"ვარ ყოფილი მაღალჩინოსანი. ვიყავი შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე. 2007 წელს დამაკავეს, როგორც 7 ნოემბრის აქციის მზადებაში მონაწილე - მაშინ ვიყავი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის - "ერთიანი საქართველოსთვის წევრი", - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი რევაზ კლდიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რევაზ კლდიაშვილი: "ნაციონალებს ხალხი გაუსწორებს ანგარიშს" / რატომ ვერ ახერხებენ ყოფილი პოლიტპატიმრები სამართლის პოვნას.
"2007 წლის აპრილში თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და გენშტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ ღამის 3 საათზე დამიძახეს კაბინეტში - მათ თავიანთი გუნდის წევრობა მომთხოვეს. დავინტერესდი, რაც ითვალისწინებდა კეზერაშვილ-გოგავას გუნდის წევრობა. როცა დეტალები გავიგე, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი, ვუთხარი, დავწერე პატაკი და წამოვედი. მერე აქციებიც დაიწყო და 2007 წლის ნოემბრის მოვლენებში ვმონაწილეობდი - ჩართული ვიყავი როგორც აქციებში, ისე მზადებაში. წოდებით პოლკოვნიკი ვარ - როგორც თავდაცვის, ასევე შს სამინისტროსი. იარაღის ტარების უფლება მაქვს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დამაკავეს - გაუფორმებელი რამდენიმე ერთეული სხვადასხვა იარაღი ჩამიდეს - ნარკოტიკების ჩადება ვერ გაბედეს... თავიდან 4 წელი მომისაჯეს. ჩემი მოსამართლე იყო ქალბატონი დალი მეტრეველი, რომელიც ამჟამად ვანო მერაბიშვილს სასამართლებს. განაჩენი გავასაჩივრე, მაგრამ საოლქომ 2 წელი დამიმატა, ასე მომისაჯეს 6 წელი, თუმცა ციხეში 5 წელი გავატარე...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რევაზ კლდიაშვილი.
"ჩემს მეგობრებთან ერთად მოვითხოვ სამართლიანობის აღდგენას. აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი საქმეების გადასინჯვა. ასევე იმ გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება, რომლებმაც საქმეები შეგვითითხნეს და ტყუილად დაგვაპატიმრეს. შაბათს პირველ საათზე საინფორმაციო მიტინგი გვაქვს, რომელზეც ჩვენ გეგმებზე ვისაუბრებთ. სასამათლო სისტემაში მე ცვლილებებს ვერ ვხედავ. ისევ ის მოსამართლეები არიან, ისევ ის პროკურორები და გამომძიებლები, ვინც მაწამა როგორც დაკავებისას, ისე ციხეში. ისინი ისევ თანამდებობებზე სხედან. ჩემი დამლავებლები და მწამებლები ზოგი სამმართველოს უფროსია და ზოგი - მინისტრის მოადგილე. არაფერიც არ შეცვლილა - ზუსტად ამიტომ გამოვხატავთ ჩვენს გულისტკივილს. "ქართული ოცნება" სულ სხვა დაპირებებით მოვიდა. რა აღმოჩნდა, ფაქტობრივად ისევ ციხეებში ვსხედვართ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნასამართლობა გათავისუფლებისთანავე მომიხსნეს, ძალოვან უწყებებს სამსახურში აღდგენის თაობაზე მივმართე, მაგრამ ყველა მხრიდან უარი მომდის - თქვენი შესაფერისი თანამდებობა არ გვაქვსო. ყოფილი პოლიტპატიმრების ძირითადი მასა უმუშევარია - მარტო ისინი კი არა - მათი ოჯახის წევრებიც. გამოდის, რომ ამ ოჯახების მიმართ იგივე ხორციელდება, რას სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო... დაახლოებით 14-15 ათასმა კაცმა განიცადა რეპრესია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ეს ხალხი ჯერჯერობით მოთმინებით ელოდება კანონიერ სამართალს. რეპრესირებულებს ჯერ აქვთ იმედი, რომ დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცემიან. ჩვენ სამართლ;იანობის მოლოდინში ვართ, მაგრამ ლოდინსაც ხომ თავისი საზღვარი აქვს! თუ ვნახავთ, რომ სამართლიანობა არ აღდგება, წინ ვერავინ დაგვიდგება", - დასძენს რევაზ კლდიაშვილი და შეკითხვას - "რას გააკეთებთ?" - პასუხობს:
"ნაციონალებს" ჩვენით გავუსწორდებით. იარაღის ხელში აღება რომ დაგვჭირდეს, ამაზეც წავალთ. "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ დიდ გულზეა და პოლიტპატიმრებად გამოჰყავს ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია... წინა რეჟიმს აუცილებლად უნდა მიეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რას წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენი მთავრობა განიცდის აშშ-სა და ევროპის ზეწოლას, მაგრამ თუ "ნაციონალების" რეჟიმი არ შეფასდა და დამნაშავეები არ დაისაჯნენ, მათ ხალხი გაუსწორდება".