რა გინდა, რაინდო ლევან?!

რა გინდა, რაინდო ლევან?!

ანუ პასუხი ვასაძის ,,სამართლიანობის აღდგენას

ზუსტად ვიცი, ამის შემდეგ იმდენი კრიტიკოსი გამომიჩნდება, რამდენი ,,ლაიქიც’‘ აქვს ლევან ვასაძის ლექსსა და ჩოხა-ახალუხიან ფოტოს ინტერნეტში, მაგრამ არა უშავს. ჯერ ერთი, ,,ლაიქები’‘ ქართულ რეალობაში იმდენ ვინმეს და რამეს აქვს, ამით რეიტინგულობის განსაზღვრა ძნელია და ესეც არ იყოს, აკი თავად ვასაძის მიერ ნაქებმა ბიძინა ივანიშვილმა დაგვიბარა, კერპებს ნუ ქმნით, მესიებს ნუ ეძებთ, იმ აზრს შეეგუეთ, რომ ყველა თქვენნაირია და წინ წავალთო. ამის ბრალიც იყო, ივანიშვილის მიერ გამართულ აქციებზე ,,ბიძინა, ბიძინას’‘ ნაცვლად, ,,საქართველო, საქართველო’‘ რომ ისმოდა, მაგრამ ძნელი ყოფილა ზვიადიდან, მიშადან, ირაკლიდან, ნინოდან და კიდევ ვინ მოთვლის რომელი სახელიდან საქართველოზე გადასვლა, თუმცა ამ თემაზე სხვა დროს, ახლა კი ისევ ბატონ ლევანს დავუბრუნდეთ, რომლის სახელსაც, ეჭვი მაქვს, საზოგადოება, უკვე იზეპირებს და ამით ტკბება! 
  
 
პერიოდულად, ცნობილი ბიზნესმენი პრესისა თუ ინტერნეტის საშუალებით საკუთარ მოსაზრებებს გვამცნობს და ასევე საკუთარ პოეზიას გვაზიარებს. კარგი სანახავია ჩოხა- ახალუხში გამოწყობილი ქართველის საგალობლების ფონზე ხილვა და ლექსის მოსმენა, მაგრამ... პოეზიას მერეც მივუბრუნდებით, ახლა კი პოლიტიკური პროზა ქართულად ანუ ვასაძის ახალი დიდაქტიკური წერილი, რომელსაც ,,სამართლიანობის აღდგენა’‘ ჰქვია და საკმაოდ ვრცელია. სოციალურ ქსელებში მისი განხილვის შემდეგ, ერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვასაძე ქართულ პოლიტიკაში აქტიურად უნდა ჩაერთოს, მაგრამ, როგორც ადრე უთქვამს, პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს და ამის სურვილი რომ ჰქონოდა, ადრე გააკეთებდა. წერილში ბატონი ლევანი თავიდანვე გვაგუებს იმ აზრს, რომ ,,ქართული საზოგადოებისათვის ფული არ არის მთავარი, მადლობა ღმერთს, ჯერ ასე არ გადავგვარებულვართ, გარედან ამის გამუდმებული მცდელობის მიუხედავად.’‘ ხშირად გამიგია ადამიანებისგან, ფული მთავარი არ არისო, მაგრამ ვაი, რომ, ასიდან ას შემთხვევაში, ამას ის ხალხი ამბობს, ვისაც ანგარიშზე შვიდციფრიანი თანხა უკვე უდევს, მოწყენილი აქვს დროსტარება, სმა-ჭამა, მოგზაურობა და ამბიცია უჩნდება, სხვას ჭკუა დაარიგოს, სხვა კი ხშირ შემთხვევაში ,,საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული’‘ ერია.

