ვინ ვერ ელევა შეუზღუდავ თვალთვალსა და მიყურადებას

ვინ ვერ ელევა შეუზღუდავ თვალთვალსა და მიყურადებას

სამოქალაქო სექტორი, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ თანხმდებიან კანონებში შესატან ცვლილებათა პროექტზე, რომელიც უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე გაძლიერებულ საკანონმდებლო კონტროლს ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან შექმნილი უწყებათაშორისი ჯგუფი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის ინიციატივა შეიცავს ხარვეზებს როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით, რაც სამომავლოდ გაართულებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის პროცესს, თუმცა ამ აზრს არ იზიარებენ საქართველოს პარლამენტსა და ექსპერტულ წრეებში. ვინ და რატომ ვერ ელევა ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედ სისტემას?
 
საქართველოში მოქმედი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში. გარდა ამისა, ცვლილებები უნდა შევიდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა, პერსონალური ინფორმაციის დაცვისა  და ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ კანონებში. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ლაშა ტუღუშის, თქმით, ცვლილების მიღებით საქართველო უარს იტყვის მანკიერ და ადამიანის უფლებების შემლახავ პრაქტიკაზე:

 „ეს არის კანონები, რომლებსაც აქვთ მაღალი სტანდარტი! თუ ჩვენ ამ კანონებით ცხოვრება არ გვინდა, ანუ არ გვინდა მაღალი ევროპული სტანდარტით ცხოვრება და გვინდა ვიცხოვროთ საბჭოთა სტანდარტებით, მაშინ ყველაფერი გასაგებია!“
 
ლაშა ტუღუშმა ეს განცხადება აღმასრულებელი ხელისუფლების ნეგატიური პოზიციის საპასუხოდ გააკეთა. საქმე ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი წესრიგის ეფექტიან დაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. საბჭოს წარმომადგენელ ლევან ღირსიაშვილის თქმით, პარლამენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომლებსაც საბჭო ამზადებს:
 
„რა თქმა უნდა, აღნიშნული სფერო მოითხოვს რეგულაციებს, მაგრამ ეს რეგულაციები უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს არც ერთი სფეროს დაზარალება არც ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების და, რა თქმა უნდა, არ უნდა შეილახოს ადამიანის უფლებები. სამუშაო ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მოქმედებით საფრთხის ქვეშ დადგება დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა“.

კანონპროექტის ავტორებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული სფეროს რეგულირებისას მნიშვნელოვანია ბალანსის უზრუნველყოფა კანონით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებასა და სახელმწიფო უშიშროებისა თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესს შორის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა შავგულიძის, კომენტარი:
 
„კანონპროექტი გვთავაზობს ძალიან მკაფიო რეგულაციებს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის როგორც მოპოვების, ისე მათი შენახვის, ისე განადგურების რეჟიმის და შესაბამისობაში მოდის ამით ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან“.
 
შალვა შავგულიძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონიდან "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გადადის ისეთი სახის ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ მოსამართლის განჩინებით ხორციელდება. ასეთი ღონისძიებებია: სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლი; ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს. შალვა შავგულიძის თქმით, კანონი ახლაც ითხოვს მოსამართლის ნებართვას აღნიშნული ღინისძიებების განსახორციელებლად, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ამ ნებართვის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი თავად არის ამ ნებართვის მომთხოვნი.

„ანუ თავად სამართალდამცავი სტრუქტურა პროკურატურის მეშვეობით მიმართავდა სასამართლოს, მიიღებდა ნებართვას და მერე გასაღები იმ ონკანისა, თუ რა ინფორმაცია წამოეღო, რომელი აბონენტის და რომელი კომპანიიდან, მის ხელში იყო და დღესაც ასეა. არანაირი კონტროლი იმისა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა იმ მოსამართლის ნებართვით დადგენილ ფარგლებს, იცავდა თუ არა მას, არ არსებობდა, და საკანონმდებლო დონეზე ახლაც არ არსებობს“, უთხრა შალვა შავგულიძემ რადიო თავისუფლებას.
 
კანონპროექტის ავტორებმა თავისი ინიციატივა ექსპერტული შეფასებისათვის გერმანიაში გადაუგზავნეს მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს, რომლის დირექტორის, ჰანს-იორგ ალბრეხტის მიერ შედგენილ დასკვნაში ვკითხულობთ:
 
„კანონპროექტები წარმოადგენენ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ფარული საგამოძიებო მეთოდების კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული რეგულაციის შესაქმნელად. აღნიშნული კანონპროექტები თავსდება იმ ევროპულ სტანდარტებში, რომლებსაც აწესებენ ევროპული ინსტიტუციები, განსაკუთრებით კი ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  და ევროკავშირი. კანონპროექტები მოიცავენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ პრობლემებს და მკაფიოდ გვიჩვენებენ, რომ მათ მიზანს წარმოადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების იმგვარი მოწესრიგება, რომელიც ორიენტირებული იქნება კანონის უზენაესობის სტანდარტებზე. ცვლილების ძირითადი სტრუქტურა ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კონტროლი“.
 
მაქს პლანკის ინსტიტუტის წარმომადგენლის, სამართლის დოქტორ ელიკო წიკლაური-ლამიხის თქმით, კანონპროექტის მიღება თვისებრივად გააუმჯობესებს ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების, გადაცემისა და შენახვის პროცედურებს.

„ნებართვა უნდა გაიცეს აუცილებლად სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ როგორც კი ასეთი ნებართვა გაიცემა, უნდა მოხდეს მისი (ნებართვის) აღრიცხვა. ამავდროულად, უნდა წავიდეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და საპარლამენტო კომისიასთან, რომელიც ისმენს პერმანენტულად ინფორმაციას, თუ რამდენი მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, რამდენს და რატომ მოუსმინა უშიშროებამ და ა.შ. ეს იძლევა იმის გარანტიებს, რომ მომავალში როცა კანონი დაირღვევა, იოლად გაირკვეს, ვინ, სად, რომელ საფეხურზე შეუწყო ხელი ინფორმაციის გაჟონვას, ვინ იყო პასუხისმგებელი მის შენახვაზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას ელიკო წიკლაურმა-ლამიხმა, რომლის თქმითაც, ამგვარი სიახლე უდავოდ შექმნის პრევენციის ეფექტიან მექანიზმს. კანონპრექტის მიღებას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიციაც. პავლე კუბლაშვილის თქმით, კანონპროექტი ერთგვარი ტესტია მოქმედი მთავრობისთვის:
 
„ძალიან სამწუხაროა, თუ პრემიერ-მინისტრი ან შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ვერ განახორციელებს დანაშაულის პრევენციას უკანონო მოსმენების გარეშე“.