”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ინიციატივით საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მომზადდა, რომელზეც ხელმოწერებს აგროვებენ. ამავე მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ წუთისთვის 20 000-მდე ხელმოწერა აქვთ შეგროვებული.
კონკრეტულად ვინ მოამზადა კანონპროექტი?
სოსო მანჯავიძე: კანპონპროექტი ფართო, საყოველთაო ამნისტიის შესახებ ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ინიციატივით მომზადდა. ამ პროცესში ჩავრთეთ კომპეტენტური იურისტები და უფლებადამცველები. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტი დაამუშავეს და იურიულად გამართეს გელა ნიკოლაიშვილმა და ნანა კაკაბაძემ. შეგახსენებთ, რომ 1995 წელს შემუშავებული ამნისტიის ავტორი სწორედ გელა ნიკოლაიშვილი იყო.
რა იყო ამგვარი პროექტის მომზადების მიზეზი?
საქართველოში მიმდინარეობს სოციალური და პოლიტიკური რეპრესიების ტალღა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, თავისი ” ნულოვანი ტოლერანტობის” გამოცხადებით. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი უკანონოდ იხდის სასჯელს; ამასთან, უამრავ ადამიანთან მიმართებაში არაადეკვატური სასჯელი დადგა, საქმეების ფალსიფიცირებული ინკრიმინირების საშუალებით და რაც მთავარია, საპყრობილეებში სხედან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით გაასამართლეს.
პოლიტიკური ოპონენტების ნეიტრალიზაციას, მათი დაპატიმრებით ახდენენ და ამავდროულად, მათ ძარცვავენ, საპროცესო გარიგებების სამარცხვინო პრაქტიკის საშუალებით , რომელიც ტყვეთა სყიდვის თანამედროვე ვარიაციაა. გარდა ამისა, საპროცესო გარიგების არაადეკვატურად მაღალი შენატანებით იმ ადამიანებსაც ძარცვავენ, ვისაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს - ხალხს ართმევენ ქონებას, უკანასკნელ ლუკმას, რამაც უკვე მასიური ხასიათი მიიღო. ვთვლი რომ ეს არის პოლიტიკური და სოციალური რეპრესიების შედეგი, ქართველი ერის პირდაპირი გენოციდი.
ქვეყანაში სამართლებრივი ვაკხანალიაა - განაჩენები გამოაქვთ ”ტროიკების” მსგავს დაჯგუფებებს; სასამართლოს რეალურად ნოტარიუსის ფუნქცია აქვს, პროკურატურის ნებას ოფიციალურ ფორმას აძლევს. ადამიანებს (არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა) აი, ასეთი გზით ატუსაღებენ, ან ათავისუფლებენ, ოღონდ ისე ძარცვავენ, რომ პურის ფულსაც აღარ უტოვებენ.
მოგეხსენებათ, იმისათვის რომ ბრალო დააყენო, შესაბამისი მტკიცებულებათა ტვირთი უნდა გქონდეს. ჩვენთან რა მტკიცებულებათა ტვირთზეა ლაპარაკი?! მთელ ამ ყველაფერს ცვლის პროკურორის სიტყვა და სააკაშვილისა და მისი დაჯგუფების დანაშაულებრივი პოლიტიკური ნება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი აღმოჩნდეს ციხეში და ამ ქვეყანაში განადგურდეს ბიზნესი. საქართველოში ხომ ბიზნესი რეალურად აღარ არსებობს?! არის მხოლოდ მონოპოლიტური სქემები, რომლითაც მოსახლეობიდან ფულს იღებენ.
რამდენ მუხლს შეეხება ამნისტია, თუ კი კანონპროექტი იქცევა კანონად?
ამნისტიის შესახებ მომზადებული კანონპროექტს მას-მედიის საშუალებებში უახლოეს პერიოდში გამოვაქვეყნებთ და სწორედ იქიდან შეიტყობს საზოგადოება იმ კონკრეტულ მუხლებს, რომლებსაც ამნისტია შეიძლება შეეხოთ. ესაა ის მუხლები, რომლითაც ხდება მოსახლეობის შანტაჟი, ძარცვა და დაპატიმრება.
რამდენი ხელმოწერა გაქვთ შეგროვებული ამ წუთისთვის?
20 000-მდე ხელმოწერა შევაგროვეთ. მას-მედიაში კანონპროექტის გამოქვეყნების შემდეგ, ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” აქტივისტების საშუალებით გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას. ეს სად და როგორი ფორმით მოხდება, ამის შესახებ საზოგადოებას ისევ და ისევ მას-მედიის საშუალებებით ვაცნობებთ.
როგორი ფორმით აპირებთ ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევას?
კანონპროექტს ხელისუფლებას წარვუდგენთ. რა თქმა უნდა, იმის ილუზია არ გვაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს აიტაცებს, საკომიტეტო განხილვებს მოაწყობს და შემდეგ, პარლამენტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებს. ჩვენ ხალხში არსებული სოლიდარობის იმედი გვაქვს - შეგროვებული ხელმოწერებით ვაჩვენებთ ქართველი ხალხის ნებას და თუ ამ ნებას არ გაითვალისწინებენ, შევეცდებით პროტესტის ორგანიზებას, პოლიტიკური იძულების მიზნით.
ჩვენს ინიციატივას უკვე გამოუჩდნენ მხარდამჭერები, როგორც არასამთავრობო სექტორიდან, ისე, პოლიტიკური ორგანიზაციებიდან. 22 თებერვალს ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ ამნისტიის შესახებ მომზადებული კანონპროექტისადმი მხარდაჭერა პირდაპირ ეთერში გამოხატა.
გაქვთ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი?
საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის ვითარებას ვაცნობთ და ვიმედოვნებთ, რომ დაბრმავებულ საერთაშორისო თემიდას თვალს ავუხელთ და ისინი დაინახავენ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე საქართველოში.