ამ დროს ჩნდება აუცილებლობა, დამშეულ და გამათხოვრებულ მოსახლეობას შეახსენო, რომ ფული არ არის მთავარი, რადგან ფინანსურად შენს დონეზე მდგომი ადამიანი არ მოგისმენს, არ სჭირდება შენი შეგონება იმიტომ, რომ ფული აქვს და ასეთ დროს თავი ყველას (აბსოლუტურად ყველას) სხვაზე ჭკვიანი ჰგონია. თუ უცდია ბატონ ლევანს, ანალოგიური ტექსტი მილიონერთა გარემოცვაში ეთქვა. დარწმუნებული ვარ, არა, რადგან მას, უბრალოდ, არ მოუსმენდნენ და თუ ვინმე მოუსმენდა, მასზე ნაკლები ფული ექნებოდა. იერარქიული საფეხურები მილიონერებს შორის მკაცრადაა დაცული და ამის ნათელი მაგალითი ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში დაბრუნება იყო, რომლის შემდეგაც მასთან ყველა ქართველი ბიზნესმენი მივიდა და პირდაღებული უსმენდა. მაშინ ვახტანგ რჩეულიშვილმა თქვა, ბადრის უნდა მოუსმინო, რადგან მთელი ქართული ბიზნესი რომ აიღო, იმაზე მეტი ფული აქვსო. ამ დროს კი, შესაძლოა, სხვას, ისეთს, ვისაც მილიარდები არ ჰქონდა, ბევრად ჭკვიანური რამ ეთქვა, მაგრამ არავინ მოუსმენდა იმიტომ, რომ მთავარი ფულია და განცხადება _ ,,ქართველი საზოგადოებისათვის ფული არ არის მთავარი’‘ _ რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოდ ჟღერს. ,,...ეროვნული იდეოლოგიური პლატფორმის ჩემეული ხედვის მომდევნო წერილებად გაშლა...’‘ ,,...წინასწარ ვიხდი ბოდიშს ამ და მომდევნო წერილების შესაძლო ნაკლები ანალიტიკურობისა და დეკლარატიულობისათვის...’‘ ესეც ვასაძის ბოლო წერილიდანაა ამონარიდი და ბატონო ლევან, იმაზე თუ გიფიქრიათ, ,,ეროვნული იდეოლოგიური პლატფორმის’‘ თქვენეული ხედვა რამდენ ადამიანს აინტერესებს? იმაზე თუ გიფიქრიათ, ღმერთმა დაგიფაროთ და, ერთ დღეს ყველაფერი რომ დაკარგოთ და იმ რიგით ქართველად იქცეთ, ყოველდღიური საარსებო პურის ფული რომ აქვს საშოვნელი, იგივე გამოცემა თუ დაგითმობთ ამდენ ადგილს? მგონია, არა, თქვენც იცით, რომ არა და, მოდი, ნუღარ გვეტყვით ხოლმე, რომ ფული არ არის მთავარი.

ბატონო ლევან, კარგად იცით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა არას გარგებთ ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ივანიშვილის ავტორიტეტი კიდევ დიდია და მეორეც, მისი საბანკო ანგარიშები თქვენსას ძალიან აღემატება. სწორედ ამიტომ წერთ, რომ ,,ბიძინა ივანიშვილმა თავი უკიდურეს საფრთხეში ჩაიგდო სააკაშვილის დესპოტურ რეჟიმთან პირადი დაპირისპირებით. ეს თავგანწირვა ბევრ ჩვენგანს არ გამოუჩენია და ასეთი ნაბიჯის გადამდგმელ პიროვნებას უსათუოდ ეკუთვნის ჩვენი საზოგადოებისაგან მეტი ნდობა და მოთმინება...’‘ ეს მოსაზრება ბევრისგან გამიგონია და არავის უთქვამს, რომ ივანიშვილთან ერთად საზოგადოებამაც ჩაიგდო თავი საფრთხეში. იმ საზოგადოებამ, რომელიც დაარბიეს, სცემეს, დაასახიჩრეს, დაატერორეს, დახვრიტეს, მაგრამ მაინც ვერ დააჩოქეს. ახლა რომ ჭკუას გვარიგებთ, ძალიან მაინტერესებს, ამ ,,დესპოტურ რეჟიმთან’‘ ბრძოლის დროს, 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს (და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავდა აქციებს, რადგან ქუჩაში მაშინ საქართველო იდგა), თქვენ სად იყავით თქვენი ჩოხა-ახალუხიანად და ქამარ-ხანჯლიანად?! სად იყავით 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ის ქვეყანა, სადაც ჩვენი ჭკუის სასწავლი ფული იშოვეთ, საქართველოს გასრესით ემუქრებოდა? ახლა არ მითხრათ, ,,გალობანი სინანულისანი’‘ მქონდა დასამთავრებელი, ლონდონში, ჩემს ციხე-სიმაგრეში ვიჯექი და საქართველოზე ლოცვაში მქონდა მუხლები გადატყავებულიო... სად იყავით მაშინ, როცა იმ 30 ათას პატიმარს აწამებდნენ და ატერორებდნენ, დღეს რომ ითვლით და მისტირით, ანდა მაშინ, როცა ის ბიზნესმენები, ყველაფერი რომ დაკარგეს და მათხოვრებად იქცნენ, შველას ითხოვდნენ, მაშინ სად იყავით, ხმას რატომ არ იღებდით, თუნდაც ასე, ეპისტოლარულად, სტატიებით, ჭკუას რატომ არ არიგებდით სააკაშვილს, მერაბიშვილს, ოქრუაშვილს, ადეიშვილს, ანდა თქვენს მეგობარ გიგა ბოკერიას... სხვათა შორის, ეს ის ხალხია, ვის მეგობრობაზეც კრინტს არ ძრავთ... არადა, თუ სანდრო გირგვლიანს არ იცნობდით და არც მისი ტრაგედია გადარდებდათ, ზურაბ ჟვანიას ნაწამებ ფოტოებს დახედეთ და იქნებ გაგახსენდეთ, თუნდაც მისი მკვლელობის (ეს ხომ ხელისუფლების უკვე აღიარებული და დადასტურებული ფაქტია?!) შემდეგ რატომღა იყავით ჩუმად... ან თქვენ და ან თქვენი მეგობარი გიორგი მარგველაშვილი, კაცის კაცობით რომ მიიღო პრეზიდენტის პოსტი და ახლა დუშეთში, სტალინისეული ლამპის შუქზე (კიდევ კარგი, ნავთის ლამპა არ გინთიათ) იმ ეპისტოლეების შინაარსს გკარნახობთ, რისი საჯაროდ თქმის ვაჟკაცობა თავად არ ჰყოფნის! არადა, თქვენც და ჩვენც ვიცით, რომ ხელისუფლებაში ადრეც და ახლაც მყოფი ადამიანები თქვენი ბავშვობის მეგობრები არიან. ადრე ბოკერია იყო ხიდი პირველთან, ახლა მარგველაშვილი, რომელთანაც ნათელმირონიც გაკავშირებთ (პრეზიდენტი ლევან ვასაძის ვაჟის _ ირაკლი ვასაძის ნათლიაა), ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი კი საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია მეორე გყავთ და თუ ასე გტკივათ გული სამართლიანობის აღდგენაზე, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა ეს უსამართლობა ყოველწუთიერად ხდებოდა და 9 წლის განმავლობაში სისტემური ხასიათი მიიღო. დუმდით იმიტომ, რომ გიგა, მიშა, ზურა, ვანო, შესაძლოა, გაბრაზებულიყო და ქონებას საფრთხე შექმნოდა, იმ ქონებას, რომელიც შემდეგ ასეთი წერილების გამოქვეყნების შესაძლებლობას არ მოგცემდათ.

