53-ე სკოლაში ზარი კვლავ არ ირეკება. მიზეზი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებელების გაფიცვაა. გათავისუფლებული დირექტორის, მარიამ რამინაშვილის დაბრუნების მოთხოვნით სკოლაში საპროტესტო აქცია 7 აპრილს დაიწყო და კვლავ გრძელდება. პედაგოგები პრობლემის მოსაგვარებლად მედიატორს ითხოვენ. განათლების სამინისტრო კი 53-ე სკოლაში მიმდინარე პროცესებს მართულს უწოდებს და ადმინისტრაციული დარღვევების ნუსხას აქვეყნებს, რის საფუძველზეც მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრმა სკოლაში ახალი დირექტორი უკვე გამოგზავნა, თუმცა ეკა გახარიას მოსწავლეები სკოლაში არ უშვებენ.
53-ე სკოლის მოსწავლეებმა დღეს მერხები და სკამები სკოლის ეზოში გამოიტანეს. „მოვითხოვთ, მარიამი დაგვიბრუნონ სკოლაში. იმიტირებული გაკვეთილი არის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. ვინც არ იცის, რა არის სამართალი და თავისუფლება, გაიგოს ამ გაკვეთილიდან“, - უთხრა For.ge-ს 53-ე სკოლის მოსწავლემ მარიამ დათიაშვილმა.
იმიტირებული გაკვეთილი თემაზე - „რა არის თავისუფლება“ - მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მარიკა ჯოხაძემ ჩაუტარა.
„ყველანაირ აზრს და მოთხოვნას აქვს თანაარსებობის უფლება, ყველა განსხვავებული აზრი არის ჩვენთვის მისაღები. დარწმუნებული ვარ, იქნება თავისუფალი ნება იმისა, რომ მოგვისმინონ და გაითვალისწინონ, მე ამის იმედი მაქვს“, - ამ სიტყვებით გახსნა ღია ცის ქვეშ დაგეგმილი გაკვეთილი მარიკა ჯოხაძემ და განმარტა, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, თუნდაც ეზოში გაკვეთილის ჩატარებით გამოხატონ პროტესტი.
„გადაწყვეტილება თავად მიიღეს, მე ამას ვერ შევეწინააღმდეგები, ჩვენ ხომ მათ ტოლერანტ, თავისუფალ ადამიანებად ვზრდით. ეს, მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ავუხსნი, რა არის მათთვის თავისუფლება“, - განაცხადა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა.
ზარის დარეკვას არ დალოდებია, მაგრამ, წინა დღეების მსგავსად გაკვეთილი დღესაც საკლასო ოთახში ჩაატარა 53-ე სკოლის მეორე კლასის პედაგოგმა ნატო ფურცელაძემ. პედაგოგი For.ge-სთან აცხადებს, რომ გაკვეთილებს მომდევნო დღეებშიც ჩვეულებრივ ჩაატარებს, რადგან მისი მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში ჩვეულებრივ ცხადდება.
„20 ბავშვი ესწრებოდა დღეს, სულ 34 არიან. ჩვეულებრივ რეჟიმში ვატარებ გაკვეთილებს, ასევე ატარებენ 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 კლასებშიც. მაღალი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები არიან გაფიცულები და იქიდანაც ყველა - არა. სახელმწიფომ დამიქირავა და ხელფასს მიხდის გაკვეთილების ჩატარებაში. მშობლებს მოჰყავთ ბავშვები და სად წავიყვანო, გაკვეთილი რომ არ ჩავუტარო? რაც უნდა მოღალატე დამიძახონ, მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს, ამ ბავშვებს რომ რამე დაემართოს, გვერდში არავინ დამიდგება“, - განუცხადა For.ge-ს ნატო ფურცელაძემ.
მისი თქმით, ადმინისტრაციულ დარღვევებთან დაკავშირებით სკოლაში საუბარი იყო და ერთ-ერთ საიჯარო ფართთან დაკავშირებით ჩვენება მასაც ჩამოართვეს, თუმცა სამართლებრივი საკითხები მისი კომპეტენცია არ არის და არ შეუძლია თქმა, რამდენად კანონიერად ან უკანონოდ იყო გაცემული სკოლაში საიჯარო ფართები.
საიჯარო ფართები კი სწორედ ის თემაა, რის გამოც განათლების სამინისტრო 53-ე სკოლის ყოფილ დირექტორს ედავება. სამინისტროს მტკიცებით, სკოლის მასწავლებლები განგებ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მარიამ რამინაშვილი მხოლოდ 64-თეთრიანი ფინანსური დარღვევის გამო გაათავისუფლეს, მაშინ როდესაც, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების სპექტრი მრავალფეროვანია.
