევრია, მაგრამ უცნობია, მიიღო თუ არა შემოსავალი ამ პოზიციიდან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეუღლე, გულნარა ჯაში, 2 018 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს ბათუმის დასახლება კახაბერში, მაგრამ ჯაშმა ეს ქონება დეკლარაციაში არ მიუთითა. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 5 მარტს წარადგინა და არ მიუთითა, რომ მის სახელზე გაფორმებულია უძრავი ქონება: შუახევის რაიონის საკრებულო უჩამბაში მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 4 ნაკვეთი (220 კვ.მ; 756 კვ.მ; 2 327 კვ/მ, 3 579 კვ.მ).  
 
რა ცვლილებებს ითხოვენ ექსპერტები კანონში? 

აღნიშნული კვლევა, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს’‘ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჭკადუამ ჩაატარა. მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგები ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდა, მალხაზ ჭკადუას რამდენიმე საჯარო მოხელე დაუკავშირდა და ხარვეზის გამოსწორებას დაპირდა, თუმცა უშედეგოდ: ,,ხარვეზები არ გამოასწორეს, შესაბამისად, მონაცემები არ შეცვლილა. ოსეთი შემთხვევაც გვქონდა, დეკლარაციის მიხედვით, ჩანდა, რომ საჯარო მოხელემ შეცდომა დაუშვა, სინამდვილეში კი, სხვა ვითარებაა. მაგალითად, წალენჯიხის რაიონის გამგებელმა დეკლარაციაში მიუთითა ვალი, რომელიც მისივე საკუთრებაში არსებული შპს-დან მიიღო. არადა, გამგებლად დანიშვნის შემდეგ, კანონის შესაბამისად, მან ეს შპს დატოვა; აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემაც, შემოსავალი საადვოკატო მომსახურებიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მიიღო, ვიდრე დეპუტატი გახდებოდა. ხშირად, დეკლარაციებში არ ჩანს უძრავი ქონება, რომელსაც საჯარო მოხელეები ან მათი ოჯახის წევრები ფლობენ’‘. რა სანქციას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა დეკლარაციაში საკუთრებაში არსებული ქონების არასახვის შემთხვევაში? როგორ უნდა დაისაჯოს ამ შემთხვევაში საჯარო მოხელე? მალხაზ ჭკადუას განმარტებით, ასეთ შემთხვევებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მთავარი რეკომენდაცია, რომლითაც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის’‘ მკვლევარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, კანონში ამ ტიპის ცვლილების შეტანაა: ,,მაქსიმალური სანქცია, ჯარიმაა. სამწუხაროდ, კანონში არაა გაწერილი, რომ ქონებრივი დეკლარაციების არასწორად წარდგენისას ან საკუთრებაში არსებული ქონების დამალვისას, საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მიმაჩნია, ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს და კანონი ამ მიმართულებით დახვეწოს, რათა საჯარო მოხელეების საქმიანობის გამჭვირვალობა ამაღლდეს. თანამდებობის პირებმა კი მეტი პასუხისმგებლობით უნდა შეავსონ დეკლარაციები’‘. კვლევა, რომელიც პარლამენტის დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილ ანალოგიურ ხარვეზებს ეხებოდა, კახა ურიადმყოფელმა ჩაატარა. რა სანქციები არსებობს ,,ქონების დამმალავი’‘ დეპუტატების წინააღმდეგ? ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას კახა ურიადმყოფელმა აღნიშნა, რომ კანონი არც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს პარლამენტარების დაჯარიმებას. თუ გაირკვევა, რომ დეპუტატი სამეწარმეო საქმიანობასაც ახორციელებს, რაც კანონით ეკრძალება, საკითხს საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს და ხარვეზის გამოსწორებას მოითხოვს. მკაცრ სანქციებს კი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.