,,რატომ არ შედგა ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეპრესიული, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის სასამართლო პროცესი აქამდე, რა, დასავლეთი არ გვაძლევს უფლებას? ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, თუ იგი არის ჭიაყელა რესპუბლიკა, რომელსაც ელჩები და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები მართავენ დღემდე?’‘ საინტერესო კითხვაა, ბატონო ლევან. არ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, არც არასოდეს ყოფილა და სწორედ იმ მხარეს იხრება, რომელი მხრიდანაც ის დასაწვავი ფული სჩანს, თურმე, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანი რომ არაა. გჯერათ, რომ ბოლო დროს ქუჩაში გამართული რუსულდროშიანი აქციები მხოლოდ იდეის გამოა? თუ ის გჯერათ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ არასამთავრობოებს მართლა ქვეყნის მომავალი აინტერსებთ... დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენზე კარგად იცით, მაგრამ არ ამბობთ და ეს წერილიც მხოლოდ იმიტომ მოიფიქრეთ, რომ ბოლო დროს დავიწყებას მიეცა თქვენი სახელი. დავიწყებას მიეცა იმიტომ, რომ ხალხი ისევ საშოვარზეა გადაგებული და იმ საარსებო ფულის მოძიებაშია, თურმე მნიშვნელოვანი რომ არ არის. რამდენიმე თვის წინ სვანეთში იყავით (პირველად) და გაოცებული დარჩით იმით, რომ საქართველოში კიდევ ერთი საქართველო აღმოაჩინეთ. იმაზე თუ გიფიქრიათ მაგ წერილის წერის დროს, რომ სვანეთის სოფლების ნახევარზე მეტს ახლა მიწა აქვს დასამუშავებელი და ამას გუთნით აკეთებს იმიტომ, რომ ეს თქვენი და ჩვენი სახელმწიფო იქ ტრაქტორებს ვერ გზავნის, იქნებ თქვენ შეგეძინათ 2-3 ტრაქტორი და, უბრალოდ, გეჩუქებინათ რამდენიმე სოფლისთვის... მაგრამ არა, იმიტომ არა, რომ სვანურ სოფლებში მოსახლეობა ძალიან ცოტაა, თქვენ (ამჯერად ,,თქვენ’‘ პირობითი მცნებაა) მასა გჭირდებათ, ისეთი, ხბოს აღტაცებით რომ შემოგხედავთ ჩოხა- ახალუხში გამოწყობილს და საკურთხეველზე ამაყად მდგომს. ის თუ იცით, რომ სხვა, რიგით ქართველებსაც ძალიან უნდათ ჩოხა- ახალუხის ჩაცმა, მაგრამ მთლიანი კომპლექტი 2500 დოლარი ჯდება და ამის შესაძლებლობა არ აქვთ. მაგრამ ფული ხომ არ არის მთავარი, მთავარი ისაა, ფულიანი ხალხი რას ფიქრობს... ,,ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე, ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე...’‘ ეს თქვენი ლექსიდან არის და რომელ უხლებ ველებზე, ლევან?! ახლა რომ მავთულხლართებია გაბმული თუ 2008 წელს ნაწვიმარ სიოდ ქართული სისხლით რომ სველდებოდა?! მაინც სად იყავი 2008-ში, რატომ არ ამბობ, ნეტავ...