„კომპანია დაამონტაჟებს სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს რადიომაუწყებლობის შეზღუდულ, მხოლოდ ერთ სიხშირეზე ტრანსლირებას. მძღოლი კისრულობს ვალდებულებას, რომ აღნიშნული მოწყობილობა იყოს მუშა მდგომარეობაში და უზრუნველყოს რადიომაუწყებლობის ექსპლოატაცია მთელი სამუშაო დღის განმავლობაში“, - ეს არის ამონარიდი ხელშეკრულებიდან, რომელიც გოგა ხაინდრავას კომპანიასა და თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებს შორის ფორმდება. გოგა ხაინდრავამ კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ 20 თებერვალს დააარსა.
For.ge-ს ინფორმაციით, კომპანიის 70%-იან წილს, სწორედ, გოგა ხაინდრავა ფლობს, 30% კი ლევან გაჩეჩილაძის შვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის.
ხაინდრავას კომპანიამ უკვე გააფორმა 5-წლიანი მემორანდუმი „თბილისის მიკროავტობუსთან“ და რადიო „უცნობის“ ბაზაზე შექმნილი ახალი რადიოს მეშვეობით დაახლოებით ორ კვირაში მიკროავტობუსების მძღოლებსა და მგზავრებს რადიომაუწყებლობას შესთავაზებს.
პროექტის ავტორი და მისი პარტნიორები საჯაროდ აცხადებენ, რომ არჩევანის უფლება არავის შეეზღუდება და მიკროავტობუსის მძღოლებთან ხელშეკრულების გაფორმება ნებაყოფლობითია, ასევე, მძღოლს ექნება უფლება, ნებისმიერ დროს გამორთოს აღნიშნული რადიო. თუმცა, ხელშეკრულებაში ჩაწერილი ზემოთ მოყვანილი მუხლი ამ კუთხით საკმაოდ კატეგორიულია.
რაც შეეხება თავად რადიოს, ის მოქმედი რადიოსადგურის, „უცნობის“ მეშვეობით იმაუწყებლებს - FM 98,1 სიხშირეზე. „უცნობი“ ფორმატს შეიცვლის და ეთერში პროგრამებს მგზავრების ინტერესების გათვალისწინებით გაუშვებს. ხაინდრავას განმარტებით, კვლევები 6 თვის განმავლობაში ჩატარდა. მომხმარებელთა სეგმენტისა და ინტერესების შესწავლის შედეგად მაუწყებლობაც თემატური იქნება. კერძოდ, დილის საათებში რადიოში შემეცნებითი გადაცემები გავა, რომელიც განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს დააინტერესებს, შემდეგ სტუდენტებისთვის საინტერესო პროგრამები გადაიცემა, უფრო მოგვიანებით, ყველა ტიპის მგზავრისთვის საჭირო გადაცემები და დღის ბოლოს რადიოში თავისუფალი რეჟიმი იქნება.
პროექტის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ სამგზავრო რადიო მიკროავტობუსების გარდა სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, დაწესებულებებსა და ოჯახებშიც პოპულარული იქნება.
ვიქტორინა, სხვადასხვა ტიპის გათამაშება, საინტერესო ინფორმაციები, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სარგებლიდან რასაც გოგა ხაინდრავა და მისი პარტნიორები მიკროავტობუსების მძღოლებსა და მგზავრებს ჰპირდებიან, მათი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი სარგებელი, რაც მიკროავტობუსების მძღოლებს ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გაუჩენს, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისია. კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ მძღოლსა და მგზავრებს მკურნალობის ხარჯები ყოველგვარი ბიუროკრატიული მექანიზმის გარეშე - ინვოისის წარდგენისთანავე და სრულად აუნაზღაუროს. ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო ლიმიტი 10 ათასი ლარია.
გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ რადიოს შექმნა ამ სფეროში მიღებულმა დიდმა გამოცდილებამ გადააწყვეტინა და საზოგადოებას შეახსენებს, რომ რადიო „ფორტუნას“ და მის ჰოლდინგში შემავალი რადიოების ნაწილის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი, სწორედ, მას მიუძღვის.
„პროგრამების რედაქტორი რომ ვიყავი „ფორტუნაში“, 48% გვისმენდა, რაც უპრეცენდენტო მაჩვენებელი იყო“, - აცხადებს ხაინდრავა და ყვება, რომ სამი წლის განმავლობაში უმუშევარი იყო და ძირითადად, შვილიშვილები სკოლაში მიკროავტობუსებით დაჰყავდა, ტრანსპორტში კი უგემოვნო გადაცემების და მუსიკის მოსმენა უწევდა.
„შვილიშვილები დიღმიდან სამარშრუტო ტაქსებით მიმყავდა სკოლაში ორთაჭალაში და აღმაშენებელზე. რაც ისმოდა სამარშრუტო ტაქსებში, ბევრ სირთულეს უქმნიდა მგზავრებს - წამებას და მსმენელზე ძალადობასაც კი ეძახდნენ. ამან მაფიქრებინა პროექტზე, რომელსაც ეწოდება „რადიო სამგზავრო“ და მოემსახურება, უშუალოდ, მგზავრებს, მათ ინტერესებს“, - განმარტავს გოგა ხაინდრავა.