სამინისტრომ 53-ე სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გაავრცელა, რომელშიც სკოლის ფართების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით კანონდარღვევის 7 ფაქტია მოყვანილი, ასევე საუბარია ბუღალტრული აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და შესყიდვის წესის დარღვევასა და გარკვეულ საკითხებზე დირექტორის მიერ მიღებულ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე.
მარიამ რამინაშვილის მხარდამჭერი პედაგოგები სამინისტროს ბრალდებებს არ ეთანხმებიან და სკოლაში მედიატორის გამოგზავნას ითხოვენ.
„ბრალდებები, რომელსაც სამინისტრო სკოლის დირექტორს უყენებს, სიმართლეს არ შეესაბამება. პირველი დასკვნა რომ გამოგვიგზავნეს, თავადვე თქვეს, იქ რაღაცეები შეგვეშალაო, ამიტომ არც ახალ დასკვნას ვენდობით. უსამართლობას ვებრძვით. ეს პროცესი არ შენელდება, ვიდრე მედიატორი არ გვეყოლება. ჩვენ სკოლას ახალი დირექტორი კი არა მედიატორი სჭირდება, რომელიც გაარკვევს ურთიერთობას სკოლასა და სამინისტროს შორის. ბავშვები არ ნებდებიან, არ უნდათ ახალი დირექტორი“, - განუცხადა for.ge-ს პედაგოგმა ციალა კრავეიშვილმა.
ასევე გაფიცული პედაგოგი ირმა შურღულაია კი აღნიშნავს, რომ სასწავლო წლის დასრულების პერიოდში სკოლაში ამგვარი დაძაბულობის შექმნა გაუმართლებელია და დარღვევებზე რეაგირება სასწავლო წლის დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო.
„ყველანი ველით მარიამის დაბრუნებას. ვიდრე ჩვენი დირექტორი არ მოვა, გაკვეთილები არ ჩატარდება. ბავშვებს არ სურთ გაკვეთილების ჩაშლა - პირიქით, ოღონდ, დირექტორი უნდა იყოს მარიამ რამინაშვილი. რაღაც 64 თეთრის ფინანსურ დარღვევას აბრალიან ბიუჯეტს დააკლდაო. ამაზე მეტი დარღვევა სამინისტროში ექნებათ. გვაცალონ, დასრულდეს სასწავლო პროცესი და განაგრძონ გამოძიება. ჩვენი რესურსიდან, სკოლის წარმომადგენლებიდან დანიშნონ ვინმე, ვიღაც უცხოს ნუ მოგვიყვანენ“, - განუცხადა For.ge-ს ირმა შურღულაიამ.
53-ე სკოლაში სამინისტროდან მედიატორის დაშვებას ემხრობა საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ნებიერიძეც. მისი თქმით, ქუჩაში გამოსული პედაგოგების საკითხით განათლების მინისტრი სათანადოდ უნდა დაინტერესდეს.
„ჩვენ, როგორც პროფესიული კავშირი, ვცდილობთ, აღვადგინოთ ის ჩატეხილი ხიდი, რომელიც არის განათლების სამინისტროსა და 53-ე სკოლის პედაგოგებს შორის. თუ იქნება სამინისტროს მზაობა, შევასრულებთ მედიატორის როლს, სამინისტროსა და სკოლის პედაგოგებს შორის“, - განაცხადა For.ge-სთან საუბრისას თამარ ნებიერიძემ.
მისივე თქმით, ბრალდებები, რომელსაც სამინისტრო სკოლის ყოფილ დირექტორს უყენებს არსებითი ხასიათის არ არის და უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მარიამ რამინაშვილმა ადამიანური რესურსების სათანადოდ მართვის უნარი გამოავლინა, რაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების სოლიდარობაში გამოიხატა.
„სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არ ვიცნობ, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, სამართლებრივი კუთხით შევაფასო იგი. თუმცა, ცალსახად ჩანს, რომ საუბარია ადმინისტრაციულ გადაცდომებზე. ეს არ არის არსებითი ხასიათის დარღვევა, ანუ სკოლის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. სკოლის მართვა არ არის მხოლოდ დოკუმენტაციის მართვა, ადამიანისეული რესურსების მართვის უნარი კი, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კარგი გამოავლინა გათავისუფლებულმა დირექტორმა“, - აცხადებს თამარ ნებიერიძე.
განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბრალდებების ნუსხასთან დაკავშირებით For.ge-მ კომენტარი 53-ე სკოლის ყოფილ რედაქტორს მარიამ რამინაშვილს სთხოვა. რამინაშვილმა გვითხრა, რომ ადვოკატებს ხვდებოდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარს მოგვცემდა. თუმცა, მოგვიანებით მან ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.
For.ge 53-ე სკოლის პედაგოგების მიერ მოთხოვნილი მედიატორის დანიშვნის საკითხზე განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროში განგვიმარტეს, რომ სამინისტროსა და სკოლას შორის მედიატორი ახალი დირექტორი ეკა გახარია იქნება, მათივე თქმით, მედიაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.