თბილისის მერიასა და სი–თი პარკს შორის საეჭვო გარიგებების შესახებ, საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - თბილისელების” თავმჯდომარემ -გულიკო ზუმბაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
” თბილისის მერიასა და სი–თი პარკს~ შორის რომ არაჯანსაღი საეჭვო გარიგებები არსებობს ეს საზოგადოებისათვის უკვე კარგა ხანია ცნობილია. თუმცა, ამჟამად, მათი ჩანაფიქრი ბევრად უფრო მზაკვრულია და მიზნად ისახავს ადგილობრივი არჩევნების წინ მოსახლეობის უარყოფითი განწყობილების გამოწვევას და მათით მანიპულირებას.
გუშინ ღამით, ”დინამო სტადიონისა” და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ავტოსადგომზე, ( წინამძღვრიშვილის ქ. #137 –137ა ) შუაღამისას, მალულად, ვინმე შ. პ. ს. ”ჯორჯია – 2008” – ის მიერ, დადგმული იქნა რკინის მძიმე კონსტრუქციები, დაახლოებით 300–400 კვ.მეტრზე, შემდგომში მისი კომერციული გამოყენების მიზნით.
შ.პ. ს. ”ჯორჯია – 2008” – მ , შენობა – ნაგებობის განთავსების ნებართვა მიიღო თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან (გადაწყვეტილება #1122936. 13 . 02. 2014).
ყველაზე უკეთ სწორედ მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა ესმოდეთ, რომ დედაქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა. იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს ~დინამოს სტადიონი~, ცენტრალური ბაზარი და ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა ამ ტიპის გადაწყვეტილება მერიის არქიტექტური სამსახურის მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია.
ჩვენ ვხედავთ საშიშროებას, რომ მალე დედაქალაქში ავტოსადგომებს კომერციული დანიშნულების ობიექტები ჩაანაცვლებენ და ისედაც მძიმე ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.
მივმართავ ქ. თბილისის მთავრობას, გააუქმოს აღნიშნული გადაწყვეტილება და ერთხელდა სამუდამოდ უარი თქვას იმ ტიპის ქმედებებზე, რომლებიც იწვევენ დედაქალაქში პრობლემების გამწვავებას და მოსახლეობის უკმაყოფილების გაზრდას.” - განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - თბილისელების” თავმჯდომარემ.