რადიო „უცნობის“ შერჩევის მოტივად კი იმ ფაქტორებს ასახელებს, რომ იქ კრეატიული გუნდი და მისი ყოფილი თანამშრომლები - გიორგი ასანიშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ლელა ბოჯგუა და სხვები მუშაობენ. მისივე თქმით, რადიოპროექტი აბსოლუტურად აპოლიტიკურია.
„არანაიარი პოლიტიკური მოტივი ამ პროექტს არ აქვს და ამის გარანტია არის ჩემი ბიოგრაფია. არანაირ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ ვარ, არ ვყოფილვარ არასდროს. არასდროს დამიმალია პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პროცესში ვმონაწილეობ. ჩემი გამოყენება პოლიტიკურ პროცესში არის შეუძლებელი. მე გაძლევთ გარანტიას, ასეთი მიუკერძოებელი რადიო საქართველოში არ იქნება არც ერთი“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.
„თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელი დავით ასანიძე კი აცხადებს, რომ მის კომპანიას აღნიშნულ რადიოპროექტში ფინანსური ინტერესი არ აქვს და მისი მთავარი ინტერესი კმაყოფილი მძღოლი და ასევე კმაყოფილი მგზავრია.
„ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ერთი რადიო იმ მძღოლის მიკროავტობუსში იქნება, რომელიც დასთანხმდება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ვინც არ დასთანხმდება, იგივე პირობები ექნება, როგორც აქამდე ჰქონდა“, - განმარტავს გიორგი ასანიძე.
რადიო „უცნობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ასანიშვილი კი ვარაუდობს, რომ რადიოპროექტის ფარგლებში მისი რადიოს მსმენელების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება
„არ მგონია „უცნობის“ ობიექტურობაში ვინმეს აქამდე შეჰპარვოდა ეჭვი და ასე იქნება მომავალშიც. სიხშირე რჩება იგივე FM 98,1. ტექნიკური ბაზა გვაქვს, გადაიარაღება და დამატებითი ფინანსები არ დაგვჭირდება. მუსიკა და გადაცემების ფორმატი შეიცვლება - ხანმოკლე გადაცემები გვექნება. რადიოს მთავარი სარგებელია მსმენელთა რაოდენობის ზრდა. ამ შეთავაზებაზე არცერთი მედიასაშუალება არ იტყოდა უარს“, - აცხადებს გიორგი ასანიშვილი.
მიკროავტობუსებში ერთი რადიოსთვის უპირატესობის მინიჭების საკითხი მძღოლებისა და მგზავრების გარდა მოქმედ რადიოსადგურებსაც ეხებათ. ყვითელ მიკროავტობუსებში კი დღემდე საკმაოდ ხშირად რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ შემავალ რადიოებს უსმენდნენ.
„თუ ყველა მიკროავტობუსში ერთი და იგივე რადიო იქნება ჩართული, ამ შემთხვევაში მძღოლის და მგზავრის სურვილი ნაკლებად იქნება გათავლისწინებული, რაც, ბუნებრივია, არ არის მართებული. რთული და მოსაწყენია მუდმივად ერთი და იმავე რადიოს მოსმენა“, - განუცხადა For.ge-ს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თათა სადრაძემ და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსებში და, ზოგადად, მსმენელებში მათ ჰოლდინგში შემავალი რადიოების - „ფორტუნას“, „ფორტუნა +-ის“, „ავტორადიოსა“ და „არ დაიდარდოს“ პოპულარობა მსმენელისთვის მათი მოსმენის დაძალებას არ გამოუწვევია. შესაბამისად, ერთგული მსმენელის იმედი აქვთ და ვარაუდობენ, რომ მიკროავტობუსებში ახალი რადიოს ამოქმედებით არც მომხმარებლებს და არც სარეკლამო დაკვეთებს დაკარგავენ.
მიკროავტობუსებში ერთი რადიოსთვის უპირატესობის მინიჭების საკითხის შესწავლას არ აპირებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. კომისიის პრესმდივანი განმარტავს, რომ მოქმედი კანონი არ ირღვევა.
„კომისია საკითხს სწავლობს, ამოწმებს და შემდეგ რეაგირებას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლად გავრცელების საშუალება ეზღუდება რომელიმე რადიო ან ტელემაუწყებელს, ან ნებისმიერ სხვა ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ კომპანიას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის შეთანხმების საკითხი. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ პირდაპირი დანიშნულება მგზავრების გადაყვანაა და არა საზოგადოების ინფორმირება ან მათი მუსიკალური უზრუნველყოფა. ამიტომ, კომისია, მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არანაირი კანონი არ ირღვევა“, - განუცხადა for.ge-ს ხატია ყურაშვილმა.
გოგა ხაინდრავა კი განმარტავს, რომ ხოლოდ ერთი რადიოს მოსმენის სერვისის უპრეცედენტო შემთხვევა არ არის და მსგავსი რამ ხდება ლონდონის უნივერმაღშიც, რომელსაც თვის განმავლობაში, დაახლოებით, მილიონ 200 ათასი მომხმარებელი სტუმრობს, საქართველოში კი ანალოგიური „ჯიპას“ და მთაწმინის პარკის რადიოებია.